ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
26 დეკემბერი, 2019


ადამიანის წარმოშობის ახალი ჰიპოთეზა (გაგრძელება)

  ადამიანის წარმოშობის ახალი ჰიპოთეზა (გაგრძელება)
რადგან ადამიანის წარმოშობის შესახებ ზოგიერთი ასპექტი უკვე გავიხსენეთ, დავიწყოთ ძირითადი საკითხის განხილვა, რომელიც შეეხება აქამდე არგამოთქმულ ჰიპოთეზას, HOMO SAPIENS-ის, ადამისა და შუმერელის ბიბლიურ იდენტიფიცირებას იმ განმარტებით, რომ ადამმა და ევამ შვეს კრომანიონელი (ბოსკოპელი, ზედა გამოქვაბულის ადამიანი) აბელ-კაენის სახით, ხოლო მოგვიანებით, სამოთხიდან გამოძევების შემდეგ სეთის (შეთის) შობით შუმერელი.

საკითხის ამომწურავად განხილვისათვის, თხრობა დავიწეყოთ ნეანდერტალელით, შემდეგ გავაგრძელოთ კრომანიონელი ადამიანით (HOMO SAPIENS-ი), შუმერელით და დავასრულოთ ბიბლიური ,,დაბადებით“ (ადამი, ევა).

ნეანდერტალელი დაახლოებით ნახევარი მილიონი წლის უკან გამოჩნდა დედამიწაზე, ზოგიერთი მეცნიერის ვარაუდით ორასი ათასი წლით კიდევ უფრო ადრე. იგი რაღაცით წააგავდა ადამიანს და ინტელექტის მაგვარიც გააჩნდა. მისი არსებობა ეფუძნებოდა პრიმიტიული ცხოვრების წესს და მიუხედავად იმისა, რომ მან, როგორც სიცოცხლის უმაღლესმა ბიოლოგიურმა, შეიძლება ითქვას ინტელექტუალურმა ფორმამ, რადგან ასპარეზზე ჯერ კიდევ არ ჩანდა HOMO SAPIENS-ი, თითქმის ეულად განვლო თავისი ცხოვრება ,,ანიდან-ჰოემდე“, ვერ შეძლო წინ წაწევა და ,,დედამიწის მბრძანებლის“ გვირგვინის ,,გაბუძგულ თავზე“ დადგმა.

ამას თავისი მიზეზი ჰქონდა, ,,იწრო გონებამ“ შეუზღუდა სიცოცხლის ხანგრძლიობის ვადა. ბუნებამ თუ გამჩენმა ,,ომის ბილიკზე“ შეაყენა, საიდანაც ის გამარჯვებული უკვე ვეღარ გამოვიდოდა, რადგან ,,ზურგსუკან“ კვალში ჩამდგარი HOMO SAPIENS-ის სუნთქვას გრძნობდა, მასზე გაცილებით გონიერი არსების სუნთქვას, რომელიც შემოქმედის ფავორიტი გამხდარიყო, მისი ,,შვილობილი“.     

HOMO NEANDERTHALENSIS-მა (ეს ტერმინი ჩემია. ავტ.) მეცნიერებს ისე აუბნია თავგზა, ზოგი მას ადამიანად -  HOMO SAPIENS  NEANDERTHALENSIS-ად, ზოგიც კი ცალკე სახეობად მიიჩნევდა, მაგრამ მას ადამიანამდე ძალზედ ბევრი აკლდა, ხოლო ცალკე სახეობისა არაფერი ეტყობოდა, რადგამ HOMO EREQTUS-ის შთამომავალი ,,გინდ შაიტანე და გინდაც გამაიტანე“, მაინც ,,მწიფე“ PITHECUS-ია  ...მაიმუნია, რაღა? ...

1856 წელს ქალაქ მეტმანთან (გერმანია, დიუსელდორფის მხარე) მდინარე დიუსელის ველზე, ნერანდერტალის ხეობაში, რომელმაც დასახელება ცნობილი გერმანელი კომპოზიტორისა და თეოლოგის იოაჰიმ ნეანდერის საპატივცემლოდ მიიღო, აღმოჩენილ იქნა HOMO NEANDERTHALENSIS-ის ნაშთები, ხოლო ამ ტერმინის სამეცნიერო წრეებში დამკვიდრების პატივი წილად ხვდა ჰერმან შააფჰაუზენს. იგი იყო ექიმი, სწორედ მან შეისწავლა 1857 წელს  HOMO NEANDERTHALENSIS აღმოჩენილი ნაშთები და ამის შესახებ ამცნო სამეცნიერო წრეებს.

რამდენიმე წლის უკან, ბედის ირონიითა თუ ბედისწერის დაცინვით, ბედნიერება მხვდა წილად, დიოსელდორფში ყოფნისას, ჩამეღწია ქალაქ მეტმანამდე და მომენახულებინა  HOMO NEANDERTHALENSIS-ის მშობლიური მხარე, სადაც მდებარეობს ამ პატივცემული არსების მუზეუმი.

თუმცა, მის სამშობლოდ ევროპა არ ითვლება. მეცნიერები თვლიან, რომ HOMO NEANDERTHALENSIS-ის წინაპარი HOMO-ს გვარის ის სახეობაა, რომელიც ჰეიდელბერგელ ადამიანად იწოდება.

ეს უკანასკნელი კი აფრიკაში ბინადრობდა და მიგრაციის შედეგად ევროპამდეც ჩამოაღწია, ასევე გადავიდა აზიის ტერიტორიაზეც. ,,დაბადების“ ასაკი მილიონ წელზე მეტ პერიოდს მოიცავს, მაგრამ მისი ,,წინაპრობა“  HOMO NEANDERTHALENSIS-თან ვერ კრავს რგოლის სახით იმ ჯაჭვს, რომელიც კრომანიონელთან რაიმე ნათესაურ კავშირს დაადასტურებდა. დადგენილია, რომ HOMO NEANDERTHALENSIS-ი და კრომანიონელი ჟამთასვლის გზაზე, ერთმანეთისგან დამოუკიდებლად იშვნენ და განვითარდნენ, თუმცა არის იმის ნიშნები, რომ იგი კრომანიონელთან კოჰაბიტაციის (თანაარსებობის) პერიოდში, დაახლოებით 40-38 ათასი წელი, მასთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა და საერთო შთამომავლობას წარმოშობდა. ევროპიულ და მონგოლოიდურ რასათა დნმ-ის სტრუქტურებში აღნიშნული კვალი ფიქსირდება.. მათ რამდენიმე პროცენტი  HOMO NEANDERTHALENSIS-ის გენი გააჩნიათ, მაგრამ ეს არ მიუთითებს მათ საერთო წარმომავლობაზე და წინაპრობა-შთამომავლობაზე ... განვმეორდები, ეს თანაცხოვრების შედეგად შეძენილი საერთო გენებია.

HOMO NEANDERTHALENSIS-ის დნმ, რომელიც დაახლოებით 37 ათასი წლის უკან ,,ტკეპნიდა“ ევროპის მთა-ველებს, მეცნიერებმა გამოყვეს მისი თეძოსაგან, აღმოჩენილი ხორვატიაში, ვინდიას გამოქვაბულში. შემდეგ უკვე მას დაემატა ესპანეთში, გერმანიაში, კავკასიასა და სხვ. ქვეყნებში მიკვლეული ნაშთები, მაგრამ კრომანიონელთან (ადამიანთან) მათი ნათესაური კავშირები ვერც ამ სხვადასხვა დნმ-მა დაადასტურა.

მიუხედავად ამისა, კრომანიონელისა და HOMO NEANDERTHALENSIS-ის დნმ მეცნიერთა ვარაუდით თითქმის იდენტურია, მაგრამ მათ ქრომოსომებში არ არის ერთნაირი დნმ-ის ფრაგმენტები. ეს იდენტურობა კი იმაში გამოიხატებოდა, რომ HOMO NEANDERTHALENSIS-ები იმგვარად აავადდებოდნენ აუტიზმით, შიზოფრენიით, ალცგეიმერისა და დაუნის სინდრომებით, როგორც ადამიანები. არის ასეთი მოსაზრებაც, რომ ჯერ კიდევ ადამიანის გამოჩენამდე, HOMO NEANDERTHALENSIS-ები ჯვარდებოდნენ HOMO EREQTUS-თა იმ პერიოდში წარმოდგენილ სახეობებთან და მათ სხვადასხვა განშტოებებს აძლევდნენ დასაბამს ... ერთი სიტყვით ,,დიდი დომხალი“ სუფევდა ირგვლივ.

მოდით, აქვე დავძინოთ ისიც, რომ ბიოლოგიურ სიცოცხლის ფორმათა ერთმანეთთან რაღაცით (რაღაცეებით) მსგავსება, გამოწვეული იყო არა მათი საერთო წარმომავლობითა და ერთიანი ევოლუციური ციკლით, არამედ ზოგადად სიცოცხლის, როგორც ასეთის, საერთო საწყისის მსგავსებით, მატერიალურ გარემოში მისი აღმოცენების (ჩასახვის) იდენტური მახასიათებლებით.

როცა აანალიზებ დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების ევოლუციურ პროცესს, თვალში გეცემათ მისი აბსურდულობა. ის უფრო ზღაპარია, ვიდრე რეალობა ... სახეობათა დაბადება, ერთიდან, ევოლუციით მეორის წარმოშობა, კვდომა და სხვა ათასი სისულელე, არ შეიძლება ზღაპარის სიუჟეტს გასცდეს და მან ჭეშმარიტის სახე შეიძინოს, თუმცა ზაპარს ბოლო ყოველთვის კეთილი აქვს, განსხვავებით სიცოცხლის ევოლუციის მატერიალისტური მოძღვრებისა.

მე ვერ გეტყვით ამ ზღაპრის ,,დამჯერეთა“ და ,,დაუჯერებელთა“ პროცენტული თანაფარდობა როგოია, მაგრამ შემიძლია დაბეჯითებით გითხრათ, რომ სისულელესაც აქვს თავისი ,,წითელი ხაზი“, რომლის გადაკვეთა უკვე ფსიქიატრიის სფეროა და ჭკუიდან იქ, შიზოფრენიის სანახებში გასვლა ... ვეცდები ეს მოსაზრება კვლავ ჩემი წიგნიდან ამონარიდით გავამყარო:

,,ურჩხულთა გახსენებამ, გონებაში დინოზავრები და მეზოზოური ერა წამომიტივტივა, რომელიც დაახლოებით ორასი მილიონი წელი გაგრძელდა და სამ პერიოდს: ტრიასულს, იურულს და ცარცულს მოიცავდა. ხოლო მისი ,,მშობელი“ პალეოზოური ერა სამას მილიონ წელს.

სწორედ პალეოზოურ ერაში მიეცა უამრავ სიცოცხლის ფორმას იმის ,,შანსი“, რომ ეპოქის ,,ავანსცენიდან“ უსახელოდ არ წასულიყო ან გადაშენებისაგან თავი დაეძვრინა და გზა განეგრძო მომავლისკენ, მაგრამ ,,ბედის ბორბლის“ უკუღმა ტრიალმა, ბევრი სახეობა მაინც ისე შეიწირა, ,,დამტირებელიც“ არ დარჩენია ბედკრულ მიწაზე.
ამ ერის (ხანის) ყველაზე დიდი გამოცანა ალბათ მაინც ის იყო, რომ კალციუმის ჩონჩხიანი სიცოცხლის ფორმები ისეთ გარემოში იშვნენ (მდინარეები, ტბები, ზღვები და ოკეანეები), რომელებიც აღნიშნული ნივთიერების კონცენტრაციით არ გამოირჩეოდნენ. ასევე გამოცანად დარჩა ისიც, რომ მათზე ადრე დედამიწაზე ,,დაიჯღორკებოდნენ“ ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ,,ტრილობიტები“ (სამნაწილიანები), რომლებმაც უცერემონიოდ წაიღეს ,,ჩვენი ჭირი“ მოუსავლეთში და ,,მომავალ თაობებს“ ცხვირსახოცი ლამის გასაწური გაუხადეს.

თუმცა ეს ამოცანა მატერიალუსტებმა ადვილად ,,ამოხსნეს“. ყველაფერი სიცოცხლის განვითარების ევოლუციურ პროცესს დააბრალეს და რაღაც აბდა-უბდა მოძღვრებაც შექმნეს. არსი ამ მოძღვრებისა იმდენად პრიმიტიულია, რომ მარტო გაცნობისას ბადებს უამრავ შეკითხვას, მაგრამ ასეთი ნიუანსები მათ არ აღელვებდათ.

თუ ფაუნასთან მიმართებაში სიცოცხლის ევოლუციას იმისთვის იშველიებდნენ, რომ განემარტათ მარტივი ფორმებიდან შედარებით რთული ან რთული ფორმების წარმოშობის აუცილებლობა (ვთქვათ ამებიდან-ორანგუტანგისა) და ამით ამ ევოლუციის ერთიანი ციკლი ეჩვენებინათ, ფლორასთან მიმართებაში წაყრუებას ამჯობინებდნენ, ,,პირში წყალს იგუბებდნენ“ და ერთი ფრაზით შემოიფარგლებოდნენ: ,,მცენარეები დედამიწაზე თავისით აღმოცენდნენ“ ... ე.ი. ,,სალამური თურმე შეიძლებოდა ყველა ხიდან გამოთლილიყო“.

ფარულთესლოვან და ფოთლოვან მცენარეებს ,,წინაპრები“ მართლაც არ ჰყოლიათ. მათი აღმოცენება ევოლუციური ჯაჭვიდან ამოვარდნილია, რაც იმაზე მიუთითებს, რომ საქმე სხვა, იდუმალ პროცესთან გვქონდა და არა ევოლუციასთან, რომლის ,,ამონახსნი“ სწორედ ბიბლიაში ,,დევს“ და არა დარვინის მოძღვრებაში.
საინტერესო პროცესები ფაუნის წარმომადგენელთა ,,გაჩენაშიც“ მიმდინარეობდა. მაგალითად პალეოზოური ერის გვიან (ქვედა) პერმულ პერიოდში შობილი სტეგოცეფალები, ,,ცხოვრების ჩარხის“ უკუღმა ტრიალმა მეზოზოური ერის ადრეულ, ტრიასულ პერიოდში, ,,გაღმა, მარილზე გაიყვანა“. მათი ,,მშფოთვარე სული“ და მძორად ქცეული დაჯავშნულ-დაკუნთული სხეული, სამუდამოდ მიებარა იმ მიწას, რომელმაც ისინი შვა.

მეცნიერთა ერთი ნაწილი თვლის, რომ ამ ურჩხულებმა დასაბამი თანამედროვე უკუდო ამფიბიებს, ხოლო ნაწილმა კუდიან და უფეხო წყალხმელეთა სახეობებს მისცეს (ე.ი. ,,კუდიანებად“ დარჩნენ). ეს გახლდათ იმ სახეობათა  ,,უმაგალითო გმირობის“ გამოვლინება, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე ,,ევოლუციის სამსხვერპლოზე“ უყოყმანოდ მიიტანეს და მომავალ თაობებს მსხვერპლად შესწირეს, რასაც ვერ ვიტყვით მაგალითად ნიანგზე. ეს ეგოისტი სახეობა, როგორიც დაიბადა დაახლოებით ოთხმოცი თუ ორმოცი მილიონი წლის უკან, ისეთად დარჩა და საერთოდ უარი თქვა, სხვა სახეობების დასაბამის მიცემაზე, თვითშეწირვის რიტუალის გამოყენებით.

აბსურდული ,,თვითშეწირვის“ მაგალითებით, გაჯერებულია დედამიწაზე სიცოცხლის განვითარების მთელი ევოლუციური ციკლი და სამწუხარო ის გახლავთ, რომ ამ საშინელებას საკმაო მიმდევრები ჰყავდა და ჰყავს ათეისტთა სახით.

ზემოთ ნახსენები ტრიასული პერიოდი, იმითაც არის საინტერესო, რომ სწორედ მაშინ გამოჩნდნენ დედამიწაზე პირველი დინოზავრები. თუმცა, ,,პაწაწუნები“, მაგრამ, მაინც ,,ცუნცულა“ დინოზავრები. რა მოხდა შემდეგ, არავინ იცის. იურულ პერიოდში ეს ,,ცუნცულები“ საშინელ ურჩხულებად გადაიქცნენ. ,,მზიურ პლანეტაზე“ მათი გამოჩენა, ღვთის რისხვას ჰგავდა, რადგან ისინი არავის და ,,არაფერს’’ სჭირდებოდა.

მომავალში, დინოზავრები ე.წ.  ,,ევოლუციის ჯაჭვიდან“ რომ არ ამოვარდნილიყვნენ, ძლიერი ყბებითა და ფოლადისებრი კბილებით, მთელს დედამიწას ,,გადახრავდნენ“, რითაც სამუდამოდ დაასამარებდნენ ადამიანის ,,გაჩენის“ სწორუპოვარ იდეას, რომელიც საარსებო სივრცეს ვერ დაეუფლებოდა და დაუფლების შემთხვევაშიც კი უბრალოდ ვერ შეინარჩუნებდა.

სწორედ ამიტომ, დინოზავრთა გადაშენება ,,ევოლუციამ“ საჭიროდ მიიჩნია და მათ თავისი ადგილიც განუსაზღვრა, ეს იყო მთელი ,,გვარის“ იქით გამგზავრება, საიდანაც აღარავინ არასდროს ბრუნდება.

დედამიწის ,,უძღებ შვილთა“ თავგასულ ორგიებს, ზეციდან ვიღაც ნირშეუცვლელად დაჰყურებდა, შესაფერის დროს ელოდა ... ეს დროც მალე დადგა, უკვე ცარცულ პერიოდში, მათ ,,კაშკაშა ვარსკვლავზე“, ძლივსშესამჩნევი ,,შავი ლაქა“ გაჩნდა, რომელიც ნელ-ნელა გადიდდა, გამუქდა და  მთლიანად გაბაცდა.

დინოზავრების გადაშენების ,,ბედნიერი წუთები“, დედამიწის ბინადართავთვის რით იყო დასამახსოვრებელი, რომლებიც ყოველი ცისმარე დღის გათენებას შიშით ხვდებოდნენ, არავის აინტერესებდა, რადგან მთავარი ამოცანა ფილიგრანულად ზუსტად იქნა შესრულებული, ჩვენი პლანეტა ყოველგვარი ,,ცრემლების ღვრის“ გარეშე გათავისუფლდა ურჩხულთა ,,უღლისაგან“ და  გზა ასპარეზისთვის გაუსუფთავა ,,მომავლიდან მზირალ“ ეშვებკბილებიან ,,წელგამართულ“ არსებას, რომელსაც წილად უნდა რგებოდა ,,პლანეტის მბრძანებლის“ უკვე თავისუფალი ,,ტახტი“ და HOMO SAPIENS-ის საპატიო ტიტული. ასევე ის სივრცე, უსაზღვრო სივრცე, რომელიც მანამდე ,,ხელთ ეპყრათ“ ურჩხულებს.

მაშ, დინოზავრთა ბედი, იმთავითვე გადაეწყვიტა განგებას, რადგან დედამიწის მბრძანებლის გვირგვინი, ,,კაკლისოდენა ტვინით“ (დინოზავრებს მართლაც პატარა ტვინი ჰქონდათ) გამოტენილი მათი ,,გასიებული თავისთვი“ არ იყო გაჭედილი“...

ქვემოთ კი კიდევ ერთ ამონარიდს შემოგთავაზებთ, რომელიც ნათლად ასახავს ,,სიცოცხლის განვითარების ევოლუციის“ აფსურდულობას:

,,წყლიდან ,,ამოსულმა’’ სიცოცხლემ, სივრცესა და დროში, მტევანფარფლიანი თევზების საოცარი ,,მოგზაურობა“  გამახსენა, რომელიც უფრო ზღაპარია,  ვიდრე ჰიპოთეზა. ისინი პირველი ხერხემლიანები იყვნენ, რომლებმაც სასიცოცხლო გარემო (სივრცე) შეიცვალეს და წყლიდან ხმელეთზე ამობობღდნენ. ეს ,,ბედნიერება“  დედამიწის ,,მშრალ ნაწილს“ წილად ხვდა პალეოზოური ერის დევონურ პერიოდში.

ეს საოცარი ,,გადმოსახლება“ წყლიდან-ხმელეთზე, აი, როგორ არის აღწერილი ,,სიცოცხლის განვითარების ევოლუციურ მოძღვრებაში“:

მტევანფარფლიანმა თევზებმა ცნობისმოყვარეობის წინააღმდეგ წასვლა ვერ შეძლეს და გაუბედავად დაადგეს ,,ფარფლები“ ხმელეთის სველ ნაპირს. შიშით მოავლეს ,,გამჭრიახი მზერა“ უცხო გარემოს. ჟანგბადიც ღრმად ჩაისუნთქეს, მაგრამ ვიდრე ამ ნაბიჯს გადადგამდნენ, მანამდე კიდევ რაღაც მოიმოქმედეს.

როგორც ვიცით ხმელეთზე სუნთქვისათვის ფილტვებია საჭირო. მართალია ,,ახალი სამყაროს“ ამთვისებლებს ფილტვები გააჩნდათ, მაგრამ ატმოსფეროში არსებობისათვის სრულიად გამოუსადეგარი. თუმცა, ჯერ კიდევ მაშინ, როცა ისინი მდინარეებში, ტბებში, ზღვებსა და ოკეანეებში ,,დანავარდობდნენ“, ემზადებოდნენ რა, ხმელეთზე ამოსვლისათვის, ერთ მეტად მნიშვნელოვან ხრიკს მიმართავდნენ, ხანგამოშვებით წყლიდან ამოყვინთავდნენ და ჰაერით სუნთქვას ეშურებოდნენ. ამით ,,ეპოქის გმირები“ ორ საქმეს აკეთებდნენ. პირველი, ზემოთ ვახსენეთ, მეორე ის იყო, რომ შმორიან გარემოში არ გაგუდულიყვნენ. ასე ავარჯიშებდნენ ფილტვებს მომავალი საცხოვრისისათვის და გაუთვითცნობიერებლად ორგანიზმს იკაჟებდნენ.

მაგრამ, ამობობღდნენ თუ არა ხმელეთზე, პრობლემის წინაშე დადგნენ. მუცელზე წოლისას (მხარ-თეძოზე წამოწოლა ჯერ არ იცოდნენ) სხეულის მასის მთელი წონა პატივცემულ ,,სტომაქს“ და პირის ღრუს ფსკერს გადაეცემოდა, რაც მათ გაგუდვას იწვევდა. ამიტომ, რაღაც უნდა ეღონათ ... იღონეს კიდეც. ალბათ, რომელიმე მათგანმა არქიმედეს ცნობილი სიტყვა - ,,ევრიკაც“ წამოიძახა და ფარფლებზე დადგა, ,,ღიპი“ მიწას მოაშორა, მაგრამ ამ პოზაში დიდხანს დგომას ჩვეული რადგან არ იყო, ,,ტანის აზიდვითი“ ვარჯიში გამოიყენა და ფარფლების ნაცვლად ფეხები გაოება  ...

ამას დაამატეთ ისიც, რომ მიწაზე სეირნობას მოწყურებულ თევზებს, რამდენიმე მილიონი წლის განმავლობაში, ყოველდღიურად მასიურად (,,ჯოგებად“) უნდა მიეტანათ იერიში ხმელეთზე, რომ ზემოთ ნახსენები პროცესი - ფარფლების ატროფირება, შესაძლებელი გამხდარიყო და ამ მასობრიობას ასევე ყოველდღიურად, მათი მილიონობით სახეობა მსხვერპლად უნდა შეწირვოდა ... რა  ,,რკინისებური ლოგიკაა“? ...  ვერაფერს იტყვით! ...
განტვირთვისა და სიხალისისთვის, მგონი საკმარისია, განვაგრძოთ თხრობა HOMO NEANDERTHALENSIS-ის შესახებ.

მისი სიმაღლე არ აღემატებოდა 1,65 მეტრს. თავი ,,უროსავით“ მსხვილი ჰქონდა. წინ წამოშვერილი. ტვინის მოცულობა 1400 - 1740 სმ³-ს აღწევდა, რაც ადამიანისას სჭარბობდა (1600 სმ³-მდე) , თუმცა ინტელექტის (აზროვნების) თვალსაზრისით, მას ჩამორჩებოდა, რაც იმაზე მიუთითებს, რომ HOMO NEANDERTHALENSIS-ი არ მიეკუთვნებოდა HOMO SAPIENS-თა სახეობას და ის ვერ იქნებოდა ,,მოაზროვნეთა“ წინაპარი. ამასთან იმ ჭეშმარიტებასაც ადასტურებს, რომ დიდი, ყოველთვის არ ნიშნავს კარგს!

ამ პერიოდის სიცოცხლის წარმოშობის საკითხებს როცა ეცნობი, იმთავითვე ხვდები, რომ კაინოზოური ერის, განსაკუთრებით ბოლო პერიოდში, სიცოცხლის ფორმები დროის მცირე მონაკვეთებში იშვებოდნენ და ასევე ქრებოდნენ, ეს მაშინ, როცა წინა ერებში (მეზოზოური, პალეოზოური) აღნიშნულ ციკლს ათეული მილიონი წლები სჭირდებოდა. ე.ი. კაინოზოურ ერაში სიცოცხლის წარმოშობის პროცესი, ფორსირებული სისწრაფით მიმდინარეობდა. თითქოს ვიღაც პირდაპირ ზეციდან ჰყრიდა ახალ-ახალ სახეობებსა და გვარებს ... თითქოს ვიღაც ,,სიცოცხლის ველის“ მოსუფთავებას ეშურებოდა ... ესურებოდა ყველაზე ინტელექტუალური ფორმისათვის.
HOMO NEANDERTHALENSIS-ები მოიპოვებდნენ ცეცხლს, აგებდნენ ტყავისაგან მცირე ზომის საცხოვრისებს, იმზადებდნენ სამოსელს, აკეთებდნენ კაჟის დანებს, მოკლე შუბებს და სხვ. იარაღებს.

ისინი ცხოვრობდნენ ჯგუფებად და ჰქონდათ ნათესაური ინტიმური კავშირები. მაღალი იყო მცირეწლოვანთა სიკვდილიანობა, ის უტოლდებოდა თითქმის მათ ნახევარს, რაც ალბათ HOMO NEANDERTHALENSIS-ის პოპულაციის გამრავლებაზე უარყოფითად აისახებოდა.

ჰქონდათ პრიმიტიული კულტურაც. აღმოჩენილია ოთხნახვრეტიანი ძვლის ფლეიტა, რომელზეც ალბათ რომელიმე მათგანი სხვადასხვა მუსიკალურ ნაწარმოებს ასრულებდა. ძვლებზე ამოკაწრავდნენ ცხოველთა ფიგურებს, ამზადებდნენ ცხოველთა კბილებისაგან მძივებს,

ჰქონდათ პრიმიტიული მედიცინა და რაღაც რელიგიური წარმოდგენაც, გარდაცვლილებს მარხავდნენ ყვავილებით და ალბათ გარკვეულ რიტუალებსაც ასრულებდნენ ... ერთი სიტყვით, მსგავსება მათსა და კრომანიონელებს შორის თითქოს არსებობდა, მაგრამ განსხვავებაც იმ მაშტაბებისა იყო, რომ მათ ნათესაურ კავშირზე საუბარი გამოირიცხებოდა.

ეს ის შემთხვევა გახლდათ, როცა  HOMO NEANDERTHALENSIS-ს, ისე, როგორც თავის დროზე დინოზავრებს, რაღაც გარკვეული ,,შეღავათები“ დაუწესდათ, რათა მათ ინტელექტის ხარჯზე დაეძლიათ საარსებო სივრცის არეალში არსებული ბუნებრივი წინააღმდეგობები და განვითარების გზით წასულიყვნენ, მაგრამ ამის ნაცვლად ისინი ამ სივრცეში ჩაიკეტნენ და საკუთარ აგრესიაში მოიხარშნენ, გაბოროტების გზით წავიდნენ. ეს კი მაშინათვე იწვევდა ნებისმიერი ცოცხალი სახეობის გადაშენებას, რადგან მატერიალურ სამყაროში მოქმედებს ე.წ. დაუწერელი კანონი: ,,სამყაროში სიკეთე მანამდე არსებობს, ვიდრე თავად არ იქცევა ბოროტებად, ასეთ შემთხვევაში დღის წესრიგსი დგება მისი, როგორც ბოროტების ლიკვიდაციის აუცილებლობა, რომელიც უპირობოდ ხორციელდება“ (ეს ,,კანონი“ ჩემია).

სიკეთეს რომ ბოროტებაში გადასვლა ახასიათებს, ეს მთავარანგელოზის გაამპარტავნებამაც აჩვენა, ის შემოქმედს დაუპირისპირდა და შეიქმნა სატანად ... ასევეა რეაულ ცხოვრებაშიც, სიკეთე ხშირად გადადის ბოროტებაში, მიმოიხედეთ თქვენს ირგვლივ და უამრავ მაგალითს თავად დაინახავთ.

თავის დროზე, ანალოგიური მდგომარეობა სუფევდა დინოზავრთა მიმართებითაც. მათ ორასი მილიონი წელი ,,ტკეპნეს“ დედამიწა და რატომ ან რისთვის, ამაზე პასუხიც არ არსებობს, თუმცა ,,შეღავათმა“, რომელმაც მათი სიცოცხლის ხანგრძლიობის ვადა განსაზღვრა, სხვა სახეობები უცერემონიოდ შეიწირა ...

მასასადამე HOMO NEANDERTHALENSIS-ები ისე, როგორც მათი PITHEKUS-ი თანამოძმეები, კაინოზოური ერის ბოლო პერიოდში ,,არაფრისგან“ წარმოიშვნენ და ,,სპეციალური მისიის“ განუხორციელებლობის გამო, ,,მოუსავლთის გზას“ უპირობოდ დაადგნენ. სწორედ ამ პროცესმა დააყენა დღის წესრიგში კიდევ ერთი ახალი HOMO-ს გაჩენის აუცილებლობა, რომელიც გაცილებით უფრო მოაზროვნე უნდა ყოფილიყო, ვიდრე მანამდე არსებული მისი ,,ბიძაშვილები“, მაგრამ აქ თავს იჩენდა ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი: NEW HOMO (ახალი ჰომო), როგორ გაეხადათ მოაზროვნედ? რადგან ყველა წინა ექსპერიმენტი ჩაიფუშა ... მას, ვინც ახალ სიცოცხლეებს აძლევდა დასაბამს, ,,თავისი მსგავსი და სახიერი უნდა შეექმნა“, სხვა გზა, სხვა ხსნა უბრალოდ არ არსებობდა. მატერიალურ გარემოში, დედამიწაზე, ,,ნებაზე მიშვებული“ სიცოცხლის განვითარების ევოლუცია, ისეთ უმაღლეს ბიოლოგიურ სიცოცხლის ინტელექტუალურ ფორმას ვერ შექმნიდა, რომელიც საჭირო მოთხოვნებს დააკმაყოფილებდა, რადგან ,,ბიოლოგიურ მასასთან“ ერთად, ასეთ სიცოცხლის ფორმას სულიც უნდა ჰქონოდა, რასაც მატერიალურ სამყაროში, გარდა შემოქმედისა, NEW HOMO-ს  ვერავინ შთაბერავდა.
რადგან HOMO NEANDERTHALENSIS-თან მიმართებით, ყველა საკითხი ზედმიწევნით ზუსტად ,,გავწანწკლეთ“, გადავიდეთ კრომანიონელის განხილვაზე.

CRO-MAGNON MAN ანუ ჩვენი ტერმინოლოგიით - HOMO CRO-MAGNON-ი  ითვლება ყველა ადამიანის წინაპრად. ვარაუდობენ, რომ ისინი სხვადასხვა კონტინენტებზე აღმოსავლეთ აფრიკიდან განსახლდნენ. მათი ტვინის მოცულობა 1600 სმ³-მდე აღწევდა და გამოირჩეოდნენ აზროვნების ხარისხით.

HOMO SAPIENS-ის ამ ადრეულმა სახეობამ, სახელი - CRO-MAGNON MAN, მიიღო გამოქვაბულის დასახელებიდან, მდებარე საფრანგეთში, ქ. სირეიში. ეს სახეობა HOMO NEANDERTHALENSIS-ის ერთგვარ ალტერნატივას, სათადარიგო ვარიანტს წარმოადგენდა, ამიტომ მას ასევე შეიძლება ვუწოდოთ - HOMO  SPARE (ჰომო სათადარიგო), რადგან მისით დასრულდა დედამიწაზე უმაღლესი ინტელექტუალური ბიოლოგიური სიცოცხლის ფორმის სრულყოფა, მან ასე ვთქვათ, იმედები გაამართლა და ცხოვრების ასპარეზზე ,,ძირითად მოთამაშედ“ დარჩა. ამასთან მისთვის ოპტიმალური ტვინის მოცულობა და ,,დანაოჭება“ შეირჩა. თუ  HOMO NEANDERTHALENSIS-ის ტვინის მოცულობა სჭარბობდა  HOMO  SPARE-სას, სამაგიეროდ ამ უკანასკნელის ინტელექტი შეესაბამებოდა მატერიალური სამყაროში არსებობისათვის აუცილებელ პარამეტრებს და მორგებული იყო მისი ცხოვრების წესზე ანუ ფლობდა იმ გონებრივ შესაძლებლობას, რომელიც მას ეპოქებში HOMO NEANDERTHALENSIS-ივით არ ჩაკარგავდა და წინსვლა არ გაუჭირდებოდა.

მოდით, აქვე გავიხსენოთ ედემიდან ადამისა და ევას გამოძევების წინაპირობა, რომელიც შემდგომი მსჯელობისთვის აუცილებლად დაგვჭირდება. ისინი იმიტომ იქნენ გამოძევებულნი ედემის ბაღიდან, რომ მიუხედავად კატეგორიული შეზღუდვისა, მათ ,,შემეცნების ხის ნაყოფის“ მირთმევაზე უარი არ განაცხადეს ანუ რაღაც ცოდნას დაეუფლნენ: ,,და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა ადამ იქმნა ვითარცა ერთი ჩუენთაგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა და ნურსადა მიყოს ხელი თვისი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა და ჭამოს და ცხოვნდეს უკუნისამდე“ (დაბ. 3;22). ე.ი. ადამმა და ევამ ჭარბი ინტელექტის გამო, მოახერხეს შემოქმედის (ზოგიერთი ვერსიით უცხოპლანეტელების) ნდობის ბოროტად გამოყენება და ასე ვთქვათ, მასთან გატოლება მოისურვეს, რაც პირველ რიგში, ცუდად აისახებოდა საკუთრივ მათ ,,მშობლებზე“, ადამიანი ,,დამოუკიდებელი მოთამაშე“ შეიქმნებოდა. ამიტომ ისინი (ადამი, ევა) გაძევებულ იქნენ მატერიალურ გარემოში, სადაც უკვე სხვა საარსებო სივრცე და გაცილებით მკაცრი პირობები იყო, ვიდრე ედემში ...       

აფრიკაში HOMO  SPARE-ს გამოჩენის პერიოდად, მეცნიერები სხვადასხვა თარიღს ასახელებენ - 180-130 ათას წელს. ხოლო ევრ-აზიაში 60-50 ათრას წელს. ერთ-ერთი ვერსიით ითვლება, რომ  HOMO  SPARE (ქვემოთ, უკვე ასე ვუწოდოთ HOMO NEANDERTHALENSIS-ებს, რომლებიც განსახლებული იყვნენ მთელი ევრ-აზიის ტერიტორიაზე, ხოლო ქ. მეტმანთან აღმოჩენილ ამ სახეობას დარჩეს ის სახელი, რომელიც მას დაანათლეს - HOMO NEANDERTHALENSIS-ი) ეთიოპიიდან ევროპაში, კავკასიის გავლით მოხვდა, თუმცა ამ შემთხვევაშიც ბევრი რამ ჯერ კიდევ დასადგენია. მას ,,სახლიკაცები“ ბოსკოპელი და ზედა გამოქვაბულის ადამიანების სახით, დასავლეთ აფრიკასა და ცენტრალურ აზიაშიც ჰყავდა.

ბოსკოპელი ადამიანის თავის ქალა ძალიან დიდი ზომისა იყო, მისი ტვინის მოცულობა საგრძნობლად სჭარბობდა HOMO  SPARE-სას. ამ ზემოაზროვნე ადამიანის ნაშთები აღმოჩნდა სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკაში, სოფელ ბოსკოპთან, ამიტომაც დაერქვათ მათ ბოსკოპელები.

სიმართლე გითხრათ, ისტორიის ასპარეზზე მათი გამოჩენა, არ ჯდება არც ბიბლიურ სიუჟეტებში და არც მეცნიერულში. ეს კი ათასი ჭორ-მართალის საბაბი გახდა. ზოგიერთი მეცნიერი და უფოლოგი ბოსკოპელებს უცხოპლანეტელთა შთამომავლებად, ზოგიც კი HOMO-ს გვარის ცალკე სახეობად მიიჩნევს, მაგრამ ჩვენ გაგვაჩნია საკუთარი ვერსია, რომელსაც  ქვემოთ შემოგთავაზებთ.

ბოსკოპელები დაახლოებით 20,0 ათასი წლის უკან გადაშენდნენ და იმქვეყნად წაიღეს საკუთარი წარმოშობის ისტორია. არსებობს მათი გადაშენების რამდენიმე თითქოდა საყურადღებო ვერსია. ერთის მიხედვით, მწირი რაციონის გამო, მათი ტვინის გამოკვება სრულფასოვნად არ ხორციელდებოდა, ხოლო მეორე ვერსიით, დიდი თავის ქალა მათ ქალებს მშობიარობას ურთულებდა ... ჩემი აზრით ორივე მოსაზრება უფრო ბავშვურ დასკვნას ჰგავს, ვიდრე მეცნიერულ მსჯელობას, მაგრამ ასეთი ,,იაღლიშები“ მეცნიერებაში მოსულა ...

დიდი ხანია აღნიშნულ საკითხზე ვფიქრობ, მაგრამ ხელმოსაჭიდი ვერსად ვერაფერი ვნახე, პირველ რიგში ბიბლიურ ინფორმაციებში, თუმცა მისი ,,გვერდითი მოვლენა“ მაინც აღმოვაჩინე. ეს უკავშირდება აბელის დაბადებას  ... ვნახოთ, რა გამოვა, როგორ შევძლებ ამის არგუმენტირებას.

ხოლო, რაც შეეხება ზედა გამოქვაბულის ადამიანს, ის  ბევრით არაფრით განსხვავდებოდა HOMO  SPARE-საგან, ამიტომ აღნიშნული, რაიმე დამატებით განხილვას, მგონი არ საჭიროებს.

შემდეგი განსახილველი საკითხი შეეხებათ SAG-GIG-GA-ს სახელით ცნობილ, იდუმალების ბურუსით მოცულ ხალხს - შავთავიანებს, ანუ შუმერებს.

მკითხველის ყურადღებას იმთავითვე მივაპყრობ, ჩემი აზრით ერთ მეტად მნიშვნელოვან ფაქტზე, შუმერები საკუთარ თავს ,,შავთავიანებს“ უწოდებდნენ და ისტორიაში ამ სახელით შევიდნენ ... ქართველთა თავებიც ხომ ,,შავია“? ... ეს ხომ არ ნიშნავს მათ შორის ნათესაურ კავშირს, რადგან ზოგჯერ ჩვენც შავთავიანებად მოვიხსენიებთ ჩვენს თავს?

ზემოთ მე აღვნიშნე, რომ ზოგადად მეცნიერებაში  ,,იაღლიშები მოსულა“, ამიტომ ,,შავთავიანთა ჰიპოთეზა“ არ არის ფანტაზიის სფერო და გაცილებით წონადია, ვიდრე ის იაღლიში, რომელიც ბოსკოპელების გადაშენებას შეეხებოდა.

რაც შეეხებათ შუმერებს, მათზე ბევრი რამ არის ცნობილი, მაგრამ მთავარი - წარმოშობის საკითხი, დღემდე დაუდგენელია, თუმცა ამ მიმართულებით ათასი აზრია გამოთქმული, მაგრამ დაბეჯითებით მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება: არცერთი არ არის ჭეშმარიტი.

ზემო და ცენტრალური მესოპოტამია (შუამდინარეთი), სავარაუდოდ ძვ.წ.  VI – V ათასწლეულებში დასახლებული იყო შუმერთა წინაპრებით - უბეიდელებით ანუ პროტოევფრატელებით. მათ ცოტა მოგვიანებით დაიწყეს სამხრეთის ათვისება და ჩამოყალიბდნენ შუმერელ ხალხად.

სიცხადისთვის, ჩვენ შუმერებს თავისი ადგილი მივუჩინოთ HOMO-თა კლასიფიკაციაში და დავანათლოთ HOMO SAG-GIG-ის სახელი, რადგან ისინი არ წარმოადგენდნენ, არც  HOMO CRO-MAGNON-ელებს და არც ბოსკოპელებს. უფრო განეკუთვნებოდნენ ზოგადი განმარტებით აღნიშნულ -  HOMO  SPARE-თა სახეობას, ხოლო რაც შეეხებათ პროტოევფრატელებს, ისინი წარმოადგენდნენ HOMO SAG-GIG-თა წინაპრებს და ამიტომ არ არის საჭირო მათი ცალკე კლასიფიკაცია.

ახლა კი მამა-შვილს შორის გამართული, ერთი პატარა დიალოგი მოვიტანოთ და თხრობა შემდეგ განვაგრძოთ:
-  სად იყავი? - ეკითხება მამა შვილს.

- არსად არ ვყოფილვარ! - პასუხობს შვილი
- თუ არსად ყოფილხარ, მაშ უსაქმოდ რას დაეხეტები? ყური მიგდე! კაცი არა ხარ? ნუ დაეყუდები მოედანზე, ნუ იხეტიალებ ბაღებში, ქუჩაში რომ მიდიხარ, თვალებს აქეთ-იქით ნუ აცეცებ, იყავი მოკრძალებული ... ხალხმრავალ მოედნებზე უსაქმური ხეტიალით გინდა მიაღწიო წარმატებას? აბა, თვალი გადაავლე წინა თაობებს, გირჩევ სკოლაში იარო, ეს შენ სიკეთეს მოგიტანს ...

იცით, რა ტექსტია ეს? ... არა? ...
რომ არ იცოდეთ როდის არის ეს ტექსტი დაწერილი, იმდენად ,,ახლობელია,“ თანამედროვე მამა-შვილს შორის მიმდინარე საუბარი გეგონებათ. არადა ამ შუმერული ,,თიხის ფირფიტის“ ლურსმული წარწერა შესრულებულია სამიათასი წლის უკან ...

როცა ევრ-აზიაში და საერთოდ მთელს მსოფლიოში  HOMO  SPARE-ები დედიშობილა დატანტალებდნენ,  ,,შავთავიანები“ თაღოვან კაშხლებს აგებდნენ, ჰქონდათ ლურსმული დამწერლობა, იცნობდნენ რიცხვით სიდიდეს 85 000 000 000-ს და სამყაროს წარმოშობის შესახებ ისეთ ინფორმაციას ფლობდნენ, რაზეც ახ.წ. XVIII საუკუნემდე, კაცობრიობა ,,ტყემალზე’ იყო შემოსკუპებული. 
          (გაგრძელება იქნება)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები