ნაწარმოებები


ლიტ. კონკურსი - - “რჩეულის-რჩეული“     * * *     დაწვრილებით ლიტ-მოვლენაში

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პროზა
14 ოქტომბერი, 2019


მანუჩარა

დილიდან ხმაურმა გამაღვიძა. ზამთრისპირია, ჩვენში ამ დროს დილაობით ნისლი იცის, მერე ნელნელა გამოჭიატდება მზე, ზარმაცად გაახელს თვალს და მზის ურცხვი მზერით შეშინებული ნისლიც ცვარად ედება ბალახებს თუ გაყვითლებულ ფოთლებს. ხეზე შერჩენილი კარალიოკი კარგადაა დამწიფებული და მე და ბეღურები ძმაკაცურად ვინაწილებთ დაშაქრულ ხილს. ჩემი თავგასიებული კატა ნებივრობს ღუმელთან და კარალიოკს შესეულ ბეღურებს ისე უყურებს, ნეტა თავისი ფეხით მოვიდოდნენ ჩემამდე და თავს დამაჭერინებდნენო, ფიქრობს. ბებიაჩემი ჩაის მიმზადებს, დედას მოსწავლეები ჰყავს, მე ნახევრად მძინავს, მეზობლების საკვამურებიდან კვამლი ამოდის, დღეს სკოლა არაა, მოკლედ იდეალური დღეა, მაგრამ ახლომახლო ვიღაც ისე აკაკუნებს, დაინგრა სახლი. ან გვბომბავენ, ან შეშის მოტანისას დიდი მორები რომ დაგვიტოვეს, მის დასაპობად მოიყვანა ვინმე დედამ. გადავხედე და მანუჩარაა.
-გამარჯობა! ვესალმები და ტუჩებიდან შინდის ჯემის ნარჩენებს ვიშორებ.
-კაი გამარჯობა შენი. მესალმება მანუჩარაც და მორში გაჩრილ სოლს ისეთი თავლით უსწორებს მძიმე უროს, თვალებს მთელი ძალით ვხუჭავ, რომ დარტყმა არ დავინახო. მომზადებამაც არ მიშველა და დარტყმის ხმამ დახუჭულ თვალებშიდაც გამანათებინა.
-სულ თქვენ უნდა დაჩეხოთ ამდენი მორები? ვეკითხები და  უზარმაზარი კოტრების გორას ვუყურებ.
-კი, ჩემო ბიძია და თუ გინდა კი დაგიტოვებ ცოტას. მეკრიჭება.
-რავიცი, დატოვეთ თუ გინდათ. ვიმორცხვებ მეც.
-არა ბიძია, დიდი ზამთარი იქნება წელსო, თქვეს და რო დარჩე უშეშოდ, ხომ მომეჭრა თავი? ისე მეუბნება, თითქოს დაჩეხილი შეშა მის უკან არ ეწყოს და ჩემი კეთილდღეობაც მხოლოდ მასზე იყოს დამოკიდებული.
-ვინ თქვა დიდი ზამთარი იქნებაო? ვეტიტინები მე.
-ხალხმა, ბიძია. იცის მასეთი ამბები ხალხმა. ერთი თავისი ცხოვრების არ იცის არაფერი, თუარა ამინდის და ქვეყნის ამბავი იცის აბა არ იცის? მეუბნება ჩემი მშობლიური, წმინდა ჭიათურული აქცენტით და იღიმება. მერე ისევ იქნევს უროს და ხის უზარმაზარი სხეული ორად იხლიჩება. ამ ტყუპისცალებიდან ერთს წვდება, ასწორებს და ნაჯახით აქუცმაცებს. ერთ ნაპობს რომ ჩეხავს, ჩერდება, უფილტრო „ასტრას“ იღებს და დიდივით მეკითხება:
-შეიძლება მოვწიო, ჩემო ბიძია?
-როგორ არ შეიძლება?! ვპასუხობ მე და ვიღიმები.
-კაი, მოვწევ აბა მე ამას.
მე მხრებს ვიჩეჩავ და სახლისკენ მივდივარ. კართან ვჩერდები და ვუყურებ. დაუჩეხავ მორზე ჩამომჯდარა. უროზე დაყრდნობილა და მზის სუსტ სხივებს უშვერს სახეს. ნებანება აბოლებს ასტრას და ფიქრობს.
რაზე უნდა ფიქრობდეს მანუჩარა? ამ ხნის კაცს ცოლი არ ყავს და შვილი. ერთი თავისი თავივით და ჯიბესავით ცარიელი სახლი აქვს მანუჩარას. თმები გასთეთრებია სულ. თვალები დღე და ღამე ამღვრეული აქვს სმისგან, ხელები დაკოჟრილი აქვს შრომით, ტანსაცმელი სუფთა აცვია ყოველთვის, ერთი ეგაა, რომ შელახულია, თუარა სხვამხრივ კოხტა. სულ იღიმება მანუჩარა და არ ახსოვს ქალაქში ვინმეს, მისი პირიდან ცუდი სიტყვა ამოსულიყოს. ბაბუის ტოლაა კაცი და ჩემო ბიძიათი მომმართავს მე, თითიტოლა ჭიჭყინას. კაი კაცია მანუჩარა, უბოროტო.
შუადღეა. მიმაჯოჯოხეთა დედაჩემმა მათემატიკის სამეცადინოდ. ვწერ განტოლებებს და მუშტით ვიწმენდ თვალებს. რა ჩემი საქმეა, რას უდრის იქსი,თუ იქსს გამოკლებული ხუთი ორს უდრის. იყოს შვიდი. რა ამით მერე. თუ უნდა, სულაც ოცდაშვიდი იყოს, ჯანდაბას მაგის თავი და ფეხი. მომეშალა ნერვები. ბებიაჩემი მაწყნარებს:
-სუ, ბებია, არ იტირო, დაწერე მალე და წადი მერე და ითამაშე, დაგიშლის ვინმე? როგორია, წერო ეს მათემატიკა, როცა გარეთ ნოემბრის მზეა, კარგი ამინდია, კარალიოკია და მანუჩარა მორებს უკაკუნებს.
-არ ვისწავლი ამ მათემატიკას. ვიკითხავ ბევრს, ვისწავლი ისტორიას და ლიტერატურას, კიდე ხელოვნებას და ბევრ რამეებს, არ მინდა ეს მათემატიკა. ვზლუქუნებ მე და ველოდები ბებიაჩემი როდის ამორეკავს ტაფიდან ცხელცხელ პურს. სადილობის დრო მოდის, მშრომელ კაცს უნდა გავუმასპინძლდეთ.
-კი ბებია, რაც გინდა ისწავლე ის, მარა ეს მათემატიკაც ისწავლე, მე შენ გეტყვი ვერ სწავლობ, თუ რა? მიღიმის ბებია და ცხელი პურის ნატეხს მაწვდის.
-ისწავლე, ჩემო ბიძია, თუ არა მოგიწევს ჩემსავით შეშის ჩეხვა. შემოუყვია თავი ფანჯარაში მანუჩარას და მიყურებს.
-რა არი ცუდი მაგაში, ნაჯახს ვერ მოვერევი თუ რა? ვეკითხები გაგულისებული.
-რავა არ მეერევი, ბიძია, ნაჯახს კი არა, ჰიტლერს მეერია სტალინი, მარა არ ჯობია კაბინეტში იჯდე შევარდნაძესავით და ითვალო ფულები? იცინის მანუჩარა.
-შევარდნაძე როგორც ზის და ითვლის ფულებს, რაც მაგას წყევლა და გინება აქ, თუ ისე უნდა იყო შენც ბებია, მათემატიკასაც დაანებე თავი და ნურც იმ საგნებს ისწავლი, წეხან რო მეუბნებოდი. მიყურებს ბებიაჩემი და იცინის ისიც. საბოლოოდ, მე, ბებია, დედა და მანუჩარა ერთად ვსადილობთ. დედა ჩემს ამოხსნილ განტოლებებს უყურებს. კარგიაო მეუბნება და მე მიხარია, ამჯერად მაინც რომ იოლად გამოვუსხლტი ჯოჯოხეთს.
-ბებია, რამდენს ვაძლევთ მანუჩარას ამ ამბავში? ვეკითხები და ფანჯრიდან ვუყურებ როგორ ალაგებს მანუჩარა დაჩეხილ შეშას.
-5 ლარს ბებია.
-ერთი მორის დაჩეხვაში?
-არა, ყველასი. რა იყო? მიყურებს ბებიაჩემი და ჩემს გაკვირვებულ სახეზე ეცინება. კი, მიკვირდა ნამდვილად, ცოტა მეგონა ძალიან და ის მიკვირდა, ბებიაჩემი რომ ასე ცოტა ფულს რომ აძლევდა მანუჩარას. რა ვიცოდი, 2000 წელი რომ იყო მაშინ და პენსია სულ იყო 14 ლარი.
-ცოტა არაა? ვეკითხები ალალად.
-ჰოდა, ბებია, რო ისწავლი კარგად, დიდი კაცი გამოხვალ, დიდი კაცი რო გამოხვალ, გექნება შენთვისაც და სხვისთვისაც. რო გექნება და არ დაგენანება, მაშინ იქნები კაი ბიჭი, შენ გენაცვალე ბებია. ასე ღირს მისი საქმე ახლა და არაა უკმაყოფილო მანუჩარა. რო იყოს მეტი მისი საქმე, მეტსაც მივცემდი და რო მქონდეს მეტი, ისე მივცემდი, ვაჩუქებდი. მიღიმის.
მანუჩარამ მაგრად იმუშავა იმ დღეს. დაჩეხა შეშა და მიინახა. ივახშმა. მადლობა თქვა და წავიდა. წავიდა და წაიყოლა მარტოობისა და უფილტრო სიგარეტის სუნი.
რამდენი წელიწადია გასული მის შემდგომ. აღარ არიან არც ბებიაჩემი და არც მანუჩარა. ორივე დამეკარგა. ერთი ესაა, ბებიაჩემის წასვლა საკუთარი თვალით ვიხილე, მანუჩარა კი გარდაცვალებამდეც დაკარგული მყავდა.
უბანში ვიყავით, ცოტა დიდები, ისე, უბრალოდ თქვეს თუ ახსენეს, მოკვდაო...
იქნებ, მართლა არსებობს სიცოცხლე სიკვდილის შემდგომ და თუ არსებობს, იმედია ეწევა მანუჩარა უფილტრო სიგარეტს ისევ და უროზე ჩამოყრდნობილი მზეს კი არ ასცქრეის, არამედ ქვემოთ იხედება, თავისი ცარიელი სახლისკენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები