ნაწარმოებები


"რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: ნინა გორდაძე
ჟანრი: პოეზია
13 თებერვალი, 2020


1,00794

რამდენ ნაბიჯსაც გადმოვდგამ
და რამდენად სწრაფად,
სწორედ იმდენი ნაბიჯით
და იმავე ტემპში მშორდები თავად.
მეჰორიზონტები...

ვღელავ?
ვღელავდე!
აიდარდობ და...

ცუნამადაც რომ გადავიქცე,
ბოლოს მაინც,
ჰორიზონტი მე,
ან პირიქით,
მე ვიჭერ ჰორიზონტალურს,
ეგ სულერთია.
გნებდები.

სულ გადაქცევას ვცილობ
რაც გიცნობ,
მინდა გაგექცე...

შენ კი,
ჩანჩქერი ბევრი მინახავსო,
არ გსურს იხილო
როგორ ვეცემი,
არც ცისარტყელა გაინტერესებს,
ცრემლიანი შარავანდედით.

მაიძულებ  კლდეს ჩავეჭიდო,
კადრს უკან აბრუნებ,
აჩერებ და
მუდამ მაკონწიალებ,
მიზიდულობასა და
აორთქლებას შორის მამყოფებ.
ღმერთობ,
კი არ მეთამაშები.

როგორ ვიღლები!
როგორ ვიღლები?
ცრემლად,
ოღონდ გარეთ არა,
შიგნით ვიღვრები.

ვარდნა კი არა,
არყოფნა მსურს,
მინდა წერტილი...

შენ კი მთხოვ
მყარად ვიყო,
თუ არ დაუდგა თავის ამინდი
რომ წყდება და ტყდება
იმ ლოლუასავით.

ვეღარაფრით ჩამოვყალიბდი:
ან გეცოდები?
ან გეცოდები!

ახლაღა მესმის
გაუკვალავად დარჩენილი თოვლის
და მზის ამბავი,
სამი შესაძლო მდგომარეობის მიუხედავად,
წყალი - წყალია!

წყნარად კი გინდა რომ დავილიო,
ჩავადნე მიწას,
თუმცა ენძელებს,
ჩემით დამბალ მიწაზე,
მაინც არ ელოდები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები