ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: საბავშვო
28 დეკემბერი, 2019


თოვლის ბებოს ზღაპარი

თოვლის ბებოს ზღაპარი
    ალბათ ყველას გაინტერესებთ, თუ სად ცხოვრობს თოვლის ბებო, არა? არც ლაპლანდიაში, სადაც თოვლის ბაბუები ცხოვრობენ, არც მაღალ მთებსა და თოვლიან ტყეებში, არც.... და არც.... თოვლის ბებო ცხოვრობს, არც მეტი და არც ნაკლები  ქათქათა და ღუნღულა ღრუბელში.  გაგიკვორდათ, არა? თავად ასეთი  ფუმფულა, მსუქანა, ფაშფაშა, ლოყებღაჟღაჟა ბებია, როგორ უნდა  ეტეოდეს  ღრუბელშიო, მაგრამ რას ვიზამთ, ასეა და. მასთან ერთად ამ ფუმფულა ღრუბელში ასეთივე  ფუმფულა თოვლის ფანტელები ცხოვრობენ, საერთოდაც ბებოს თოვლის ფანტელების საწოლი აქვს, თოვლის ფანტელების მაგიდა, და მთლიანი ქოხი თოვლის ფანტელებისაა.  აი,  როდესაც დაზამთრდება და თოვლის მოსვლის დრო დადგება ხოლმე,  სწორედ მაშინ აფუსფუსდება თოვლის ბებიაც. შემოსცხებს თავის ჯადოსნურ ჯოხს ღრუბელს და  გააღვიძებს  ძილისგუდა ფიფქებს დედამიწაზე ბავშვების გასახარებლად, ზოგიერთ ზარმაც ფიფქს,  ღრუბლის ქუნქულა საწოლიდან წამოდგომა რომ ეზარება, წამოსცხებს ხოლმე ტაკოზე ჯადოსნურ ჯოხს და ისე გადმოუშვებს დედამიწაზე. ბავშვებს კიდევ უხარიათ, ჟრიამულობენ და ხტუნავენ თოვლის ფიფქების დანახვაზე. გაღიმებული თოვლის ბებო, გადმოიხედება ხოლმე ღრუბლიდან, ხელს ფუმფულა ლოყაზე შემოიდებს და ღიმილით ყურს მიუგდებს ბავშვების ჟრიამულს, შეისწორებს თავის უუშველებელ გამადიდებლისშუშიან სათვალეს. (ასეთი უშველებელი სათავლე იმიტომ აქვს, რომ დედამიწაზე ხომ უნდა დაინახოს ცუნცულა, ცეროდენა ბავშვები, თანაც ბებო ხომ მოხუცია, ბავშვები- პატარები, ღრუბლიდან დედამიწამდე - დიიდი მანძილი  და კარგი მხედველობაც აღარ აქვს, რომ უსათვალოდ შეძლოს დანახვა). 
      მოკლედ, ზამთრის დადგომასთან ერთად, ბებოც იწყებს საახალწლო სამზადისს. თუმცა, სანამ ბებოს საახალწლო სამზადისზე გიამბობდეთ, უმჯობესია მოგითხროთ მისი გარეგნობის შესახებ. დაახლოებით ალბათ წარმოიდგენდით, მე უკვე გითხარით რომ თოვლის ბებო ფუმფულა და ლოყებღაჟღაჟაა-მეთქი. ასევ იგი  არც ძალიან მაღალი და არც ძალიან დაბალია, თეთრი  თმა აქვს და მუდამ შეკრული  დიიდი  ხვეულა  ადევს  თავზე ყინულის ლოლუების სარჭებით დამაგრებული. ბამბაზიის ლურჯი კაბა აცვია, თეთრი კოპლებით, საყელოსთან და მაჯებთან გახამებული მაქმანებით გაწყობილი. გულზე მოცვის, შავი მოცხარისა  ან ხურტკმელების მძივი უკეთია, კალთაზე - წინსაფარი.  წინსაფარს ასევე მაქნანიანი ჯიბე ამშვენებს,  ჯიბეს კი - ფერად-ფერადი კანფეტები. ზოგი პიტნისაა, ზოგი კოწახურის, ზოგი კიდევ გულაბი მსხლისა. შიგადაშიგ ბებო გაიტკბარუნებს ხოლმე პირს. ერთხელ გათლილი სტაფილოც კი ვუპოვე ჯიბეში, ალბათ გამოიცნობთ რისთვის ინახავდა, ჰოო, თოვლის კაცუნებისთვის, ბავშვები რომ აკეთებენ  ხოლმე და ეზოში დგამენ.  ბებოს პაწუა ცხვირი და ყავისფერი თვალები აქვს, მუდამ ღიმილიანი პირ-სახე. მხრებზე მატყლის შალი აქვს მოხვეული წითელი ძახველებით გაწყობილი. ფეხზე კი გრძელი მატყლის წინდა  აცვია, მუხლებთან გირჩებითა და ფერად-ფერადი ფოჩებით  შემკული. საღამოობით, როდესაც საქმეებით დაღლილი ბებო აგუზგუზებული ბუხრის წინ ჩამოჯდება და  ჯადოსნურ  სიზმრებს ნახულობს ხოლმე ბავშვებზე, კალთაში ხან თეთრი ფისო ჩაუსკუპდება კრუტუნით, რომელსაც ბებომ ფიფქსო შეარქვა, ხანაც  თეთრი ბაჭია- ბაცია მიადეებს ხოლმე თავს ლოყაზე  და ჩასთვლემს ბებოსთა ერთად ტკბილად. დილა, დილა კი ისეთი საქმიანი აქვს ბებოს, სადა სცალია ბუხართან ჯდომისთვის?! ავლებს ნიგვზიან კაკლუჭებს,  აშრობს  ვაშლის ჩირის ჩურჩხელებს, ამზადებს ნუშისა და თხილის გოზინაყებს. საქმით დაღლილი დედამიწაზეც ჩამოიხედავს ხოლმე, მას მხოლოდ ბავშვების კი არა, თოვლის გუნდა შვილიშვილების ხითხითიც ესმის, ბავშვების გუნდაობის დროს, ხან ერთი გუნდა წამოიყვირებს ხოლმე ვაი, ვაი, მომეღიტინა, ამ ბავშვმა როგორ მომამრგვალაო, ხან რომელი გუნდა... როგორც კი შეატყობს რომ თოვლის დადნობას აპირებს და მზე იჭყიტება, მაშინვე დააბზრიალებს ჯადოსნურ ჯოხს, ბავშვებს უთოვლო ზამთარი არ ჰქონდეთ ,  იმხიარულონო და ჰაერში  დააყენებს  ფიფქების კორიანტელს. ისე, ფიფქების კორიანტელი სახლშიც უნდგას ხოლმე, როდესაც ცოცხით სახლს ხვეტს... თოვლის ბებოა და რა ქნას, სულ ფიფქებშია მისი სახლი ამოგანგლული. როდესაც სახლსაც მიალაგებს და საშობაო ნუგბარსაც მოამზადებს, როდესაც ცაში შობის ვარსკვლავი გაწკარუნდება ხოლმე, ეს ვარსკვლავები კიდევ ისეთი ცელქები და ხმაურიანები არიან, განსაკუთრებით შობას, აბრჭყვიალდებიან ხოლმე ცაზე ვერცხლისფრად და შობის ჩიტებივითა სტვენენ აი , სწორედ მაშინ დაუყვება თოვლის ბებო ხვნეშა-ხვნეშით ცის ბილიკებს, ხან ღრუბლის საფეხურებზე  ჩამოივლის, ხან ვერცხლისფერი მთვარის  ანარეკლებზე.  შუაღამისას, დაადგამს თუ არა  დედამიწაზე ფეხს, ისეთი სითბო, სინათლე და სიმშვიდე დატრიალდება ხოლმე მის ირგვლივ, არც ერთ ბავშვს ტოვებს მოუფერებელს, თავისი თბილი, ნაზი  და ფაფუკი ხელებით ყველა მძინარე ბავშვის საწოლთან ჩაიმუხლება მიეფერება, შუბლზე აკოცებს. ზოგიერთ ბავშვს დილითაც ეტყობათ ხოლმე თოვლის ბებოს ნაკოცნი, ახალგაღვიძებულებს ლოყები ისეთი წითელი აქვთ ხოლმე, აბრაწული.
    აი, შობის დილას, ახალგავიძებულზე  თქვენც აუცილებლად ჩაიხედეთ სარკეში, იქნებ თქვენც დაგრჩათ ლოყაზე თოვლის ბებოს კოცნის კვალი? ....

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები