ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მანანა კაკაჩია
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
21 აპრილი, 2020


თამარ ბუკიას

შენ გაზაფხული გიყვარდა
და გაზაფხულში ჩარჩი,
ვინც კი გიცნობდა, დაგტირის:
კაცი, ქალი თუ ბავშვი.
რით მოგერია სიკვდილი,
თუ მოგეპარა მალვით?
წინ მიდევს შენი „გაცვლა“ და
მიძღვნას დავყურებ კრძალვით.
რამდენი ნატვრა, ოცნება
დაგრჩა, გაუშლელ ფრთებით,
ვნების კვირაში წახვედი,
ალბათ, ეს უფლის ნებით.
სიკეთით, სითბო-სინაზით
აქ ატყვევებდი მნახველს,
ღმერთის რჩეული იყავი,
ვგრძნობ, სამოთხეში წახველ.
მწამს, გაზაფხულზე მოჰყვები
საყვარელ იასამანს,
ზაფხულში მოხვალ მზის სხივად,
ვერვინ დაგიდებს სამანს.
შემოდგომაზე შენს ღიმილს
ქრიზანთემებად გაშლი,
ზამთარში ლამაზ ფიფქებად
მოხვალ თოვაში, ქარში.
შენ გაზაფხული გიყვარდა
და გაზაფხულში ჩარჩი,
თითოეულზე მზრუნველი,
ყველა ჩვენგანის  მარგი.                                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები