ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
11 ოქტომბერი, 2019


ცალი ნასკი - ნაწილი#2 (ჩა ჩა ჩა)

ბედიც ასეთი უნდა, რიგი არ იყო. დავაკაკუნე და შევედი, ფსოქოლოგიის დარგში პროფესორის, ქალბატონი ქ. ჩირიძეს კაბინეტში. მან მშვიდი, გამჭოლი მზერა მესროლა და დაბრძანდიო მითხრა. მზერა არ მოუშორებია. ავყევი თამაშში, თვალი თვალში გავუყარე და ხელის ცეცებით ნაპოვნ სავარძელში ჩავჯექი. ჩაახველა, ისტორია გამომართვა და მზერა მხოლოდ ამის შემდეგ მომაცილა, ეს ნამდვილად გამარჯვება იყო, ნამდვილი ტრიუმფი, ახლა უკვე ჩემს ნებაზე შემეძლო მეტრიალებინა, ეს პატარა, ცქნაფო ქალი. ხო სულ დამავიწყდა, რომ ეს მედიდური მზერა ძალიან გამხდარ ქალს ეკუთვნოდა, ალბათ ორმოცდათერთმეტი წლისა იქნებოდა, მაგრამ ღაბაბზე იმხელა ნაოჭები ჰქონდა ჩამოშვებული დასტვენა მომინდა, რომ yი, yი, yი ეყვირა ინდაურივით. ამჯერად თავი შევიკავე, როგორც ის იკავებდა თავს ჭამისგან, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში. ოთახი მოკრძალებული იყო, მაგიდაზე ძაღლთან ერთად გადაღებული სურათი იდო, ალბათ ლაბრადორი იყო, კრემისფერი, შესაძლოა რომ ღაბაბი პატრონისგან გამოჰყოლოდა, ჩემგან მარჯვენა მხარეს ძაღლს ენა ჰქონდა გამოყოფილი, რომელზეც საკმაოდ მსხვილი, ალბათ ორ სანტიმეტრამდე სიგრძის დორბლი ჩამოკიდებოდა. ქალბატონის ოთახში სერთიფიკატებს ვერ ნახავდი, მაგრამ კედელი აჭრელებული ჰქონდა სხვადასხვა გამონათქვამებით, ჩემი ყურადღება ერთ-ერთმა მიიქცია: ,,გონება? ეს მე ვარ, ფიქრები? ესეც მე, განცდები? ესეც მე, აბა როგორღა მრჩება ადგილი სხვისთის?!“ ეჭვი გამიჩნდა რომ ეს თავად უნდა დაეწერა, თავის გამოშვებულ, რომელიმე დაბალტირაჟიან წიგნში. ქ. ქ. ჩირიძე ისევ ისტორიას ეცნობოდა, არადა აშკარა იყო წეღანდელ მარცხს ინელებდა, პერიფერული მზერით მაკონტროლებდა, ხელის ინსტიქტურთან მიახლოებული მოძრაობით, მაგიდაზე დადებულ ტკბილეულზე მიმანიშნა, ვუთხარი რომ დიდი სიამოვნებით თქო, რამდენიმე ავიღე და ჯიბეში ჩავიყარე. ისევ ჩაახველა და მზერა მტყორცნა: ,,ბატონო, -მომმართა- ძალიან საინტერესო რამ დაგმართნიათ და როგორც ვხედავ შემთხვევის აღწერისას, სიამაყე შეპარულად დაგიწერავთ მომხდარის შესახებ...“ აქ აშკარა იყო, რომ მე უნდა მეთქვა რამე, მაგრამ რა? ძალიან დავიბენი, კი გავიგე რაც მითხრა, თუმცა იმდენად ვიყავი აღფრთოვანებული ბატონოთი მომართვით რომ მხოლოდ ამისკენ გამექცა ფიქრები და არც კი მომსვლია აზრად რომ ასე მალე მომიწევდა პასუხი გამეცა. თითით ვანიშნე რომ ერთი წამით მოეცადა, ლარნაკს გადავწვდი, ერთი კამფეტი კიდევ ავიღე, პირში ჩავიდე და რაღაც დროის მანძილზე ვფიქრობდი, ბოლოს დარჩენილი მასა, ნაკლებად აქტიურ მარცხენა ყბისკენ მოვათავსე და ვუთხარი: ,,ადგილი სხვისთვის უფრო მაქვს ქალბატონო და ჩემი თავისთვის არ მრჩება“. ვერ მიხვდა. მზერით წარწერისკენ მივუთითე, თავი დამიქნია და მითხრა ამაზე მერეო, ახლა ძველ საკითხს დავუბრუნდეთო, მაინც რატომ ამაყობთ თქვენი საქციელითო. აშკარა იყო მატყუებდა, არსად დამიწერავს რომ ვამაყობ, ინდაურა თავისი ძალების დემონსტრირებას ახდენს ვითომ? ,,აუფ, ქალბატონო, რა ძლიერი ხართ თქვენს სფეროში, მომხდარის დეტალური აღწერისას, განსაკუთრებულად გამოვყავი ის მომენტი, როდესაც თავში, ჩაის გაციების ეს მეთოდი მომივიდა, ნუთუ არ უნდა დამეწერა ის განცდები, რომელმაც ტკივილიც კი გადაფარა? თუ იმით მაკვირვებთ რომ ამაში სიამაყე დაინახეთ? ჰაა? რა თქმა უნდა, ვამაყობ, ამას ბავშვიც კი მივდება, პროფესორის ხარისხი რა ბედენაა ამისთვის?“ ,,არასწორად გამიგეთ - შემაწყვეტინა - მე მსურდა...“ ,,არა, არა - უპირატესობას არ ვთმობდი- ჯერ არ დამისრულებია,თქვენ კი არა მე მსურდა აქ რაღაცის თქმა და შემაწყვეტინეთ- გაბრაზებისგან შუბლი ისე გამიხურდა რომ, ხელის შეუხებლად ვგრძნობდი ამას, დამწვარი ენა კარგი წიგნის მორჩენასავით მტკიოდა - ხოდა აქ თქვენი სტატუსის და პროფესიონალიზმის წარმოჩინება არ გაგივათ, თუ რამის თქმა გინდათ პირდაპირ თქვით, გამომიყვანა აქ სამი წლის ბავშვი, რომ აბლანდული სიტყვებით ამაბნიოს, აბაა, მაგის ჩიტი მნახეთ..“, კამფეტი გადამცდა.

  ძლივს ამოვისუნთქე. ლაპარაკი, ხმამაღლა მომივიდა. ხმაურზე ექთანი შემოვიდა, ქალბატონს მიმართა ხო მშვიდობაა ქეთინო დეიდაო, ეს ადგა სულ კუნტრუშით წავიდა კარისკენ ყურში რაღაც უთხრა მედძმას და კარი მიუხურა. მიხურვის შემდეგ შემოტრიალდა, თვალი თვალში გამიყარა კვლავინდებურად და ცეკვა ცეკვით წამოვიდა ჩემსკენ, არა აშკარა იყო ცეკვავდა, რა უნდა ნეტა? ვერ გამერკვია. ალბათ პირველი რაუნდის წაგების შემდეგ ცეკვით სურდა ჩემი დამარცხება, ვაიმე რა სიდებილეა, ვის ეჯიბრება თუ იცის. ავდექი წინ ავეტუზე და ამ გამომწვევ მოძრაობებს ჩემი თეძოს უელასტიურესი მოძრაობა დავუპირისპირე, თან თვალს არ ვაცილებდი. გაწითლდა, აშკარა იყო მარცხი აღიარა და ყვირილი მორთო, თავხედო რას აკეთებო, მის ყვირილზე ისევ ის ექთანი შემოვარდა, ლუკა მომაცილეო ეს თავხედიო, უთხრა ფსიქოლოგმა და ლუკაც უმალ ჩვენ შორის ჩადგა, ბატონო უნდა დატოვოთ კაბინეტიო მითხრა. ვერაფერი გავიგე, თავის მართლება ვცადე თვითონ გამომიწვია თქო, მან კი მკლავში ჩამავლო ხელი და ალბათ ძალის დატანების ორმოცდაექვს პროცენტიანი კოეფიციენტით გარეთ გამომათრიასავით. აქ დამელოდეო მითხრა და შიგნით შევიდა, ცოტახანში უკან გამოვიდა და ექიმის წერილი გადმომცა, ქაბატონი ჩირიძე მწერდა რომ მე საუბრის დისკომფორტს თუ განვიცდიდი შემეზლო, ყოველდღიური ანალიზი მეწარმოებინა ჩემივე ქცევების, მისთვის გამეგზავნა და ასე შევძლებდით თანამშრომლობას, მამშვიდებდა არაფერი მომხდარაო. ნეტავ რა უნდა მომხდარიყო? აქეთ უნდა დამშვიდებულიყო, ორჯერ მოვუგე ორჯერ, თანაც პირწმინდათ.

საავადმყოფოდან გამოვედი და ფეხით დავადე თავი სახლისკენ. ხალხი არც ისე ბევრი იყო ქუჩებში, უმეტესად უბედურები და ერთი ორი მათხოვარიც გამოერეოდა ხოლმე. ტროტუარის ერთ მხარეს გოგო და ბიჭის წყვილი იჯდა. ერთმანეთს კოცნოდნენ, ბიჭის მზერა კი გოგოს ზურგს უკან გამვლელებს ზვერავდა. მე გავჩერდი და ღმერთმა შეგაბეროთ თქო ხმამაღლა ვუთხარი. ბიჭმა ამხედ-დამხედა, მარჯვენა ხელი იმ მიმართულებით გაწია საითაც მანამდე მივდიოდი და ..აუ გაიარე ძმაოო” მომაძახა, ბოლოში ზრდილობის და მოწიწების ნიშნათ ,,რა“ დაუმატა, რომ თავი დამცირებულად არ მეგრძნო და მისი ეს სიყვები თხოვნად მიმეღო, არა ბრძანებად. მე გავლა არ მინდოდა და ადგილზე დავრჩი. ბიჭს ერთხანს კიდევ ჰქონდა გაშვერილი ხელი, ცოტახნის შემდეგ ჩამოწია, საჩვენებელი თითის ზედა ნაწილის შუა წერტილით ცხვირი მოიფხანა ქვევიდან, თან მზერა არ მოუცილებია. ჩავიცინე, რა უნდოდა ამ ხალხს? მერამდენე ორთაბრძოლა უნდა მომეგო რომ ვეღარ გაებედათ ჩემთან ჭიდილი? მის წინ მდგომ სკამზე დავჯექი ისე რომ თვალს არ ვაცილებდი, წამოდგა, წელში მოხრილი იყო, დამარცხებით დამცირებული, ჩემსკენ წამოვიდა: ,,ჩემი ძმა - მოდიოდა და თან მელაპრაკებოდა, მისი ნაბიჯის სიჩქარე, ხმის ტემბრის პირდაპირპროპორციულად იზრდებოდა- წყნარად ხომ გითხარი გაიარე თქო, გაიგებ თუ ...“ მე ავდექი და წამოვედი, მივხვდი მის გულისტკივილს და ჩემი თავი შემეზიზღა, შეყვარებულის წინ დავამცირე და დავამარცხე, ალბათ თავმოყვარეობა წაუხდებოდა, ასე გაძლება არ შემეძლო. მოვტრიალდი და შორიდან დავუძახე: ,,თუ გინდა კიდე შევრკინდეთ, თვალები ცოტა დამეღალა და შეიძლება მომიგო“ ვფიქრობდი რომ მოვაგებინებდი და ღირსებას აღვუდგენდი, თუმცა დავინახე რომ საპირისპირო მხარეს მიდიოდნენ და ალბათ ჩემი ნათქვამი ვერ გაიგო, ნუ არაუშავს, მთავარია სინდისი დავიწყნარე.

როგორც კი მივტრიალიდი, გზა რომ გამეგრძელებინა ჩემი ნაცნობი შემეჩეხა: ,,ვაახ, ვაახ, ვინ გაეძრო, რავა ხარ ძმაო??“ ,,მადლობა ვახო არამიშავს - ვუთხარი ენს ბორძიკით- ექიმთან ვიყავი, ცხელი გადამცდა და ცოტა ენა მტკივა და ფილტვები- ფილტვების ხსენებაზე, ცალი ლოყით გაიღიმა- მერე ფსიქოლოგთან გამაგზავნა და რავი ვერაფერი გავიგე, ჩირიძეო თუ ვიღაც იყო, უფრო ამაბნია...“ „ვაახ, ვიცი ტო ეგ ქალი, ცალფეხმოკლე ფსიქოლოგი, მაგარი ვინმეა, ისეთი მაგარი რომ ჩემი და დადიოდა მაგასთან და მარტო იმის სიარულით მეც კი მიშველა...“ - მითხრა და ხმამაღლა გაიცინა, რატომ ვერ მივხვდი, მაგრამ ავყევი. დავფიქრდი რომ, თუ ასეთი მაგარი იყო, რომ ერთი დადიოდა და ორივეს უშველა, შეიძლებოდა მართლაც რამე ექნა ნაწერები რომ გამეგზავნა, უეჭველი დამამუღამებინებდა ჩაის გაციებას.. ვახო სახესთან ხელებს მიქნევდა ,,აბა ჰე, მივდივარ და შენ იცი თავს მიხედე,“ დავემშვიდობე და გზა განვაგრძე.

მთელი არსებით ვგძნობდი რომ რაღაც შეიცვლებოდა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები