ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლ. ლორია
ჟანრი: პროზა
7 დეკემბერი, 2019


ჩემი ჯორჯო

- იცი ვის ჰგავდა ჩემი ჯორჯო? რიდლი სკოტის ფილმი რომ არის, ,,გლადიატორი” - გენერალ მაქსიმუსს. რასელ ქროუ თამაშობს, ხო? ჩემი ჯორჯოც გენერალი იყო! ჩემი ჯორჯო! იცი, როგორი მზერა ჰქონდა, რომ შეგხედავდა, დღეც ყველა ვარსკვლავს დაგითვლიდა თვალებში! მერე შვილი გაგვიჩნდა, მაშინ აფრიკაში იყო სამშვიდობო მისიით. ხოდა ისე მენატრებოდა, მის უკითხავად ბიჭს ჯორჯო დავარქვი. ერთი დღისაც რომ არ იყო პაწია, ვეხვეწებოდი, დამპირდი რომ შენ სამხედრო არ გამოხვალ-მეთქი. ბალერონი მინდოდა გამოსულიყო . დიდი ჯორჯო გაგიჟდა, რა ბალეტი, ჩემი შვილი იტალიის არმიის გენერალი უნდა გახდესო. ფილმი ,,ქალის სურნელი“ ხომ გახსოვს, ალ პაჩინო რომ ცეკვავს, ის ვანახე. - ტანგო ისწავლოს, მაინც გენერალი გახდებაო, იცინოდა...
მერე გოგოც შეგვეძინა, ჩემი ჯორჯო ვერტმფრენით მოფრინავდა ღამით, მშობიარობისთვის უნდოდა მოესწრო. ამაოდ ველოდე. ვარსკვლავებს შეერია... სამი დღის შემდეგ მითხრეს, რომ კატასტროფა მოხდა. გოგო ახლა ამერიკაშია, ვიღაც ჩიტირეკია ამერიკელ მილიონერს გაჰყვა ცოლად. ეს თმები სად გაიკეთე? სტილისტი მოვიწვიოთ ჩვენთან! - სინიორა, მაპატიეთ, ვერ მოვასწარი დავარცხნა! - არა, ნუ მებოდიშები, ასეც გიხდება! იცი, თავიდან მეშინოდა ბადანტეს, უცხო ოჯახში როგორ შემოვუშვა, - ვდარდობდი! ახლა როგორ შეგეჩვიე! ჩემმა გოგომ დამირეკა ამერიკიდან, ძალიან მოეწონე, კარგი ხმა აქვს და კარგი თვალებიო! დამანა, დამანას ტექსტი დამიწეროს და ნოტები გადმომიგზავნოსო! - რა დამანა, სინიორა? - შენ რომ მღეროდი, დამანა, დამანა! - აა, დანამა? ჟუჟუნა წვიმა მოვიდა? - ხო, ადრე მთხოვა, შენზემ ვიდეო გადაუღე, მაინტერესებს როგორი გოგოაო, იმასაც ეშინოდა უცხო ადამიანის. მერე ვიდეოში რომ გნახა, ძალიან მოეწონე. ტელეფონით გადაგიღე საჭმელს რომ ამზადებდი და თან ღიღინებდი! რას ნიშნავს ეს ,,ჯუჯუნა ცვიმა...“ - ისე, უბრალოდ, წვიმის სახელია. - წვიმასაც სახელი ქვია თქვენთან? - კი, თან ასამდე! - ასეთ შეჩვევას არ ვიცი რა ქვია! იცი, მინდა ჯორჯოს შეგრთო, აუცილებლად მოეწონები, ისე კი ძალიან წუნიაა. ბედოვლათი, ოჯახზე არ ფიქრობს, მხოლოდ არმია! - მე გათხოვილი ვარ სინიორა, შვილი მყავს! - აკი ქმარი არ მყავსო! - ქმარი გარდამეცვალა, ჩემი მეუღლეც სამხედრო იყო, ომში დაიღუპა. - როგორ ომში, შენ ქვეყანაში ახლა ომია? - რამდენიმე წლის წინ, აგვისტოში...
... გული მწყდება რომ მიდიხარ, იცი, ჩემ ჯორჯოს ძალიან მოეწონე! რომ გნახა, შენ რომ არ გაგეგო, ჩუმად ვკითხე, აბა შემიფასე-თქო და მიჩურჩულა, უკვე მიყვარსო... დღეს დილით ველაპარაკე. წყინს, რომ მიდიხარ, არ გაუშვაო, მთხოვს!
უნდა წავიდე სინიორა, - ვეუბნები, - მე სამი ჯორჯო მყავს მისახედი-მეთქი. რა გულჩვილია, ცრემლები მოსდის, თან მეკითხება: - მართლა? ვინ არის შენი ჯორჯო? მერე ტელეფონში ჯერ გიას სურათი ვანახე, ერთად ვართ, ომის წინა პერიოდია, გიორგიზე ორსულად ვიყავი მაშინ. ეს ჩემი მეუღლეა, ვეუბნები! მერე გიორგის სურათიც, ქართულ ჩოხაში, ჩემი შვილია-მეთქი, - მეც ვიცრემლები. რამხელა შვილი გყოლიაო, მესამე ჯორჯო ვინ არისო. მერე ხან თოვლიან მწვერვალებს ვაჩვენებ, ხან ზღვის ნაპირებს და მდინარეებს, ხან უძველეს ტაძრებს. ვერ მიხვდა. უკვირს, - აბა, სად არის ჯორჯო? ეს არის, სინორა, - ვეუბნები, - ეს ჩემი ქვეყანაა. უცხოელები ჩემს ქვეყანას გეორგიას ეძახიან, ანუ როგორც თქვენ ამბობთ - ჩემი ჯორჯო...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები