ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: მზია თვალაბეიშვილი
ჟანრი: კრიტიკა-პუბლიცისტიკა
8 ივლისი, 2020


ვარსქენ პიტიახშის - სამგზის მოღალატის - ტრაღედია /ჩანაწერები დაუწერელი ესეისთვის/

ვარსქენ პიტიახშის - სამგზის მოღალატის - ტრაღედია
/ჩანაწერები დაუწერელი ესეისთვის/

    იაკობ ცურტაველის /ხუცესის/ „შუშანიკის წამება“ დაიწერა მე–5 საუკუნეში, სავარაუდოდ 476–483 წლებში და მისი ცენტრალური ფიგურაა შუშანიკი, რომლის ცხოვრების ბოლო წლები დაღდასმული იყო არა მხოლოდ სარწმუნოებრივი თავდადებით, არამედ სიყვარულის დიდი დრამითაც.

    მაგრამ ჩვენ ყურადღებას გავამახვილებთ არანაკლებ საინტერესო და ტრაღიკულ პიროვნებაზე, კერძოდ კი, ამბიციურ ვარსქენ არშუშას ძეზე. იგი  ქვემო  ქართლის (+ჰერეთის) ერისმთავარი, ანუ პიტიახში იყო და წარმოგვიდგება როგორც პოლიტიკური გავლენებისთვის და მაღალი თანამდებობისთვის მებრძოლი წარჩინებული პირი, რომელიც თავისი მიზნების მისაღწევად არაფერზე უკან არ იხევდა.

    მას ცოლად ჰყავდა სომეხი მხედართმთავრის ვარდან მამიკონიანის ასული ვარდან(ა), სიყვარულით შუშანიკ–ად წოდებული ( შუშანიკ სომხურად „შროშანს“ ნიშნავს). პიტიახშს უყვარდა შუშანიკი და მისი ცოლად მოყვანა პოლიტიკურადაც აწყობდა, რადგან მას უკვე სომხეთის დიდგვაროვნებში საგრძნობი წონა მიეცემოდა და თავისი სიტყვაც ეთქმოდა. ცოლ–ქმარს ოთხი შვილი ჰყავდა – სამი ძე და ერთი ასული. წლებმა ისინი ძალიან დააახლოვა, მათ მტკიცე ოჯახი და ერთმანეთისადმი სიყვარული ჰქონდათ.

    ამ დროს ქართლში სპარსელები ბატონობდნენ, მათთან კარგი ურთიერთობების დასამყარებლად პიტიახში სპარსეთის მეფე პეროზს ეწვია. მისი გულის მოსაგებად ვარსქენმა, საკუთარი ნებით, უარჰყო ქრისტიანობა და მაზდეანობა ანუ ცეცხლთაყვანისმცემლობა მიიღო. ესეც გამიზნულად გააკეთა თავისი კეთილდღეობისთვის, შაჰის კეთილგანწყობის მოსაპოვებლად და ქართლში ძალაუფლების განსამტკიცებლად. მეტი დამაჯერებლობისთვის მან მეფე პეროზს ასულის ხელიც სთხოვა. გახარებულმა შაჰმა ბრძანა მიეთხოვებინათ მისთვის ქალიშვილი.
    პიტიახშმა არა მხოლოდ თვითონ უარჰყო ქრისტიანობა, არამედ მეფე პეროზს, საკუთარი ნებით, შეჰპირდა, რომ კანონიერ ცოლსა და შვილებსაც შეაცვლევინებდა რწმენას. ეს დაპირება მან ოჯახთან შეუთანხმებლად მისცა შაჰს. ვარსქენი დარწმუნებული იყო შუშანიკის სიყვარულში და რადგან ცოლს აქამდე არავითარი მიზეზი თუ საბაბი არ ჰქონია, წინააღმდეგობა გაეწია ქმრისთვის, ამიტომ მუდამ მისი მორჩილი, თავმდაბალი და მოყვარული იყო.  სწორედ ამ გარემოებამ შეუქმნა ვარსქენს შთაბეჭდილება, რომ შუშანიკი მის ნებას დაჰყვებოდა. იგი ბოლომდე არ იცნობდა ამ მტკიცე ხასიათის ქალს და ეს იყო მისი შეცდომა.

მაშ ასე:
1.  ვარსქენის პირველი ღალატი: მან უღალატა ქრისტეს და ქრისტიანულ სარწმუნოებას.

2.  ვარსქენის მეორე ღალატი: მან უღალატა დედოფალს და ცოლ–ქმრულ სარეცელს.

    აი, შუშანიკი კი უკეთესად იცნობდა თავის ქმარს. როგორც მამაკაცი, იგი თავისუფლად ავლენდა თავის ხასიათსა და მისწრაფებებს. შუშანიკი თავიდანვე ვარაუდობდა მისი სპარსეთში წასვლის მიზანს. პიტიახშის გამოგზავნილმა მსტოვრებმა ამბავი მოიტანეს და შუშანიკმა სარწმუნეობისა და ცოლის უარმყოფელი ქმარი, მის ჩამოსვლამდე გამოიტირა. შეგვიძლია წარმოვიდგინოთ, რა მწარე იქნებოდა შუშანიკისთვის შაჰის ასულზე დაქორწინების ამბავი. მან დატოვა სასახლე შვილებთან ერთად და ისინი ღმერთს შეავედრა.,

    ცურტავში დაბრუნებულმა პიტიახშმა შეუთვალა ცოლს, რომ ან ნებით დაბრუნდებოდა სასახლეში, ან ძალით წამოათრევდა. შუშანიკი დაბრუნდა და მცირე სენაკში ჩაიკეტა.  მათ  უყვარდათ ერთმანეთი, მაგრამ შუშანიკი რწმენის და ცოლის მოღალატე ქმარს ვეღარ ეთვისებოდა, ისევე, როგორც ვარსქენი ცოლთან განშორებას ვერ ეგუებოდა.
    შუშანიკთან შესარიგებლად ვარსქენი საოჯახო სადილს მართავს ძმასთან და რძალთან ერთად. შუშანიკი ხელს აუკრავს მათ და ვარსქენი, ცოლთან მრავალწლიანი თანაცხოვრების შემდეგ, პირველად სცემს შუშანიკს, სცემს სასტიკად და დაუნდობლად. /„ვითარცა მხეცი მძვინვარეი ყიოდა და იზახდა ვითარცა ცოფი“/
    პიტიახშის ბრძანებით შეკრეს დედოფალი და ბორკილები დაადეს. ბორკილებდადებული დედოფალი სენაკში შეიყვანეს და დარაჯი დაუყენეს.
    დილით შუშანიკი პიტიახშმა მოინახულა და თავადვე გაუკვირდა საკუთარი სისასტიკე, ისეთ საშინელ მდგომარეობაში იყო დედოფალი. ბრძანა არავინ შეეშვათ მასთან, თვითონ კი სანადიროდ წავიდა. ეს სანადიროდ წასვლა შეყვარებულის ველად გაჭრას უფრო ჰგავს, ან წასვლა რა იყო, ან თითქმის მაშინვე მობრუნება.
    აი, ჰონებთან/ჰუნებთან /იმიერკავკასიელი მომთაბარე ტომები/, საბრძოლველად წასვლის წინ კი ვარსქენმა თავისი ნაჩუქარი სამკაულების დაბრუნება მოსთხოვა  შუშანიკს. ჩანს, მისი გამოცდა სურდა. დედოფალმა იაკობის ხელით უკლებლივ ყველა სამკაული დაუბრუნა, რადგან ერთიც რომ დაეტოვებინა, ვარსქენს მისი შემორიგების  იმედი ექნებოდა.

  ამ დროს დადგა დიდი მარხვაც.  დედოფალი ეკლესიის მახლობლად მდებარე პატარა ბნელ სენაკში გადავიდა. მარხულობდა, ლოცულობდა და ტიროდა .
    ახლობელმა კარისკაცმა ურჩია ვარსქენს მარხვაში თავი შეეკავებინა. იგი  ასეც მოიქცა.

    ბრძოლიდან დაბრუნებული პიტიახში ეკლესიაში მიდის და ეპისკოპოს აფოცს ეუბნება დამიბრუნე ჩემი ცოლი, რად განმაშორე მასთანო? და იწყებს გინებას და ღმერთის სასტიკად გმობას.  ერთ–ერთ ხუცესს, რომელიც შენიშვნას მისცემს მას, ზურგზე კვერთხს დაარტყამს. ცოლისგან უარყოფილი ვარსქენი გამწარებულია, მას უყვარს შუშანიკი და ენატრება იგი.
    ვარსქენმა გამოათრია შუშანიკი სენაკიდან  და სასახლემდე ეკალ–ბარდებზე ატარა, სამასი ჯოხი დაჰკრა, ბორკილები და ქედზე ჯაჭვი დაადებინა, რომელიც საკუთარი ბეჭდით დაბეჭდა  /მოგვიანებით მაზლმა–ჯოჯიკმა ახსნა კისრიდან ჯაჭვი/და საპყრობილისკენ გაუყენა გზას. თვითონ ცხენზე ამხედრებული გაჰყვა და მიაძახა, მაქედან ცოცხალი ვეღარ გამოხვალო. ჩვენ ვხედავთ გრძნობათა კორიანტელს, მას თან არ ეთმობა შუშანიკი, თან გამწარებულია მისი ასეთი სიმტკიცით და შეუპოვრობით, ამიტომ ყოველგვარ კონტროლს კარგავს საკუთარ თავზე. ამავე დროს იგი ამაყი და ამპარტავანი ადამიანია, მისი თავმოყვარეობა შელახულია, ცოლმა მიატოვა და ვერ ეგუება ამას.

    ვარსქენმა შეძლო შვილების ცეცხლთაყვანისმცემლობაზე გადაბირება. ამან, რასაკვირველია, კიდევ უფრო დაამძიმა დედოფალი, მან მწარედ იტირა და ილოცა შვილებისთვის. ისინი კი ვეღარ ბედავდნენ დედასთან მისვლას.

    პიტიახში განაგრძობდა შუშანიკის სასახლეში დაბრუნების მცდელობებს. მან სხვათა პირით შეუთვალა, თუ სასახლეში არ დაბრუნდები, ვირზე შეგსვამ და ან ჩორდში /იგივე დერბენდი, დარუბანდში/ ან ქტესიფონის/ იმ დროს პართიული სამეფოს დედაქალაქი/ კარზე გაგაზავნიო. შუშანიკმა უპასუხა, შენ რომ გაგშორდები, ვინ იცის, იქნებ იქ ვინმე კეთილს გადავეყაროო. ამ პასუხით ის სამაგიეროს უხდის მოღალატე ქმარს. შუშანიკის სიტყვებმა შეაკრთო პიტიახში, იფიქრა, სხვას არ გაჰყვეს ცოლადო.

    შუშანიკის ასეთმა წინააღმდეგობამ გააფერმკთალა ვარსქენის სიხარული. არადა  გახარებული იყო, რადგან სპარსეთშიც წარჩინებული და შაჰის კარზე მიღებული პიროვნება გახდა.  თან მისი პოზიციები ქართლშიც კიდევ უფრო გამყარდა, იგი კავკასიის პოლიტიკაშიც ანგარიშგასაწევი პოლიტიკოსი გახდა და მას ეგონა, რომ ვერავინ ვერაფერს გაუბედავდა. ეს იყო მისი მორიგი შეცდომა, რომელმაც სიფხიზლე დააკარგვინა.

    შუშანიკი მტკიცე ხასიათის ამაყი ქალი იყო. მან მოახერხა და გადაიქცა ეგრეთ წოდებულ „ცოცხალ საყვედურად“, როდესაც უკუგდებული, დაავადმყოფებული, ან ამ შემთხვევაში ნატანჯი ადამიანი თავისი გაუბედურებული მდგომარეობით უსიტყვოდ ეუბნება ახლობელ, ან საყვარელ ადამიანს, ნახე, შენ მე რა დამმართე, რა დღეში ჩამაგდე, და იმ ადამიანში ბრალეულობის გრძნობას ბადებს. შუშანიკის ტანჯვა გაგრძელდა 6 წლის განმავლობაში და იგი გარდაიცვალა 475 წელს.

    ამ მომენტიდან კიდევ უფრო იკვეთება ვარსქენ პიტიახშის დაღმასვლა. შუშანიკის ტანჯვით სიკვდილის გამო მან გადაიმტერა მამიკონიანთა საგვარეულო და სხვა სომეხი წარჩინებულები.
    თან ამ დროს ვახტანგ გორგასალია ქართლის მეფე. იგი წარმატებით იერთებს ტერიტორიებს ჩრდილოეთით, დასავლეთით, აფართოებს გავლენებს და თვალი უჭირავს ქვემო ქართლისკენ.

    ირანის შაჰს ქართლში მაზდეანობის გავრცელება და ირანული წეს–ჩვეულებების დამკვიდრება სურდა. მას ქვეყნის შიგნით ძლიერი მოკავშირეები ჰყავდა, ესენი იყვნენ წარჩინებულები და დიდაზნაურები. მათი მეთაური კი ვარსქენ პიტიახში იყო. ესეც პიტიახშის მომდევნო  შეცდომა: ამ შემთხვევაში მხოლოდ მის პოლიტიკურ მიმართულებას აღარ ეხებოდა საქმე. რადგან თუ ასეთი მდგომარეობა შენარჩუნდებოდა და გაგრძელდებოდა, მთელ ქვემო ქართლს დაეპატრონებოდა სპარსეთის შაჰი და ქართლის მეფე ვახტანგ გორგასალი დაკარგავდა ქვემო ქართლს,

მაშ ასე:
3.  ვარსქენის მესამე ღალატი: მან უღალატა სამშობლოს.

    გორგასალი დიდხანს ელოდა ხელსაყრელ მომენტს, რათა თავგასული ვარსქენი დაესაჯა. მას ესმოდა, რომ ეს ფაქტი სპარსეთისთვის ომის გამოცხადების ტოლფასი იქნებოდა.

    ვახტანგ გორგასალმა კარგად გათვალა, ირანის შაჰთან დაპირისპირება და მის წინააღმდეგ  აჯანყება დაიწყო  სპარსელების სამსახურში ჩამდგარი ვარსქენ პიტიახშის შეპყრობით და სამშობლოს ღალატისთვის 482 წელს მისი სიკვდილით დასჯით (პიტიახშს თავი მოჰკვეთეს).

აი, ასე ტრაღიკულად დაასრულა ვარსქენ პიტიახშმა თავისი ბობოქარი ცხოვრება.


მზია თვალაბეიშვილი
2020 წლის 29 აპრილი

გამოყენებული ლიტერატურა: იაკობ ცურტაველი „შუშანიკის წამება“
                                                        ისტორიული ფაქტები

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები