ქალის მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის მონოლოგი
ო, რომ იცოდეთ, რა ლამაზი ვიყავი. როგორც ყველაფერი იტალიური, ჭეშმარიტი ხელოვნების ნიმუში გახლდით. დიახ, არ შემცდარხართ, იტალიელი ვარ. ხელნაკეთი ორიგინალი, ექსკლიუზივი, შედევრი, ფეხსაცმლის დიდოსტატის კარლო ბრანჩინის ნახელავი. კიდევ ორი ტყუპისცალი მყავს, ჩვენ მხოლოდ ფერებით განვსხვავდებით ერთმანეთისგან, ერთი ამერიკაშია, და ერთიც – საფრანგეთში. თავდაპირველად ჩემი შეძენა ლამაზმა ქერა ქალბატონმა ისურვა, მაგრამ ფეხის ზომა არ დაემთხვა, მას ფართო ტერფი აღმოაჩნდა. ორივეს უზომოდ დაგვწყდა გული, განსაკუთრებით მე, ლამაზი ქალი იყო, მოვუხდებოდი. ქალმა სთხოვა დიდოსტატს, რომ მის ზომაზე შეეკერა ზუსტად ასეთი ფეხსაცმელი და ის თანხას არ დაიშურებდა, მაგრამ ბრანჩინიმ უარი უთხრა, რადგან ორი წყვილი ამერიკასა და საფრანგეთში უკვე გაყიდულია ძალიან ცნობილ მსახიობებზე იმ პირობით, რომ ამ ფეხსაცმლის მხოლოდ სამი სხვადასხვა ფერის წყვილი იარსებებს. იმდენად გამორჩეული ვიყავი, რომ ოსტატი ჩემს თავს მხოლოდ განსაკუთრებულ კლიენტებს სთავაზობდა. ამიტომ ცდა მიწევდა, არ მიყვარდა ჩაბნელებულ ყუთში ყოფნა, მაგრამ ყველაფერს თავისი წესი აქვს. მომდევნო ჯერზე ბრანჩინიმ ჩემი თავი არისტოკრატული გარეგნობის მამაკაცს წარუდგინა, მან მაშინვე დამადგა თვალი და გულდასმით დამათვალიერა. შემდეგ უმორჩილესად სთხოვა ოსტატს და ჩემი თავი ყუთიანად შეანახინა. საკუჭნაოში თაროზე მიმიჩინეს ადგილი. არ მესიამოვნა სიბნელეში ყოფნა, მე ხომ მეჯლისებისა და დღესასწაულებისთვის ვარ შექმნილი. სულმოუთქმელად ველოდი მომავალ პატრონს. ველოდე ერთი დღე, ორი დღე, უკვე იმედი გადამეწურა, მეგონა, დავავიწყდი ყველას, როდესაც საკუჭნაოში ვიღაც შემოვიდა, დაავლო ხელი ჩემს ყუთს და სალონში გამიტანა. ყუთს თავსახური ახადეს და თვალი მომჭრა ჭახჭახა შუქმა. უცებ ვერც კი გავარჩიე, ვინ ვინ იყო. როცა სინათლეს თვალი შევაჩვიე, დავინახე ოსტატი, ნაცნობი მამაკაცი და უმშვენიერესი ქალი. ქალს აღფრთოვანების შეძახილი აღმოხდა, ფრთხილად შემეხო და გულში ჩამიხუტა. იმ წუთშივე შემიყვარდა და ეს სიყვარული ორმხრივი იყო. შემდეგ სკამზე ჩამოჯდა, მუხლმოყრილმა ოსტატმა კი კოხტად მომარგო ქალის მშვენიერ ფეხზე. ზუსტად მისი ზომა აღმოვჩნდი, დავამშვენე და დამამშვენა. თავისი უშუალობით კი ჩემი გული უპირობოდ მოიგო. ოსტატიც აღფრთოვანდა. მის სახეს ღიმილი მოეფინა და წამოიძახა: – Bellissima! ქალბატონს ფეხსაცმლის გახდა აღარ უნდოდა, მიდი–მოდიოდა და ქუსლებზე ტრიალებდა. მამაკაციც კმაყოფილი ჩანდა, ამაყად გადაიხადა ჩემი საფასური, ქალს ხელმკლავი გაუკეთა და წავედით. ძველი ფეხსაცმელები კი იქვე დავტოვეთ. ვერ წარმოიდგენთ, როგორ მიფრთხილდებოდა ჩემი თვალწარმტაცი ქალბატონი, ცივ ნიავს არ მაკარებდა. გულდაგულ მაპრიალებდა და განსაკუთრებულ ყუთში მათავსებდა. მისი ფავორიტი ვიყავი. ერთ პატარა საიდუმლოს გაგანდობთ, თავად ქალბატონი ფრიად დაბალი ტანისაა, ეს არის მისი ერთადერთი ნაკლი. ამიტომაც შემიყვარა უგონოდ, ჩემი ქუსლი 15 სანტიმეტრია. ჩაყოფდა თუ არა თავის კოხტა ფეხებს ფეხსაცმელებში, სხვა ადამიანად იქცეოდა, ამაყი დედოფალი ხდებოდა, კლეოპატრა, ნეფერტიტი....... თან ჩემი თავი ხომ საყვარელმა მამაკაცმა მიართვა საჩუქრად. ვერავინ მიწევდა მეტოქეობას. ნეტავ, იცოდეთ, როგორ რომანტიულად უყვარდათ მათ ერთმანეთი, მე ყველა ამ შეხვედრის მოწმე ვარ. ყოველ პაემანზე მხოლოდ მე მანდობდა ქალბატონი თავის კოხტა ფეხებს. ძალიან შევეთვისეთ ერთმანეთს. თითქმის ვეღარც კი ვძლებდით უერთმანეთოდ. ეჰ, რა მშვენიერი დრო იყო, მხიარული და ბედნიერი. თავდავიწყებით ვცეკვავდით ჩვენ ოთხნი, მე, ჩემი ქალბატონი, ის მამაკაცი და მისი შავი ელეგანტური ფეხსაცმელი. მაგიდის ქვეშ კი ჩვენ ხშირად ვეხებოდით ერთმანეთს ფრთხილად, ვეალერსებოდით. ეს იყო ჩემთვის უბედნიერესი წუთები. მაგრამ, სამწუხაროდ, ამ ბედნიერებამ დიდხანს არ გასტანა. ერთ საღამოს, ჩვეულებისამებრ, გამოეწყო ჩემი დედოფალი და სატრფოს მოლოდინში სიხარულით ათვალიერებდა საკუთარ თავს სარკეში. ამაყად გადი–გამოდიოდა, ხან წაიცეკვებდა, ხანაც წაიმღერებდა. დრო მიდიოდა და არავინ ჩანდა. ქალბატონი ნერვიულობდა, სიგარეტიც გააბოლა, ტელეფონს ეცა და რეკვა დაიწყო. არავინ უპასუხა, უფრო აფორიაქდა. იმ საღამოს ის მამაკაცი არ მოვიდა. აღარც მეორე საღამოს მოვიდა.... აღარც ... და საერთოდ აღარასოდეს აღარ გამოჩენილა. წავიდა და წავიდა .... იმ ღამეს ქალი ტანსაცმელ–ფეხსაცმლიანად ჩაწვა საწოლში და ასე იწვა ერთი კვირა. წამოდგებოდა, დაბორიალობდა ოთახებში და ისევ წვებოდა. მერე გაიხადა ტანსაცმელი, მეც მომისროლა ფეხების ქნევით და ისევ დაწვა. ასე იცხოვრა დიდხანს ... დიდხანს ... ერთ მშვენიერ დღეს კი წამოდგა, იბანავა, მივიდა სარკესთან, შეხედა თავის თავს და ატირდა. ტიროდა ხმამაღლა და მოთქმით. თუ აქამდე ჩუმად გლოვობდა, ახლა გოდებდა. მე ყუთში მიკრა თავი და მაღლა თაროზე შემომასკუპა. დავღონდი. დავღონდი და შევღონდი. რა მელოდა, არ ვიცოდი. ნუთუ აღარასოდეს აღარ ვიკაკუნებ ამაყად, ნუთუ ვერასოდეს ვეღარ ვიცეკვებ. ვიყავი ასე მიტოვებული უსასრულოდ დიდხანს. თითქმის იმედიც კი დავკარგე, როცა უცებ ხმაური მომესმა. სწრაფი მოძრაობით ვიღაცამ ყუთს სახურავი ახადა და ჩემი ქალბატონის გაბრწყინებული თვალები დავინახე. მეც გავბრწყინდი. ქალი შეცვლილი მეჩვენა, დაღლილი და უჩვეულოდ აღგზნებული. ლამაზად გამოეწყო და ნადიმზე წავედით. ისევ მეღირსა წვეულება, გაჩახჩახებული ჭაღები, მშვენიერი ქალები და მამაკაცები, სიცილი, ცეკვა და მხიარულება. ქალი მთელი საღამო კისკისებდა. საზოგადოებამ დაშლა დაიწყო, ჩემი ქალბატონი ვიღაც მამაკაცმა გამოაცილა და მისივე მანქანით თავისთან წაგვიყვანა. ქალი მასთან დარჩა. დილით კი მისი მანქანით მიგვაცილეს სახლში. შევედით სახლში, ჩემი ქალბატონი იქვე შესასვლელში ჩამოჯდა სკამზე და ასე იჯდა დიდხანს, დიდხანს გაუნძრევლად. ამ დღის შემდეგ ქალი მსუბუქი, მხიარული ცხოვრებით ცხოვრობდა. ყოველ საღამოს სადღაც მივემგზავრებოდით, ვმხიარულობდით და სხვადასხვა კაცების თანხლებით ვტოვებდით შეკრებებს. სახლში კი ქალი სულ სევდიანი და ჩაფიქრებული იყო. ზოგჯერ კვირაობით არ გამოდიოდა სახლიდან, არც არავინ აკითხავდა და არც არავის აინტერესებდა მისი არსებობა. შემდეგ ისევ გამოეწყობოდა ჩემი სევდიანი დედოფალი და ვუბრუნდებოდით გართობასა და დროსტარებას. ყველაზე ხმაურიან და ხალხმრავალ ადგილებს ეტანებოდა, მარტოობას გაურბოდა. გამოჩნდებოდა თუ არა ქალბატონი, ყველა ქალი ფეხებს მალავდა, ვერცერთი ფეხსაცმელი ვერ მიწევდა მეტოქეობას. ჩვენ კი ყველაზე გამოსაჩენ ადგილზე ვსხდებოდით და ფეხი–ფეხზე გადადებულნი ვაბოლებდით. ჩემი დედოფალი ფეხსაცმლის წვეტიან ცხვირს იმ მამაკაცისკენ მიმართავდა, რომელიც ესიმპათიურებოდა და გამომწვევად ათამაშებდა ფეხს. კაცების ყურადღების ცენტრში ექცეოდა. ამორჩეული მამაკაცი კი გვიახლოვდებოდა და ყველანაირად ცდილობდა ქალის გულის მოგებას. საცეკვაოდ იწვევდა მას. ცეკვის დროს ჩემი ქალბატონი ფეხსაცმლის ქუსლს მაცდურად ადგამდა და აჭერდა მამაკაცს ფეხზე, მცირედ ტკივილს აყენებდა მას, თან კატის თვალებით თვალებში შესცქეროდა. ამით მამაკაცი საბოლოოდ ტყვევდებოდა და ებმებოდა მაცდურების ბადეში. შემდეგ ერთად ვტოვებდით იქაურობას და ყველაფერი თავიდან იწყებოდა ანუ მეორდებოდა. ერთ–ერთ წვულებაზე კი ქალი დასევდიანებული იჯდა, არაფერი აინტერესებდა, იქაურობაც მალე დატოვა და სახლისკენ ფეხით გაუყვა გზას. მიდიოდა ჩემი ქალბატონი სახლისკენ და თან ცრემლები ღაპაღუპით ჩამოსდიოდა. ტიროდა, გულამოსკვნილი ტიროდა. თვალები ებინდებოდა, მეც კი მეწვეთებოდა ამ დარდისა და სევდის მლაშე წვეთები. უცებ ფეხი რაღაცას წამოკრა, წაიბორძიკა, მარჯვენა ფეხი ამოუტრიალდა და ფეხსაცმელს ქუსლი მოსტყდა. უფრო მწარედ ატირდა ქალი, გამიძრო ფეხიდან და როგორც სულ პირველი შეხვედრისას სათუთად ჩამიკრა გულში. დიდხანს იდგა ასე ჩაფიქრებული და ტიროდა. შემდეგ თითქოს გამოფხიზლდაო, ნელ–ნელა გაუყვა ქუჩას. ნაგვის კონტეინერის დანახვაზე შეჩერდა, უკანასკნელად დამხედა, ბაგეებით შემეხო და სანაგვეში გადამისროლა. თვითონ კი ფეხშიშველი ტაატით გაუყვა ქუჩას. ასე აღმოვჩნდი ნაგავსა და სიბინძურეში. მთელი ღამე აშმორებულ სუნში გავატარე. დილით მათხოვრები შემოესივნენ კონტეინერს. ერთმა დედაკაცმა იმარჯვა და ჩამიგდო ხელში. დიდხანს მათვალიერა, შემდეგ მეორე ქუსლიც მომტეხა, წამომიცვა თავის ჭუჭყიან, დახეთქილ ფეხებზე, ვერ ჩაატია თავისი ტერფები, ჩამთელა, გადამგლიჯა და ფლატუნით გაუყვა ქუჩას. ამიერიდან ამ ქალის საკუთრება გავხდი და მწარე ხვედრი მერგო. დავწანწალებ ქუჩებში აღმა–დაღმა, ზედ არავინ მიყურებს. ჩემი სილამაზისგანაც თითქმის აღარაფერი შემომრჩა. მხოლოდ მოგონებებითღა ვცხოვრობ. ნეტავ, სად არიან ან რა ბედი ეწიათ ჩემს ტყუპისცალებს? როგორ არის ჩემი მშვენიერი ქალბატონი ? ან ის მამაკაცი? ან ჩემი ერთადერთი სიყვარული, ის კუპრივით შავი ელეგანტური ფეხსაცმელი?! ეჰ!!!
რევაზ ინანიშვილის სახელობის მეათე, საიუბილეო, ლიტერატურული კონკურსის საპრიზო მოთხრობა./2019 წლის დეკემბერი/
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
8. ძალიან, ძალიან მომეწონა <3 წარმატებები ძალიან, ძალიან მომეწონა <3 წარმატებები
7. კარგი მიგნებებია, მაგრამ ჩემთვის სევდიანი არ არის კარგი მიგნებებია, მაგრამ ჩემთვის სევდიანი არ არის
6. გმადლობთ! როგორც კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, ჟიურის ერთ–ერთ წევრსაც ძალიან მოსწონებია.
გმადლობთ! როგორც კონკურსის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გაირკვა, ჟიურის ერთ–ერთ წევრსაც ძალიან მოსწონებია.
5. საინტერესოდ, ორიგინალურად დანახული ცხოვრება მიტოვებული ქალისა. მომეწონა. საინტერესოდ, ორიგინალურად დანახული ცხოვრება მიტოვებული ქალისა. მომეწონა.
4. საინტერესოდ, ორიგინალურად დანახული ცხოვრება მიტოვებული ქალისა. მომეწონა. საინტერესოდ, ორიგინალურად დანახული ცხოვრება მიტოვებული ქალისა. მომეწონა.
3. ქალბატონო მზია, მსგავსი სიამოვნება დიდი ხანიანი, არ მიმიღია... რა ორიგინალურია... "ეჰ, რა მშვენიერი დრო იყო, მხიარული და ბედნიერი. თავდავიწყებით ვცეკვავდით ჩვენ ოთხნი, მე, ჩემი ქალბატონი, ის მამაკაცი და მისი შავი ელეგანტური ფეხსაცმელი. " გაიხარეთ, უმაღლესი და 10 რომ შემეძლოს, 10-ს დაგიწერდით... აღარ მინდა აქ აქედან გასვლა... ლიტერატურულად "დავნაყრდი", რაც ასე იშვიათია ბოლო დროს... გაიხარეტ, როგორც მე გამახარეთ... უმა ქალბატონო მზია, მსგავსი სიამოვნება დიდი ხანიანი, არ მიმიღია... რა ორიგინალურია... "ეჰ, რა მშვენიერი დრო იყო, მხიარული და ბედნიერი. თავდავიწყებით ვცეკვავდით ჩვენ ოთხნი, მე, ჩემი ქალბატონი, ის მამაკაცი და მისი შავი ელეგანტური ფეხსაცმელი. " გაიხარეთ, უმაღლესი და 10 რომ შემეძლოს, 10-ს დაგიწერდით... აღარ მინდა აქ აქედან გასვლა... ლიტერატურულად "დავნაყრდი", რაც ასე იშვიათია ბოლო დროს... გაიხარეტ, როგორც მე გამახარეთ... უმა
2. ძალიან საინტერესოა, ცოტა სევდიანი და დამაფიქრებელიც... ძალიან საინტერესოა, ცოტა სევდიანი და დამაფიქრებელიც...
1. გილოცავთ ყველას ახალ წელს! ლამაზი და ბედნიერი წელია 2020. ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულს და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ! ჩვენ 5 დღით წავედით და ახალ წელს ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე შევხვდით. ეს გახლავთ რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტ.კონკურსის საპრიზო მოთხრობა.
გილოცავთ ყველას ახალ წელს! ლამაზი და ბედნიერი წელია 2020. ჯანმრთელობას, ბევრ სიხარულს და შემოქმედებით წარმატებებს გისურვებთ! ჩვენ 5 დღით წავედით და ახალ წელს ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროზე შევხვდით. ეს გახლავთ რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტ.კონკურსის საპრიზო მოთხრობა.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|