ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
20 დეკემბერი, 2019


ქალაქი; პორტრეტები და პეიზაჟები

***
ქუჩაში ახლა სიმუქეა ფერთა, შენ ცდილობ,
ყველა სილუეტს მოუძებნო, რაღაც ახალი
მასშტაბი, აზრი, ემოცია, ფერი და განცდა,
ისტორიაც კი. ყველაფერი გავს მრავალწერტილს,
რომელიც შენგან გადამალულ მრავალ აზრს მლავს.

***
...და მცირე ეჭვით ზის ღმერთი და უყურებს კაცებს,
რომლებიც ბჭობენ. ეცინება. იცინის. მერე
დგება და მწვანე მოედანზე ჩამოდის ჩუმად.
რეალმა ისე გაუტეხათ და უბნის ბიჭებს,
"სემიჩკა" რაა, ენატრებათ "სემიჩკაც", თუმცა
მაინც ბჭობენ, რომ უეჭველი გატეხავს ბარსაც.

***
გუშინ ფიქრობდი, მეტროს ვიწღო ვაგონში მდგომი:
რას გაჩვენებდა შენს წინ მჯდომი კაცის თვალები,
რომლის ხელებსაც ეტყობოდა მთელი დღის შრომა
და ეს თვალები იყო რაღაც, სანდო, ნათელი...
ვერ აიტანე, მიუბრუნდი ბებერი ქალის,
ცხოველურ ზიზღით სავსე მზერას, რომელმაც იქვე
ცრაჯერ გაგაკრა რკინის ჯვარზე, თვითონ ტკბებოდა
და მეცხრეჯერაც გარდაგმოხსნეს ბავშვის თვალებმა,
რომელსაც ბოლოს ამ თვალებზე დედამ აკოცა.

***
ამოდის. ახლა სადაცაა დახურავს კარებს,
ხნიერი მძღოლი და ხმაურით მიმავალ რკინას,
აღარ აუვა ვანილის და მურაბის სუნის
რაღაც ნაცნობი არომატი. თუმცა ბავშვურად
სხარტი ნახტომით ამოვიდა. მოძებნა. დაჯდა
სადღაც პირდაპირ. უსმენს რაღაც შენთვის უცნაურ
და ენერგიულ მელოდიას. შენ კი გაღელვებს,
რომ მის თვალებს აქვს ფერი, როგორც სკოლაში რვეულს,
რომელსაც უხეშ მწვანე ყდაზე
შავად ეწერა:
"ტეტრად" და მერე იმ რვეულში არაფერს წერდი,
გარდა უაზროდ მოცემული საკონტროლოსი.
ჩერდება. რჩება. შენ ჩადიხარ. როგორც ყოველთვის.

***
ქუჩაში ისევ სიმუქეა, ფერთა, შენ ცდილობ
გაიქცე, თუმცა ფეხებს გიკრავს კონტრაქტი, სადაც
წერია, რომ შენ საჭიროა იყო აქ და აქ,
ამ საათიდან საათამდე, რომელზეც რჩები
შრომას და შემდეგ შენ მოგცემენ პურსა და კარაქს,
ტანსაცმელს, ტრანსპორტს, სიგარეტს და მარტივად რომ ვთქვათ,
ცოტას ყველაფერს, რა თქმა უნდა, არაფერს ერთად.
არადა, როგორ შემოღამდა, ახლა დაწერდი,
რითმიან ლექსებს ძველ ქალაქზე, სადაც გიყვარდა
ლამაზი გოგო, ვისაც ალბათ არ ჰყვარებიხარ.
მეტიც, ფეხებზე არ ეკიდე? (ლექსებიანად)
თუმცა, რა წერა, ოცნებაა, მოეშვი. ახლა:
ცხადი ერთია, რომ დაგწერა, იქით, ქალაქმა!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები