ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: საბავშვო
17 იანვარი, 2020


ბროწეულების ქვეყნის ზღაპარი

ბროწეულების ქვეყნის ზღაპარი
  ბროწეულების  ქვეყანა ბროწეულის ხეზე ება. ბროწეულის სახლებით დამშვენებული. ოღონდ ბროწეულის სახლები  ოქროსფერი იყო, წითელი -არა.  სახლებს საკვამურიცა და კარ-ფანჯარაც ჰქონდა, სახურავი და კიბეც. აბა, ისე როგორ  იქნებოდა. ჩვეულებრივ სახლებს გავდნენ, ისეთებს როგორ  სახლებშიც  ჩვენ ვცხოვრობთ, უბრალოდ აგურის ან ქვისა კი არა,  ოქროსფერი ბროწეულებისა იყო. ბროწეულების სახლებში  ადამიანები ცხოვრობდნენ: ექიმები, მასწავლებლები, ჯარისკაცები, მფრინავები, მოხუცები, პატარები და დიდები. ბროწეულის ქვეყნის თავზე ციაგ-ლურჯი ცა და მზე და მთვარე ენთო მუდმივად. 
    ბროწეულების ქვეყნის ერთ ოქროსფერ ბროწეულში კი შეყვარებული გოგონა ცხოვრობდა. ისეთი შეყვარებული იყო, ისეთი შეყვარებული,  მაგალითად საუზმის შემდეგ საშაქრეს მაცივარში ინახავდა, ჩაიდანს - წიგნების  კარადაში. არა, არა, არ  გაგეცინოთ, ეს შეყვარებულ ადამიანებს  სჩვევიათ. იბნევიან და ავიწყდებათ ხოლმე ქვეყანაზე ყველაფერი საკუთარი შეყვარებულის გარდა. მისი შეყვარებული კი ერთი მამაცი ჯარისკაცი იყო. რომელიც ყოველ დილით გაისწორებდა სამხედრო ფორმას, გაიპრიალებდა ჩექმას, გულის ჯიბეში ბროწეულის ყვავილს გაირჭობდა და სამხედრო ნაბიჯებით აუვლიდა და ჩაუვლიდა ხოლმე გოგონას ბროწეულის სახლის ფანჯრებს. გოგონას სიყვარულისგან ჩიტივით ფრთხიალებდა, მიაწყდებოდა ხოლმე ფანჯარას და ერთთავად უკანკალებდა ხელ-ფეხი. თუმცა არც ეს მდომარეობაა  საშიში, ესეც შეყვარებულების დამახასიათებელი თვისებაა. ღიმილიანი ჯარისკაცი დაინახავდა თუ არა გოგონამ  შემამჩნიაო, შეითამაშებდა ჰაერში, ირაღს მოიხსნიდა მხრიდან და კვლავ გაიკეთებდა და შემდეგ  სამხედრო ნაბიჯით დაიწყებდა წინ და უკან სიარულს. აი, ისე როგორც აღლუმზე დადიან ხოლმე. გოგონაც გაუღიმებდა და ქათქათა თეთრ ხელსახოცს დაუქნევდა ფანჯრიდან. ეს იყო და ეს. ასე გრძლედებოდა დღეები, თვეები და წლებიც კი... თუმცა ბროწეულების ქვეყანაში მგონო დრო საერთოდ არ არსებობდა. მარადიული ზაფხული იდგა, ერთად კაშკაშებდნენ  მზე და მთვარე. ბრჭყვიალა ოქროსფერი ბროწეულის სახლებში  კი ბედნიერი ადამიანები ცხოვრობდნენ.
    თუმცა აბა, ბედნიერება დიდხანს როდის გრძელდება ხოლმე და უცხო ქვეყნიდან გულგახეთქილმა მტრედმა მოიტანა ფეხზე შებმული ბარათი: მეზობელი ქვეყნის ხოდავანდგარი თუ  ისა და ესაო,  ომში იწვევს ბროწეულების ქვეყნის მბრძანებელსო. აფორიაქდნენ ბედნიერი მაცხოვრებლები, ჩვენს ბედნიერ ცხოვრებას წერტილი დაესმევაო,  ვაი რა გვეშველებაო, ვუი რა მოგველისო! სხვა გზა არ იყო, ბროწეულების ქვეყნის მრძანებელმა იხმო შეყვარებული ჯარისკაცი, შენს იმედადაა ჩვენი ქვეყანა, უნდა შეებრძოლოო. აბა, ჯარისკაცი რისი ჯარისკაცი იქნებოდა, ომში რომ არ წასულიყო, თანაც ასეთი მამაცი ჯარისკაცი ბროწეულების ქვეყანას რომ ჰყავდა!
    ბიჭი გამოემშვიდობა გოგონას, თავის გულის ჯიბეში  ნადები ყვავილი გაუწოდა დაბლიდან.  გოგონამ თავისი თეთრი ხელსახოცი ჩამოაწოდა  ფანჯრიდან  სახსოვრად და ერთმანეთს აღუთქვეს მარადიული სიყვარული და ერთგულება.  გოგონა,  ჯარისკაცის  დაბრუნებმადე,  ბროწეულის  სახლის ფანჯარაში  ანთებული სანთლით ხელში უნდა მდგარიყო, იმის ნიშნად რომ იგი სატრფოს ელოდა. ეს სანთელი ომში  ჯარისკაცს  გზას გაუნათებდა, ხოლო უკან დაბრუნებული თუ სანთელს ვერ დაინახავდა, ეს კი  იმის მანიშნებელი იქნებოდა, რომ გოგონამ გადაიყვარა და არ დაელოდა. ჯარისკაცი მაშინვე წყალს მისცემდა თავს, ბროწეულების ხის ძირში რომ ჩამოდიოდა.
    დიდხანს იბრძოდა ბროწეულების ქვეყნის  ჯარისკაცი. ომში ხან დაიჭრებოდა, ხან სციოდა და ხან სტკიოდა კიდეც, მაგრამ  ბრძოლის ველიდან  გამოიხედავდა თუ არა და გოგონას მბჟუტავ სანთელს დაინახავდა შოორს, ძალიან შოორს  მშვიდდებოდა, იმედი და ძალა ეძლეოდა, რომ გოგნას კიდევ ვუყვარვარ და მელისო.
    გოგონა დღე და  ღამ იდგა ფანჯარასთან, გზას გაჰყურებდა  სანთლით და ლოცულობდა, ჯარისკაცი შინ მშვიდობით დაბრუნებულიყო. ათასი ვინმე მოვიდა გოგონასთან ხელის სათხოვნელად. აი, ხომ ხედავ ჯარისკაცი არა ბრუნდება, ვინ იცის ომში გმირულად დაეცა, შენ კი სულ ტყუილად უცდი, მე გამომყევიო -  ჯერ მფრინავმა უთხრა, მერე ბროწეულების სახლების მშენებელმა, მერე ერთმა ექიმმაც. თუმცა გოგონა ყველას უარით ისტუმრებდა.
-ოჰ, ეს დიდი უკადრისა  ვინმე ბრძანებულაო, - ცხვირი აიბზუეს ბროწეულების ქვეყნის სასიძოებმა.
    გოგონა სანთლით ხელში ჯარისკაცს ელოდა. ჯარისკაცი კი სამწუხაროდ არა და არ  ბრუნდებოდა. ამბობდნენ ხოდავანდგარმა სიცოცხლეს გამოასალმაო.  თუმცა დაზუსტებით არავინ იცოდა.
    ერთ დღესაც როდესაც გოგონა  სანთლით ხელში თვალცრემლიანი კვლავ ფანჯარასთან დაღლილ-დაქანცული იდგა,  ინატრა, თუ ჩემი ჯარისკაცი არ დაბრუნდება  დაე,  ყვავილად გადავიქცე, ჩემს ადამიანად ყოფნას  სატრფოს გარეშე რაღა აზრი აქვსო?! . ნატვრა ერთი იყო,  ასრულება - მეორე. გოგონა სანთლით ხელში  ყვითელ უკადრისა ყვავილად გადაიქცა, ხელის დაკარებასაც ვერავინ ბედავდა, მაშინვე ცრემლებად სცვიოდა მარცვლები. ქოთნის  ყვითელი  ყვავილი იდგა ფანჯარის რაფაზე და ახლა ის ასხივებდა. 
    გავიდა დიდი დრო, ამბობენ საუკუნეებიცო, თუმცა დრო ხომ არ იყო ბროწეულების ქვეყანაში. მოკლედ, ოდესღაც დაბრუნდა გამარჯვებული  ჯარისკაცი. ფანჯარაზე შემოდებული ქოთნის ყვითელი ყვავილი რომ დაინახა, მიხვდა რაც დაემართა სატრფოს, ჯერ  ბევრი იტირა,  ბევრი იდარდა, შემდეგ ყვავილი გულში გადაირგა და თვალის ჩინივით უვლიდა.
  ბროწეულების ქყვეყნის ერთმა ბრძენმა  კი მტრედს გამოატანა ეს ზღაპარი ჩემთან და იქვე, ბარათის ბოლოს  მიაწერა, მთავარი არ არის  შეყვარებული ადამიანები ერთად იქნებიან თუ არა, მთავარია ისინი ამ სიყვარულს როგორ გაუფრთხილდებიანო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები