ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: თემური57
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
16 აპრილი, 2020


ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ

    ბრძოლა ეკლესიის წინააღმდეგ
  საქართველოში ეროვნებათა და კონფესიათა ტოლერანტობის საკითხი ათეულ საუკუნესა და მთელს ეპოქებს მოითვლის.  ებრაელთა და ქართველთა ოცდაექვსსაუკუნოვანი თანაცხოვრება და თანაც სამაგალითო, ამის ნათელი დასტურია. ქართველ კაცს თანამოქალაქე უცოხტომელზე მახვილით არასდროს გაულაშქრავს და მისი რწმენა არც  არასდროს შეურყვნია. მან იცოდა, რომ თუ სურდა დამოუკიდებელი და ძლიერი სახელმწიფო ჰქონოდა,  ამას უნდა შეგუებოდა ... შეეგუა კიდეც.

  თითქოსდა ამ საკითხის სამართლიანობა დრომ დაადასტურა, მაგრამ ოცდამეერთე საუკუნეში დღის წესრიგში მაინც დგას ერთ სახელმწიფოში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნებათა, კონფესიათა და ეთნიკურ ჯგუფთა კოჰაბიტაციის პრობლემა (არაფერს ვამბობ სახელმწიფოთა შორის ანალოგიურ დაპირისპირებებზე და თანაცხოვრებაზე), რომლის გაღრმავებაც და შესუსტებაც, ჩვენს საუკუნეში მგონი გარკვეულ  კანონზომიერებას დაექვემდებარა.

  კონფლიქტის მიზეზი არა მხოლოდ რელიგიურ რწმენაში, არამედ ქონებრივ და საკუთრებრივ საკითხებშიც გახლავთ. შეიძლება ითქვას, რომ უფრო ეს ორი უკანასკნელი დილემა - ,,ქონება“ და ,,საკუთრება“ ჩვენს საუკუნეში გაცილებით მნიშვნელოვანი გახდა, ვიდრე თეოლოგიოური მრწამსი და რელიგიათა თეოსოფიური დაპირისპირება.

  ჩვენი ქვეყანა სეკულარული სახელმწიფოა, ყველა რელიგიური მიმდინარეობა - ტრადიციულიც და არატრადიციულიც, ერთნაირ პირობებშია ჩაყენებული, თუმცა რელიგიურ კონფესიათა გარკვეული კატეგორია თვლის, რომ ეს ასე არ არის და მართმადიდებლობა პრივლეგირებულ მდგომარეობაშია.

  დავიწყოთ იმით, რომ იაჰოვურ, ბაბტისტურ-ევანგელისტურ და სხვა რელიგიათა წარმომადგენლებს აღიზიანებთ სიტყვა ,,ტრადიციული“, არადა ამას თავისი იურიდიული დატვირთვა გააჩნია და ეს რელიგიური დისკრიმინაცია სულაც არ არის.

  ისტორიულად ჩამოყალიბდა ისე, რომ ჩვენს ქვეყანაში უძველეს რელიგიურ მიმდინარეობად ითვლება შემდეგი კონფესიები: ქრისტიანობა, განშტოებით - მართლმადიდებლობა-კათოლიციზმით და მუსულმანობა - შიიტიზმ-სუნიტიზმით. რომელთა მიმართაც სიტყვა ,,ტრადიციულის“ გამოყენება, რაიმე პრივლეგიას კი არა, ჭეშმარიტების კონსტატაციას ნიშნავს. ამით იმის დაფიქსირება ხდება, რომ პეტრე უფრო ადრე დაიბადა, ვიდრე ივანე, მაგრამ მიუხედავად ამისა, ისინი ,,ბედკრული საქართველოს“ ბედკრული შვილები არიან.

მართლა არ ვიცი აქ, ამ შემთხვევაში, რა გახლავთ დისკრიმინაცია, ასაკობრივი ხანდაზმულობის შეხსენება, თუ ის, რომ მე მართმადიდებელი ვარ და ვიღაც სხვა სარწმოუნოების მიმდევარი? ... ჩემი აზრით, მათი მხრიდან ეს უფრო რაღაც კაპრიზია, ვიდრე საკითხის არგუმენტირებული დადასტურება. თუ ხარ არამართლმადიდებელი, რას მალავ? ...ამით რაიმე შეიცვლება? ... იყავი სხვა! ...

  დაპირისპირების შემდეგი და ყველზე მნიშვნელოვანი თემა გახლავთ ის მიმართულება, რომელიც კონკორდატს ანუ სახელმწიფოსა და მართლმადიდებლურ ეკლესიას შორის დადებულ ხელშეკრულებას შეეხება. არატრადიციულ კონფესიათა წარმომადგენლები (სიტყვა ,,ტრადიციულს“ თავიდან ნუღარ განმამარტინებთ) თვლიან, რომ მართლმადიდებლური ეკლესია სწორედ კონკორდატით არის პრივლეგირებულ მდგომარეობაში ჩაყენებული და რომ მიმსგავსებული რამ მათ მიმართაც უნდა მოქმედებდეს.

  აქაც ვერ დაგეთანხმებით, მართლმადიდებლური ეკლესია არა პრივლეგირებულ მდგომარეობაში, არამედ დამსახურებულ მდგომარეობაშია ჩაყენებული. საქართველოს სამოციქულო ეკლესიამ ეს დაიმსახურა (ქვემოთ მე პუნქტებად ჩამოვთვლი ამ დამსახურებებს და თუ ვინმე არ დამეთანხმება, ჩავთვლი, რომ მას მართლაც ქვენა გრძნობები  ამოძრავებს). ამიტომ თუ რაღაცის სურვილი გაგვაჩნია, ამის შესახებ მიკიბულ-მოკიბულად: ,,იმას, რომ აქვს მეც მინდაო“! - ასე კი არ უნდა განვაცხადოთ, არამედ პირდაპირ  ვთქვათ:  ,,ამა და ამის სურვილი გამაჩნია და გთხოვთ, იმსჯელოთო“!

  არის კიდევ რაღაც მსხვილ-მსხვილი და წვრილ-წვრილი საკითხები, რასაც ედავებიან მართლმადიდებლურ ეკლესიას, მაგრამ, რადგანაც ზემოთ მე უკვე ვახსენე სიტყვა ,,დამსახურება“ და ჩემი აზრი ამ საკითხზე ამით გავამყარე, ალბათ უპრიანია, დავიწყო დამსახურებების ჩამოთვლა პუნქტობრივად და მერე კი ყველა დაინტერესებულმა პირმა თავად განსაზღვროს რა ეკუთვნის და რა არა დედა-ეკლესიას და რა სხვას.

მაშ, ასე! ...

პუნქტი  1.
  - ქართველებმა (ქართველურმა ტომებმა)  ქართული სახელმწიფო დააარსეს ოცდაცამეტი საუკუნის წინ (ავიღე აიეტის კოლხური სახელმწიფოს არსებობის თარიღი), რომელიც შესაძლებელია კიდევ უფრო ადრინდელიც იყოს. ზოგიერთი მეცნიერის დასკვნას თუ დავეყრდნობით, აიეტის პერიოდის ურარტულ წერილობით წყაროებში, კოლხეთის სამეფო (ძვ.წ.აღ-ის 1112 წ.) უკვე მოიხსენიება, თუმცა არსებობს უფრო ადრინდელიც. მაგალიად ფარაონთა ეპოქის (ძვ.წ. XVIII-XIV ს.ს.) ლურსმული დამწერლობის ,,თიხის ფირფიტებიც“.

ე.ი. ისტორიული ქრონოლოგიური წელთაღრიცხვის მიხედვით, ქრისტეს შობამდე მეორე ათასწლეულის მეორე ნახევრის მიწურულს, ანუ ძვ. წ. აღ-ის მე-13 საუკუნეში, უკვე არსებობდა კოლხური სახელმწიფო. მას მართავდა მეფე და ემორჩულებოდნენ ამ სახელმწიფოში შემავალი ტომები (ამ სამეფოს შემქმნელებად ითვლებიან: კოლხები, მეგრელები და სვანები).

უდაოა, რომ სამხრეთ კავკასიაში კოლხთა და იბერთა სახელმწიფოს შექმნამდე, სახლობდა მრავალი ტომი და ხალხი, უფრო მართებულნი ვიქნებით, თუ ვიტყვით, რომ მცირე ოც-ოცდაათკაციან ჯგუფებად გაერთიანებული გვარი და მოგვიანებით, რამდენიმე გვარად გაერთიანებული  თემი, რომელთაც სათავე დაუდეს ქართველურ ეთნოსურ (კუთხურ) ტომებსა თუ ხალხს.

აიეტის ეპოქის არტე-ფაქტები გვამცნობენ, რომ სვანეთში, ე.ი. კოლხეთში, განვითარებული იყო მეტალურგია, მოიპოვებდნენ სხვადასხვა მადნეულს: ოქროს, სპილენძს, სავარაუდოდ რკინასაც, რადგან აიეტის ცეცხლისმფრქვეველ ხარებს რკინის ფეხები ჰქონდათ. ამზადებდნენ ბრინჯაოს ნაკეთობებს ან შემოჰქონდათ საბერძნეთ-რომიდან.

ეს კი კოლხთა სამეფოს მაღალგანვითარებაზე მიუთითებს, სრულფასოვანი სახელმწიფოს ფუნქციონირებაზე და კიდევ იმაზე, რომ ამ სახელმწიფოს შექმნის წინაპირობა, აუცილებლად რაღაც უნდა გამხდარიყო, რადგან მას ადამივით ,,თიხისგან“ ვერავინ გამოძერწავდა.

წინაპირობა კი ალბათ აი ის კოლხი მეომრები იყვნენ, რომლებიც ეგვიპტურ წყაროებშია მოხსენიებული … თუ არსებობდნენ კოლხი მეომრები, მინიმუმ გარკვეულ ,,სასიცოცხლო ტერიტორიაზე“ არსებობდა ეს ეთნოსიც ანუ ტომი, ე.ი. პირველადი სახელმწიფო წარმონაქმნი, რომელსაც შეიძლება ჰყავდა ან არ ჰყავდა მეფე, მაგრამ ჰქონდა საარსებო სივრცე, გააჩნდა მრეწველობა საბრძოლო და სამეორნეო იარაღების დასამზადებლად, სოფლის მეურნეობა (ჭამა ხომ უნდოდათ იმ სულკურთხეულებს) და ა. შ.

მაშასადამე უნდა ჩავთვალოთ, რომ კოლხეთის სამეფო ან სახელმწიფო წარმონაქმნი, უფრო ადრეულ პერიოდსაც მოიცავს და ის არ შემოიფარგლება მხოლოდ ძვ.წ, არ-ის მე-13 საუკუნით, მაგრამ საინტერესოა ის ფაქტი, რომ უკვე აიეტის შემდგომ, კერძოდ ძვ.წ. აღ-ის მე-12 საუკუნის ისტორიულ წყაროებში, მეფის მმართველობა აქ არ ჩანს. კოლხეთი ერთგვარ კონფედერაციულ სახელმწიფოს წარმოადგენს. ამ ,,საარსებო არეალში“ სახლობს სხვადასხვა ტომი და ხალხი, რომლებიც თანასწორობის უფლებით სარგებლობენ. მათ არ ჰყავთ ერთი მმართველი და ყოველი გაერთიანება ემორჩილება მის მეთაურს (ერთ-ერთ ურარტულ წყაროში აღწერილია ე.წ. ,,ჩრდილოური ომი“, მოხსენიებულია კოლხეთის ლაშქრის სამოცი მეთაური და არ იკვეთება ერთი მმართველი)., თუმცა სრულიად შესაძლებელია, რომ აღნიშნული ე.წ. ,,კოლხური წარმომავლობის ტომები“, მართლაც მეფის გარეშე მონაწილეობდნენ რომელიღაც ბრძოლაში და ეს იყო მეფესთან შეთანხმებული, ან მათ ჰქონდათ ბრძოლის წარმოების თავისუფალი უფლება, ოღონდ იმ შეზღუდვით, რომ კოლხეთის სამეფოს დაცვა სავალდებულო  ,,ბეგარა” იყო.

კოლხთა სამეფოს ადრეულ დაარსებას ქალაქ ქუთაისის ასაკიც გარკვეულ სიცხადეს მატებს. მის შემოგარენში ნაპოვნია ქვის ხანის ადამიანის განსახლების ნაშთები და ადრეული ანტიკური ხანის ნამოსახლარები, მაგრამ ქვის ხანის ეპოქაში, რადგან დედამიწაზე რაიმე სახის სახელმწიფო წარმონაქმნი თითქმის არ არსებობდა, თუ არ ჩავთვლით შუმერს, არც ქუთაისი იქნებოდა კოლხეთის დედაქალაქი, თუმცა ძვ.წ.აღ-ის XVII-XV ს.ს, ბერძნული მითოლოგია ამ მხრივ რაღაც ინფორმაციას უკვე გვაწვდის.

ეს არის ე.წ. ,,მინოსის ხანა“, კუნძულ კრეტაზე არსებული ერთ-ერთი უდიდესი ცივილიზაცია, რომელსაც მეფე მინოსი მართავდა. სწორედ მას და აიეტს მიიჩნებდნენ უძველესი ელინები სიძე-ცოლოძმად. ამიტომ კოლხური სახელმწიფოს დაარსების თარიღი შეგვიძლია კიდევ უფრო წარსულის სიღრმეში წავწიოთ, თუნდაც რამდენიმე საუკუნით.

რადგან ისტორიის წინაშე არ მაქვს პროფესიული ვალდებულება, მე კოლხთა სახელმწიფოს დაარსების თარიღად, მთლად დილეტანტად რომ არ წარმოვჩინდე, ძვ. წ. XVIII საუკუნეს ავიღებ (,,შენი რა მიდის, კიდევ წაუმატეო“! - არც მთლად მასეა საქმე, ამიტომ ამ ,,ნიშნულით“ დავკმაყოფილდეთ) ...

- ამიტომ ქართველ ერს სრული უფლება ჰქონდა ქრისტეს შობიდან 320 წელს (ესც თანამედროვე გამოთვლებით დასტურდება) ეღიარებინა ახალი რელიგია - ,,წმინდა ნინოს რელიგია“ და ის სახელმწიფო რელიგიად გამოეცხადებინა ... უბრალოდ აეღო, ეწამა,  ეღიარებინა და გამოეცხადებინა.

- მაგრამ ეს მხოლოდ ,,უბრალოება“ არ გახლდათ, თუმცა კიდევ განვმეორდები, რომ ამ ნაბიჯის გადადგმა ისე, უბრალოდაც შეეძლო, რადგან მას იმ დროისათვის სახელმწიფოებრივი არსებობის დაახლოებით თექვსმეტსაუკუნოვანი გამოცდილება გააჩნდა, რომელიც ერთგვარი ექსპერიმენტის ჩატარების შესაძლებლობას არ უზღუდავდა.

  - მომავლისაკენ მზირალ ქართველ ერს, კარგად ესმოდა ეპოქებში ვინ უფრო შეეწეოდა: ბომონი-არმაზი - ,,გაცით“ და ,,გაიმით“ თუ განკაცებული ძე-ღვთისა - იესო ნაზარეველი  ...

- მან ზედმიწევნით სწორი არჩევანი გააკეთა ... ,,მამული, ენა სარწმუნოება“ შემოქმედში განაზოგადა და მის სამსახურში ჩადგა (ღმერთო ჩემო! არ მკითხოთ, სწორი არჩევანი რატომ იყოო? ... იმიტომ, რომ ქართველებმა ოცდამეერთე საუკუნეში ,,ჩვენი ფეხებით“ შევაბიჯეთ, ხოლო ატლანტიდელთა,  შუმერთა და სხვა დიდ ხალხთა მხოლოდ ნასახლარები შემორჩა დედამიწას).

- და, რადგანაც ქართველმა ერმა ეს არჩევანი გააკეთა, ამ არჩევანს საქართველოში მცხოვრებმა ყველა ერმა თუ ეროვნებამ პატივი უნდა მიაგოს. ქართველი კაცის ფიზიკური გადარჩენა ხომ მათი ფიზიკური გადარჩენაც იყო. აღარაფერს ვამბობ სულიერ გადარჩენაზე, რადგან საქართველოს დედაქალაქში - ჯალალ ად-დინის, ლანგ-თემურის, ბუღა-თურქის, აბას-შაჰის, აღა-მაჰმად-ხანის, სხვათა და სხვათა რბევას გამოვლილ ჯვარცმულ წმინდა ქალაქში - დედა-თბილისში - ,,მეიდანზე“ დღესაც აღევლინება ერთი ღმერთისადმი სხვადასხვა ენაზე ლოცვა.

პუნქტი  2.
  - მართლმადიდებლურმა რელიგიამ ამის შემდეგ აგერ უკვე თექვსმეტსაუკუნოვანი ეპოქა გამოგვატარა და ვფიქრობ, რომ აპოკალიფსისამდე ამ სარწმუნოებით მიგვიყვანს.

პუნქტი  3.
- ძნელბედობის ჟამს, მართლმადიდებლური რელიგიის მსახურნი ანაფორას განიძარცვავდნენ და ხმლით ხელში სამშობლოს დამცველთა რიგებში დგებოდნენ,  თავსაც სწირავდნენ (ზოგიერთი კომფესიის მიმდევარს კი მშვიდობიანობის დროს არ სურს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში სამსახური). 
 
პუნქტი  4.
- მართლმადიდებლობას საკუთარი სიცოცხლე ერთდროულად ანაცვალა ასიათასმა ქართველმა მოწამემ, რომელთაც მხოლოდ ერთი უბრალო ნაბიჯი აშორებდათ  ხორციელად გადარჩენამდე ...  დიახ! ერთი ,,უბრალო ნაბიჯი“! ... ხატების გავლით, მტკვარზე გადებულ ხიდზე გადასვლა ...

პუნქტი  5.
- დედა-ეკლესიამ ქართველ ერს შეუქმნა და შემოუნახა სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლები, სახელმწიფოებრიობა, ეკლესია-მომასტრები, ხატები, დამწერლობა, საგალობლები, ადათ-წესები, ზნეობრივი ნორმები,  წიგნები, ტრაქტატები და სხვა დოკუმენტები.

პუნქტი  6.
- წმინდანად აღიარა და სამარადჟამოდ უკვდავყო მართლმადიდებლური სარწმუნოებისათვის წამებული არაეთნიკური ქართველი მამულიშვილნიც;

პუნქტი 7.
- ეკლესია მუდამ საკუთარი ქვეყნის სამსახურში იდგა. შიდა ბრძოლებსა და არეულობების პერიოდში ყოველთვის სახელმწიფოს ინტერესებიდან გამოდიოდა. არასდროს მოუთხოვია თეოკრატიული მმართველობის შემოღება (ამ მხრივ ცალკეულ მცდელობებს არ ვგულისხმობ), რადგან ეს გზა იყო,  გზა - არასაით ... დიახ! არსაით! ... არც წინ და არც უკან, არამედ მოუსავლეთში, თუმცა ამ მოთხოვნის შესაძლებლობას ქართველი კაცის მორჩილება რწმენისადმი ხშირად იძლეოდა.

პუნქტი  1500-ს მერაღაცე ...
- ისე, აჯობებს აიღოთ და  წაიკითხოთ საქართველოსა და დედა-ეკლესიის ისტორია.
  დასკვნა ერთია: დედა-ეკლესიის როლი ქართული სახელმწიფოს ჩამოყალიბების საქმეში განუზომელია, თუმცა მას ამის შესახებ ხმამაღლა საუბარი არასდროს უყვარდა. მისთვის ქართველიც და არაქართველიც ორივე ღვთის შვილია და საუკუნეების მანძილზე რელიგიური დარბევები არასდროს განუხორციელებია, რასაც ვერ ვიტყვით თითქმის ვერცერთ სხვა სახელმწიფოზე ან რელიგიურ კონფესიაზე (ჯვაროსნული ომები, ჯიჰადი, ებრაელთა მასობრივი დარბევები, ჰოლოკოსტი და სხვ).

  ასე გაზარდა და შთააგონა ქართველ კაცს დედა-ეკლესიამ მოყვასისადმი სიყვარული, რწმენა და თმენა, სხვა ერებთან თანაცხოვრება და საერთო საქმის ერთად კეთება, ბევრი ,,თან“ და ბევრი ,,ებ“ ...
ქართველ კაცსაც კარგად აღზრდილსა და გაზრდილს, არასდროს გაუფერმკრთალებია თანამოქალაქე სხვა ეროვნების წარმომადგენელთა ,,ქართული საქმე“ - ისტორიის ფურცლებს ამშვენებს სიდონიასა და აბიათარის, შუშანიკის, აბოს, სომეხი ტერტერას, ხუდიას, სხვათა და სხვათა ზნეობრივი თუ მოწამეობრივი გმირობის მაგალითები.

... ,,მამული, ენა, სარწმუნოება“- წმინდა ნინოსთან გააიგივა და ამით მუხლი მოიდრიკა კაბადოკიელი ასულის წინაშე ... ნინო და საქართველო  მისთვის ერთი სახატე გახდა  ...
  ახლა კი ... დადგა დრო, სოლომონს მოვუხმო (ხომ გახსოვთ? - ,,ახლა კი დროა სოლომონ რომა“) და გავიმეორო, თუმცა არა ცოდნისათვის,  ერთი მარტივი, მაგრამ თავისი არსით გულღვარძლიანი და ბოღმანარევი, არაკორექტული და სატანისეული, არაეთიკური და უზნეო, ფსიქოზით გაჯერებული მავანთა შეკითხვა ...

გამეორებული შეკითხვა:
- საქართველოს მართმადიდებლური ეკლესია იმსახურებს თუ არა სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურ დახმარებას  კომპენსაციის სახით? ...

გამეორებული  პასუხი:
- დიახ! იმსახურებს! ... მეფის რუსეთისა და ბოლშევიკების საშინელებათა გახსენებაც კმარა..
  მაგრამ აქ, ისევ  დაისმის კიდევ ერთი შეკითხვა ...

განმეორებული მეორე შეკითხვა:
- მაშინ გვითხარით, რამდენია ეს ზარალი თანხაში გამოხატული? მუდმივად ხომ არ შეიძლება ამ პროცესის გაწელვა და კონპენსაციის უვადოდ გაგრძელება?

გულწრფელი განმეორებული პასუხი:
- მაშინ თქვენ მითხარით, როგორ უნდა შეფასდეს პატრიარქების - ამბროსი ხელაიას, კირიონის, სხვათა და სხვათა მოწამებრივი აღსრულება და მე ვმატერიალიზებვყოფ  ამ პასუხს.

... ?! ...

... ვხედავ, რომ კითხვები არ არის!  ... მაშინ მეც მაქვს სათქმელი:

ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერ რელიგიურ კონფესიას აქვს საკითხის დასმისა და მისი განხილვის მოთხოვნის უფლება, მაგრამ ეს არ უნდა ხდებოდეს სხვის ხარჯზე. გავიხსენოთ დავით აღმაშენებელი, მან მუსლიმ თანამოქალაქეებს გადასახადი შეუმცირა და ამით გამოხატა მათ მიმართ საკუთარი პატივისცემა იმის გამო, რომ ისინიც, (თანამოქალაქე მუსლიმები), საქართველოს სახელმწიფოს ძლიერებას განამტკიცებდნენ ... ერთად იდგა არამარტო ერი და ბერი, ერთად იდგნენ ერები და კონფესიებიც.

  სიმართლე გითხრათ, მთლად კარგად ვერ ვითავისებ დავითის თუნდაც მნიშვნელოვან, მაგრამ ამგვარ ნაბიჯს, რადგან საუკუნეების მანძილზე სხვა კონფესიათა მხრიდან, საქართველოს ზიანი მეტი მიადგა,  ვიდრე სიკეთე ... რამდენჯერ ,,ჩამოუშლიათ“ თბილისის კარიბჭის ურდული მოღალატე უცხოტომელ თანამოქალაქეთ? ... თუმცა მესმის, რომ ის ამიტომ იყო დავითი და მე თემური.

  დედა-ეკლესია არა მხოლოდ მღვდელთმთავრებია და ბერ-მონაზვნები, დედა-ეკლესია ჩვენი ერის იდენტურობის ბალავარია, რომელზეც მისი ადათ-წესებია დაშენებული ... დიახ! სარწმუნოება კონკრეტულ ადამიანზე (ადამიანებზე) აღმატებულია.

ჩვენ ადამიანები ვართ და მეტ-ნაკლებად ვცოდავთ ... ,,არ გვასვენებს ზოგჯერ გამჩენი“... მთავარია ჩვენს თავში ვეძიოთ ჩხირი, ვიდრე სხვის თვალში დირე, გვერდზე გადავდოთ ისტორიული დაპირისპირებები და ოცდამეერთე საუკუნეში თანაცხოვრება ნორმალურად შევძლოთ, რადგან ეს შემოქმედის ნებაა და მხოლოდ მან უწყის ეს ნება როდის შეწყდება.
 
  თხრობა მინდა დავასრულო ებრაელი რაბინის ზოშიას სიტყვების პერიფრაზით: იქ, იმქვეყნად, სამსჯავროზე თუ მკითხეს: ,,დავით აღმაშენებელი რატომა არ იყავიო“?- ვიცი რა ვუპასუხო, მაგრამ თუ მკითხეს: ,,თემური რატომ არ იყავიო“? - მე არ მექნება პასუხი.

პატარა P.S.
2020 წლის სააღდგომო ლიტურგიის საკითხმა ისევ გაააქტიურა ზემოთ განხილული თემა, ოღონდ ამჯერად სხვა კონტექსტში ... უნდა დაიხუროს თუ არა მართლმადიდებლური ეკლესიები COVID-19-ის პანდემიის პერიოდში? ...

არ უნდა დაიხუროს! ... ეკლესიებში ხომ საქართველოს გადარჩენისთვისაც აღევლინება ლოცვა, რომელშიც ყველა მოქალაქის ჯანმრთელობაც იგულისხმება? ...

სხვა რელიგიის წარმომადგენლები განა ჩვენზე აღავლენენ ლოცვებს? ... ქართველ ქრისტიან-მართლმადიდებლებზე (ამ ფრაზას ნუ გამიგებთ სხვაგვარად, პატივს მივაგებ ყველა რელიგიას, მაგრამ აზრი რომ მართებულად წარმომეჩინა ამიტომ დავსვი ,,ღია“ შეკითხვა)? ... ყველა გამოდის საკუთარი რელიგიური დოგმებიდან (შეხედულებებიდან) და ლოცვებიც შესაბამისი გააჩნიათ ...

მეორე: მავანი ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთგვარ ფარად სახელმწიფო კანონებს და მისი აღსრულების უპირობობას იყენებს, არადა, მტერიცა და მოყვარეც კარგად ხვდება ეს ,,გამოყენება" რომ არაგულწრფელია და საქმე ეკლესიის დასუსტების მცდელობას შეეხება, თუმცა ,,ქარის წისქვილებთან" მებრძოლნი ვერ ხვდებიან იმდენს, რომ თუ ჩვენს ქვეყანაში მართლმადიდებლობა დასუსტდება, დასუსტდებიან თავადაც და საფრთხე სახელმწიფოებრიობას შეექმნება (ზემოთ ამიტომაც შევეხე ისტორიას).

საქართველოში ტრადიციულად არამართლმადიდებელი მრევლი 15-20%-ის ფარგლებში მერყეობდა, ყოველ შემთხვევაში ამ ციფრს დაახლოებით 30%-სათვის არასდროს გადაუჭარბებია. დარწმუნებული იყავით ეს ციფრი არ გაიზრდება. სხვა კონფენსიებმა ეკლესიის ლანძღვის მცდელობით კი არ უნდა იფიქრონ მრევლის გაზრდაზე, არამედ დამსახურებიდან გამომდინარე ... ამქვეყნად და იმქვეყნადაცაც ყველას დამსახურებისამებრ მიეგება ... იყავით გულწრფელნი და როცა იშველიებთ სახელმწიფოს კანონების უპირობო აღსრულებას, ჯერ საკუთარ თავს შეხედეთ.. თქვენ, ეკლესიის კრიტიკით, განა ჩემს, როგორც მართლმადიდებლის უფლებებს არ არღვევთ? ... რელიგიური უმცირესობა, რელიგიურ უზნეობას არ ნიშნავს ... საქართველოში ზემოთ მოცემული პროცენტული თანაფარდობა არასდროს დაირღვევა, რადგან იგი ზაცაშია დადგენილი, მაგრამ არც ქართველი აღმართავს ხელს სხვა კონფენსიებზე, ესეც ზეთით კურთხეულია, თუმცა დარწმუნებული არა ვარ, ჩვენი დასუსტების შემთხვევაში, სხვები ანალოგიურად მოიქცნენ.

განაცხადეთ პირდაპირ,  ეს პანდემიაც ეკლესიის წინააღმდეგ ბრძოლისთვის გინდათ გამოიყენოთ ... ამას უფრო გაგიგებთ, ვიდრე შეფარულ ეშმაკობას, რომელიც ადვილად იშიფრება ... ასე აჯობებს! ... 

ხოლო მესამე კი ის გახლავთ, რომ თუ მრევლი არ დაარღვევს გამოცემული დეკრეტის პირობებს, მივა საღამოს ცხრა საათამდე ეკლესიაში და იქ დილის ექვს საათამდე დარჩება, ეს დასაშვებია ...

- ამით სამ პირზე მეტი ადამიანის ერთ სივრცეში (ოჯახის გარდა) შეკრების შეზღუდვა ირღვევა? ...

- არა მგონია, რადგან ეკლესია უფლის სახლია და არა რაღაც ზოგადი სივრცე.
       

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები