ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: პროზა
10 იანვარი, 2020


ცრემლის შემგროვებელი ბიჭის ზღაპარი

  სამსართულიანი სახლის სხვენში რვა  წლის ფიქრიანი  ბიჭი ცხოვრობდა, რომელიც იკვლევდა, თუ სად მიდიან ცრემლები ტირილის შემდეგ? ბიჭი კალმითა და წიგნაკით დადიოდა და გამუდმებით ეკითხებოდა მშობლებს, თანატოლებსა თუ უცნობებს, რაზე ტიროდნენ ადამიანები და შემდეგ თავის წიგნაკში იწერდა.
-თუ შეიძლება, მიპასუხეთ, ბოლოს რის გამო  ატირდით?
    დედამ უპასუხა, ბოლოს მაშინ ავტირდი, როცა  შენ მაღალი სიცხე გქონდაო. ბებიამ -  როდესაც ტელევიზორში  სიუჟეტი გავიდა, მოხუცთა თავშესაფარში  ჩემი ბავშვობის მეგობრარი როგორ საუბრობდაო. ბაბუამ ამოიოხრა, სათვალე შეისწორა და... - როდესაც აცრემლებული ბებიაშენი დავინახე მაშინო. მამამ ჩაახველა, უხერხულად შეიშმუშნა და მხრები აიჩეჩა, მე სამწუხაროდ აღარ მახსოვსო. კარის მეზობელმა დეიდამ - როდესაც მეუღლე საზღვარგარეთ გავაცილე სამუშაოდ, აი, მაშინ ავტრიდი ბოლოსო, ქვედა მეზობელმა ბებიამ - როდესაც პენსია დამეხარჯა და  შვილმა ძვირადღირებული წამლები მომიტანა თავისი დანაზოგით აფთიაქიდანო, ქუჩაში გამვლელმა ქალბატონმა - როდესაც შვილი ჯარიდან დამიბრუნდაო, პატარა გოგონამ - როდესაც დედამ  თოჯინის ნაცვლად პალტო მიყიდა, ზამთარში აღარ შეგცივდებაო, მისი მეგობარი ბიჭუნა კი გამოუტყდა, რომ ბოლოს მაშინ იტირა, როდესაც ბაღში წაიყვანეს. აჰა, აი,  ასეთი ათასგვარი დარდი თუ სიხარული აქვთ თურმე ადამიანებს, რის გამოც ეტირებათ, მაგრამ ახლა გასარკვევია, თუ სად მიდის მათი ცრემლები? შემოიდო ორივე ბუნჩულა ხელი ბუნჩულა ლოყაზე, იდაყვები ფანჯრის რაფას დააყრდნო და მიეცა ღრმა ფიქრს. ქუჩაში მანქანები გადი-გამოდიოდნენ, შუქნიშანი სამ ფერად თვალს აპაჭუნებდა, ვიღაც გარბოდა, ვიღაც გამორბოდა, ვიღაცა ძაღლს ასეირნებდა, ვიღაცას დატვირთული ჩემოდნები მიჰქონდა, ვიღაცა ჯიბეებში ხელებჩაწყობილი მისეირნობდა, ვიღაცას პოლიციელი ჩაუსტვენდა ხოლმე, ქუჩაზე არასწორად გადასვლის დროს, მაგრამ ბიჭი ყურადღებას არავის აქცევდა. არც ფანჯრის რაფაზე შემოსკუპებულ ქოთნის ყვავილს, ბიჭის გასახარებლად რომ ყვავილობდა ხოლმე, არც თავის თანატოლებს ეზოში რომ უხმობდნენ სათამაშოდ, არც ბებიას  გემრიელ ქადებს რომ უცხობდა, არც მამას საღამოობით სამსახურიდან დაბრუნებული ახალ სათამაშოს ან წიგნს რომ  მოუტანდა  და არც დედას, ძილის წინ ახალ-ახალ საგმირო ზღაპრებს რომ უყვებოდა. ყველა შეფიქრიანდა, ნეტავი ასეთი რა აწუხებს ჩვენს ბიჭსაო? წაიყვანეს თეთრხალათიან და დიიდსათვალიან ექიმთან. -აბა, პირი გააღეო, აბა, ამ თითს თვალი გააყოლეო, აბა, ღრმად ამოისუნთქეო, აბა ჩაახველეო, აბა ისაო, აბა, ესაო... ვერაფერი გაუგეს. საბედნიეროდ ბიჭს ტკივილით არა სტკიოდა რა, მხოლოდ აინტერესებდა,  ტირილს შემდეგ სად მიდიოდნენ  ცრემლები, ეს იყო და ეს.
    უფროსები ათას რამეს იგონებდნენ პასუხი რომ გაეცათ ბიჭისთვის, მაგრამ სამწუხაროდ ბიჭს არავისი  სჯეროდა. „ცრემლების სამყარო იდუმალი, მიუწვდომელი და ამოუცნობიაო“ - პატარა პრინცის სიტყვებს დღეში ათჯერ მაინც იმეორებდა. დაიარებოდა ჩაფიქრებული და ხუჭუჭა და აბურძგნულ თავს იქექავდა: ნეტავი როგორია ცრემლების ქვეყანა? 
    ერთხელაც ასეთი რამ მოიფიქრა,  თუკი ატირებულ ადამიანს ნახავდა, მაშინვე მისულიყო და მისი წკაპაწკუპით ჩამოცვენილი ბროლივით ბრჭყვიალა და გამჭვირვალე ცრემლი მუჭით მოეგროვებინა, მერე კი  სულაც ქილაში მოეთავსებინა.  ბიჭი ასეც მოიქცა. გაკვეთილების შემდეგ, სკოლიდან სანამ სახლში მივიდოდა, ხან ფეხატკიებული და აცრემლებული ლეკვის ცრემლებს აგროვებდა, ხან მიწისქვეშა გადასასვლელის კიბეებზე შიმშილისგან ატირებული მოხუცის, ხან გულნატკენი  პატარა გოგონასი, მშობლები რომ ერთმანეთს დაშორდნენ, ან პატარა ბიჭის,  ველოსიპედიდან რომ გადმოვარდა და მუხლი იტკინა,  ხან შეყვარებულების  სკვერში სისულელეზე რომ იჩხუბეს და ერთმანეთს გაებუტნენ.  მოკლედ, დროთა განმავლობაში ჩვენს ბიჭს იმდენი ცრემლი შეუგროვდა, ჯერ ერთი ქილა გაევსო, შემდეგ - მეორე, მესამე და მეოთხე... მინის ქილებში ცრემლები ისე ბზინავდნენ უკეთესს ვერას ნახავდით.
    ერთ საღამოსაც ბიჭი ფანჯარასთან რომ იჯდა და ჩაფიქრებული ღამეს გაჰყურებდა,  ციდან მშვიდი ხმა მოესმა: კეთილო ბიჭო, ეს რამდენი ცრემლი გიგროვებია, გამოაღე ფანჯარა და ქილებიდან ცრემლი მუჭა-მუჭა აისროლე ცაში. ბიჭი ასეც მოიქცა. მძივის მარცვლებივით აბრჭყვიალდნენ და აგორდნენ ცაზე სიხარულისა თუ სევდის ცრემლები და ვარსკვლავებს შეერივნენ... მოიმატა და მოიმატა ცაზე ვარსკვლავთა ციმციმმა. აი, ახლა კი მიხვდა ბიჭუნა, თუ სად მიდის  ადამიანის თვალიდან  გადმოგორებული  ცრემლი, თურმე ვარკვლავებად კაშკაშებს ცაში და ბნელ, სევდიან ღამეებს ანათებს.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები