ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ნინო ქადაგიძე
ჟანრი: საბავშვო
4 თებერვალი, 2020


პაპისა და შვილიშვილის ზღაპარი

თურმე ხეებმაც იციან სიყვარული. თანაც ის ადამიანი უყვარდებათ  თურმე,  ვინც ესაუბრებათ, მერე ხეები მის ხმასაცა სცნობენ და ხელის სითბოსაც. 
    ახლა სწორად ხეებსა და ბიჭზე უნდა გიამობოთ, მათ სიყვარულზე, მათ სიკეთეზე. ბიჭი იქნებოდა შვიდი- რვა წლისა, მისი ხეები კიდევ  - დიიდი, ვეებერთელა.  დამთავრდებოდა თუ არა სკოლა და დაიწყებოდა საზაფხულო არდადეგები, ბიჭი ყელგამოწეული ეხვეწებოდა მშობლებს სოფელში წაეყვანათ ბებია და პაპასთან.  ბიჭს ბებია და პაპა ჰყავდა შაქარტკბილები, თეთრთმიანები, მოსიყვარულეები, ბიჭის ჭკუაზე მოსიარულეები. რასაც ბიჭი იტყოდა  ბებია თუ ცოტას შეიცხადებდა, უიმე, შვილო, ეს რამ მოგაფიქრაო, პაპა მაშინვე აუსრულებდა,  ცუდი რა არის მის ნატვრაში, დედაკაცო, ნათელი ბიჭია და  უნდა გავალაღო, ყველა სურვილი უნდა შევუსრულო, განა უნდა ჩავწყვიტო  პატარა გული, რაო?!... ასე გადიოდა ბედნიერი დღეები ბებია-პაპასთან.
    პაპას ხეხილის ბაღი ჰქონდა. სანამ ბიჭი დაიბადებოდა მანამდე გაუშენებია, ძეძვის ბუჩქის ღობე შემოუვლია თავისივე  ძალიან წვრილი, თაფლოვანი ყვავილებითა და კარიც შეუბია.  დაურგავს მერე  ვაშლ-ატამები, ალუბლები, ქლიავ -ალიბუხრები, ჭერამჭურამები, მსხალმრგვალები, გარგარები, ჭანჭურები და კიდევ ვინ მოსთვლის რამდენი ძირი და რა ჯიშის ხეები... დადგებოდა თუ არა ზაფხული, ხეხილნარს  სიმწიფის  გიზგიზი გაჰქონდა ყვითლად, წითლად, ალისფრად...
    პაპა ხშირად ბაღში იყო და ფუსფუსებდა, ხან მიწას გამოუთოხნიდა, ხან ხეების ტანს შეწამლავდა მავნებლებმა არ დააზიანოსო, ხანა რწყავდა, თქვენ წარმოიდგინეთ, ხანდახან უმღეროდა ხოლმე კიდეც, მუშაობდა ბერიკაცი ხეების ძირში და ღიღინებდა ტკბილად, ტკბილად, ისეთი ხმა ამოსდიოდა, გეგონება თაფლაკვერები სცვივა პირიდანო. პაპა ასწავლიდა ბიჭს თუ როგორ უნდა გამოეთოხნა მიწა, როდის უნდა მოერწყა, შეეწამლა და როგორ უნდა ემღერა კიდეც. აბა, შვილო, ამყევიო და გუგუნებდნენ :  „ივლი-დივლი საყვარელო და, ჩემო ლიახვოოო, ჰეე ....“ ბიჭს უყვარდა პაპასთან ყოფნა, პაპასაც უხაროდა და მეტი ხალისითა შრომობდა, ახლა ვიშრომოთ და ზამთარი დაგვიტკბებაო. ხეებიც ბედნიერად  გრძნობდნენ თავს კეთილი პაპა-შვილიშვილის ხელში. იზირდებოდნენ,  იბარჯებოდნენ, ბოძკინტებს იმტვრევდნენ ნაყოფით, ბიჭიც მშვენდებოდა, ხმა უკოკლოზინდებოდა, მაჯა  და ქედი უმსხვილდებოდა, სამაგიეროდ პაპა კიდევ უფრო  ბერდებოდა, წელში იხრებოდა  და უცვდებოდა სიცოცხლის  გზა-შარა.
    ზამთრის ერთ ცივ და სუსხიან დღეს ბიჭის პაპა გარდაიცვალა. - წესია ასეთი, გენაცვალეო, -უთხრა ბებიამ, ჩვენ წარმავალები ვართ, შენ - მომავალი, გული ძალიან არ იტკინო, არ დაიდარდო, შენ გამიმრავლდი და გაიხარე ჩვენი ხეხილის ბაღივითაო.  აბა, ბიჭი როგორ არ ატირდებოდა, მაგრამ ტირილით რას გახდებოდა. გადაწყვიტა უფრო ხშირად ჩასულიყო სოფელში, პაპას ხეხილის ბაღისთვის მიეხედა,  ხეებს  გულში ჩახუტებოდა,  ზამთრობით პაპის ნაქონი  ხალათიც კი მოეხვია ხოლმე ზოგიერთი ხისთვის  დამზრალ ტოტებზე.
      ასე გადიოდა დრო. ის სოფელი, სადაც ბიჭი ჩადიოდა საზღვრისპირა სოფელი იყო და მტრის მავთულხლართი თანდათან წინ მოცოცავდა. ერთ ზაფხულსაც როდესაც ბიჭი სოფელში  ჩავიდა, თავიანთი ხეხილის ბაღის ღობე მორღვეული დაუხვდა,  წითელი შაფრანი კი - მავთულხლართის იქით. პაპა რომ გარდაიცვალა პირველად მაშინ  შეეკუმშა რაღაცა გულში ბიჭს და საოცრად ეტკინა, მეორედ - ახლა.     
      ბიჭი მავთულხლართთან მივიდა და დაიძახა : - სალდაააატ, სალდაააატ, ეტა მაიო დერევო, ეტა მაია ზემლიააააო...
რუსმა ჯარისკაცმა მოიხედა და ავტომატის ჯერი დააცალა ხეს, წიოდნენ ტყვიები და წითელი  ნაფლეთები სცვიოდა ხეს ტანიდან. გამწარდა ბიჭი, არ იცოდა რა ექნა, მავთულხლართს მკერდით აეკრა, უმწოებისგან ატირდა და მუჭისსისხო ცრემლები წამოუვიდა ლოყებზე, გულისპირზე.  სადაც კი ცრემლი ეცემოდა, იქ მავთულხლართი დნებოდა. - არ შეგეშინდეს, შვილოო, -  პაპის მოგურგურე ხმა საიდანღაც ჩაესმოდა ყურში.
ასე გაგრძელდა რამდენიმე წამს.
    ხეს ტანზე ნატყვიარი ეტყობოდა, ბიჭის სახეს - ცრემლების ღარი, ჰაერს - საიქიოდან მობერილი პაპის ხმა, მაგრამ  აღარსად იყო მავთულხლართი და ჯარისკაცი!
      ბიჭის ქვეყნის მიწებს  შემოვლებული მავთულხლართები დასდნობოდა, მტერი სადღაც გამქრალიყო და  ხეები  კიდევ მწიფობდნენ და წმიფობდნენ.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები