მზემ დაუბრუნა პიმეს სხეულს მოძრაობის ნება. თავს ზევით ლომის ფაფარისთვის მთელი ამ დროის მანძილზე თვალი არ მოუცილებია. მარცხენა ხელის საჩვენებელი თითი ინსტიქტურად წაიღო მისკენ, როგორც კი ძალა იგრძნო. გაუაზრებლად, თუმცა ნახევრად მოხრილ თითში თავიდანვე იგრძნობოდა ყოყმანი. მაინც ვერ გაბედა, რომ შეხებოდა. ახლაღა შეამჩნია, რომ მუხლის ჭრილობა ისე შეხორცებოდა ერთ დღეში, სათესლე ჯირჯვალს ორ კვირაშიც ვერ მოესწრო. ჯიბიდან დაჭმუჭნული ნაჭერი ამოიღო პიმემ. ნახატი იყო. უნაკლოდ თეთრ პურზე გადასმული უცხიმო, ასევე უნაკლოდ თეთრი კარაქი ესვა, კარაქზე კი შავი ხიზილალა ეყარა. ხიზილალა ბრწყინავდა მზის შუქზე. არასდროს ეჭამა პიმეს ეს და არც იცოდა რა იყო, უბრალოდ ბავშვობიდან ამის ხატვას იყო მიჩვეული, იჯდა და ხატავდა. ეს ნახატი აღარც ახსოვდა, პაპის ძველ ნივთებში იპოვა, თურმე მას შეენახა. უკვე შეეჩვია პიმე ემოციებისგან გათიშულ სხეულს. თვალებსაც, რომ ვერ ამოძრავებდა ხოლმე. ზოგჯერ ცდილობდა დაეხუჭა, უშედეგოდ, მაგრამ თუ თვალდახუჭულზე ითიშებოდა უარესი იყო, ერთია უყურო იმას, რასაც ბოლოს უყურებდი. იფიქრო ყველაფერზე, მაგრამ თვალი მხოლოდ ერთ საგანზე გქონდეს მიჯაჭვული. ეს, თითქოს ადვილია. მეორეა, როცა დახუჭული გაქვს თვალები, ამ დროს არ იცი რას მოეჭიდო, უკიდეგანოა ფანტაზია და უკიდეგანოა ტანჯვა. პიმეს დენის დარტყმასავით უცბად დაუბრუნდა სხეულის კონტროლი. ის გრძნობდა, როგორ უჯდებოდა ძალა ყველა სახსარსა და კუნთში, როგორ მიდიოდა კანის კიდემდე და იქ ბლანტად იშლებოდა. წონასწორობის აღდგენის შემდეგ, იმ გზას გაუყვა უკან, რომლითაც გრძნეულთან მივიდა, თუმცა ამჯერად საპირისპირო მიმართულებით. მგონი სახლში დაბრუნდა. კი, ნამდვილად, საკუთარ სახლში დაბრუნდა. საგზლის ჩალაგებას შეუდგა, ფეხებზე ნაჭერი ამოიკრა, უსათუოდ შორ გზაზე წასვლას აპირებდა.
...... ერრა ...... ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან მივიდოდა გრძნეულთან. ეს გამორიცხული იყო, მაშინვე მივხვდი, როდესაც მისი სახელი შემთხვევით ვახსენე და მან ყურები ცქვიტა. შემდეგ ჩემი საქციელი, რომ გამომესწორებინა ვეცადა ინტერესი მომაკლა მისთვის და ყველაფერი ვუამბე, ამ ქალის ნამდვილი სახის შესახებ. ვუთხარი, თუ მას ახსენებდა, ყველა დასცინებდა, ვინაიდან მისი არსებობის შესახებ მხოლოდ მე, მისმა მსახურმა და თავად თუ იცის. ისიც ვიცოდი, რომ ადრე თუ გვიან შინ დაბრუნებას მოინდომებდა, ეს გარდაუვალი იყო. და სიმართლე გითხრათ, ვერც წარმომედგინა, პიმე ნეკნების გარეშე. და აი მიდის, მიდის დასავლეთში და სხვაგან არც წავიდოდა. ... იქვე ეზოში გავიდა პიმე, წყალიც რომ აევსო. ბალახზე გუშინდელი წვიმისგან დარჩენილი წვეთები გაჩერებულიყო და პიმემ შემჩნია, ერთ-ერთი მათგანი, როგორ დაიძრა და ფოთოლს ფერებასავით ჩამოჰყვა ძირამდე. არ უნდოდა მოწყვეტა, არ უნდოდა დაეთმო ის. ფოთოლმაც, თანაგრძნობის ნიშნად, თავი დახარა, სწორედ ამ დროს, ამ მომენტში, როცა ყველაზე მეტად უნდოდათ ყოფილიყვნენ ერთად, მოსწყდა წვეთი მას, და დაეშვა მიწისკენ. ბუნების კანონებმა, ფოთოლს წვეთი წაართვა, პიმეს კი პაპა. ის გაბრაზებული იყო, ბალახი მოგლიჯა, ფეხქვეშ გაიგდო და იმდენი ხანი ურტყა წიხლები სანამ ბოლომდე არ მიჭყიტა მიწას. პირიდან დორბლი სდიოდა, იმდენი დაგროვებოდა და იმდენი სდიოდა, რომ მუხლზეც კი დაესხა. პიმემ წყალი აავსო და წასვლას აპირებდა, თუმცა დაინახა მეზობელი სახლის აივანზე გადმომდგარი გოგონა, რომელიც ფსამდა და ცდილობდა შარდის ნაკადი, ძირს მჯდომი, ულვაშიანი, კუშტი გამოხედვის მქონე კაცისთვის დაემიზნებინა. როცა ეს მოახერხა, კაცმა ვერც კი შეამჩნია, ვინაიდან იქრებში იყო გართული, ანდაც გაბრაზებული, ხელებს აქეთ-იქით იქნევდა და ილანძღებოდა. ამბობდა ჩემს აშენებულ სახლში, სხვამ რატომ უნდა იცხოვროსო. გასაკვირი ის იყო, რომ პიმე მთელი ცხოვრება აქ ცხოვრობდა, მაგრამ ეს ხალხი აქამდე არასოდეს შეემჩნია. სიამოვნებით იფიქრებდა ამაზე, მაგრამ ეჩქარებოდა, წყალიც საჭირო ადგილზე ჩადო, ეზოდან გასვლის შემდეგ შემოტრიალდა, კარი დახურა, ამოიოხრა და გზას დაადგა.
| კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
| მონაცემები არ არის |
|
| მონაცემები არ არის |
|
|