ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
23 დეკემბერი, 2019


ადამიანის წარმოშობის ახალი ჰიპოთეზა

  ადამიანის წარმოშობის ახალი ჰიპოთეზა
დედამიწაზე ადამიანის წარმოშობის შესახებ ჩემი ჰიპოთეზა, გონებაში სპონტანურად არ ჩამომყალიბებია, მას საფუძვლად უძევს რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში დაგროვილი სხვადასხვა ფილოსოფიურ შეხედულებათა ერთობლიობა, ზოგიერთ შემთხვევაში სრულიად არაორდინალური, ურთიერთგამომრიცხავი მიმართულებისაც კი.

აღნიშნული გამოწვეული იყო ინფორმაციის მრაფალფეროვნებით, იმდენად დიდი სიჭრელით, რომ მათში რაციონალურის დანახვა ხშირად მიჭირდა, რადგან რაიმე ისტორიული ფაქტის ან მოვლენის არგუმენტირებული უარყოფა ან დასტური, ერთის სასარგებლოდ მეორის გამორიცხვის ხარჯზე ხდებოდა, თუმცა უმეტეს შემთხვევაში, თითოეული მათგანი ,,ჭეშმარიტების მარცვლებს“, ჩემი შეხედულებით, ნამდვილად შეიცავდა.

მაგრამ, მიუხედავად ამისა, ,,ახალი ხედვა“ მაინც მოულოდნელად მოვიდა ... სრულიად შემთხვევით, რომლის იმთავითვე დაჯერება თითქმის გამიჭირდა. ვერ დავამსხვრიე გონებაში წლების მანძილზე ჩაკირული სტერეოტიპი, დიდ მეცნიერთა აღმოჩენების ნამდვილობის მითი. რწმენა იმისა, რომ რაც უკვე გამოკვლეულია, ყველაფერი სარწმუნოა და მათ შესახებ კამათი ამაოდ  ,,წყლის ნაყვა“...

ყველა საუკუნეში ფილოსოფიური აზრი საკუთარი ხელწერით გამოირჩეოდა, ოღონდ იმ დამატებით, რომ მათ რაღაც საერთოც ჰქონდათ. ყოველი შემდგომი, ახლის ბაზისად ძველს იყენებდა და მასზე საკუთარ შეხედულებებს აშენებდა.

ოცდამეერთე საუკუნე ამ მხრივ გამოირჩა, დოგმატიზმს უარი უთხრა და ის პრაგატიზმით შეცვალა, რამაც ფილოსოფიაში თავისთავად შემოიტანა ირაციონალურობის მარცვალი, აღიარებულის საპირისპირო შეხედულების არსებობის უფლების დაშვებით, მეცნიერებასთან სრულიად არათავსებადი მსოფლმხედველობის ,,ჭეშმარიტების კალაპოტში“ მიმართვა და განხილვა.

სწორედ ამგვარი ირაციონალიზმით მივუდექი ადამიანის წარმოშობის ,,ახალ ჰიპოთეზას“ და ის ფართო წრეების სამსჯავროზე გამომაქვს. განაჩენი როგორი იქნება, ეს ჩემთვის მეორეხარისხოვანი ნამდვილად არ არის, მაგრამ არც ძალიან მნიშვნელოვანია, ხედვა, რომელიც ამ საკითხზე მე გამაჩნია, დარწმუნებული ვარ, თავის გზას მაინც იპოვის, მთავარია მან სხვათა გონებაში მოიკიდოს ფეხი. ,,ახალს“ ხომ ძნელად ეგუება ადამიანის ცნობიერება, მაგრამ მერე ასევე ძნელად თუ შეელევა ხოლმე.

HOMO SAPIENS-ის წარმოშობის საკითხს, მიუხედავად მრავალი მეცნიერული კვლევისა, ბოლოში მაინც დიდი კითხვისნისანი დაესმის. მასში ბურუსით მოცული ფურცლების სიჭარბეა, მაგრამ არის ,,ნათელი წერტილებიც“, თუმცა რამდენად ნათელმომფენნი არიან ისინი,  ესეც განსჯის საგანია, რადგან დადასტურებული, ზუსტი და თანმიმდევრული მეცნიერული დასკვნა არა თუ ყველა ქვემდებარე საკითხზე, არამედ ძირითადზე - როგორ წარმოიშვა ადამიანი, არ არსებობს.

დღეის მდგომარეობით, კაცობრიობა ადამიანის წარმოშობის ორ ვერსიას (სწავლებას) იცნობს - მეცნიერულს (მატერიალისტურს) და თეოლოგიურს. ისინი ერთმანეთს არ გამორიცხავენ, გარკვეულ სეგმენტებში ავსებენ კიდეც, რაც მათ მეტ ჭეშმარიტებას, დამაჯერებლობას სძენს. ითვლება, რომ ადამიანის დაბადების თეოლოგიურ მოძღვრებას (იგულისხმება ბიბლიური სწავლება) სიმართლის სახით, მყარი ფუნდამენტი გააჩნია და მასზეა დაშენებული მეცნიერული აღმოჩენები, ანუ ადამიანი თავისი არსებობის გარიჟრაჟზე, საკუთარი წარმოშობის შესახებ იმ ინფორმაციას ფლობდა, რომელიც მეცნიერულად სულ რაღაც ორი-სამი საუკუნეა რაც დადასტურდა.

ისე, ინფორმაციის ფლობა ერთია და მისი ,,დაფარვა“ კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. ბიბლიაში, როგორც ამბობენ, სწორედ ასეთთან გვაქვს საქმე. ეს კი იმდენ კითხვის ნიშანს აჩენს, რამდენიც გონით (აზრით) შეეხება ამ ინფორმაციებს. ,,დაფარულს“ ყველა თავისებურად კითხულობს, მათ შორის, რამდენადაც გასაკვირი უნდა იყოს, რელიგიის მსახურნიც არიან, თუმცა ამ უკანასკნელთ, ურთიერთგამომრიცხავი აზრი ნაკლებად გააჩნიათ, უფრო ერთმანეთს ავსებენ.

ჩემი კვლევა ეხება არა ,,დაფარულის“ გაშიფვრას და ამის მიხედვით დასკვნების გამოტანას. არამედ უფრო ამ ორ სწავლებათა გამოყენებით სხვა, ახალი ჭეშმარიტების დადგენას, რომელიც ჩემამდეც არსებობდა, მაგრამ პირველმა მე შევამჩნიე თუ გავიაზრე.

მაშ, ასე! ,,დაბადების“ მიხედვით  ,,ხატად და მსგავსად თვისა“ ღმერთმა ჯერ შექმნა ადამი, შემდეგ კი ადამის თხოვნით, მისი ნეკნიდან ევა.

საინტერესოა რატომ დასჭირდა შემოქმედს თხოვნა, მაშინ, როცა მას უკვე შექმნილი ჰყავდა, როგორც მამრობითი სქესის, ასევე მდედრი ფაუნის წარმომადგენლები? ... ,,და აკურხნა იგინი ღმერთმან მეტყველმან: აღორძინდით და განმრავლდით და აღავსენით წყალნი ზღვისანი და ფრინველნი განმრავლდნედ ქუეყანასა ზედა ( დაბ. 1;22) ... გამრავლება კი სწორედ ორი საპირისპირო სქესის შეწყვილებით ხდება.

დროებით დავტოვოთ ეს ინფორმაცია და გადმოვინაცვლოთ რეალურ (მატერიალურ) გარემოში. მაშასადამე ადამიანის პირველი ე.წ. ინდივიდები, რომლებიც სრულიად განსხვავდებოდნენ ნეანდერტალელებისაგან, დედამიწაზე გაჩნდნენ მათი გადაშენების ეპოქის პარალელურად. ისინი ერთი პერიოდი ერთად თანაარსებობდნენ კიდეც და HOMO SAPIENS-ი მოესწრო HOMO EREQTUS-ის მოუსავლეთში გასტუმრებას. მეტიც, გამოითქვა ვარაუდი, რომ სწორედ კრომანიონელმა შეუწყო ხელი ნეანდერტალელის გადაშენებას. უფრო ,,დიდტვინამ“, სასიცოცხლო სივრცე შეუზღუდა გაცილებით ,,მცირეტვინიანს“ და მისი გაქრობაც ამგვარად გამოიწვია. დაჯაბნა, როგორც ფიზიკურ შეტაკებებში, აგრეთვე ნადირობასა და ხელსაქმეში (საბრძოლო-სანადირო იარაღების დამზადება, ცხიმოვან-ცილოვანი საკვების მოპოვება, ჩასაფრება, მარტივი ტიპის ნაგებობების აგება და სხვ.), მიუხედავად იმისა, რომ ნენანდერტალელი ცეცხლს დამოუკიდებლად მოიპოვებდა და კრომანიონელზე ფიზიკურად გაცილებით ძლიერიც იყო.

აღნიშნული ინფორმაცია კი იმას ნიშნავს, რომ ნეანდერტალელი არ არის კრომანიონელის წინაპარი და მაიმუნიდან ადამიანი არ წარმოშობილა.

აქ მოვიყვან ამონარიდს ჩემი წიგნიდან ,,ცხოვნების ფილოსოფია“ და ჩემს მსჯელობას წონადი ინფორმაციებით გავამყარებ:

,,მატერიალური მოძღვრების თანახმად მეზოზოური ერის ცარცული პერიოდის ბოლოს და კაინოზოური ერის დასაწყისში (პალეოგენში) ვირთხის მსგავსი არსებებისგან (ნამდვილად არ მეხუმრება), რომლებიც დინოზავრების ფეხებქვეშ დაფუთფუთებდნენ, წარმოიშვნენ ციყვისებრთა სახეობის წარმომადგენლები - ტუპაიები ... სწორედ ისინი ითვლებიან პრიმატთა გვარის  ,,ევო, ევო, ევო, მშობლებად“.
 
მათი ერთ-ერთი ,,საამაყო შვილი“ გახლდათ პურგეთორიუსი, რომლის ,,სიბრძნის კბილიც“ (არც ამ შემთხვევაში მეხუმრება და არც შემდეგ, ქვემოთ) აღმოჩნდა ჩრდილოეთ ამერიკაში. ადამიანის ამ წინაისტორიულმა წინაპარმა, ჯერ კიდევ არ იცოდა ხეზე ცოცვა და მხოლოდ ჩირგვებში სუნსულით იხანგრძლივებდა  ,,ნეტარ ცხოვრებას“.
 
მაგრამ ერთ დღესაც, მოეწყინა დედამიწაზე უმიზნოდ ხეტიალი და ,,შავი ბლის“ ხეს სულ ,,კინწიროში“ მოექცა. მოეწონა და ,,სჯული“ სწრაფად გამოიცვალა, ,,პატიოსანი სოვდაგარი“, ნახევრადმაიმუნად გადაიქცა. ეგ ნახევრადმაიმუნობა არაფერს მარგებსო იფიქრა და ,,ნაღდ მაიმუნად“ შედგა. მცირე დრო რომ გამოხდა, ისევ ჩირგვებში დაეშვა, ,,წინაპართა დვრიტას“ დაუბუნდა, ,,მაიმუნის სამოსი“ განიძარცვა და პლანეტას ადამიანად მოევლინა (ხეზე მობინადრე პრიმატები ეოცენში გამოჩდნენ დედამიწაზე. ნოტარქტუსები - ჩრდილოეთ ამერიკაში და ადაპტუსები - ევროპაში).
 
პრიმატების განვითარების მორიგი ეტაპი, ოლიგოცენში დაიწყო. ამჯერად ასპარეზზე პარაპითეკი გამოჩნდა, რომელმაც დასაბამი მაიმუნთა მოდგმას მისცა. ერთ-ერთი მათგანი დრიოპითეკი გახლდათ. მას გამოეყო პრიმატთა მცირედი ჯგუფი, რომლეთაც ევოლუციის გზით, მიზნად გაადამიანება დაისახეს. ამ უცნაურ და ,,მიზანდასახულ“ მაიმუნებს რამაპითეკი უწოდეს, ინდური ღმერთის რამას პატივსაცემად.
 
,,პითეკთა“ (პრიმატთა) გრძელ ჯაჭვში მასთან ერთად ადგილი დაიმკვიდრეს: ავსტრალოპითეკებმა, მათმა სამხრეთაფრიკელმა ,,გულისბიძაშვილებმა“ - სამხრეთაფრიკულმა ავსტრალოპითეკებმა, პითეკანტროფმა, ნეანდერტალელმა და ... აქ შეწყდა მათი ,,ტრიუმფალური სვლა“ მაიმუნის გაადამიანების ,,ეკალბარდიან“, იდუმალებით მოცულ ევოლუციის გზაზე.
 
ადამიანის ამ პატივცემულ ,,წინაპრებს“ ინტელექტის დონეთა მიხედვით, მეცნიერებმა  შესაბამისი თიკუნები: HOMO HABILIS, HOMO EREQTUS და HOMO JANDABUS-ი (ამჯერად ვხუმრობ)  არგუნეს. სამწუხაროდ, ესეც არ იკმარეს, მომავალში აღმოსაჩენ ,,პითეკებს“ სწორუპოვარი წოდების მისანიჭებლად, შესაბამისი წინაპირობაც განუსაზღვრეს,
 
აი, ეს წინაპირობაც:
- მას (ე.ი. პითეკს) უნდა შეეძლოს უკანა ფეხებით ამართული მოძრაობა;
- ზედა კიდურებით უნდა შეეძლოს არამარტო ჯოხისა და ქვის დაჭერა, არამედ, სხვადასხვა მოძრაობების შესრულება (ვთქვათ კარგი ,,ლეკურის“  ჩამოვლა);
- მისი ტვინის მოცულობა და განვითარება ახლოს უნდა იდგეს ადამიანის ტვინთან (მთლად გადაგლესილი არ უნდა ჰქონდეს);
- უნდა შეეძლოს იარაღის კეთება (კაი, მარგილის გამოთლა);
 
ამ მოძღვრების ბოლო ეტაპი კიდევ უფრო საინტერესოა. ნეანდერტალელმა მისთვის გამოყოფილ დროში (150-35 ათასი წელი; ცდომილებით რამდენიმე ათასი წელი), მხოლოდ ის მოასწრო, რომ პრიმიტიული იარაღები შექმნა და ,,უხმაუროდ“ დატოვა ,,ევოლუციის ავანსცენა“, თუმცა მისი ადგილი სწრაფად დაიჭირა კრომანიონელმა - ნამდვილმა ადამიანმა.
 
ასეთმა უეცარმა მონაცვლეობამ ყველაფერი თავდაყირა დააყენა. დაისვა მარტივი შეკითხვა: ერთის ჩანაცვლება ნამდვილად მეორით მოხდა? (ნეანდერტალელისა - კრომანიონელით)?  ...
 
რადგან ამ კითხვას დადებითი პასუხი არ მოეძებნა, სწავლულთა ერთმა ნაწილმა ჩიხიდან გამოსვლის ძიებაში, ახალი ვერსია წამოაყენა, კერძოდ ის, რომ ნეანდერტალელი ,აქეთ ეცა, იქით ეცა და მერე მოკვდა თუ მორჩა, ცოხალი აღარავის უნახავს“ ... გაიგეთ რამე მეგობრებო? ... ჰოდა! ვერც მე, და რა ვქნა? ...
 
ამ ბოდიალში გასაოცარი ის გახლავთ, რომ როცა ევროპაში ჯერ კიდევ დააბოტებდნენ ნეანდერტალელები, აფრიკასა და აზიაში უკვე სახლობდნენ ნამდვილი ადამიანები - კრომანიონელები.
 
აი, რას წერდა ამის შესახებ ერთი კარგი ბუნებისმკვლევარი პაუელსი: ,,თუმცა, არის ნიშნები, რომ ნეანდერტალელების გაქრობის დროისათვის ან კიდევ უფრო ადრე (ადრეო, კაცო! ... ადრე!) ადამიანის თანამედროვე ტიპი არამარტო გავრცელებული იყო მსოფლიოში, არამედ, თანამედროვე რასებიც ჩამოყალიბებული გახლდათ“.
 
თუ ნეანდერტალელი ადამიანის უშუალო ,,წინაპარია“, საიტერესოა, მაშინ როგორ შეძლო ევოლუციის გზით,  ერთმა ნაწილმა გაადამიანება და მეორემ მაიმუნად დარჩენა (ეს კითხვა ნამეტნავად პრიმიტიულად ნუ მოგეჩვენებათ)? მაშინ, როცა სიცოცხლის განვითარების ევოლუცია ერთიანი ციკლია და ის ერთიანად უნდა წარმართულიყო თუნდაც აზია-აფრიკის ლოკალურ ტერიტორიაზე, მაგრამ მაინც დედამიწაზე, სადაც ნეანდერტალელთა განსახლების არეალი მდებარეობდა.
 
რამდენად სამწუხაროც უნდა იყოს, თვით პაუელსსაც მიაჩნდა, რომ ადამიანი ,,პითეკის“ ევოლუციის პირმშო გახლდათ (ღმერთო ჩემო, რატომ ასეთი სიჯიუტე) და თვლიდა, რომ ამ ორ HOMO-ს შორის რაღაც ,,რგოლი“ კიდევ უნდა არსებულიყო, რომლის ძიებასაც მთელი თავისი შეგნებული ცხოვრება შეალია, თუმცა უშედეგოდ, რადგან ,,თივის ზვინში“ ნემსი არავის ჩაეგდო“.

ახლა კი დავუბრუნდეთ ზემოთ დაწყებულ საკითხის განხილვას. მაშასადამე ევას გაჩენით, შემოქმედმა პირვანდელ გეგმას (ქმედებას) ნაწილობრივ გადაუხვია, რადგან ადამი ეულად გააჩინა ედემში და მას გვერდით ,,ტოლი და სწორი“ არ დაუყენა, ვიდრე ეს ადამმა არ მოითხოვა.

აღნიშნული მიუთითებს იმაზე, რომ შემოქმედს ადამის უკვდავების საკითხი, იმთავითვე გადაწყვეტილი ჰქონდა, მაგრამ შემდეგ მისმა გეგმამ ცვლილება იმიტომ განიცადა, რომ ფაუნის წარმომადგენელთა გამრავლებისა და შემდგომი კვდომის პროცესი, გარდაუვლად უნდა აღსრულებულიყო, თანაც ედემში (სამოთხეში) სადაც მხოლოდ სულთა საუფლოა.

საჭირო გახდა შექმნილი სიცოცხლის ფორმის ედემს გაერეთ გატანა და ისეთ გარემოში მოქცევა, რომელიც არ შეზღუდავდა ზემოთ წამოჭრილ საკითხებს. ადამიანი დაიბადებოდა, გამრავლდებოდა და სიკვდილის შემდეგ ხორციელად აღესრულებოდა, ხოლო სული კი სხვა სამყაროში გადასვლით მარადისობას ეზიარებოდა.

თუ აღნიშნულს მატერიალისტური კუთხით განვიხილავთ, მაშინ უნდა დავასკვნათ, რომ ღმერთმა (ღმერთებმა, ასეა მითითებული ძველ აღთქმის ებრაულ ტექსტში) ანუ არამიწიერმა სიცოცხლის უმაღლესმა ინტელექტუალურმა ფორმამ, საკუთარი გენის გამოყენებით და დედამიწისეული მასალით, მოაზროვნე სიცოცხლის ახალი ბიოლოგიური ფორმა შექმნა.

ეს საკითხი დიდი ხანია რაც მეცნიერულ წრეებში მუსირებს და მე განსხვავებულს არაფერს ვამბობ. ადამიანი შექმნეს დედამიწაზე ,,სტუმრად“ მყოფმა უცხოპლანეტელებმა, რომლებმაც ,,მასალად“ აიღეს აქ უკვე მობინადრე HOMO-თა გვარის - EREQTUS-თა სხეულები ან სხეული, რაც ჩვენს მიერ ზემოთ გამოთქმულ მოსაზრებას თითქოსდა ამყარებს, რადგან ასეთ შემთხვევაში, გარდამავალი რგოლი ნეანდერტალელსა და კრომანიონელს შორის მართლაც არ იარსებებდა, მაგრამ ამ შემთხვევაში დაისმის ლოგიკური შეკითხვა: თუკი ასეა, მაშინ რა აუცილებლობას წარმოადგენდა ევას სახით ქალის შექმნა? ... პასუხი მარტივია: ეს საჭირო იყო ადამიანის შემდგომი რეპროდუქციისთვის, მისი გამრავლებისთვის. თანაც ადამის (კაცის) ნეკნიდან შექმნილი ევა (ქალი), ცხოველურ გენებს (ნეანდერტალელის გენებს) მემკვიდრული გზით მის მომავალ თაობებს შეზღუდული სახით გადასცემდა ან მინიმუმამდე დაიყვანდა.

ვერ გეტყვით, რამდენად მკრეხელურია ასეთი მოსაზრება, ან არამკრეხელური, მაგრამ რაღაც რაციონალიზმის მარცვალი მასში რომ დევს, ეს უდაოა, თუმცა მის სარწმუნოდ მიღებას ხელს სწორედ უტყუარი ფაქტების არ არსებობა უშლის, მიუხედავად იმისა, რომ მცირე, პირდაპირი და ირიბი მტკიცებულებები, ზოგიერთი მეცნიერის კვლევაში დაფიქსირებულია.

რას ნიშნავდა ადამის (ადამიანის) თიხისაგან (მიწისაგან) შექმნა? ... დედამიწაზე, მატერიალურ გარემოში იყო თუ არა ამის შესაძლებლობა? ... ამ კითხვებიზე პასუხები, სწორედ ირიბ მტკიცებულებებს წარმოადგენენ, რომლებიც  ,,უცხოპლანეტელთა თეორიას“ წონადი არგუმენტებით დაამძიმებენ ... ზემოთ ხსენებული წიგნიდან ისევ მოვიყვან ამონარიდს: 

,,მეექვსე დღის ბოლოს ,,და შექმნა უფალმან ღმერთმან კაცი, ნტვერისა მიმებელმან ქვეყანისაგან, და შთაბერა პირსა მისსა სული სიცოცხლისა და იქმნა კაცი სულად ცხოვლად“ (დაბ. 2;7), ანუ  ,,გამოსახა ადამი მიწის მტვერისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა და იქცა ადამი ცოცხალ არსებად“ (ბიბლია. 1989 წლის გამოც.), რაც იმაზე მიუთითებს, რომ ადამი (ადამიანი) გაჩენილია ე.წ. დედამიწისეული მასალისაგან ანუ ჩვენი პლანეტის ,,აბორიგენული ნივთიერებათაგან“. 
 
სიცოცხლე, როგორც ვიცით მოლეკულურ კომბინაციათა ერთგვარი შერწყმაა, ამიტომ თუ ჩვენ ზემოთ მოყვანილ ტექსტის ,,მტვერს“ განვიხილავთ, როგორც რაღაც თვალით უხილავ ნაწილაკთა ერთობლიობას, მაშინ შეგვიძლია განვაცხადოთ, რომ ეს მტვერი სხვა არაფერია თუ არა ბუნებაში არსებული მოლეკულურ კომბინაციათა სისტემები, რომლებიც გარკვეული ბმებით, სხვადასხვა სახისა და ფორმის ბიოლოგიურ არსებებს აძლევენ დასაბამს. ხოლო, რადგან ჩვენი უშორესი წინაპრები მოლეკულების არსებობის შესახებ ინფორმაციას არ ფლობდნენ, ამიტომ ბიბლიაში ამგვარ კომბინაციურ ერთობლიობას უწოდეს მტვერი.
  ამასთან, ღმერთის მიერ ადამის შექმნისა და მისთვის სულის შთაბერვის პროცესი, ძალიან წააგავს ბავშვის დაბადებას. მე ვთვლი, რომ ბიოლოგიური მშობიარობა და ბიბლიური ,,დაბადება“ ერთიდაიგივე პროცესს აღწერს.
 
როგორც კი ბავშვი დედის ორგანიზმს დატოვებს, ის გარე სამყაროს კუთვნილება ხდება. ტვინში არსებული სუნთქვის მარეგულირებელი ცენტრიდან ,,ბრძანება“ გადაეცემათ გულმკერდის ნეკნებს, რომლებიც მაღლა იწევენ და დიაფრაგმას, რომლის შეკუმშვის შედეგად გულმკერდის ღრუში იქმნება უარყოფითი წნევა. ფილტვები გაფართოვებას იწყებენ, ამ დროს ნესტოებიდან მასში იჭრება ჰაერის ნაკადი და იწყება’ სიცოცხლე.
  დედის ორგანიზმი ერთგვარი ლაბორატორიაა, სადაც ხდება ადამიანის ჩასახვა და ნაყოფის მომწიფება. არ არის გამორიცხული, სწორედ ამგვარ, ოღონდ ხელოვნურ ლაბორატორიაში იქნა გამოყვანილი პირველი ადამიანი. ამის შემდეგ კი ეს ლაბორატორია ქალის (ევას) სახით შეიქმნა და იმ დღიდან მოყოლებული ადამიანი უკვე თავად არეგულირებს შთამომავლობის ე.წ. კვლავწარმოების პროცესს, რომელიც მდედრსა და მამრს გადაეცემათ მემკვიდრული ინფორმაციის სახით და ,,ჩაწერილია“ დნმ-ში გენეტიკური კოდით. ამასთან, თქვენს ყურადღებას აქვე მივაპყრობ ერთი შეხედვით თითქოსდა უმნიშვნელო ნიუანსს, მაგრამ მოცულობითს, შემოქმედმაც ხომ ნესტოებიდან შთაბერა სიცოცხლის სუნთქვა ადამს?
 
ახლა კი საკითხი მეორე კუთხით განვიხილოთ, შეიძლებოდა თუ არა, სიცოცხლე წარმოშობილიყო მიწისაგან (თიხისაგან) დედამიწაზე?
 
ბიოქიმიკოსებმა შეძლეს ისეთი გარემოს შექმნა, რომელიც მრავალი მილიონი წლის წინათ არსებობდა ჩვენს პლანეტაზე. ამ ,,პრიმიტიულ ბუნებაში“ წარმოებულმა ცდებმა წარმოქმნეს ამინომჟავების დაქსაქსული მოლეკულები. მართალია ასეთი მოლეკულებიდან, რთულად ორგანიზებულ ცილის მოლეკულებამდე ძალზე გრძელი დისტანციაა, მაგრამ მეცნიერები ვარაუდობენ, რომ ეს დისტანცია დაძლეული იქნა. ხოლო, თუ როგორ მთლად გასაგები არ არის. ყოველ შემთხვევაში ბიოქიმიკოსები ამ საკითხზე დადებით პასუხს ვერ იძლევიან. თუმცა, ამერიკელი მეცნიერები იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ ამინომჟავებისა და ნუკლეოტიდების ბუნებრივი კონცენტრატები შეიძლება იყოს თიხები - წყლიანი სილიკატები.
 
თიხების ამინომჟავებით დასველების, გაშრობისა და გახურების შედეგად, ამინომჟავები წარმოქმნიდნენ ჯაჭვურ სტრუქტურებს, რომელთა შემადგენლობა დაახლოებით რვა ერთეულის ტოლი იყო (ცილის მოლეკულის ამგვარ ჯაჭვში რამდენიმე ათასი ერთეულია). მართალია ეს მცირე მაჩვენებელია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, რაღაც ხელმოსაჭიდს მაინც იძლევა, რაც დასკვნების გამოტანისთვის მნიშვნელოვანია.
  თიხები შეიცავენ სხვადასხვა ლითონებს და მათი სახელებით იწოდებიან (სპილენძის, თუთიის შემცველი და სხვ.). დადგენილია, რომ თუთიის შემცველ თიხებს შეუძლიათ  ქიმიური ნივთიერებიდან გამოყონ ნუკლეინის მჟავათა შემადგენელი ნაწილაკები, რომელთა დანიშნულებაა ცოცხალ ორგანიზმში გენეტიკური ინფორმაციის შენახვა და გავრცელება.

თიხის ამგვარი თვისებებით ხსნიან იმ ფაქტს, რომ ყველა ცოცხალი ცილა, რომელიც დედამიწაზე არსებობს, აგებულია მხოლოდ ოცი ამინომჟავისაგან. თუმცა ისინი ბუნებაში რამდენიმე ასეულს აღემატებიან. ასეთმა აღმოჩენამ ბიოქიმიკოსები იმ დასკვნამდე მიიყვანა, რომ პირველი ცოცხალი მოლეკულის შექმნაში, მონაწილეობა ჩვეულებრივ თიხებსაც მიუღიათ, რაც ბიბლიითაც დასტურდება.
 
მაშასადამე მატერიალურ სამყაროში სიცოცხლე შემოქმედის ნებას დაექვემდებარა და იშვა იმ ფორმით, როგორითაც ხელდასმული იყო და წარიმართა ისე, როგორც უნდა წარმართულიყო. ამასთან, ბიბლიაში ზედმიწევნით ზუსტად აღიწერა მიმდინარე პროცესები და ,,აღწერა“ სპეციფიკური ენით გადმოიცა, რომელიც ზოგისთვის მოძღვრებაა და ზოგისთვისაც ,,იავნანა“. აქვე დავძენ იმასაც, რომ ზემოთ წამოყენებული მოსაზრება არ შედის კონფლიქტში ბიბლიურ სწავლებასთან და არ წარმოადგენს მის ე.წ. ალტერნატივას. აზრი, რომელიც დედამიწაზე სიცოცხლის ,,ავტონომიურ“ წარმოშობასთან დაკავშირებით გამოითქვა, განიხილება, როგორც ერთ-ერთი ჰიპოთეზა და არა ჭეშმარიტება“.

აგრეთვე საინტერესოა წმინდა მამათა შეხედულებები ადამიანის ,,დაბადების“ საკითხებთან დაკავშირებით. ქვემოთ კვლავ ამონარიდს შემოგთავაზებთ და ამის შემდეგ უკვე გადავალ ,,ახალი ჰიპოთეზის“ განხილვაზე, რომელიც შეიძლება შემდეგნაირად დავასათაუროთ: ,,ბიბლიური მინიშნებები კრომანიონელთა და შუმერთა სხვადასხვა წარმომავლობაზე“. 

,, ადამიანის შექმნის აუცილებლობას წმინდა მამები იმგვარად განმარტავდნენ, როგორადაც მათ ეს რელიგიურად მართებულად მიაჩნდათ. მაგალითად წმ. მამა ბასილი წერდა: ,,ეს სიტყვა ,,ვქმნეთ“  ჯერ არ ყოფილა გამოყენებული, რომელიმე უკვე შექმნილი არსებისათვის; სინათლე იქმნა მარტივი ბრძანებით: ,,იქმენინ ნათელი“! შეიქმნა ცა და არ ყოფილა მსჯელობა ცათა გამო ... აი, ადამიანი ჯერ კიდევ არ არის და მასზე მსჯელობა მიმდინარეობს. ღმერთმა არ თქვა ისე, როგორც სხვა არსებების შექმნისას: ,,და იქმენინ კაცი“!... რატომ არ თქვა ღმერთმა ,,იქმენინ“? არამედ ,,ვქმნეთ“? ეს იმისათვის, რომ შენ ჩასწვდე მის ხელმწიფებას. მას სურს, რომ ოდეს მზერას მამას მიაპყრობ, არ უარყო ძე; მას სურს, რათა შენ იცოდე, რომ მამამ შექმნა ძით, და რომ ძემ შექმნა მამის ნებით, და რომ შენ უნდა ადიდო მამა ძეში და ძე სულიწმინდაში ... მაგრამ მან არ თქვა ,,და შექმნეს“, რათა შენ არ გქონოდა მრავალღმერთიანობის საბაბი“. (წმ. ბასილი ,,ორიგინალური ადამიანი“ ) ...
 
ანალოგიურად მსჯელობდა წმ. მამა იოანე ოქროპირიც:  ,, ... და მხოლოდ აქ არის დამატებული შევქმნათ, რითაც გამოხატულია ბჭობა, განგებულება და შეტყობინება სხვისადმი ... თუმცა არა იმიტომ, რომ ღმერთს ბჭობა ესაჭიროება, არამედ იმისთვის, რათა თვითგამოხატვის ხერხით გვაჩვენოს შესაქმნელის ღირსება ... ვინ არის იგი ვისაც ღმერთი ეუბნება: ,,ვქმნეთ კაცი“? ეს გახლავთ საკვირველი მრჩეველი, ღმერთი ძლიერი, მარადისობის მამა, მშვიდობის მეუფე თავად მხოლოდშობილი  ძე ღმრთისა. სწორედ მას ეუბნება იგი ,,ვქმნეთ კაცი ხატად  ჩუენდად და მსგავსად“. ის კი არ უთქვამს ,,ჩემსა და შენს მსგავსად“ ან ,,ჩემსა და თქვენს მსგავსად“, არამედ ,,ხატად ჩუენდა“, მიუთითებს რა ერთ ,,ხატებას და მსგავსებას“.
 
თითქმის ყველა წმინდა მამა ამ საკითხს ერთნაირად განმარტავს და ერთმანეთის ნაამბობს თავისებურად ავსებს, მაგრამ მიუხედავად ამისა მაინც არსებობს მრავალი კითხვა და მათზე პასუხის გაცემა სავალდებულოა.
  კითხვები პირველ რიგში ,,საერო ხასიათისა“ გახლავთ და მას კავშირი ნაკლებად აქვს რელიგიასთან.
  წმინდა მამათა მოცემულობები არ უარყოფენ ჩემს მიერ ზემოთ განმარტებულ ერთ საკითხს, რომელიც შეეხება ადამიანის შექმნის პროცესში ღმერთთან ერთად კიდევ ვიღაცის ,,დასწრებას“, თუმცა ჩემგან განსხვავებით, ისინი თვლიდნენ, რომ ამ შემთხვევაში საქმე არა კონკრეტულ ფიზიკურ არსებებს ეხებათ, არამედ რელიგიურად არსებულ წმინდა სულებსა და ღმერთის ძეს. და ეს მათი მხრიდან სწორედ, რომ ზედმიწევნით ზუსტი განსაზღვრებაა, რადგან რელიგია არამიწიერ სიცოცხლის ინტელექტუალურ  არსებებს (ფორმებს) მატერიად არ აღიქვამს  და ასეთ დაშვებას მკრეხელობადაც  კი მიიჩნევს.
 
მაგრამ მე, საერო პირი თავისუფალი ვარ რაღაც შეზღუდვებისგან და აქედან გამომდინარე, იმის  უფლებაც მეძლევა, საკითხი ისე განვიხილო, როგორც თავად მართებულად მიმაჩნია. ამიტომ ქვემოთ ჩემს მოსაზრებას უფრო დაწვრილებით გადმოგცემთ.
 
წმ. მამა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს, რომ ღმერთმა ჯერ გონებრივი სამყარო შექმნა, რომელშიც ანგელოზები იგულისხმებიან და შემდეგ მისი და იმ ანგელოზების მსგავსი ადამიანი.

მაშასადამე, ანგელოზები ადამიანის შექმნის პროცესს ესწრებოდნენ. ე.ი. გამოდის, რომ დედამიწის ყველაზე ინტელექტუალური სიცოცხლის ფორმის შექმნის მთელს ციკლს, თვალყურს ადევნებდნენ ძე ღვთისა და წმინდა სულები. თუ ამ მოსაზრებას თანამედროვე ენით განვმარტავთ (საერო ენით), მაშინ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ედემში, დედამიწის ერთ ლოკალურ გარემოში, ვთქვათ, შუამდინარეთში, ადამიანის შექმნის პროცესს (ქირურგიულ ოპერაციას) რამდენიმე ერთეული და არა რამდენიმე საჯარისო შენაერთი ან ერთი ბატალიონი უცხოპლანეტელი (არამიწიერი არსება) ახორციელებდა, მოვლინებული დედამიწაზე სპეციალური მისიით (ამის შესახებ ჩვენ ზემოთ დაწვრილებით ვისაუბრეთ).
 
ამ უცხოპლანეტელთა შორის ერთი წარმოადგენდა ხელმძღვანელს, მეთაურს, რომელიც გაცილებით ჭკვიანი და ინფორმირებული გახლდათ (ჩვენებურად თუ გადავთარგმნით, აკადემიკოსი) და ის წარმართავდა ,,შესაქმის“ მთელს მისიას.
 
ამ განმარტებაში მავანი, რაღაც მეამიტურს, პირდაპირ ვთქვათ, შეიძლება სულელურს ხედავდეს, მაგრამ ეს სრულებით არ გააქარწყლებს იმ მოსაზრებას, რაზეც უკვე ვისაუბრე, თანაც აღნიშნული ჩემი ექსკჯლუზივი ნამდვილად არ არის.
 
მარტივად, თუნდაც მეამიტურად, იმოტომ გადმოვეცი ეს მოსაზრება, რომ ასევე მარტივად და მეამიტურად მეთქვა: ადამიანი, როგორც ასეთი, მატერიის ევოლუციის პირმშო არ გახლავთ და თუნდაც არარელიგიური თვალსაზრისით, მაიმუნიდან არ წარმოშობილა.
 
მე არ მინდა, ჩემი მოსაზრება ვინმემ რელიგიის საწინააღმდეგოდ მიმართოს და ისე ჩათვალოს, თითქოს არც წმინდა მამებისა რამე მწამს და არც შემოქმედისა. უბრალოდ ამ საკითხს იმიტომ შევეხე, რომ ,,ცხოვნრების ფილოსოფიის“ ერთი მნიშვნელოვანი თავი (ეტაპი) წმინდა მამათა სწავლებაც გახლავთ, რომელთა შემეცნებაც ადამიანს სწორ გზაზე დააყენებს, მიუხედავად იმისა ის მანამდე ათეისტი იყო თუ თეისტი, მარლთმადიდებელი თუ სხვა კონფესიის წარმომადგენელი, რადგან ჭეშმარიტების შემეცნებას ხანგრძლივობის ვადა არ გააჩნია. ჭეშმარიტება ერთია, დანარჩენი ყველაფერი სხვა - სიცრუე. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ წმ. მამათა განმარტებები, შეცდომისაგან დაზღვეული არ არის, რაზეც თავად წმ. მამები საუბრობენ, რადგან ამ განმარტებათა გარკვეული ნაწილი თანამედროვე მეცნიერებამ უარყო და ეს რელიგიურმა კონფესიებმაც აღიარეს.
 
თუმცა წმინდა მამათა ყოველი მოსაზრება იმდენად სიღრმისეულია, რომ მათი ხელაღებით უარყოფა ან გაუთვალისწინებლობა არ შეიძლება. ეს არის ის ბაზისი, მყარი ბაზისი, რომელზეც შენდებოდა და მომავალშიც უნდა აშენდეს ჭეშმარიტების დიდებული ტაძარი ... ტაძარი, რომელშიც შესვლა განწმენს ცოდვილ სულებს და სამოთხის გზას უჩვენებს.

აქვე დავძენ, რომ მეცნიერთა ერთი ჯგუფი ჩვენს გალაქტიკაში ზეახალი ვარსკვლავის აფეთქების თეორიას ემხრობა, რომელიც შეცვლის დედამიწის ზეციურ სურათს. გვექნება ორი მზე და დღე-ღამის მონაცვლეობა წარსულს ჩაბარდება ანუ იქნებ ეს არის ის, რაზეც ლუკა მახარებელმა თქვა:  ,,იქნება სხუა ცა და აღარ იქნება დრო“?
                                  (გაგრძელება იქნება)
 


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები