ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
3 მარტი, 2020


დედა

ყველა ქართველ დედას ვულოცავ დედის დღეს. საქართველოში 3 მარტი დედის დღედ 1991 წელს დაწესდა.

არ არსებობს იმაზე ძვირფასი სიტყვა, ვიდრე
,,დედაშვილობა“.

არ არსებობს დედაზე დაწერილი ცუდი ლექსი, დედაზე დაწერილი ყველა ლექსი თავისებურად კარგია. დედაზე დაწერილი ლექსებიდან გოდერძი ჩოხელის ეს ლექსი მიყვარს განსაკუთრებით:

,,დედი,
რაღაც არ მასვენებს, ალბათ ღმერთის წამ-წერა,
დედი,
როგორ შემოგკადრო, შენზე ლექსის დაწერა?!
დედი,
დიდმა ღმერთმა იცის, რაც უნდა ვყოფილიყავ,
დედი,
ალბათ ამიტომაც, შენთან ყოფნა დამწერა.
დედი,
როგორ გიღალატო, როგორ დავრჩე ამქვეყნად,
დედი,
ღმერთს რომ შევუყვარდე, აქ რომ მთხოვოს დარჩენა,

უკვდავება რომ დაიწყოს,
ღმერთს მოსურდეს აღწერა,
არ გეწყინოს, ღმერთს ვფიცავარ,
ღმერთს დავტოვებ ნაწყენად.
ღმერთის მჯერა, ღმერთი მიყვარს,
მაგრამ ერთის არ მჯერა:
სადაც შენ არ მეგულები, იქ არ მინდა დარჩენა“.

დედაშვილურ სიყვარულზე უფრო დიდი გრძნობა არ არსებობს დედამიწაზე, ისევე როგორც არ არსებობს დედის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილზე უფრო დიდი ტკივილი, შვილის გარდაცვალებით გამოწვეულ ტკივილის გარდა.

ხშირად ჩაეხუტეთ დედებს

ცუდ ხასიათზე ვიყავი თუ კარგ ხასიათზე, დედას ყოველთვის ვეხუტებოდი. არა აქვს მნიშვნელობა ცუდად ხარ თუ კარგად, დედას ხშირად უნდა ჩაეხუტო (ვისაც აღარ გვყავს, ნათელში გვიმყოფოს უფალმა), ჩახუტებით სითბო გადადის. მშობლის სიყვარულიდან იწყება მოყვასის სიყვარული.

დედა სიცოცხლის ელექსირია! ბედნიერია ის ქალი, რომელსაც დედა ჰქვია, ქალისთვის დედობაზე დიდი ბედნიერება არ არსებობს.

არავის ეყვარები ისე, როგორც მშობელ დედას უყვარხარ, არავინ გიერთგულებს ისე, როგორც შენი დამბადებელი გიერთგულებს.

დღეს ხშირად გვესმის დედის გინება, რაც ძალიან სამწუხაროა, გინებაზე უარესი არაფერია, დედის გინება ღვთისმშობლის გინებას ნიშნავს, რადგან ღვთისმშობელი ყველას დედაა.
პოეტი ნოდარ ჯალაღონია თავის ლექსში ,,შეგინებული დედები“ ამბობს:

,,დედაზე უფრო ძვირფასი ვინა გყავთ, რა გაბადიათ?
დედა - ქართველი ვაჟკაცის სალოცავი და ხატია!“

,,კაცი რომ საკუთარ დედაზე შეიგინება, ის ერთი ჩასუნთქვის ღირსიც არ არის!“ - თქვა თავის დროზე ნოდარ დუმბაძემ.

თვალები სულის სარკეა, რომელშიც ყველაფერი სჩანს: სევდაც, სიხარულიც, პატიოსნებაც, სიყალბეც.

დედაჩემს ყველაფრის მთქმელი თვალები ჰქონდა, ყველაფერი იკითხებოდა მის თვალებში: სევდაც და სიხარულიც, ტკივილიც და ბედნიერებაც. ჩვენ ხშირად ერთმანეთს თვალებით ველაპარაკებოდით.

ჩვენ – ქართველებს ბევრი კარგი სიტყვა გვაქვს დედაზე: ,,დედაენა“, ,,დედა ბოძი“, ,,დედა ისტორია“, ,,დედამიწა“ და ასე შემდეგ.

დაბოლოს:

აღსარება

ვერ ავისრულე გულის წადილი
და ვერ შევმატე მისხალს - მისხალი,
სახსოვრად დამრჩა დედის მანდილი,
ღმერთთან წავიდა სწორედ ის ქალი, -

მე რომ ვუყვარდი ალალად, წრფელად,
არც გაუვლია ღალატი გულში,
არ არსებობდა ჩვენ შორის წყენა,
გაზაფხულზე კი ჰყვაოდა ნუში.

თუმც კვლავ მივყვები დროის დინებას,
ნელ - ნელა ვხდები გულჩათხრობილი,
რა ვქნა, უფალმა ასე ინება,
ვარ ამ სევდიან ამბის მთხრობელი.

ჯანდაბას ჩემი წადილი გულის,
მე ამ სამყაროს ჯერ კიდევ ვხედავ...
და ცოცხლობს ჩემში ის სიყვარული,
რომ მიწილადა მშობელმა დედამ.

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები