ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
25 თებერვალი, 2020


25 თებერვალი

დღეს 25 თებერვალია – ერთ – ერთი ყველაზე ავად სახსენებელი დღე ჩვენი ქვეყნის ისტორიაში!
კიდევ ერთხელ ჩამოწვა შავი ღრუბელი საქართველოს ცაზე, კიდევ ერთხელ ჩამოჰკრა მწუხარების ზარმა!

წვიმს ჩემს სულში, ისევ მტკივა თითქმის მოშუშებული იარა, ალბათ ბოლომდე არასოდეს შემიხორცდება, რადგან საქართველო ჩემთვის მოუშუშებელი ჭრილობაა!

1921 წლის თებერვლის მოვლენებმა კუბოს კარამდე ერთგულების მაგალითი უჩვენა რუსეთის მე – 11 წითელ არმიას! ვფიქრობ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი, მითუმეტეს თუკი საქმე სამშობლოს ეხება, მშობელ მიწისთვის სიკვდილი დიდი ბედნიერებაა!

მადლობა ღმერთს, იუნკრების თავგანწირვას უკვალოდ არ ჩაუვლია, მარო მაყაშვილის სისხლი ამაოდ არ დაღვრილა... საქართველომ 70 წლის შემდეგ ნანატრი თავისუფლება მოიპოვა!

დიდება უფალს! გაუმარჯოს თავისუფლებას!

ოთარ რურუა

.......................................................................................................................................................................................................................................

რუსეთი ოკუპანტია! - რუსეთი ოკუპანტია 1801 წლიდან, როდესაც რუსეთმა ქართლ - კახეთში მეფობა გააუქმა, ბაგრატიონთა სამეფო ტახტი.

რუსეთი ოკუპანტია 1921 წლიდან, როდესაც საქართველოში მეთერთმეტე წითელი არმია შემოიჭრა. რუსეთის იმპერიამ მოგვიკლა: დიმიტრი ყიფიანი, ილია ჭავჭავაძე, გენერალი კონსტანტინე აფხაზი - ილია ჭავჭავაძის დისწული და მასთან ერთად სხვა თოთხმეტი მამულიშვილი, მათ შორის იყო ლევან კლიმიაშვილი, კოტე აფხაზის თანამებრძოლი, გულანთებული მამულიშვილი.

რუსეთის იმპერიამ მოგვიკლა: ვაჟა-ფშაველას შვილი - ლევან რაზიკაშვილი, გენერალი გიორგი მაზნიაშვილი და მისი შვილი ივანე, სანდრო ახმეტელი, ევგენი მიქელაძე, მიხეილ ჯავახიშვილი, პეტრე ოცხელი, ვახტანგ კოტეტიშვილი, კოტე ხიმშიაშვილი, ტიციან ტაბიძე, ნიკოლო მიწიშვილი.

რუსეთი ოკუპანტია 1956 წლიდან, როდესაც საქართველოში 9 მარტის ტრაგედია მოაწყო.

რუსეთი ოკუპანტია 1989 წლიდან, როდესაც საქართველოში 9 აპრილის ტრაგედია მოაწყო.

რუსეთი ოკუპანტია 1991 წლის 22 დეკემბრიდან, როდესაც საქართველოში სამხედრო კრიმინალური გადატრიალება მოაწყო რენეგატ ქართველებთან ერთად. რუსეთის იმპერიასთან ბრძოლას, საქართველოს თავისუფლებას შეეწირნენ: მერაბ კოსტავა, ზვიად გამსახურდია, გოჩა ჯიქია, გოჩა ესებუა, არკადი მარკოზია, პოეტი ბერდია ბერიაშვილი, არჩილ მიშველაძე - მწერალ რევაზ მიშველაძის შვილი, ჟიული შარტავა, გურამ გაბესკირია.

რუსეთი ოკუპანტია 1992 წლის 14 აგვისტოდან, როდესაც აფხაზეთის ომში ჩაგვითრია ქართველები. რუსეთმა მოგვიკლა: მსახიობები - ლევან აბაშიძე, საშკა იოსელიანი და მწერალ ჭაბუა ამირეჯიბის შვილი - ირაკლი.

რუსეთი ოკუპანტია 2008 წლიდან, როდესაც სამაჩაბლოს ომში ჩაგვითრია (არ არსებობს არავითარი ,,სამხრეთ ოსეთი“, არსებობს ,,სამაჩაბლო“, რომელიც საქართველოს განუყოფელი ნაწილია).

მურმან ლებანიძეს აქვს ასეთი ლექსი, რომელსაც ჰქვია: ,,ყველას! ყველას! ყველას!“ მურმანს ამ ლექსში ასეთი სიტყვები აქვს:

,,ქართლ-კახეთად, იმერეთად, სამეგრელოდ, გურიად,
ვისაც ჩვენი გაყოფა... და გათიშვა სწყურია,

ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე,
ამიტომაც, სადაც წავწვდი, ერთიანად მოვთხარე“.

ჰოდა, ვინც საქართველოს ომის დაწყებას აბრალებს, მურმან ლებანიძის სიტყვებით რომ ვთქვა: ,,ან ჭკვიანი მტერი არის, ან უგნური მოყვარე“.

რუსეთმა მოგვიკლა: გიორგი ანწუხელიძე, ვახტანგ გზირიშვილი, შინდისის ბიჭები, მერაბ მინდიაშვილი - რომელიც ცოცხლად დაწვეს ერედვის ტყეში 1991 წლის მარტში, ზურაბ იარაჯული, ზაზა დამენია, რუსეთმა მოგვიკლა დავით ბაშარული, გიგა ოთხოზორია, არჩილ ტატუნაშვილი.

რუსეთი ოკუპანტია! ვინც ასე არ ფიქრობს, რბილად რომ ვთქვა, მას არ უყვარს საქართველო.

ოთარ რურუა

...............................................................................................................................

ოკუპანტებზე

რუსეთი ოკუპანტია!
თურქეთი არანაკლები,
სხვის მიწად არ აღიარებს
მამულიშვილთა ნაკრები

მიწას - ღვთისმშობლის წილხვდომილს,
რაც ქართულია, - ჩვენია,
დღეს საქართველოს სჭირდება
აღმაშენებლის გენია,

რომ გაუმკლავდეს ურიცხვ მტერს,
ისევ მოიგოს დიდგორი,
რომ გამარჯვებით ხარობდეს
მთა - ბარი, ტყე, ველ - მინდორი.

ოკუპანტია ასევე
აზერბაიჯან - სომხეთიც,
მე ქართულ მიწის შვილი ვარ,
როგორც მედეა - კოლხეთის.

მოყვასად მას ვერ ვიგულებ, -
ვინც ჩემი ერის მტერია,
მამულიშვილებს ეკუთვნით,
რაც კი რამ დამიწერია.

ოთარ რურუა

2019

..............................................................................................................................

რუსეთს მიტაცებული აქვს აფხაზეთი და სამაჩაბლო, თურქეთს მიტაცებული აქვს ტაო-კლარჯეთი, ლაზეთი, ჭანეთი, შავშეთ-ერუშეთი, აზერბაიჯანს მიტაცებული აქვს ზაქათალა და საინგილო (და ახლა გარეჯის მიტაცებას ცდილობს), სომხეთს მიტაცებული აქვს ლორე-ტაშირი.

.............................................................................................................................

,,ქართველობა ძნელია, მაგრამ აუცილებელი!.. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა! საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს!“

მამა გიორგი ბასილაძე

........................................................................................................

გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს

არჩილ ტატუნაშვილის ხსოვნას

ზეციური საქართველოს მკვიდრი გახდა,
ღმერთთან წარდგა პირნათელი ქართველი,
როცა მიზნად თავგანწირვას ისახავდა
სულშიც ენთო მისი რწმენის სანთელი.

ჯარისკაცმა - ხუთჯვრიანი დროშის მცველმა
ოკუპანტებს პირში უთხრა სათქმელი,
გაუმარჯოს თავისუფალ საქართველოს,
შემოევლოს ყველა ნაღდი ქართველი.

ოთარ რურუა


........................................................................................................................................................................................................................................

მთაწმინდის პანთეონში - მერაბ კოსტავას საფლავთან...

1989 წლის იანვარ-თებერვალია, დედასთან ერთად ბაკურიანში ვისვენებ, ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობა სულ რაღაც ორი-სამი თვის დაწყებულია.

თებერვლის თვეში მერაბ კოსტავამ ისტორიული სიტყვა წარმოსთქვა პარლამენტის შენობაში: „ჩვენი გამარჯვების გზა დიდგორზე გადის!“

ცნობილია რომ მერაბი არაჩვეულებრივად მღეროდა „შავლეგოს“, რომელიც შალვა ახალციხელს ეძღვნება. მე თურმე დიდი სიამოვნებით ვუსმენდი, დედამ მითხრა: ჯერ კიდევ აკვანში იყავი, „შავლეგოს“ რომ ღიღინებდიო. :)

ამ სულისკვეთებით, ასეთი სულისკვეთებით გამზარდა, ყოველთვის მეუბნებოდა: „არასოდეს გადაუხვიო მერაბისა და ზვიადის გზიდან, ეს საქართველოს გზაა!“ მეც დღემდე ვაგრძელებ ქრისტესმიერ ძმათა გზით სიარულს.

ოთარ რურუა

........................................................................................................................................................................................................

,,გული მწყდება, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის აქტზე ჩემი ხელმოწერა არ არის“.

გენრი დოლიძე

http://geoelite.ge/868-genri-dolidze-guli-mtsydeba-rom-saqa…

გენრიმ ამ სიტყვებით ჩემი სათქმელიც თქვა. რამდენიმე წლის წინ ივერიელთა ერთობის ტრაქტატზე მოვაწერე ხელი სამების საკათედრო ტაძარში, მაგრამ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე ჩვენი ხელმოწერა რომ არ არის, მეც მასავით განვიცდი. მეც მასავით განვიცდი იმას, ზვიად გამსახურდიას პირადად რომ არ ვიცნობდი, მიუხედავად იმისა, რომ მოვესწარი.

მართალია, დამოუკიდებლობის აქტზე ჩვენი ხელმოწერა არ არის, მაგრამ ჩვენ დღემდე ზვიად გამსახურდიას და მერაბ კოსტავას გზას ვადგავართ, გზას, საქართველოს გადარჩენა რომ ჰქვია! ჩვენი შემოქმედებით სამშობლოს ვემსახურებით, ჩვენიანად მიგვაჩნია, ის - ვინც ჩვენ გვიჭერს მხარს და საქართველოსთვის კეთილდღეობა უნდა.
უფალი იყოს ჩვენი შემწე ყოველ კეთილ საქმეში.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები