ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: საბავშვო
29 იანვარი, 2020


სიზმარქვეყნის ზღაპარი

სიზმრქვეყნის ზღაპარი
    თურმე ლამაზი სიზმრები  სიზმარქვეყანაში ცხოვრობენ. ძილის მთასა და ძილის ზღვას რომ გადაივლი, იქ არის ერთი მუჭა ქვეყანა, რომლესაც სიზმარქვეყანა ჰქვია! ისეთი პატარა ქვეყანაა, ისეთი ციდა, ბეჭდის თვალი გეგონება, მაგრამ ისეთი ძვირფასი ხეები ჰყვავის  იქ...  იმ ხეებზე ფოთლების ნაცვლად ფერადი სიზმრები ასხია, არცა ხმებიან, არცა ჭკნებიან და არცა ცვივა.  მხოლოდ ბავშვებს ესიზმრებათ ასეთი ფერადი სიზმრები, მაგრამ გამოღვიძებისთანავე ავიწყდებათ სამწუხაროდ.
      როცა დედიკო დაგაწვენს საწოლში, ძილინებისას გისურვებს, შუბლზე გაკოცებს და ფუმფულა საბანს შემოგიკეცავს, აი, მაშინ იწყება საოცრება. ჯერ წამწამებზე ჩამოგისკუპდება  ძილის ფრინველი, ისეთი მძიმე ვინმე ბრძანდება, თვალის ქუთუთოები თავისით გეხუჭება, ძალის  ძალით აახელ  თვალს და ისევ გეხუჭება.... ძილის ფრინველი მძიმეა, მაგრამ ისეთი ტკბილი, შეგისვამს თავის ფერად ფრთებზე და ჰაიიიდაა! გაფრენილი ხარ სიზმარქვეყანაში.... სიზმრის მთებსა და ზღვებსაც სულ წამში გადაურბენ. იქ  ყველანაირი სიზმარია:  ნაყინებიანი, შოკოლადებიანი, საღეჭირეზინებიანი, ბუშტებიანი, გულებიანი, პეპლებიანი.  ბიჭური სიზმრებიცაა, მაგალითად ველოსიპედიანი.  ისეთ უცნაურ ველოსიპედზე ზიხარ,  თვითმფრინავზეც ბევრად სწრაფია და შეგიძლია უმაღლესი მთის მწვერვალიდან დაეშვაააა....
    საჰაერო ბუშტებიანი სიზმარიცაა, რომელშიც ეტევა დედა, მამა, და, ძმა, ბებია, ბაბუა, დეიდა, მამიდა, შენი სახლიც კი ..... ყველას ერთად ჩასვამ თუ მოგინდება, გადაუფრენ ფერად-ფერად ღრუბლებს.  იცით, ღრუბლები  ნაირფერია: ყვითელიც, წითელიც, ვარდისფერიც, ნარინჯისფერიც და ბამბის ნაყინის გემო აქვს ყველას. გადაუფრენ საჰაერო ბუშტით, გადაჰყოფ ხელს და მოიწიწკნი, მაგალითად წითელ ღრუბელს, რომელსაც მარწყვის  ფორმა და გემო აქვს.
    თუმცა, მინდა ერთი საიდუმლო გაგიმხილოთ. სიზმრის იმ ერთ მუჭა ქვეყანაში,  ცისარტყელას ფერებიან ხეზე, ერთი ისეთი სიზმარი ჰკიდია, რომლშიც  თავად დაფრინავ. აი, რაღაცნაირად, მხრებზე ამოგივა  ჩიტის  ფრთები და შენისით გადაუფრენ ზღვებსაც და მთებსაც. ირგვლივ კი სულ გაზაფხულია, აყვავებული ხეები და გამწვანებული მდელოები. ჰო, კინაღამ დამავიწყდა არასდროს ღამდება და  იქ არც ცუდი ამინდებია.
  ამაღამ, აბა,  სცადე. ძილის წინ  დახუჭე თვალი, დაელოდე  ძილის ჭრელ ფრინველს, ნახე თუ არ შეგისვამს  ზურგზე და გაგაფრენს სიზმრის მხარეში. ოღონდ, არ დაგავიწყდეს, როდესაც სიზმრის ციდა ქვეყანაში შეიჭყიტები, მოძებენე ცისარტელას ფერებიანი ხე. ხის კენწეროდან ჩამოწყვიტე ერთი სიზმარი. მაშინვე მხრებზე ამოგივა ჯადოსნური  ფრთები. სიზმარში აღარავის დაელაპარაკო, უკანმოუხედავად გამობრუნდი და ის ჩიტის ფრთები სიფხიზლეშიც გამოიყოლე. შენი ფუმფულა პიჟამოების ქვეშ დამალე თუნდაც. როდესაც გამოიღვიძებ არავისაც არ გაუმხილო  ჩიტის ფრთებს რომ ინახავ ზურგზე. დიდობაში ძალიან გამოგადგება, დამიჯერე 

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები