ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
18 მარტი, 2020


* * *

ხარ მეათასე ნაწილაკი სრული ქაოსის,
შენ არცთუ ისე იშვიათად სუნთქავ ქალაქის
მტვერს და ყოველი შემთხვევისთვის იცი ლაო-ძი,
მისი ხსენება რომ დაგჭირდეს, თუნდაც დალაქთან
რიგში დგომისას, უცნობ ხალხთან, სრულიად უცხო
გარემოცვაში, სადაც ბჭობენ ქვეყნის სვე-ბედზე,
შესაბამისად უახლესი ამბებიც უწყი,
სტრიპტიზ-ბარების მომრავლება, აქვე, ზემელზე.
გუშინწინ გაზის გაჟონვისგან როგორ აფეთქდა,
ღრმაღელის მეტროს მიმდებარედ ძველი კორპუსის
ერთ-ერთი ბინა, უფრო მეტიც, აფთიაქიდან,
როგორ გაჰქონდათ სახვევები საწყალ მოხუცთან,
კარის მეზობლებს, ბერიკაცი იყო მარტოკა,
არადა თურმე სოფლად წასვლა სურდა ზეგიდან,
სარეცხის თოკზე გაფენილი შავი პალტო კი,
რამდენიმე დღე ხელუხლებლად, ცალად ეკიდა,
ახლა, დროებით შეეკედლა ქვედა მეზობელს...
ამასობაში შენი რიგიც მოდის როგორღაც,
დგება სიჩუმე და იხსენებ თითქოს რესპოდენტს,
ქვეყნად არსებულ ხმაურთაგან პირველ გორახის
ხმას რომ გამოჰყოფს-დაცემისას საფლავში ჩადგმულ
კუბოზე, ანუ უკეთ რომ ვთქვათ, გახსოვს დოჩანაც,
შუადღის მტვერში გაერიდე რკინიგზის სადგურს,
ვიტრინიდან კი მომლოდინე კაცნი მოჩანან...
ხარ მეათასე ნაწილაკი სრული ქაოსის,
შენ არცთუ ისე იშვიათად სუნთქავ ქალაქის
მტვერს და ყოველი შემთხვევისთვის იცი ლაო-ძი,
მისი ხსენება რომ დაგჭირდეს, თუნდაც დალაქთან.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები