ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
12 ნოემბერი, 2020


მილან კუნდერა „შეუცნობელი“ – /ქარაფშუტა ჰაზრები/

მილან კუნდერა „შეუცნობელი“

/ ქარაფშუტა ჰაზრები  /


2012 წლის ზაფხულია.
თბილისში ვარ. თავს საუკეთესოდ ვგრძნობ.
ნანა იაშვილს მილან კუნდერას „შეუცნობელი“ უთარგმნია. ნანა ჩემი ბავშვობის მეგობარია. არ წამიკითხავს კუნდერა და, აი, შესაძლებლობაც მომეცა.
ნანასთან შეხვედრამდე წიგნების მაღაზიებში გავიარე. ყველგან გაყიდული დამხვდა. უფრო დავინტერესდი. ბედმა გამიღიმა, აღმაშენებლის გამზირზე ბოლო ეგზემპლიარი შევიძინე.
სამახსოვრო მინაწერიც დავიმსახურე: „ბავშვობის ტკბილი და დაუვიწყარი მოგონებების თანაზიარს, ჩემს დაქალს, მზიას, ნანა იაშვილისგან. 6.07.2012 წელი.“
წიგნი წაკითხვას მთხოვს.

საქართველოში გატარებული ბედნიერი დღეების შემდეგ ევროპაში მივფრინავ. კითხვას გზაში ვიწყებ –  ემიგრანტი ემიგრანტებზე.
პირველივე, რამაც ამაფორიაქა, ირენას სიზმრებია –  ყველა ემიგრანტის სიზმრები. 
„ ირენა ხვდებოდა, რომ ისევ პრაღაში იყო.  უეცრად წამოიყვირებდა ხოლმე და ელდანაკრავივით ეღვიძებოდა.“ „მისი მეუღლე მარტინიც იმავე სიზმრებს ხედავდა. ყოველ დილით ერთმანეთს უყვებოდნენ სამშობლოში დაბრუნებით განცდილ კოშმარს.“
„ ერთხელ პოლონელ  მეგობართან საუბრისას, რომელიც ასევე ემიგრანტი იყო, ირენამ შეიტყო, რომ ყველა ემიგრანტი ხედავდა ასეთ სიზმრებს, უკლებლივ ყველა“, რომ ისევ სამშობლოშია, ცდილობს გამგზავრებას და ვეღარაფრით ახერხებს.
ბახტიორი გამახსენდა, ტაჯიკი ემიგრანტი, საშინლად რომ იტანჯებოდა ასეთი სიზმრებით.
დღისით სამშობლოს უსაზღვრო მონატრება, ღამით კი –  აუხსნელი სიზმრები.

17 წლის ემიგრაციის შემდეგ ირენა პირველად ბრუნდება ჩეხეთში, (მეც ხომ 13 წლის  შემდეგ ჩამოვედი პირველად  საქართველოში).
იგი პარიზიდან პრაღისკენ მიფრინავს და განგება მას იოზეფს ახვედრებს, ისიც პრაღაში მიფრინავს. ( დოსტოევსკის „ჯოკერი“  – ყველა პერსონაჟი საჭირო დროს საჭირო ადგილზეა).
ირენამ იცნო იოზეფი, კაცმა კი ცნობა გაითამაშა.
„კაციც გახარებული ჩანდა, თუმცა წარმოდგენაც არ ჰქონდა, ვინ იყო ეს კეთილმოსურნე, მომხიბლავი, სათნო და ლამაზი ქალი“. - /ოჰ, ეს კაცები!/
იოზეფიც ემიგრანტია, დანიაში ცხოვრობს.

აწმყო ერწყმის წარსულს.
„ირენამ ძველი მისამართები გადაათვალიერა, თან დიდხანს ჩერდებოდა ნახევრად მივიწყებულ სახელებთან.“
როგორ მეცნობა .... გაუცხოება ....  ეს უცნაური გაუცხოება ...

ირენა  ....
„ განა ცუდი არ არის, რომ შვილს დედასთან ყოფნა არ უხარია? დედასთან, რომელიც ჩვიდმეტი წელია არ უნახავს და ახლა პირველად ჩამოვიდა მის სანახავად?“
ალბერ კამიუ გამახსენდა, მერსო („დღეს დედა მომიკვდა. ან იქნებ გუშინ, არ ვიცი“). „უცხო“ რომ წავიკითხე პირველად, გავოგნდი, წარმოუდგენლად მეჩვენა ადამიანის ასეთი გაუცხოება. 

იოზეფი  ...
„რა მოუვიდა ჩეხურ ენას ამ ბოლო უბედური ოცი წლის მანძილზე? მახვილი ხომ არ შეიცვალა?“
ძმასთან სტუმრობისას იოზეფი მხოლოდ იმ ფერწერული ტილოს დაბრუნებაზე ოცნებობს, რომელიც ემიგრაციამდე მას ეკუთვნოდა. სიამოვნებით დაიბრუნებდა,  მაგრამ ....

ამაფორიაქა კუნდერამ, ცხოვრება ამომიქექა.
რამდენჯერმე შევწყვიტე კითხვა -  თვითმფრინავში ჩაჯდომისას, სატრანზიტო გადაჯდომისა და წახემსებისას.

კულმინაცია:
აი, ირენა და იოზეფი ერთად.... 
ირენას დედის თეძოების თამაში და ვალსი მარტინთან ...
ცოლ-ქმრის ორმხრივი და ერთდროული ღალატი.
და ირენას მწარე აღმოჩენა, რომ იოზეფმა იგი ვერ იცნო .... - /ოჰ, ეს კაცები!/

ვემშვიდობებით ირენას.

მე და იოზეფი სახლებისკენ მივფრინავთ.
„თვითმფრინავი შავ ზეცაში აფრინდა და ღრუბლებს შეერთო. რამდენიმე წუთის შემდეგ ცა გაიხსნა, მშვიდი, კეთილგანწყობილი, ვარსკვლავებით მოჭედილი ...“

–––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––
(მთარგმნელი ნანა იაშვილი) გამომცემლობა დიოგენე, 2011 წ
თავის დროზე გამომცემლობამ ეს თარგმანი პრემია „საბას“ მოსაპოვებლად წარადგინა.

................................................................................................................................................


მზია თვალაბეიშვილი
სავარაუდოდ დაწერილია 2012-ში /ან 2013-ში/.

განთავსდა 2020 წლის ნოემბრის თვის თავფურცელზე

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები