ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
21 მაისი, 2020


ოთარაანთ ქვრივის ქისები /მცირე ჩანაწერები დაუწერელი ესეისთვის/

ოთარაანთ ქვრივის ქისები

მე არ მეგულება მსოფლიო მხატვრულ ლიტერატურაში არც ერთი სხვა ნაწარმოები, რომელშიც ოჯახის ბიუჯეტის ასეთი დაწვრილებითი განაწილება იყოს აღწერილი. ამ მხრივ ილია ჭავჭავაძის „ოთარაანთ ქვრივი“ უნიკალური ნაწარმოებია.

გავიხსენოთ ქვრივის ქისები:

„გაჰყიდდაო ღვინოსა და მომეტებულს პურს თუ არა, ფულს ხუთ ნაწილად ჰყოფდა და ხუთ რიგად ინახავდა. ამისათვის ნაჭრებისაგან ჭრელი ქისები ჰქონდა, ჩანთასავით შეკერილები.

– ერთს ამისთანა ქისას „საჭირნახულოს“ ეძახდა და შიგ ინახავდა სახარჯოს პურისა და ქერების სამკალად, მოსაზიდად და სალეწად.

– მეორე ქისას „ბარაქალა ქისას“ ეძახდა. ამაში ინახავდა სახარჯოს ვენახის სამუშაოსათვის.

– მესამე ქისას “საჯანაბო” ერქვა. ამაში ინახავდა ფოსტის ფულსა და საბეგროსას, თუ ვინიცობაა სოფელი ოდესმე შეაწერდა.

– მეოთხე ქისაში ინახავდა მოჯამაგირის საჯამაგირო ფულსა. ამ ქისას ეძახდა: „მიეცი და მოგეცესო“.

– მეხუთე ქისაში ჰქონდა საშინაოდ სახარჯო და ღარიბთა გასაკითხი ფული. ამ მეხუთე ქისას ოთარაანთ ქვრივი ხან „ფარსიღას ქარვასლას“ ეძახდა, ხან „შიოს მარანსა“.

თვლა თუმცა მაგრე-რიგად არ იცოდა და ხშირად კენჭებს მოიშველიებდა ხოლმე, როცა უამისოდ დათვლა უჭირდებოდა, მაგრამ ანგარიში ძნელად შეეშლებოდა. პირველს ოთხს ქისაში იმდენს ჩააწყობდა, რამდენიც საჭირო იყო და ძალიან იშვიათად მომხდარა — ანგარიში არევოდეს. რაც პირველს ოთხს ქისას გადარჩებოდა, ყველას მეხუთე ქისაში დაუთვლელად ჩაჰყრიდა და, მინამ გამოილევოდა, დაუთვლელადვე ჰხარჯავდა.“

მოთხრობის ამ ნაწილში ილია გვევლინება როგორც ფინანსისტი.
გავამყაროთ ეს ნათქვამი ფაქტებით:
1873 წელს ილია ჭავჭავაძე თბილისში დამკვიდრდა და აქტიურად ჩაება საზოგადოებრივ საქმიანობაში.
1875 წელს იგი აირჩიეს სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკის თავმჯდომარედ, რომელსაც 30 წლის განმავლობაში ედგა სათავეში და რომელიც ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობის წყალობით ქართულ ეროვნულ ბანკად იქცა და უდიდეს ფინანსურ დახმარებას უწევდა ყველა ძირითად კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებას საქართველოში.

„ოთარაანთ ქვრივი“ დაიწერა  1887 წელს, ილიამ, როგორც პრაქტიკოსმა ფინანსისტმა, თავისი მდიდარი გამოცდილება გამოიყენა და ოჯახის ბიუჯეტის განაწილების ერთი ვარიანტი შემოგვთავაზა.
აქვე შეიძლება ვივარაუდოდ, რომ თავად ილიაც აღრიცხავდა საკუთარი ოჯახის შემოსავალ–გასავალს და ამ მაგალითზე დაყრდნობით გადაანაწილა ოთარაანთ ქვრივის შემოსავალიც. სამწუხაროდ, ილიას გარდაცვალების შემდეგ, დაქვრივებული ოლღა გურამიშვილი გაჭირვებაში აღმოჩნდა და თავისი „ილიკოს“ წიგნებსაც კი ჰყიდდა. ამის მიზეზი შეიძლება ყოფილიყო ოლღა გურამიშვილის გაუთვითცნობიერებლობა ფინანსებში.

დღეს ქისები აღარ გვაქვს (თუმცა ურიგო არ იქნებოდა ჭრელა–ჭრულა ქისებიც რომ გვქონდეს :)), მაგრამ ოჯახის ბიუჯეტის სწორი განაწილება კვლავაც დღის წესრიგში რჩება.  ამ მაგალითზე დაყრდნობით ყველას შეუძლია თავისი შემოსავლის (როგორი მცირეც არ უნდა იყოს იგი)  ყაირათიანად განაწილება ისე, რომ არც ღარიბთა მოსაკითხი ფული დაივიწყოს.



მზია თვალაბეიშვილი
23 აპრილი 2020

გამოყენებული ლიტერატურა: ილია ჭავჭავაძე „ოთარაანთ ქვრივი“
                                                      ფაქტები ილია ჭავჭავაძის ბიოგრაფიიდან

განთავსდა 2020 წლის მაისის თვის თავფურცელზე.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრებს ნიკით:  ხურსი, გიორგი7464 ვულოცავთ დაბადების დღეს