ჩემს შეყვარებულს მეტრო არ უყვარს. ამიხირდება ხოლმე ამხელა კაცი, აბუზღუნდება, ღელავს. გვირაბიდან სანამ ამოვალ მოსვენება აქვს დაკარგული, თითქოს ამ გზას ვინმე გავექცეოდით, თითქოს მაინც იქ, მიწის ქვეშ არ ვიყოთ ჩასასვლელები. რამდენჯერმე ვცადე, მივიპატიჟე, წამოდი-მეთქი დამემგზავრე, მინდოდა მასაც გაეცნო ის სხვა, უფრო ნაღდი ცხოვრება, არ ქნა, არ ისურვა. აიხირა: სუნი დგასო, სამსახურიდან მომავალ, დაღლილ, მზეზე გათანგულ ადამიანებს როგორ უნდა ამოუდგეო გვერდით. სუნი კი გიყვარდეს, დგას ხოლმე, ხან მოგიჯდება ვინმე გვერდით და ისე მძაფრად იგრძნობ სასოწარკვეთისა და შიშის სუნს, გული დაგჭვალავს. ხან კიდევ მოლიდინის სუნი მოუსვენრად წაგიღიტინებს ცხვირში, არის ხოლმე გაზაფხულივით ნაზი არმოტებიც, სითბოსა და სიყვარულის სურნელით, ძირითადად ბავშვები გაატარებენ ღიმილებად და მერე თითქოს შენც გაეხვევი ატმის ყვავილებში, შენც გადმოგედება მისი უბრალოება. ჩემს შეყვარებულს ვეცოდები, ფიქრობს, მეტროს მატარებელში მოგროვილი ადამიანების გაოფლილი, დაღალული სხეულები შემაწუხებენ, მაგრამ მას წარმოდგენაც არ აქვს, ხშირად როგორ მწვავს ცხვირს ძვირადღირებულ პიჯაკში გამოწყობილი, კაბინეტში რბილად მოწყობილი მამაკაცების ამაზრზენი სუნი, ამპარტავნებასა და ანგარებას რომ ასდევნებია. არ იცის, როგორ ყარს უსიყვარულო ოჯახები, როგორ გულისამრევია პატარა ადამიანების დიდი ამბიციები, მჟავე რძის გემო რომ დაჰკრავს. ყველაზე მეტად კი სიმაძღრის სუნი არ მიყვარს, ფეშენებელურ რესტორანში მსხდომ ბრილანტებში ჩაკარგულ ქალებს რომ აჰყოლიათ წითლად შეღებილ ტუჩებზე. მათი სიხარბის სუნთან შედარებით რა მოსატანია პატარა, ფეხშიშველა ბავშვების გასარეცხი, შარდშემშრალი ტანსაცმლის სუნი, მშიერი მუცლების ტკივილს რომ ქუჩაში მიუძინებია. ჩემს შეყვარებულს მეტრო არ უყვარს. მას წარმოდგენაც არ აქვს, როგორი ნაღდი, როგორი გულწრფელი ცხოვრებაა მიწის ქვეშ. . .
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
1. ეს სამწუხაროდ რეალობაა.მაგრამ არა პროზა.. ეს სამწუხაროდ რეალობაა.მაგრამ არა პროზა..
|
|
მონაცემები არ არის |
|
|