ნაწარმოებები



ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პროზა
16 აპრილი, 2020


ზღვა

  ზღვა, მშფოთვარება და კიდევ რა, თუ არა ამ ღელვაში გამომწყვდეული აზრი - ჩაძირული ფსკერზე ზარდახშა - რომ მასშია ბედნიერება, რომ ზღვაა ავი, მშვიდიც, სავსე სიცარიელით, რომ სხვაა თავად ნავი, რომელიც სულზე ტორტმანობს, როცა ვუცქერით. დღეს ზღვა არ იყო მშვიდი. მწვერვალებად ადგნენ ტალღები, ქარიშხლისგან გამოყრილი დემონებივით ცას რომ ტორავენ. ზოგს აშინებდა ეს ღმუილი, ზოგს კი პირიქით, ეს ღმუილი აქარიშხლებდა. ვერდანაოკი ზღვის ვნებები ცასაც წვდებოდნენ, მაგრამ წამით, მაგრამ ამაოდ. მერე კვდებოდნენ და თავისსავე ლურჯ სხეულში ჩაინთხეოდნენ ან სილიან ნაპირს ასკდებოდნენ და ილეწებოდნენ და ამ ხმაში, ზრიალში, ალაგ-ალაგ მონადენი თევზის და ქაფის სუნში, სანაპირო იყო მდუმარი.
  ზღვის ანალოკ, გლუვ, გულშიშველ სავალს, როგორც უნაპირო, სიყვარულით გასულმკრთალებულ იდუმალ ტრამალს ის ქალ-ვაჟი მიუყვებოდა, რომლის სიყვარულს ზღვა უყვებოდა ახლა მთვარეს ასე ხმამაღლა და მთვარე ეკრა სილიან სველ გზას სიათინათედ. ტალღების შხუილის და შორეული ზვირთთა ღმუილის ხმასთან ერთად უწვრილეს შხეფებად დაშლილი ზღვის სუნი და სიმლაშეც წვდებოდა მათ სახეებს, ხელებს და გრძნობებს და ხვატიანი დღისგან და ერთმანეთის სიმწველისგან გადანამხურვალებ სხეულებს უგრილებდათ ნოტიო სილბო.
  არავინ იყო იმ ზღვის ნაპირზე იმ ორის გარდა და კიდევ, მღელვარება და ღელვა, მაგრამ რა იცოდნენ მათ ან ზღვამ - ვისი მეტად და გულის, ზღვის გულისცემა და სიყვარული იმ ორისა და იყო მთვარე, ვერცხლისფერი, იდუმალი მესაიდუმლე
- რა მომაგონდა...
  ისე განზავდა ქალის ხმა ქარში თმააწეწილი ალბათ არც გრძნობდა თუ ამბობდა ხმამაღლა რამეს.
- რა?
  სხვაგან იყო კაცის ხმა, მაგრამ სხვაგანაც მასთან.
- მაისი. მხოლოდ ჩვენი და ის ვარდები.
- რამ მოგაგონა ივლისის ღამით, ახლა, ვარდები... გესმის? ახლა ზღვაა ყველა დარდის ამაოება. მიყვარხარ. რამდენი ხანი გასულა უკვე არ მითქვამს, მთელი საღამო...
- რატომ ატოვებს მაისი ასე თავის ვარდებს გრძნობათნავარდებს? რატომ. ისინი კვდებიან უმაისოდ, კვდებიან მარტოდ და იტანჯებიან.
  ზღვას უყურებდა. იცოდა უყურებდა, მაგრამ გაურბოდა კაცის მზერას, თუ ბედისწერას. ეშინოდა კიდეც რაღაცის, აქ და სწორედ ახლა, ან იქნებ არაფრისაც.
- რაღამ გაგახსენა... არც მაისია, არც ვარდები. აქ მხოლოდ ზღვაა და მხოლოდ ღამე, ჩვენი სიყვარულის თვალებში შემყურე და ჩვენზე მეოცნებე მთვარე. რაღამ გაგახსენა?
- არ ვიცი.
  სხვას რაღას იზამდა. შეაჩერა, სულ ერთი წამით ჩააცქერდა გალაციცებულ სიმკრთალეში შერეულ თვალებს და მერე კოცნისთვის არანორმალურად დიდხანს გაგრძელდა კოცნა. ამ ღამიანში კაცი მზე იყო, მთვარის სინაზეს დანაწაფები და ზღვა? ამ დროს ყველაფერი ჩუმდება და ჩერდება ხოლმე, სუნთქვა შეიგუბა ქარმაც და მერე თავი აიხსნა სამყარომაც და ზღვამაც და ქარმაც, როცა ტუჩები დაშორდა ტუჩებს და მერე ისევ... გაუყვნენ სილიან სავალს, ნაპირს უნაპიროს და ვერცხლის სველ ბილიკებს.
- ასე აკოცებს მაისი ვარდებს და მერე, მიატოვებს, შეატოვებს, უიმედოდ, დუმილით, უხმოდ და უღვთოდ - შეაკრთო კაცის ხმამ ქალის გულამდე საკუთარი გული.
- ჰო, ალბათ - შენც მიმატოვებ? ეს აღარ უთქვამს, არც უფიქრია, აღარ ეყო ამისთვის ძალა, მაგრამ ეს კითხვა იდგა ყველაფერში და ყვალგან მანამ, სანამ ხმას ჩანთქავდა რაღაც, ზღვაზე უფრო დიდი ძალა - მე უშენობა მეშინია და არა სიმარტოვე. ნუ მიმატოვებ.
- მე ვერსად წავალ, შენში ვარ და თუ არ გამაგდებ, ვერსად წავალ.
- რომ დაგეკარგო? - კაეშანი რა უცებ გაქრა. ქალი ანცობდა.
- სად ნეტა? ვერსად.
- ზღვასთან, ზღვაში, მასთან... ნახე, თანაც არც ისე ცუდი ვინმე ჩანს - ახლა ღიმილიც ეფინა ქალის მთვარის ვერცხლის სიათინათეს.
- ჰოო... ზღვას დაუჩოქებ და ვთხოვ, რომ შენი თავი არ წამართვას. სხვას არასოდეს და არავის. სხვას ყველას და ყველაფერს დავაღრჩობ შენთვის!
- ჩეემი მძლეთამძლე! ახლა გამიშვი მასთან და გპირდები, როცა წყნარი იქნება ზღვა, ძალიან-ძალიან მოვინდომებთ მე და შენ და ცურვასაც გასწავლი, რომ იქაც შენთან ერთად ვიყო და მიყვარდე.
- ჯერ ისევ ღელვაა. არ გინდა რა...
- ძვირფასო, მინდა.
  სიფრიფანა კაბა გაიხადა და ზღვისკენ წავიდა.
  პაატა იქვე, სილიან ნაპირზე დაჯდა. თითქოს პირველად უცქერდა ასეთს. მიირწეოდა მისი სხეული. სული ღამისა, მთვარისეული.
  შიშველი იყო მისი გულის ყველა შედევრი. გრძნობდა გრძნეული ზღვა ამას, ისიც ხედავდადა ამ ზღვის იქეთ, ზღვის გულში ცხოვრობენ მედუზები, ცხენთევზები, ვარსკვლავთევზები, არსებები არსებულები და არარსებულები და ყველას, წარმოსახვაშიაც კი, აქვს გემო და სუნი - ზღვის. ის ზღვის შვილია, თავადაა ზღვა და სხვა, რომელშიც ზღვაა.
  ზღვამ ტერფები აულოკა. ეამა, ზღვასაც. მერე აუყვა ტალღათა როკვა სველი ხელების ლოკვებს და ალერსივით ედებოდა სხეულს სიამე, ვნებიანი გაამბორება - შიშველ უდაბნოს მომთაბარესი და განეზავა და განემხო პატარა არსების ტანი სილურჯის ასე მუქი ტონის სიმლაშეს. სულ წამით შედგა. მერე მკლავები გაშალა და როგორც ფრთები სივრცის ნაკადებს, ტალღებს მოუსვა. ეთამაშებოდა ტალღა, იქნებ უნდოდა მისი დაღლა როცა სახეზე ევლებოდა და ულოშნიდა სახეს მლაშე ტუჩებით. რაღაცნაირი გული ჰქონდა ახლა ზღვას, თითქოს ორგული. ცისკენ ასწია ნაზი სხეული წამიერად და ჰაერში შეთამაშებით და წამის შემდეგ გამოსტაცა ცას და გულში ჩაიკრა თავდაჯერებით და დარჩა მარტო უსაზღვროთა დევნის წინაშე ქალი...
  დრო მიცურავდა და ცურავდა სიშორეს ტანი და ვერ გრძნობდა ბედად მომავლის სევდას, რომელიც იქნებ გარდუვალად ყოველთვის სდევდა. არ იცოდა; ან ვინ იცოდა? და მისდევდა და მიაქანებდა გოგონას ქარივით ქროლვა და სანამ, სანამდის, დიოდა და გადიოდა სხეულიდან ძალა. თურმე ჟონავდა უჯრედების შიგთავსებიდან. დაღლა იგრძნო, ერთ წამში და ერთად. ნაპირს გახედა. შეცბა; შორს იყო ნაპირი. ზღვაც ალბათ მიხვდა, დაენანა და მოხვია უფრო მკაცრად სველი ხელები, რომელიც ახლა ცივი იყო, შიშივით ცივი. ნაპირისკენ გაიწია და მთვარისკენ სულ ოდნავად წამოიწია. მას არ ესმოდა ზღვის დარდები, არც გულისცემა, რადგან ნაპირზე, იქ, იმედების შორ შენაპირზე, რაღაც ბუნდოვნად, ჩათვალა რომ პაატა შენიშნა და ეს ხედვები სულ წამიერად თითქოს კიდეც ენიშნა. ისე მოუნდა მასთან... გაიბრძოლა და გაიწია და გაძალიანდა, უნდოდა ასე, მაგრამ... ზღვას ქონდა ძალა, მაგრამ მას აღარ და განწირულად ამოაყოლა კივილს ძახილი. ზღვამ არც ხმას მისცა გასაქანი და ნება გაქცევის და დააქცია თითქმის ზეცა, რომ ვერ გაეღწია მისი გულიდან მის ხმას.
  პაატა უკვე მუხლებზე იდგა. ბედისწერა ბოროტად ცდიდა და განიცდიდა წინათგრძნობას, როგორც უკვე მონახდენს და წამებს ისევ წამები ცვლიდა. როგორ გავდა წამებას ეს დრო; ან იყო კიდეც. გრილი ქვიშა მუხლებს უწვავდა და გალუკუმებულ სილურჯეში ეძებდა მზერას. უნდოდა ლოცვასავით რაღაც ეთქვა, მაგრამ გვიან იყო ლოცვაც, რადგან ძახილი, მისი ბოლო ამოძახილი, ძლივსთავდახსნილი, ძლივსგასაგონად, უიმედობად მიესვენა მის სმენას და ის მიხვდა, რომ წამებს ითვლიდა, რომ ყველაფერი თითქმის გათავდა, რომ...
  თავზარდაცემად დაენარცხა ზვირთი სილიანს და გონებაში რაღაცა გასკდა!
  ზღვას მოეხვია ცივი თითები სასომიხდილი და უღონო ქალის შიშანატანი სხეულისთვის და მიაქანებდა შავი გულის ავი გულისკენ და ღრუბლის ძენძში გახლართულ მთვარეს ბედისწერას მიაბღავლებდა.
  სასოწარკვეთით ავარდა ფიქრი. უიმედობით, სულ ოდნავი იმედით, ნისლით, კიდევ რაღაცით... ახლა დრო იყო ყველაფერი, ყველაზე დიდი და არ რჩებოდა დრო ფიქრისთვის, არც არაფრისთვის, არც სიცოცხლის დანანებისთვის და ფიქრთან ერთად სილინ ნაპირს ავარდა პაატას ცივი სხეული. სულ ერთი წამით ჩააკვირდა ჰორიზონტის ჩამუქებულ უსასრულობას, უაზრობად და დაუნახავად ახედა გადღაბნილ მთვარეს და ამ ერთ წამში ჩაეტია სურვილიც, დაღლაც, სიცოცხლის მთელი გზის უაზრო გავლაც და შეალეწა ტალღების კედელს მომავალი, ამომავალი და გადაეშვა, ზღვის გულში გადაეშვა და გაედევნა მის სახეს და სახელს, თან რომ ბღაოდა.
  სანაპიროზე, ძველებურად, ისევ ზღვის დუმილი იდგა.
  სველ სილაზე, ზღვასთან სულ ახლოს, თითქმის ზღვაში, მარია გულაღმა იწვა. სველ სანაპიროს მისი ზღვისგან ნაგვემი ტანი ხელისგულზე კრძალვით ესვენა და ძლივს სუნთქავდა დაქანცული და ღონემიხდილი. თვალებდახუჭულს ქარის სუნთქვა სულს უბერავდა. ალმასებივით უკიაფობდა ტანზე სისველე, მაგრამ მთვარე ჰგავდა ახლა საოცრად სნეულს ღრუბლის ძენძისგან კეთროვანი მათხოვარივით და მარიას ტანი აღარ გავდა ბრინჯაოს სხეულს, ახლა ქალი იყო, ძალადობაგამოვლილი, რომელსაც ოდნავი გატოკებაც არ შეეძლო და ეშინოდა.
  არ იცოდა როგორ გადარჩა, ან რა დარჩა მისგან, მაგრამ იცოდა, ნაპირზე იწვა სიკვდილისგან გამოქცეული და სულერთი იყო, ქვადქცეულიც კი ცოცხალი იყო. აზრი ნელნელა დედდებოდა და თითო ყლუპად ჩაისუნთქავდა. ქუთუთოებით მკვრივი სიმძიმე ძლივს გადაზიდა და მზერაგაყინული, სველი თვალებით მთვარის ნატეხს ჩააცქერდა ვერცხლის ცალ თვალში. ცას ვერ ხედავდა, მუქი იყო, მხოლოდ ვერცხლის მნათობდა სვეტი.
  და მოაგონდა. პაატა, პაატა... უკანასკნელი ამოძახილი. მისი სახე, მისი სახელი.
  თავი ნახევრად გადააგორა და ცასაყრდნობილი მზერა თვალებს გადააყოლა. ცარიელ ნაპირზე ცარიელი ესვენა ბედისწერა. უკაცრიელი დახვდა ნაპირი, სადაც კი მიწვდა. აღარსად იყო პაატას სახე. აღარ ენთო მისი სანთელიც. პაატა ზღვას გაყვა, მის სიცოცხლეს სიკვდილში გაყვა და სიცოცხლე ტალღებს შეალეწა.
  ყველაფერს მიხვდა. ვეღარ შეძლო და გონება დაკარგა. სიცარიელედ გაიყინა დროში აზრი, ყველა ხმა დუმდა. დამუნჯდა ღამე.
  მერე წვეთებად ჩამოჟონა და დუმილის წუთი წუთმა წაიღო. სიცოცხლემ ხომ მსხვერპლი უკვე გაიღო... მთვარე ისევ ალაციცდა მთვარეულივით, ქარი გაუყვა სველ ტრამალებს და მხოლოდ ქალი დარჩა, რომელიც გადარჩა, სხვანაირ ლაქად და გაგრძელდა ძველებურად ისევ ყოველი; მაგრამ ზღვა ლამაზი აღარ იყო.
  იდგა გარიყული ნაპირი, ჰორიზონტის ბოლო ხაზზე მზე ამოდიოდა, ღამის იდუმალის წითელი ვამპირი და ზღვას გულზე აკვდებოდა ღამე.

-----

  გულგახეთქილს გაეღვიძა და ფეთიანივით წამოჯდა საწოლში. მაშინვე ვერც მიხვდა, რომ გაეღვიძა. მერე უფრო შეეშინდა, ყველაფერი რომ გაბუნდოვნდა და ვერაფერი ვეღარ დაინახა, თვალები ცრემლებით ქონდა სავსე, ტიროდა სიზმარში. ხელები ჩამოისვა სახეზე მარიამ და ძლივს გამოერკვა. უკვე დილა იყო, სიზმარი გაქრა და ღამე და სიზმარი გათენებაში ჩაქრა. გულს ბაგა-ბუგი გაჰქონდა. მთელი სიზმარი ცხადად ახსოვდა, ყველა წამი, ყველა... თუკი სიზმარს დროის ხდომილი საერთოდ ჰქონდა.
  მარია საწოლში იჯდა და უნდოდა ლოცვა ეთქვა. სიტყვები ვერ იპოვა. ლოცვა ვერ თქვა. აფორიაქდა, საწოლიდან გადმოვიდა, ადგა, ხალათი მოიცვა და ოთახში გაიარა. საწოლთან ისევ შეჩერდა და არეულ ბალიშებს დააკვირდა. იქ ეძებდა, თითქოს იქ ეძებდა... მაგრამ ღამე უკვალოდ გამქრალიყო. სულში ჰქონდა ჩარჩენილი მხოლოდ ღამე და შიში.
  საძინებელში, საწოლთან ახლოს, ლარნაკში, ჯერ ისევ ყვაოდა თაიგული. მისთვის არც შეუხედავს, შებრუნდა და ოთახიდან გავიდა. მისაღებ ოთახში ორი სამგზავრო ჩანთა იდო, წინა საღამოს ჩალაგებული. ამ დილით ზღვაზე მიდიოდა დასასვენებლად, მაგრამ უკვე იცოდა, რომ გადაიფიქრა და ჩანთები გახსნა, დააპირქვავა, თვითონაც იატაკზე დაჯდა და შვებისმაგვარად ამოისუნთქა. რათქმაუნდა სიზმარს არ დააბრალებდა წაუსვლელობას, მაგრამ რაიმეს მოიფიქრებდა. ფანჯრისკენ გაიხედა, წვიმდა. ესიამოვნა უამიდობა - წვიმაც მის მხარეს იყო.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები