ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: გილო
ჟანრი: პოეზია
24 ნოემბერი, 2019


წაქცევა

ნაკბეჩი ვაშლივით ჟანგდებოდა აღმოსავლეთი.
გზაზე ვიდექით.
დამრეცი იყო გზა რომელზეც თითქოს ვიდექით.
ანტილოპები კბეჩდნენ მანძილებს.
ვერეკებოდით ადგილისკენ, ქვა რომ გახვრიტეს
იმ კმაყოფილებს,
უჩინარად რომ შეიქციეს თავი ჩურჩულით
და ვახსენებდით გამოფხიზლებას.
ადგილს თვალი რომ არ სცემოდა - ქვა ჩაიჯიბეს,
ხეზე დაკიდეს იმედის თოკი,
ასაძრომად და საკონწიალოდ.
ნაჩეჩქვი თვალის გუგებივით სრისეს გულები
ერთმანეთის და უერთმანეთოდ
გაიდეს მხრებზე სიცარიელე, შიშის ხანძარი,
რომელიც ისე ჩამოუმძიმდათ,
როგორც საგზალი დაქანცულ მდევარს.
არ იყო მთელი მონდომება თითქოს ბორძიკი.
თმენაც გახედნეს.
პირიდან იყო ამოჩრილი ენა ბოძივით,
გადახრილი და ულამპიონო.
ქუჩები თვლემდნენ თავმოყრისთვის ნათმენ ადგილებს
და პირში ჩალის გამოვლების ტკბილხმოვანება
სხეულებს შერჩათ როგორც ზანზარი.
თან ვიყავით და იმავე დროს თან არ ვიყავით,
ერთმანეთისგან გამოვაღწიეთ.
თანდათან უკვე აღარ ვიყავით გზა რომ გვეწვია,
ჩვენს შემდეგ სხვების წაქცევა ვნახეთ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები