ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
9 თებერვალი, 2020


ახალი ლექსები

ვიდრე ჯერ კიდევ ვხედავ სამყაროს


არ ვიცი რა ვთქვა... უკვე წლებია
ერი ტკივილით გათანგულია.
თავისუფლებისათვის კვდებიან,
მკერდქვეშ რომ სტირის, - ქართვლის გულია.

ვიდრე ჯერ კიდევ ვხედავ სამყაროს,
ჩემს ყველა მოყვასს შემოვევლები.
მოვკვდები,  გულზე მსურს დამაყარონ
მიწა - ნამული შვილთა ცრემლებით.

ბალადა თვალჟუჟუნა გოგონებზე


ჩემს ქუჩაზე სეირნობენ
თვალჟუჟუნა გოგონები,
მოვა დრო და გავიხარებ
ტკბილზე ტკბილი მოგონებით.

არ მეგონა, თუ ოდესმე
ფიქრი დარდებს მომისევდა,
მეც ვუყვარდი ერთ კარგ გოგოს,
ვით ძიძიას - ონისე და...

მაგრამ მერე უნებლიედ
ჩვენი გზები გაიყარა,
იმის მერე სათანადოდ
გულმა ვეღარ გაიხარა.

გამიტაცებს მოგონება,
სიხარულიც მოვა ჩემთან,
თვალჟუჟუნა გოგონებმა
ეშხით დამწვეს დედისერთა.

ამამღერეს გიტარითურთ
ბიჭად - კაცი დარდიანი,
სიყვარულის სადიდებლად
გვლოცავს მიწა მადლიანი.


დაცარიელდა სოფელი ჩემი



ჰაუ, რამდენი წელი გავიდა,
დაცარიელდა სოფელი ჩემი,
ახალგაზრდობა ქალაქს წავიდა,
ზოგმა დასტოვა ტურფა ედემი.

გაფრინდნენ წლები თვალს და ხელს შუა,
სოფელში მელის საფლავი დედის...
და ვიდრე მიჭრის კალამიც, ჭკუაც,
მერქმევა მუდამ მწერალი სევდის.


გულით მთისხელა ტკივილს ვატარებ


გულით მთისხელა ტკივილს ვატარებ,
დროც ვერ განმკურნავს, ბედმა გამწირა.
ვფიქრობ უფალთან წასულ დედაზე
და მონატრებას სტრიქონებს ვსწირავ.

გული მთისხელა ტკივილს ატარებს,
მოჰგავს მყინვარწვერს - მარად თოვლიანს.
მშობელ დედაზე ფიქრის გარეშე
ქვეყნად ერთი დღეც არ მიცხოვრია.









ვიდრე წამიყვანს ღმერთი თავისთან


ვიდრე წამიყვანს ღმერთი თავისთან,
ვიდრე ჩაქრება ჩემი სანთელი,
ო, როგორ მინდა ვნახო გუმისმთაც,
ისევ უყვარდეს აფხაზს - ქართველი.

ვიდრე წამიყვანს ღმერთი თავისთან,
ვიდრე ანთია ჩემი სანთელი,
მინდა ილორის წმინდა ტაძარში
ვნახო აფხაზი, ვნახო ქართველი.


ემიგრანტი დედის წერილი


მოგესალმები შენ - ჩემო შვილო,
გადახვეწილი უცხო მხარეში...
შენ უფლება გაქვს მე შემომჩივლო,
რომ ჩემს გამო გაქვს სევდა თვალებში.

თუმც ჩემო შვილო, ნუ განსჯი დედას,
მრავალჭირვარამ ვარ გამოვლილი...
შენი მშობელი უცხო ცას ხედავს
და სხვის მიწაზე დნება თოვლივით.

მინდა ვიწყებდე ცხოვრებას ახალს,
ისევ ჰყვაოდეს ჩვენს ბაღში ნუში...
მე ალბათ მალე ჩამოვალ, გნახავ
და რა თქმა უნდა, ჩაგიკრავ გულში!










დამილოცნია შენი სიცოცხლე


შენ - ჩემი არ ხარ, მაგრამ იცოდე:
მთის შველს გადარებს ჩემივე გული,
გაცნობის დღიდან მოყვასს გიწოდებს
და ვიდრე ფეთქავს, არის ერთგული.

ლამაზმანების დასში სწერიხარ,
როგორც ღიმილი, გშვენის სიმორცხვე,
ქმრის მკლავზე წევხარ, ბედნიერი ხარ,
დამილოცნია შენი სიცოცხლე.

უხმოდ მივყვები ძნელად სავალ გზებს,
თუმც კვლავ ღია მაქვს გულის კარები,
ვიდრე ვარსებობ ამ ქვეყანაზე,
მეც მიზიდავენ ლამაზმანები.

მე შენი ქმარი არ ვარ, თოლიგე,
მაგრამ ორთავეს მოყვასი გვქვია,
ყოველ ნახვისას ხარობს ეს გული,
როგორც შენს ბაღში - ლურჯთვალა ია.





















დედაჩემს სუფთა წარსული ჰქონდა


დედაჩემს სუფთა წარსული ჰქონდა,
სიყვარულივით წმინდა თვალები,
ცოცხალი იყო, ლელო გამქონდა,
აღარ არის და... მწვავენ ალები.

დედაჩემს სუფთა წარსული ჰქონდა,
ფართოდ გახსნილი გულის კარები,
ვიდრე ჩემთვისაც აწვიმ - ათოვდა,
ჩემს თავს უქებდნენ ლამაზმანები.

ახლა სიცოცხლეს მასავით ვეტრფი,
ღმერთს ვევედრები ლექსის პწკარებით,
როცა წამიყვანს თავისთან ღმერთი,
იქაც ვიხილო დედის თვალები.

მჯერა: ზეციურ საქართველოში
გამიქარწყლდება სევდა - დარდები,
შევხვდები მშობელს კეთილი შვილი
და ხელმეორედ დავიბადები.


ჩემო მამულო..


შენი ჯილა ვარ, თხემით ტერფამდე
შენს ერთს გეკუთვნი ჩემო მამულო,
რომ წავალ, შენზე საიქიოშიც
ვერ ვისაუბრებ უსიყვარულოდ.

შენი ჯილა ვარ თხემით ტერფამდე,
შვილთა ცრემლებით გადანამულო,
მრავალჟამიერ, მრავალჟამიერ,
მრავალჟამიერ, ჩემო მამულო.



კვლავ პოეტებით ვდიდგულობ


ლექსებს დედანში ვკითხულობ,
არ მიყვარს შეცვლა სიტყვების,
კვლავ პოეტებით ვდიდგულობ,
პოეზიის გზას მივყვები.

თვალწინ უდგება ისევ ის
წუთები დედას შაოსანს,
რომ უკითხავდა თავის შვილს
რუსთველის ,,ვეფხისტყაოსანს“.

მამულიშვილებს - რომ წავალ
საიქიოშიც დავითვლი,
თვალცრემლიანი დამხვდება
გურამიშვილი დავითი.

მწამს: ვაჟა ცაშიც ავედრებს
ქრისტეს სამშობლოს სიცოცხლეს,
,,სტუმარ - მასპინძლის“ ქვეყანას
იესო კიდეც გვიცოცხლებს.

ვსტუმრობ დიდუბის პანთეონს,
დიდი სევდაა ტერენტი,
,,Memento mori“-ს კითხულობს
გოგონა წითელ ბერეტით.

არ მეგულება პოეტი,
ნონეშვილივით ალალი,
ისე მიზიდავს ლექსებით,
როგორც ლამაზის დალალი.

მაოცებს გალაკტიონი,
როგორც ,,მერანი“ ტატოსი,
თუმც ჩემთვის ნომერ პირველი
,,სალაღობო“-ა ლადოსი.

ახლა მუხრანიც ვახსენოთ,
დიდი გზა გამოიარა,
კოსტავასავით სტკიოდა,
იმ ცხრა აპრილის იარა.

ის ზვიად გამსახურდიას
ერთგულად სთვლიდა ამ ერის,
თავისუფლებას ეტრფოდა
მისივე იმერ - ამერის.

ანა, მურმანი, ჯანსუღი,
გოგლა, აკაკი, ილია,
ტიციანიც და პაოლოც
ამ მიწის გამოზრდილია.

ვიხსენებ ნიშნიანიძეს,
მორისის წიგნიც აქ არის,
ეს მცირე დაფასებაა,
იმათი ნაამაგარის.

ყველას ჩამოთვლით შორს წავალ,
იქნებ არც მეყოს წლები მე,
მათ დაფასებას უფალი
ზეცაშიც შემაძლებინებს.


ჩემი რწმენის სანთელი ხარ


გულს ჩამესმის კვლავ შენი ხმა,
საქართველო გიცემს მკერდში,
ჩემი რწმენის სანთელი ხარ, -
დანთებული ალავერდში.

შუბლზე გცხია მირონი და
ღმერთმა მოგცეს წყალობანი,
მსურს გესმოდეს ილორიდან
სიყვარულის გალობანი.

მე სანამდე ფეხზე ვდგევარ,
გაფასებ და გაფასებდი,
შენი თანამედროვე ვარ,
გულში მტკივა აფხაზეთიც.

ისევ მესმის ნაცნობი ხმა,
საქართველო გვიცემს მკერდში,
ჩემი რწმენის სანთელი ხარ, -
დანთებული ალავერდში.


ბევრი რამ მაქვს საამაყო


ბევრი რამ მაქვს საამაყო,
ჰოდა, კიდეც ვამაყობ...
დიდგორით და ბასიანით
როგორ არ ვიამაყო?!

გული სამას არაგველით,
იმ ცხრა ძმითაც ამაყობს...
რომ მოხვდება ცაში ღმერთთან,
იქაც სურს იამაყოს!

კოლხთა შთამომავალი ვარ,
მახსოვს, არ მავიწყდება,
მე თუ მკითხავთ, საქართველო
კოლხეთიდან იწყება.

ეს მედეას ქვეყანაა, -
პირველ ქართველ ქალისა,
მხარე ოქროს საწმისისა,
ცოტნე დადიანისა.

რუსთაველის სამშობლოა,
ვაჟას საფიცარია,
ქალ-ვაჟები აქ ჩოხებით
შემოსილნი არიან.

ვკოცნი მიწას ჭყონდიდელის,
ქრისტეს რჯულით ვამაყობ...
ალავერდით, სვეტიცხოვლით,
როგორ არ ვიამაყო?!

გული გრემით, ნიკორწმინდით,
გელათითაც ამაყობს...
რომ მოხვდება ცაში ღმერთთან,
იქაც მსურს იამაყოს!

მეტი რა ვთქვა... კოლხურ კოშკთან
მესმის სისხლის ყივილი,
ჩემად მიჩანს თანამოძმე
აფხაზების ტკივილი.

მათ ყოველთვის ვაფასებდი,
თქმა ლექსებით მჩვევია,
ჩვენი არის აფხაზეთი,
სამაჩაბლოც ჩვენია.

რასაც ვწერ და რასაც ვწერდი,
არის მხოლოდ ქართული...
აი, სწორედ ამიტომ ვარ
მუდამ წელგამართული!




გამრთელდება დიდი წყლული

გამრთელდება ვიდრე წყლული,
ჩემი წყაროც დამშრალია,
თუმც კვლავ მიცემს მკერდქვეშ გული,
არ მიგალობს მაფშალია.

მტერს უნდა რომ გადაგვთელოს,
მაგრამ გვცხია ტანზე თაფლი,
მჯერა, ცოტნეს საქართველო
გაბრწყინდება უფლის მადლით.

არასოდეს შევნატროდი
მე სხვა მიწას, სხვა მზეს, სხვა ცას,
კვლავ იმღერებს აფხაზეთი
,,ვარადას“  და ,,აფხიარცას“.

დარდიანი არის ახლა
მაჩაბელთა სამოსახლოც,
ვინც ზვარაკად შეეწირა
მამულს, ერის გულში სახლობს.

გამრთელდება დიდი წყლული,
თუმც ეს წყაროც დამშრალია,
მოვა დრო და ისევ ჩვენთვის
იგალობებს მაფშალია.


უნივერსიტეტს

შენს აუდიტორიებში
არასოდეს ვმჯდარვარ,
მაგრამ ვიცი შენი ფასი,
უცხო ტომის არ ვარ.

ჩვენი ცოდნის ტაძარი ხარ,
განათლების კერა,
ისევ ესმის საქართველოს
შენი გულის ძგერა.

ვერ გავძლებდი, ეგ სიტყვები
ლექსად რომ არ მეთქვა,
უნივერსიტეტის გულის
არ შეწყდება ფეთქვა.


მამულო...


მიყვარხარ... გულში ჩამესმის
სიმღერა შენი მთებისა,
ხარ უმთავრესი საგანი, -
შენივე მომღერლებისა.

მსურს სიკვდილამდე მესმოდეს
სიმღერა ვაჟას მთებისა,
შენ ხარ მთავარი სათქმელი, -
შენივე პოეტებისა.


ბარათი მთიდან


მიყვარხარ, მაგრამ მომწყინდა ბარში
ყოფნა... მთაში კი ჰყვავის სიცოცხლე,
არ მავიწყდები ავდარში, დარში,
მწამს: ღმერთი შენს თავს დიდხანს მიცოცხლებს,

ბარიდან წაველ დროებით მთაში,
თუმც არ მიყვავის უშენოდ ნუში,
შენს ნაფეხურებს ვკოცნი სიზმარშიც,
დავბრუნდები და ჩაგიკრავ გულში.


ცხრა აპრილის ბაღში


ცხრა აპრილის ბაღში
ხეთა ტირილს ვისმენ,
ავდარშიც და დარშიც
გული მოთქვამს ისევ.

ცხრა აპრილის ბაღში
სუნთქვა მიჭირს ქართველს,
ისევ ვანთებ ქარში
მე ოცდაერთ სანთელს.

გულს არ ავიწყდება,
ვიდრე მკერდქვეშ მიცემს,
გმირებს დავიწყებას
არასოდეს მივცემ.



























მამის მონოლოგი (ვერლიბრი - თავისუფალი სტილის ლექსი)


ჩემი შვილი ხარ,
ნანინანატრი შვილი.
დაიბადე სწორედ იმ დროს,
როდესაც მინდვრად მწოლიარე ვაჟასავით ვეფერებოდი იას.

ჩემი შვილი ხარ,
ნანინანატრი შვილი.
გიცქერ დედასავით მშვენიერს და
ენით უთქმელი სიხარულით მევსება გული.
მე შენ მიყვარხარ,
მიყვარხარ უკიდეგანო სიყვარულით.


ჩვენს ახალგაზრდებს მივმართავ თხოვნით


ის მარტოობის შეიპყრო შიშმა,
თუმც არსაიდან ჩანდა ნუგეში.
თავი მოიკლა კეთილმა ბიჭმა,
შვილმა - გაზრდილმა დედის უბეში.

ის ამ ცოდვიან დედამიწაზე
სიყვარულისთვის იყო მოსული.
როგორც იესო, ისე იწამა
მიწა - თამარის ჯიშზე ორსული.

ჩვენს ახალგაზრდებს მივმართავ თხოვნით:
ხელს ცხოვრებაზე ნუ აიღებენ.
ქართველები ხართ, თქვენ! - სვეტიცხოვლის
აღმშენებელი ერის შვილები.

აღარ მყავს დედა... ვიდრე ვიცოცხლებ
გულში დარჩება... სიტყვას ვასრულებ.
მიჭირს უდედოდ, მაგრამ სიცოცხლეს
მე თვითმკვლელობით არ დავასრულებ.














ჩვეულებრივად დაიწყო წელი


ჩვეულებრივად დაიწყო წელი,
ო, არა კენტი, არამედ ლუწი...
და თუმცა არის ცხოვრება ძნელი,
იშრომე, როგორც შრომობდი უწინ.

ჩვეულებრივად დაიწყო წელი,
მწამს, არ იქნება ჩემთვისაც ცუდი...
და თუმცა არის ცხოვრება ძნელი,
მახურავს თავზე ნამუსის ქუდი.


ქალავ - გაზრდილო მთების უბეში


მე მინდა კარგო, მაგ თვალებიდან
გამოსჭვიოდეს სითბო, ნუგეში,
ვიდრე ხარ, იყავ თოვლივით წმინდა,
ქალავ - გაზრდილო მთების უბეში.

მე მინდა ვიყოთ ერთად ზეცაშიც,
იქაც ჩავჭიდოთ ერთურთს ხელები,
როცა გადავალთ უკვდავებაში,
გაგვიხსენებენ მადლიერებით.


ისევ ვუყურებ ცეკვებს „მამული“-ს


ისევ ვუყურებ ცეკვებს „მამული“-ს
და ქართველობა მეამაყება!
ეს სხვა გრძნობაა, სხვა სიხარული,
არა!-ქართველი არ დამარცხდება!

ისევ ვუყურებ ცეკვებს „მამული“-ს,
ეს გულისცემა მატულობს უფრო!
მიყვარს... სავსე ვარ ამ სიყვარულით
და ვაჟას ენით ღმერთთან ვსაუბრობ!


ღმერთო, მიცოცხლე მამული!


ღმერთო, მიცოცხლე მამული!
მხოლოდ ამას გთხოვ ქართველი,
ვაჟას ცრემლებით ნამული
მიმყოფე მუდამ ჯანმრთელი.

ვიდრე ვენახი ვენახობს,
ერს არ ჩაუქრო სანთელი,
ისე ნუ მომკლავ, ვერ ვნახო
ჩვენი მერმისი ნათელი.


უარს ნუ მეტყვი, ქალაო...


ფეხბურთელობა მინდოდა,
არ ამისრულდა წადილი,
მწყურია შენი სითბო და
მსურს ვკოცნო შენი მანდილი.

როგორც არასდროს, ახლა მე
ისე მჭირდება ნუგეში,
ვიდრე გარდაცვლილს მნახავენ,
მინდა ჩამიკრა უბეში.

მაშ, ამისრულე წადილი,
უარს ნუ მეტყვი, ქალაო...
დამაკოცნინე მანდილი,
მწვავს სიყვარულის ძალაო.


ეს ქალაქი ჩვენია


ეს ქალაქი ჩვენია,
აქ დაგვბადა ღმერთმა,
ჩვენ აქ უნდა ვიცხოვროთ
სიკვდილამდე ერთად.

ეს ქალაქი ჩვენია,
თუმც დავდივარ კენტად,
მინდა დრო გავატარო
მხოლოდ თქვენთან ერთად.


მინდა ვიცეკვოთ „ქართული“


ვიდრე უფალი წაგვიყვანს,
მინდა ვიცეკვოთ „ქართული“...
ეს ხომ ის არის, - რაც გვიყვარს,
რითიც ვართ წელგამართული!

ვიდრე ჩვენი მზეც ანთია,
მინდა ვიცეკვოთ „დაისი“...
თუ დაგვიღამდა, განთიადს
კვლავ მივეგებოთ ხალისით!


ოთარ რურუა

2019-2020

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები