ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546     * * *     "რევაზ ინანიშვილის სახელობის ლიტერატურული კონკურსი"     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1545

ავტორი: გიო სარალიძე
ჟანრი: პოეზია
1 მაისი, 2020


ღამის პენტაქტიდი

ეს დღეც უეცრად მიიცვალა. ღამის ნოტიო
სიმუქეც მმოსავს. მარტო ვარ და აღარ მშორდება,
ფიქრი პურის სუნს აყოლილი ქუჩის ძაღლივით.
ვცხოვრობ და მჯერა, სადღაც უფრო უკეთ ცხოვრობენ.
მეც მესხა ღიმი. მეც ვუგებდი ჩიტებს კაკანათს,
ვსხლავდი ჭიგოს და ჩალის ღეროს ნამგლით ვჩეხავდი.
როგორც სიზმარი, ეს ბავშვობაც მალე დამთავრდა...
იდგნენ კაცები. ამღვრეული თვალით ხედავდნენ
ქვეყნის დაქცევას. დრო კი ისევ მშვიდად აცლიდა
საძირკველიდან მყარ საბჯენებს
ძველისძველ ოდას.
იდგნენ კაცები და უმზერდნენ სახლის ფანჯრიდან
რა საოცარი ნათელით თოვდა.

თოვდა, ითოვა, მოთოვა და კარგადაც დადო.
მახსოვს სითეთრის სიხარული და შიშის კრთომა
დედის თვალებში და ამ მწარე სიმართლის გამო
დღემდე მეც შიშით ვეგებები ზამთარს და თოვას.
რამდენი წახდა დიდი თოვლი - არ გამეხარდა...
რამდენმა მარტმა მიიპკურა მიწის სუნამო
"და არაფერი აღარ მრჩება შეგრძნების გარდა",
რომ კი არ ვცხოვრობ, ჩემს ცხოვრებას ვინმეს ვუამბობ
და ამ ჩემს ამბავს დასაწყისი აღარ აქვს თურმე,
ვენდობი სიტყვას, სიტყვა მჭამს და სიტყვა მღალატობს.
ოღონდ კი წუთით დაისვენოს დაღლილმა სულმა,
ისევ საკუთარ თავს ვუზივარ სალაპარაკოდ.

ან რას ვუყვები? ან რას ვუსმენ? დრო კი მაკლდება.
ეს დღეც მოვწყვიტე არსებობის მწიფე მტევნიდან.
მხოლოდ ჩემივე ლექსები მყავს, ძმებო, თავდებად,
რომ გამუდმებით მეძებდა და ყველგან მდევნიდა
უცხო ხიფათი, გამოკრული კაკლის კენწეროს.
ნადირთა ნადიმს დავსწრებივარ, ნადირი თავად.
რა მძიმეც არის, რაც წერია, ისვე ეწეროს
ჩემს იღბლის წიგნში - ამის განცდის მჭირდება ძალა.
დრო კი გადის და... რა კადრები ცვლიან პეიზაჟს,
რა პორტრეტები ხუდნება და ეჭმევა სინესტს.
მე არსაიდან დავიწყე და თურმე შენიდან,
უნდა დამეწყო ამბის თხრობა... მაშ ასე! გიწყებ:

გიწყებ ტერფიდან და თხემამდე სიხარბით გზომავ.
შენს თვალებთან კი ვხუჭავ თვალებს, შიში წამია.
მე შენ მიყვარხარ, ამის თქმისთვის, მხოლოდ და მხოლოდ,
ღირდა ტკივილი, ღირდა ღიმი...
უკვე ძალიან
დამიგვიანდა, მომეწერა რამე ბარათი
და მაგიერში ახლა გიწერ ღამის პენტაქტიდს.
შუაღამეა, შორს კედელზე ფეთქავს საათი,
ზუსტად იმ რიტმში, როგორშიდაც ჩემში ფეთქავდი
წლების მანძილზე და ფიქრები მორზეს ანბანით
მატყობინებდა შენს ღრმა განცდებს, გგრძნობდი შორიდან.
ახლა ფიქრებიც დროის წმინდა წყალმა განბანა.

წვიმა მოვიდა!

წვიმა მოვიდა უჩვენობის. როგორ მოალპო,
მყარი კედლების საძირკველი. დავკარგე რწმენა.
ახლა გვამი ვარ, ვეხეთქები მუდამ მოარულ
ჩემივე მსგავსი სხეულების ტალღებს და ჯერაც
არ განმიცდია, თუ რას ნიშნავს ნამდვილი სითბო.
გაყინულ თითებს ღრმად ვურევდე თითქოს ღადარში -
მწვავს მზის სხივები და საერთოდ არაფერს ვითხოვ -
მიდის საათი. ამ ღამესაც, ვიცი გავათევ,
ეს მერამდენედ. არ მითქვია, გახსოვს, არც ამის
შესახებ რამე. ან რა მეთქვა, როგორ ამეხსნა,
რომ ღამის წმინდა წყვდიადიდან, დაღლილი სახით
კვლავ შენ გიმზერდი. უნდა გეგრძნო, თუმცა ამდენად
ვერ შეგათვისე ჩემი სული. ახლა სხვა დროა.
ვიცი, ცხოვრება კვლავ ათასი კუთხით გამრანდავს
და უშენობა დგას ღამეში, როგორც განდობა,
მხოლოდ და მხოლოდ საკუთარი სიტყვის თანახმად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები