ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: დერვიში
ჟანრი: პოეზია
8 მაისი, 2020


ჩემო კარგო ქვეყანავ

ჩემო კარგო ქვეყანავ,
რა შენი ბრალია,
რომ არ გაქვს მსუბუქი მრეწველობის სამინისტრო,
მძიმეს საერთოდ ვინ ჩივის,
არც შესაბამისი დარგობრივი კომიტეტეტების საქმიანობის შესახებ მსმენია რამე,
ვინძლო, არსებობდნენ კიდეც...
სამაგიეროდ,
გლდანის ხიდებთან,
დგანან მსუბუქი ყოფაქცევის ქალები,
მძიმე წარსულით,
საზიზღარი აწმყოთი
და ბუნდოვანი,
გაურკვეველი მომავლით.
ისინი გაცილებით ღრმა მორწმუნეები არიან,
ვიდრე თავსაფრიანი დედაკაცები-კვირადღის წირვაზე,
ფასონის, წაჭორავების, ვალდებულების მოხდის გამო
რომ მიდიან და აბინძურებენ ტაძრებს...
პირველნი-ყოველგვარგამოსავალგარეშე დარჩენილნი
უფრო მეტ სიბრალულს იმსახურებენ,
ვიდრე მეორენი-უფლის არსებობის მოდას აყოლილნი...
ჩემო კარგო ქვეყანავ,
რა შენი ბრალია,
რომ ბავშვობაში მე და ჩემი მეგობრები,
ვიპარებოდით ელმავალმშენებელი ქარხნის ტერიტორიაზე,
ყარაულებს ვაძლევდით სიგარეტს და არაყს,
რათა განგაში არ აეტეხათ
და ვძარცვავდით გაჩერებულ ვაგონებს,
მიტოვებულ ცეხებს,
ჯართისგან, ფერადი ლითონისგან და მისთ.
შემდეგ კი ვაბარებდით შესაბამის მიმღებ პუნქტებში,
ვიმოსებოდით ძვირფასი სამოსით,
ვეწეოდით ძვირადღირებულ სიგარეტს და აზარტულ თამაშებში ვიყავით თავით ფეხებამდე ჩაშვებულნი.
ჩემო კარგო ქვეყანავ,
რა შენი ბრალია,
რომ შენც თავით ფეხებამდე ჩაშვებული ხარ
საგარეო თუ საშინაო ვალებში და სათვალავი აგერია
იპოთეკით დაკარგული ბინების და იძულებით დაკარგული
ტერიტორიული ერთეულების.
ჩემო კარგო ქვეყანავ,
რა შენი ბრალია,
რომ წიგნიერების დონის მიხედვით,
სტატისტიკაში,
ჩვენზე წინ შესაძლოა იყოს ისეთი ქვეყნები,
რომელთა არსებობის შესახებაც,
მხოლოდ ასეთი სტატისტიკური მონაცემებიდან შეიტყვე.
ჩემო კარგო ქვეყანავ,
კიდევ რამდენ რამეზე შემიძლია გითხრა,
რა შენი ბრალია, მეთქი,
მაგრამ დღეს გვეყოფა,
ჩემო კარგო ქვეყანავ,
რა შენი ბარლია,
რომ ასეთი სიტყვაძუნწი აღმოვჩნდი...

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები