ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
30 ივლისი, 2019


***

სანამ შეგვჭამდეს ეს ქალაქი, ასე მოხუცი,
სანამ მის მუცელს, პროსპექტების ფართო ნაწლავებს
ნებას დავრთავდეთ მოგვინელოს, ჯერ შევეცდებით
კბილებით დავღრღნათ მისი მადა,
რომ დავიბადოთ
სხვა კანქვეშ მყოფნი, მიამიტნი, ბავშვის თვალებით
და გველებივით მივატოვოთ ძველი სამოსი.
მერე წამოვწვეთ მზის სხივებში ძველი ცხოვრების
მოსანელებლად, სანამ ახალ სოროს ვნახავდეთ
და ჩავძვრებოდეთ სულ ცინცხალი ცოდვების ეშხით,
რათა დავიწყოთ სვლა ახლიდან დასასრულისკენ,
რომ კვლავ იქ მოვხვდეთ, საიდანაც გაქცევა ვცადეთ.
იმ ძველ ბილიკზე, ფეხები რომ ასჯერ მოგვემტვრა
და დაჭრილებმა სისხლის ნაცვლად სიტყვები ვღვარეთ
და არაფერი არ გვინახავს გარდა ყოველგვარ
უბედურების:
გარდა შიშის,
გარდა დაცინვის, თავისმკვლელობის,
და ღალატის,
და უსასობის
და რაც გვაცოფებს, ჯერჯერობით არის მარტივი,
თუმცა კი მაინც ვერ გავიგეთ, რომ:
რამდენჯერაც
ვცადეთ გადასვლა ახლოს მავალ ფართო შარაზე,
სადაც დადიან სხვა კაცები დიდი ფორნებით
და თუ ძალიან დამდაბლდები იქნება კიდეც
დაგრთონ ნება, რომ მათ ფორანზე მოიკალათო.
როგორც ქნეს სხვებმა, ნაცნობებმა ჩვენი ჯილაგის
და ღმერთის ნებით, გადაურჩნენ
იდაყვის კბენას.
ისინი გათბნენ, დაწყრულდნენ და როგორღაც შეძლეს,
რომ მისხალ-მისხალ მომკვდარიყვნენ
და დაესვენათ!
ჩვენ კი ბილიკზე გვაბრუნებდა მუდამ იღბალი
და მივდიოდით კლდე-ღრეებში, ეკალ-ბარდებში,
რათა გვეცოცხლა. დარჩენოდა ჩვენგან სამყაროს
თუნდაც სულ მცირე ნაკვალევი, ან ანაბეჭდი
და თუ სხვა ვერა, ის შევძელით ტყე-ღრე გვეპოხა,
ჩვენივე სისხლით, ოფლით, კანით და დე ენ ემით
და ასი წელი ამ ბილიკზე როცა გავლიეთ
ვნახეთ ქალაქი ფართო მუცლით და პროსპექტებით.

ესეც ახალი, ფართო სორო, ცინცხალ ცოდვებით,
სადაც დაგვითმეს ორიოდე გოჯი ადგილი.
ჩვენც დავაფასეთ ეს ამაგი და შევეფარეთ
ჩვენივე დაღლას. გამოვლოღნეთ პურის გულივით,
ჩვენი ტკივილი და წარსული.
რაც კი გვივლია
გაგვახსენდა და მშვიდად სუნქვით როცა შევძელით
ჩაგვძინებოდა, გვაშინებდნენ ხშირად სიზმრები,
სადაც გავრბოდით ვრცელ მინდორში, მაღლა იდგა მზე
და თბილი სიო უბერავდა... ტანში გვტეხავდა,
ვიღვიძებდით და სუფთა ფურცლებს
ვურაკრაკებდით
ჩვენს ბნელ კოშმარებს მოშვებული ონკანის ნაცვლად.

ასე ვხდებოდით პოეტები...

და ამ ქალაქშიც, ამ სოროშიც
არ დაგვაცადეს
გვესუნთქა ჩვენთვის და ყელში გვწვდნენ ბინძურ ხელებით
ჩვენივე მსგავსი დაბნეული პარაზიტები.
ჩვენც შევუბრუნეთ ზოგჯერ ლოყა, ზოგჯერაც მუშტი.
ზოგი მიგვიხვდა და დაგვნებდა, ზოგსაც დავნებდით
თვალს და ხელს შუა მივაჩვიეთ ხორცი ამ ქალაქს,
მოვიღუნეთ და მივაშურეთ ჩვენს ჩვენს ოთახებს.
გამოვიზამთრეთ, ვიზაფხულეთ, ვიფითოლცვენეთ
და როცა ისევ მარტო დავრჩით ზამთრის ამარა
მივხვდით, რომ რაღაც გვაწუხებდა
და შეთქმულივით
გადავწყვიტეთ, რომ დაგვრჩენოდა მხოლოდ წასვლაღა...

და ასე გავხდით თვითმკვლელები...

ღია ფანჯრიდან ფურცლებივით გადმოვიყარეთ,
და ჩვენმა ძმებმა ლექსის წვიმა გადმოგვადინეს.
პანთეონებში მოგვიზომეს მცირე ადგილი
უფლის მცველებმა შეგვაჩვენეს, ჩვენ კი დავცინეთ.
გადაცემებში გვიხსენებდნენ,
სამძიმრის წერილს
წერილზე წერდნენ საქმიანი უცხო კაცები
და ჩვენს გლოვაში ჩაწითლებულ უამო თვალებს
სუფთა ტილოთი იწმინდავდნენ, ჰალსტუხს იხსნიდნენ...
გვაგინა მხოლოდ გადდაღლილმა პოლიციელმა
და ნერვიულად მიმოავსო
სიკვდილის ოქმი
რომლის ნომერიც შეიცავდა უამრავ ასოს
და არაფრისმთქმელ რიცხვთა წყებას.
მერე შეავსო
თარო სულელი თავისმკვლელების,
რომლებიც გვგავდნენ.

ქალები მისდგნენ ელ წიგნაკებს
და გამოძებნეს
მათთვის მიძღვილი ორი სტროფი,
მერე გაგვჭორეს:
ამა და ამ დროს, ამან თურმე ეს ლექსი მიძღვნა.
ორიოდ წამით მათ თვალებში ჩამოვიფრინეთ
და თავიანთთვის ჩაიღიმეს: \"ზაფხული იდგა\"...

ჩვენ მოვენატრეთ მხოლოდ კედლებს...
მხოლოდ ოთახებს,
ორიოდ კალამს, სუფთა ფურცლებს და საფერფლეებს
და კონიაკის ბოთლს, რომელშიც ჯერაც ასხია
ჩვენი სიბრიყვის პირველწყარო, მომწარო სითხე.
ყველაზე მეტად მოგვინატრა იმ ფანჯრის რაფამ
რომელზეც ხშირად ვიჯექით და
ცას ავყურებდით
და რომლიდანაც გავექეცით ცისფერ პლანეტას
თავისუფლების ძიებაში, მოტყუებულნი.

ასე ვიქეცით აჩრდილებად ჩვენი ლექსების...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები