ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
20 ნოემბერი, 2019


საბორდიურე

ამასწინათ უჯრა მიხსენეს,
როგორც ლექსთჩასალაგი,
მასაც ვახსენებ და
ტექსტის დასაწყისშივე
დილიდანვე გზაზე დამდგარი,
კაციც მინდა ვახსენო უცებ.
წლობით მწეველი,
გაჩერებამდე სანამ მივა,
ფეხით სავალზე  რომ ამოახველებს
და რასაც ამოახველებს,
იქვე, ასფალტზე ტოვებს.
ხოლო, თავშივე იმიტომაც  ვახსენებ,
რომ მათაც დამტოვონ,
ვისთვისაც ზედმეტია სიტყვა „ნახველი“
„ბორდიური“, ანდა „ასფალტი“.

უჯრა კი სწორედ ფუფუნებაა,
რადგან უჯრაში
არაფერი იფანტება
და რაც იქ ინახება, მას,
ერთ დროს მაინც,
გამოუჩნდება თავის მნახველი.

ამ სამყაროში
ყველაფერ  ხილულს,
თუ უხილავს
დაერქვა თავის სახელი.
მგონი პოეზია  დარჩა  მარტო
დავის საგანი.
ვიღაცას მხოლოდ კონვენცია მიაჩნია მის მატარებლად
და პროზლიბრებად მოუნათლავს სხვა დანარჩენი.

თუ  მინდა გავთავისუფლდე:
ემოციის,
ელდის,
ცრემლის და მათი,
დროში უსიამოვნო გრძნობად ჩამოდნობის პერსპექტივისგან,
მაშინ,
სულერთია ჩემთვის
ვინ რას დაარქმევს!

თქვა ღმერთმა,
მხოლოდ თქვა!
და იქმნა ნათელი!

მშვიდი, უწყინარი სანახაობა,
სადაც ორი ადამიანი მაგიდასთან ზის და შაურმას მიირთმევს,
როგორი არაპოეტური ამბავია,
მაგრამ  ვიღაცის თავში შეიძლება მოციმციმე ანიმაციად ჩამოყალიბდეს,
ან უსასრულო GIF _ად.
თუ იცის,
რომ ამ ყველაფერს, სარჩულად,
მონატრება,
სიურპრიზი და სიყვარული უდევს.

შეიძლება გადაიქცეს ანიმაციად,
- სადაც  იმ ორის მომღიმარი სახე და საუბარი,
თუნდაც არაფერზე,
უბრალო, მიმდინარე ამბებზე, უცვლელი რჩებოდეს,
მხოლოდ გარემო იცვლებოდეს მათ გარშემო,
ხან წვიმდეს,
ხან თოვდეს,
ხან ქარი ქროდეს,
მაგრამ მათ ბედნიერ სახეებს არაფერი ეტყობოდეთ.
ამ ცვლილებათა ტემპი კი მატულობდეს,
მატულობდეს და
ბოლოს იმსხვრეოდეს...
მე კი თავზე,
თვალებში,
გულში მინებად მეყრებოდეს.

აქ ზოგიერთი იმას იკითხავს, ანიმაცია მინასავით როგორ დაიმსხვრევაო,
ზოგიერთი მომისამძიმრებს.

ვისაც სურს, მხოლოდ ის ხედავს.
დანარჩენებმა,
რაც გინდათ ის დაარქვით,
უჯრამდე მისატანი ამბავი არ არის,
გზაში, ბორდიურზე დასატოვებელია.

არც მე მომწონს,
დილით სამსახურში მიმავალს ასე ხმამაღლა ამომხველებელი რომ გადამეყრება,
თუმცა არასდროს მითქვამს არცერთისთვის არაფერი.
ამოხველება ექსპრომტად ხდება.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები