ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
11 დეკემბერი, 2019


ზამთრის ბუნიაობა

ზამთრის ბუნიაობა

1
სანამ პატარა, წითური ბიჭი სტვენა-სტვენით დაღმართზე ჩამორბოდა,
იდგა კაცი , ბებერი და უჭორფლო.
შეხედა, როგორ მიიჩქაროდა შინისაკენ და მოხუცდა.
ნახა, მზე რომ მიჰქონდა დებისთვის და მოხუცდა.
ჩქარაო- მიაძახა, თვალი-ღა გააყოლა და მოხუცდა.

ქირსეზე დასაკლავი ღორივით გამისუქებიაო დარდი.
სულ ამოვღობე, ამოვაშენე,
აღარც დარაჯი მივუჩინე, აღარც აბრაგებს მივასწავლე,
აღარც მზის სხივი მივაკარე, აღარც ჩიტის ხმა.
ჰოდა, ღორივით გამისუქებია-მეთქი.
მუხის ფესვი არ შემინახავს მიწაში და მორწყვით როგორღა მოვრწყავდი?!
როგორ ამოვზრდიდი?!
ღორების სამენძელოდ თუ გავიმეტებდი ასე, თორემ
კაცის საჩრდილობელი არ მოიძებნა ამ ქვეყანაზე.
ოქრო-ვერცხლი არა მქონია და რაც მოვაგროვე- დარდია კაცისა და მხეცის,
ჩქარაო -რომ მიაძახა, თვალი-ღა რომ გააყოლა.
2

განა, ტვირთს მივეზიდებოდი დაუძლეველს?
განა, ჩიტს მივდევდი აფრენილს ოზედან?
პურის ერთი ნამცეცი არ დამვარდნია აქეთობისას, მოვდიოდი და მოვდიოდი.
შენ კი, კამკამა წყაროს რომ კოცნიდი, ახლა დამჯდარხარ ქვაზე,
ნაწნავს შლი და შვილთაშვილის სახელს იხსენებ.
თმას იშრობ მზეზე და ეს უფრო გალათეას აღზევებაა.
თითქოს შავ ტალღებს გაატანე გველის ტყავი და
ქერცლი თევზისა მოიბანე ვერცხლის მთვარეში.

გაშალე სუფრა - ასი წელი რასაც უცდიდი, აღსრულდა ახლა.
ცხრა შვილი მყავდა. ომი რომ მოვიდა, ცხრავე სარდაფში გამოვკეტე.
ვუყრიდი ფქვილსა და მარილს,
ვუსხამდი რძესა და ღვინოს,
თავად კი, ცივ და მლაშე სირცხვილს ვჭამდი. სირცხვილს უტკბილეს.
3

უსასრულო დერეფნებში, ჭერმაღალ დარბაზებში დაიწყო სიჩუმე.
მე მესმის, რაზე ჭორაობენ მოახლეები.
მე ვიცი , მოხუცი მებაღეების ყველა საშინელი საიდუმლო.
დარაზულ დარაბებში იზრდება ჩემი გავლენა.
შენ კი, კამკამა წყაროს რომ კოცნიდი, ახლა მოლოდინში უნდა დაილიო,
გათავდე მოლოდინში
- გამთენიისას მობრუნდებიან მეთევზეები,
ამ გაზაფხულზე პირველ ნაყოფს მოისხამს ნორჩი ტყემლის ხე
და რამდენი აყვავდება უკანასკნელად.
ახლა მითხარი - განა ფაუსტი სულელი არ იყო?!
განა დონ კიხოტი არ იყო ლამაზი?!
სხვა დანარჩენი წმინდა წყლის პოეზიაა...
როგორ მეცნობა ეს კაცი,
კოხტად ჩაცმული, მოწესრიგებული. როგორ გავს ეს კაცი მიცვალებულს.
მაგრამ ქარივითაა მისი ფიქრი, ხანგრძლივია მისი სიზმარი.
ერთი ფოთოლი არ მოწყდება ხეს უიმისოდ. ერთი კვირტი არ გაიშლება .
4

ასეთ ამინდში რაც ხომალდებია ჩაძირული…
ასეთ ამინდში დრამატურგები წამლავენ მეფეებს.
ასეთ ამინდში უნდა მოხდეს ყოველი შეთქმულება.
ასეთ ამინდში წითური ბიჭი აგერ, ნახირს მიერეკება,
როგორც შეთხელებულ ფალანგებს მაკედონელთა,
ბრძოლაგამოვლილ ლეგიონებს

მე ამეკრძალა ცხვირზე ჭორფლი და დამეკისრა ვალდებულება- ვიყო ბედნიერი.
იმავე დღეს შემარქვეს სხვისი სახელი და გამიკეთეს რამდენიმე აცრა,
ახლა კი ჰგონიათ, რომ გამომიგონეს და ლამის დამაყვედრონ კიდევაც.

შენც ვერ გადაგიბირეს,
ვერ გაცდუნეს საგვარეულო ძვირფასეულობით,
სპარსული ხალიჩებით, ოქროს ძაფით, ვერცხლის სათითით,
ჯვარს და რჯულს გირჩევნია ქვა, რომელზეც ზიხარ.

როგორ დაძველდა ყველაფერი,
რასაც ხელი შეავლე დაიცარა მულინასავით,
მენავეების მოლოდინში გადაგავიწყდა ნუშის ბაღები, მეჯლისები, დოღი, ჯირითი.
დებიც აბრაგებს მითხოვილან,
მიწიდან მკვდრები ამოსულან და იყო თოვლი -
ასეთი თოვლი არ ენახა მკვდრების ამოსვლას.


5

ზღვა რომ გეგონა
-მკვდარი ზღვააა, მკვდარი თევზებით,
მკვდარი თევზებით და თოლიებით.
შენი გაზაფხულიც, ლენ!
შენი ქალაქები ლენ

სახლი გეგონა,
სახლი არის, რომლის ფანჯრებში
იმ გამოგონილ ისტორიებს ვიყოლიებდი
- კალას, ალოეს.
ჩემს ძველ ლექსებში განუწყვეტლივ შუაღამეა.
სძინავთ ნავებში მენავეებს, წაბლი-ღა ისხამს
და შენ გხიბლავენ აჩრდილები კაფკას, კამიუს.
და მისხალ- მისხალ ემატება მარილი იმ სახლს.
სძინავთ ნავებში მენავეებს, წაბლი-ღა ისხამს.

6

დამტოვეთ მარტო! დაე, იყოს შავი ხეები!
ავადმყოფობა, პოეზია, გარჯა და დაღლა,
რომ შევეჭიდო ოკეანის მძვინვარე ტალღებს,
რომ დავასრულო საუკუნე ხველებ-ხველების.
ხეებად ვიდგე,ხეებად ვიდგე ,სახლად
და აკვარელში მქონდეს ხელები.

შავი ჭირივით მოვედები სოფლებს, ქალაქებს.
გარდავიქცევი ქორის ირაოდ,
ნამად დილისა
და დავიწყებას მივეცემი, როგორც ყოველი
ათასთაგანი იმ ომიდან, დიდი ომიდან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს