| ავტორი: ჯანა ჟანრი: თარგმანი 25 ივნისი, 2019 |
*** შენი ცხოვრება ისე უნდა მომკა და თესო და ისე თიბო, რომ ეგ ცელი არავის ესოს, თვალი, ყური და ენა სანამ გიჭრის და ბასრობს, ეგონოთ ირგვლივ, ყრუ-მუნჯი და ბრმაც არის ესო.
*** ცხოვრებამ თავი გვაწყევლინა, როგორც სჩვეოდა, პაიკებივით ვძრწოდით, ჭირი ზედ გვესეოდა; ბედმა ჭადრაკი ითამაშა გაშლილ დაფაზე, მერე დახურა... გავგვისტუმრა ამ სამზეოდან.
*** ღვინო დაუსხი, წყალს ნუ უსხამ მოწყენის ნაყოფს, გულში ანათოს სიხარულმა და იკიაფოს, შესვი! ეს გზები თუკი მართლა იქით მიდიან, თუკი ცხოვრებამ მაინც უნდა გაგვაქიაქოს.
*** დალიე, ვიდრე ბედისწერამ ჭმუნვის და დარდის, შემოგახია შენი წილი ბედ-იღბლის კვართი, დალიე, ვიდრე ტურფა ვარდის გარგუნა ბედი, ვიდრე დაგხია და დაგფლითა ვით ტურფა ვარდი.
*** შენ ჩემი ძმა ხარ გიჟმაჟი და ჩემებრ ავყია, დაგლევ, თუნდ მლანძღონ და მეძახონ ბილწი, ახია! დაე, თუნდ სატრფო შემომხვდეს და გამკენწლოს მწარედ: - სად დაწანწალებ, - მომაძახოს, - ქვევრო, თავღია.
*** სოფლის საიდუმლო კარი თვით ბრძენისთვის არ იღება, აქეთ ერთი იბადება, იქით მახე დაიგება, ჯერ არშობილს ვეტყვი ქვეყნად ლხენისა და შვების მძებნელს, რომ სიკვდილის ცელი კართან დგას და ემუსაიფება.
*** წუთისოფელში ყველამ სცადა და იყომარა, ყველამ შეგცოდა, მე რა მექნა სხვა, ეს რომ არა... სულ მეშინოდეს, ავისმოქმედს ავად რომ მიზღავ?! შემინდე რაღა... უფალი ხარ, კაცი ხომ არა!
*** ბულბულმა ბაღჩა შემოვლო და გალობით ქებულს შევცინეთ ლხენით, ღიმილჩენით. მხიარულ კრებულს მოგვიგალობა: - ეს ცხოვრება აღარ ბრუნდება... დასტვინა და ხმა გაებზარა შეზარხოშებულს.
*** წუთისოფელში რა რად ღირს ან რა არ ღირს არად?! ბრძენს ვუხმე, ეთქვა, რას მივსდიო ამ სოფლის კარად; მითხრა: - მოჰხვიე მშვენიერ ქალს წელზე მკლავები და წაიყვანე, რომ ის ღამე გაგრძელდეს მარად.
*** არ უკმიო გადამთიელს იმისთვის, რომ ლუკმა მოგცეს, როგორც ბუზი ხორცის ნაჭერს არ შორდება, რომ გამოძღეს, თუნდ მშიერი და მწყურვალი, ფეხთით არვის მოეყარო, შენი სისხლი შესვა, გიჯობს, ლუკმისათვის ხელზე კოცნებს
*** უკვდავების ტახტს ამ სოფელში ვერავინ ვერ ფლობს, დღევანდელი დღე ხვალინდელზე არასდროს მეფობს, თუ არ ხართ შლეგნი, ამ დრო-ჟამით დატკბით, რამეთუ, რაც ჩაიფიქრეთ დღეს, ხვალ სიზმრად გექცევათ, ძმებო. . *** სვი, ვით მოხუცმა ოქროპირმა, ვით ბრძენთა ბრძენმა, სვი ყმაწვილური ჟინით ირგვლივ ღიმილის მჩენმა, სვი, მეგობარო, წამი შენი ბედნიერების, სვი იშვიათად და დადუმდი, არ იგრძნოს მტერმა.
*** ჰეი, მესუფრევ! გაშლილ ველზე ჭრელად შლილები თაკარა სხივით დაუჭკნია მზეს ყვავილები. დავლიოთ, ვიდრე გაზაფხულის ტიტა ნარნარებს, დავკრიფოთ, ვიდრე ვნახეთ ჟამით ფერშეცვლილები.
*** სულ სხვადასხვა რამ გვნდომებია მე და შენ, ღმერთო! ვეჭვობ, ოცნება სინამდვილეს ვერასდროს შევრთო, თუ ნამდვილი და ჭეშმარიტი შენი მცნებაა, მაშინ ჩვენს მცნებებს არ ჰქონია რამე საერთო.
*** ამ საიდუმლომ დამადინა სისხლის კოლტები, ამიტომ გიმხელ, გეტყვი, შენთვის როგორ მოვკვდები; ჩავორმოვდები, თან ჩავიტან სიყვარულს შენსას, სამარეს გავხსნი, აღვდგები და განვმეორდებით.
*** უნდა შევავსო თასი ღვინით, მერე დავცალო, ღვინოა ვაზის ქალიშვილი, სასძლო ტანსარო, რომ ვანაცვალო სჯულს და რწმენას ამ სოფლით თრობა და წუთისოფლის ბედისწერა შევაზანზარო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
2. ვაა, რატომაა ასე შეუფასებელი? ზაფხული ბრალი იქნება. არადა დიდი შრომაა ჩადებული დ მგონია რომ შედეგიც მსვენიერია. წასაკიტხი და შესაფასებელია
ვაა, რატომაა ასე შეუფასებელი? ზაფხული ბრალი იქნება. არადა დიდი შრომაა ჩადებული დ მგონია რომ შედეგიც მსვენიერია. წასაკიტხი და შესაფასებელია
1. ვაა, რატომაა ასე შეუფასებელი? ზაფხული ბრალი იქნება. არადა დიდი შრომაა ჩადებული დ მგონია რომ შედეგიც მსვენიერია. წასაკიტხი და შესაფასებელია
ვაა, რატომაა ასე შეუფასებელი? ზაფხული ბრალი იქნება. არადა დიდი შრომაა ჩადებული დ მგონია რომ შედეგიც მსვენიერია. წასაკიტხი და შესაფასებელია
|
|
მონაცემები არ არის |
|
|