ნაწარმოებები


26 ოქტომბერი არჩევნების დღეა. არჩევნებში მონაწილეობა ნიშნავს თქვენი მოსაწონი მთავრობის შანსს. არ გაუშვათ ეს შანსი, აუცილებლად მიდით 26 ოქტომბერს არჩევნებზე და გააფერადეთ სასურველი ნომერი     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თამუნა თამო
ჟანრი: პროზა
6 აპრილი, 2020


მოძრავი სივრცე


        (მოთხრობა დაიწერა კორონა ვირუსის შემოტევამდე ცოტა ხნით ადრე, როდესაც აწ უკვე მონატრებული რუტინა მომაბეზრებელი და დამღლელი იყო)

      რუტინა, რუტინა. . . როგორ ამოგვდის ხოლმე ყელში ყოველდღიურობა, ისე, რომ არავისი და არაფრის დანახვა არ გვინდა. . . და რა ბედნიერებაა, როდესაც შეძლებ, თუნდაც რამდენიმე რომ დღით შეცვალო.
    გაზაფხულის მზე აცხუნებს, საღამო ახლოვდება. გარშემო ხალხმრავლობაა; ვიღაც გარბის, ვიღაც ძალიან დაიღალა, აგერ ის სვენებ - სვენებით მოდის, სხვა მის გვერდით ტელეფონს ჩაჰყვირის. . . მანქანების ნაკადი. . . აი, რკინიგზის სადგურიც. . . ვუახლოვდები, მაგრამ ჩემი ტვინი განაგრძობს ყოველდღიური რუტინის განსჯას: „კი, საშინლად გვაბეზრებს თავს ეს ყველაფერი, მაგრამ მის გარეშე ცხოვრებაც რომ არ შეგვიძლია? რამე რომ მოხდეს და გარკვეული მიზეზის გამო დიდი ხნით მოვწყდეთ, ისეთ ნოსტალგიას ვიგრძნობთ, შეიძლება დარდმა მოგვკლას.
    ამჯერად კი ველოდები, როდის ჩამოდგება ჩემი მატარებელი, რომელმაც უნდა მომწყვიტოს ყოველდღიურობას და რამდენიმე დღით სხვაგან გადამისროლოს. უკვე ვტკბები წარმოდგენით, როგორ ვწვები ჰამაკში, იქვე გვერდით პატარა სკამზე ფინჯანი სურნელოვანი ყავით ან ჩაიდანი იდგმება, საინტერესო წიგნს გადავფურცლავ, შეიძლება ინტერნეტით საერთოდ არ ვისარგებლო, (თუმცა მთლად უმაგისობაც არ გამოდის) გაზაფხულის მზით გარუჯვასაც ვაპირებ, ჩამოსულს ჯანსაღი ფერი მექნება.
    მატარებელი ჩამოდგა. ავედი, მოვძებნე ჩემი ადგილი, ისე სწრაფად დავეშვი, თითქოს ვინმე დამასწრებდა. „რამდენიმე საათში ჩემს საყვარელ ადგილას ვიქნები“ - ვფიქრობ ნეტარებით; ხელჩანთას ვხსნი, მობილურს ვიღებ, რათა მატარებლის გასვლამდე დრო გამაყვანინოს.
    კინაღამ ჩამეძინა. რაღას ელოდები, დაიძარი რა! - გუნებაში მემანქანეს მივმართე, თან ფანჯრიდან დავიწყე ყურება. აჰა, როგორც ვხედავ, მალე გავალთ, გამცილებელი ბოლო მგზავრის ბილეთს ამოწმებს, როგორც მივხვდი, მგზავრი პატარა ბიჭია, რომელსაც შუახნის მამაკაცი ახლავს, ის კი თავის მხრივ ჭკუაზე არიგებს.
    - ეს ვიღაა? - ვფიქრობ. კაცს უწესრიგოდ ეცვა. ცალი ხელი შეხვეული ჰქონდა, დაღლილი, აფორიაქებული სახით იყურებოდა. გამცილებელს თავი დაუქნია, უფილტრო სიგარეტი დაუფიქრებლად მოისროლა (რაც კაცის ქცევაში საშინლად მაღიზიანებს) და გზას გაუყვა.
    გამცილებელმა ბიჭი ამოიყვანა. ასე 10 – 11 წლის იქნება. ამასაც დაჭმუჭნილი სამოსი აცვია, თალხი ფერის, მგონი ლაქებიც აქვს აქა - იქ, არც თმა აქვს კარგად დავარცხნილი. მისი ხელები მომხვდა თვალში, ბავშვის კი არა, თითქოს ნაჯაფარი კაცის ხელებია. „- ცოდოა, ცოდო, იქნებ უკვე ყოველდღიური ლუკმა პურისათვის მუშაობა უწევს“ - გავიფიქრე.
    ადგილს ეძებს გამცილებელთან ერთად.
    - „მეცოდები, გულქვა კი არ ვარ, ჩემო კარგო, ოღონდ, იმედია ჩემს გვერდით არაა შენი ადგილი,“ - მივმართავ გუნებაში.
    მოძებნეს. . . უი, არა! აქეთ მოიწევენ. მგონი მართლა ჩემს გვერდით აღმოჩნდება. . . აჰა, სულ ახლოსაა.
    გვერდით სავარძელზე დაჯდა. - დახვდებიან! - აცხადებს გამცილებელი და გვტოვებს.
    მხრდან პატარა ჩანთა ჩამოიხსნა, გვერდით დაიდო, ცნობისმოყვარე სახით დაიწყო გარშემო ყურება.“- ახლაც აღარ დაიძვრები?“ - უკვე მატარებელს ვეჩხუბები.
    დაიძრა, როგორც იქნა. საკმარისია, გადავიტან ყურადღებას. რა ჯობია მატარებლის ფანჯრიდან ცქერას. გადის წუთები. ბორბლების რიტმული დაგადუგი მამშვიდებს, ნეტარების მსგავსი გრძნობა მეუფლება. „ნეტა ხშირად ვმგზავრობდე“ - ვფიქრობ და თავს სავარძელს ვაყრდნობ. თვალს არ ვაშორებ ფანჯარას. მატარებლის მიღმა მოძრავმა სივრცემ გამიტაცა. რაოდენ დიდ ჰარმონიაში არიან ერთმანეთთან. ზიხარ, მოძრაობ; სივრცეც წარმოსახვით მოძრაობს, სიმშვიდეს გგვრის, მაგრამ თან გონებას გიფორიაქებს.
    და ჩვენ? ჩვენც ხომ ყველანი ასე ვმოძრაობთ ჩვენი საერთო მატარებლით, დედამიწით - მზესთან, მის სისტემასთან მიმართებაში, სისტემა კი კოსმოსის მიმართებით და რა იშვიათად ვფიქრობთ ამაზე, მაგრამ საკმარისია, ყური მოჰკრა რიტმულ დაგა - დუგს, იგრძნო რწევა და ათასანაირი აზრი გაგირბენს. არადა, მატარებლის მომავალი მაგნიტური რელსიაო, - გვამცნობს ტექნიკური პროგრესი. მეცოდება მომავალი თაობები. ისინი გაცილებით უფრო სწრაფად გადაადგილდებიან, მაგრამ ამ მწყობრ დაგა - დუგს ვერ მოისმენენ. ფილმებში, ეკრანზე დაინახავენ, მაგრამ ვერ შეიგრძნობენ.
    ვაგონის რწევით დამტკბარი, მომავალი თაობის პრობლემით დასევდიანებული თვალს არ ვაცილებ ფანჯარას და უეცრად ვაფიქსირებ, მარჯვენა მხარზე რაღაც მეყრდნობა. ვფხიზლდები, წარბს ვკრავ, არც განვძრეულვარ, ისე მოვატრიალე თავი და რას ვხედავ: არასასურველ მეზობელს ჩემს მკლავზე მოუყრდნია თავი და ძინავს.
    აი, სურპრიზი. როგორ ვერ შევამჩნიე. ალბათ ჩაძინების მომენტში თავს სავარძელს აყრდნობდა, მერე ძილში გვერდი იცვალა და ჩემი მკლავი დახვდა.
    რა ვქნა, როგორ შევაღვიძო? ამისი ძილის დაფრთხობის შიშით უძრავად ხომ არ ვიჯდები. მყუდროება დამერღვა. ჩემმა ფანტაზიამ თითქოს პაუზა გააკეთა; ფართო სივრციდან უახლოეს რეალობასთან დავბრუნდი. ო, როგორ არ მინდა. თან მგონი ღრმად სძინავს. კიდეც ეტყობოდა, რომ დაღლილია.  კარგი, ვეცდები ერთხანს ავიტანო და მივყვე, არ ჩამოვრჩე ფიქრების აწყობილ ჯაჭვს. იქნება ცოტა ხანი იკმაროს და მალე გაიღვიძოს.
    თითქოს ჩემს ფიქრებს გამოეხმაურაო, წამიერად შეიშმუშნა და ისევ ძილი გააგრძელა. თან რა მშვიდად, იმედიანად. დარწმუნებულმა, რომ ხელს არაფერი შეუშლის, არავინ შეაწუხებს.
    ვიცი, ერთხანს თავს ვერ დავაღწევ, ამიტომ ჯობია შევეგუო და ჩემს მოძრავ სივრცეს დავუბრუნდე:  რა ჩამოთვლის, რამდენჯერ მიმგზავრია მატარებლით, დღისით თუ ღამით, ფანჯარაზე ცხვირმიჭყლეტილს დამთენებია, მაგრამ ამდენი ფილოსოფიური აზრი დღეს პირველად მეწვია თავში. მე და მატარებელი გარშემო სოვრცით. . .  ყველაფერი ერთმანეთის მიმართაა განლაგებული და მოძრაობს, დაწყებული ატომგულით და მის გარშემო ელექტრონებით, დამთავრებული მეტაგალაქტიკებით. (ეს მხოლოდ ის, რასაც ჩვენი თვალი აღიქვამს). . .
    უკვე შევეგუე მხრით უცხო ადამიანის ზიდვას, ისევ რაღაც ნეტარების მაგვარი გრძნობა დამეუფლა, მაგრამ ამასთან კიდევ რაღაც სითბო გადმოიღვარა ჩემში. . . კი, ჩვენ ყველანი ვმოძრაობთ, მაგრამ მოძრაობენ ჩვენი გრძნობებიც, ემოციებიც, ისინიც ერთმანეთის მიმართ განლაგებულნი მიჰქრიან, სივრცეებად არიან დაყოფილნი... მიჰქრიან სიყვარული - სიძულვილი, სიკეთე - ბოროტება, გულქვაობა - გულმოწყალება, ცუდი და კარგი განწყობა, სევდა ხალისი... მაგრამ სადამდე, როგორ, რატომ!!! და სადღაც სიცარიელეში გადავეშვი უცებ ამ ყველაფერ მატერიალურ - არამატერიალურთან ერთად, მივქრივარ, მაგრამ არ შემშინებია, არ ვარ მარტო!  არ მინდოდა ჩემი მყუდროება დაერღვია, მაგრამ სულ არ მიშლის ხელს; მხარზე ცოტა სიმძიმეს ვგრძნობ, არა უშავს, მსუბუქია, ხმას არ მცემს!!! მერე რა, გამოიძინებს, დასვენებული ალაპარაკდება, ბავშვია!! ჰოდა ასწავლე, შეასმინე! უცხოა, მოუვლელი, მოუწესრიგებელი, მაგრამ შრომით დაღლილი ცოცხალი არსება,  რა იცი, რაოდენ მგრძნობიარე და გონიერი....
    და სივრცე უფრო გაფართოვდა, უფრო აჩქარდა, მატარებელიც თითქოს კოსმოსში მიჰქროდა, ასტრონომიული მანძილები კიდევ წარმოუდგენლად გაიზარდა, მაგრამ აღარ იყო სიცარიელე, ყველაფერი სავსეა, რაღაც გვაკავებს, ხელს და მხარს გვაშველებს და რაც არ უნდა იყოს გადასალახი, ნაბიჯს გვიმსუბუქებს; თითქოს დღის სინათლეც შეიცვალა, უფრო მსუყე, უფრო გამჭვირვალე გახდა, გარემო ამეტყველდა, გრძნობა და განცდაც შეიძინა თუ გამოავლინა. . .  თურმე რა საოცარი განცდა ყოფილა მხარზე მოყრდნობა, ის, რომ ვიღაც სრულიად უცხო გენდობა, განდობს თავის ძილს, მოსვენებას და იქნებ სიზმრებსაც. . .  და ასე ეყრდნობიან ჩვენი სხეულები და ჩვენი სულებიც!! ნებით თუ უნებლიედ, განზრახ თუ ინსტინქტით. ჩვენ, ერთმანეთის მიმართ მოძრავი სხეულები, არსებები, სივრცეები ხანდახან თავს ძლივს ვიმაგრებთ, მაგრამ ერთმანეთს ვპოულობთ და ვეყრდნობით... დაბრკოლებას ფეხს წამოვკრავთ, მაგრამ ერთმანეთს ხელს ვაშველებთ... მეგობრებიც და ნაცნობებიც, ახლობელნი და უცხონიც... უცხო... და ვინაა უცხო???? განა ერთმანეთს არ ვგავართ ერთმანეთს არ ვენათესავებით ასევე მსგავსი სივრცეთა შვილები??
                                                                                                      *  *  *
    მხართან შეკრთომა ვიგრძენი. გაუღვიძია. თვალები ფართოდ გაახილა, გაიმართა, კაცივით დაჯდა. გავუღიმე, თავზე ხელი გადავუსვი, დაიმორცხვა, მიხვდა, რომ ჩემს მხარზე დაუყრდნია თავი ჩაძინებულს. თვითონაც მორიდებით შემომღიმა. ამასობაში მატარებელი ჩამოდგა კიდეც. ჩანთას ხელი დაავლო, ხმადაბლა დამემშვიდობა და გასასვლელისაკენ გაეშურა.
    უკვე საღამოხანი იყო. მეც მალე ვიქნები დანიშნულების ადგილზე. მომეჩვენა, რომ მატარებელმაც სვლა შეანელა, ისე სწრაფად აღარ მიჰქროდა, შენელდა ბორბლების რიტმული ხმაც, თითქოს დაიღალნენო მგზავრობით, ცოტაც და სადგურში ვიქნებითო - ამბობდნენ. ჩანთა გადმოვიღე, ტანსაცმელი შევისწორე, კიდევ ერთხელ გავხედე ფანჯარას. ჩამავალი მზის სხივებით დაფერილმა, დასვენებისთვის მომზადებულმა მოძრავმა სივრცემ შემომხედა; მომეჩვენა, რომ მრავალმნიშვნელოვნად გამიღიმა და თითქოს თვალიც კი  ჩამიკრა დამშვიდობების წინ. . .

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები