ნაწარმოებები



ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პროზა
10 დეკემბერი, 2019


დიაგნოზი

  მაგიდაზე ჩამოდებულ მარცხენა ხელზე ჯერ ნეკა თითი ამითამაშდა, მერე საჩვენებელი და ცოტა ხანში მთელი ხელი მიკანკალებდა. მარჯვენა დავადე და დავაწექი. არ უშველა, ვერ გავაჩერე. შემეშინდა, წამის ნაწილში მომათავა შიშმა. მერე მივხვდი, სიცოცხლის შიში იყო. არა, სიკვდილის - მართებულია ითქვას. როცა იმ წამში არ დავმთავრდი, ხელი ისევე მიკანკალებდა და ისევე შემეძლო აზროვნება - ახლა რაციონალობისკენ გადამძალა გამოსავლის ძებნის სურვილმა, მაგრამ სულ ტყუილად, მწირი სამედიცინო ინფორმაციით და კიდევ უფრო მწირი სამედიცინო ტერმინებით, ვერაფერი მოვიძიე გონებაში საიმედო და გამართლების ძებნა დავუწყე სხეულს. არადა, შიშის გამო ვფუთფუთებდი ასე. არადა, ხელის კანკალიც ისე რეალური იყო... მარჯვენა ხელითაც შემეძლო შევხებოდი.
  ***
  წინა საღამოს, სანამ დღე ღამდებოდა, დაორთქლილ ფანჯრის მინაზე, დეკემბრის ყინვაში მბჟუტავი ლამპიონის სინათლე მომედღაბნა შუბლთან. ოთახში არც ისე თბილოდა. შუქი არ ამინთია. ფარდები, საერთოდაც ჩამოხსნილი იყო. რა შორს იყავი. არავისზე და არაფერზე არ მინდოდა ფიქრი შენს გარდა. თვალებში მაწვებოდი ფიქრზე მეტად. უფიქროდ უფრო კარგია ხოლმე - დრო და მანძილი არ მჭირდება, არც არაფერი. ლამპიონის შუქის ლაქადან გამოხვედი, რაღაცნაირ სახედ, სადღაც ჩემსა და მზერას შორის. გამეღიმა. შენ არ გაგიღიმე, გავთბი და სიამოვნებისგან გამეღიმა. ნამძინარევს გავდი. ნახევრად ახელილ ერთ თვალს სიგარეტის მოლურჯო კვამლი გიბაცებდა. მარჯვენა ხელის აწევა დამეზარა და მარცხენა ხელის თითი გადავუსვი მინას. შენი ავარია გამახსენდა.. რამდენი იარა გექნებოდა და ტკივილი... რა ლამაზი იყო ახლა ეს სახე, თითით ვეხებოდი ნაკვთებს და რაღაც მეწვოდასავით სადღაც, იქ, შიგნითის იქეთ. აწეწილი თმები მინდოდა დამევარცხნა თითებით, მაგრამ ხელი დავუშვი.
  არეული ხაზები აჩნდა მინას, როცა ლამპიონის შუქი ისევ გაიდღაბნა.
  ***
  შენზეშენახები მარცხენა ხელი აღარ მიკანკალებდა. მაინც გამეტებით ვუჭერდი და ვაწვებოდი მარჯვენათი. არაფერი და არავინ მინდოდა შენს გარდა. ეს იყო ზუსტი დიაგნოზი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები