ნაწარმოებები



ავტორი: ანი ხარაიშვილი
ჟანრი: პოეზია
9 მაისი, 2020


ლექსუმზირა

როცა
ხარ ერთი სოფლის, ერთი ყანის
ერთი სიფრიფანა მზესუმზირა...
როცა
იმდენი სოფელია, იმდენი ყანა...
თანაც, სოფლებში სანაქებო ბაღებიცაა.

და ამ ერთ-ერთ უბადრუკ ყანაშიც კი
ერთ-ერთი მზესუმზირა ხარ, ო....
ალბათ თავი დაბლა უნდა დახარო...

ის მაინც წელში გამართული უმზერს მზეს...
ჰყვავის და ისე კაშკაშებს,
,,მზეს უმზირა“ მის მაცქერალს ერქვას!

მეც ერთი მათგანი ვიქნებოდი...
არა ვარდი,
არა ორქიდეა...
მზესუმზირა, რომელიც წელში უნდა გაიმართოს,
იკაშკაშოს, იოცნებოს, იამაყოს!
წერა სურს, წეროს!
ცეკვა- იცეკვოს...
ხატოს, თუ ხატვა სურს!
არავინ გამოითვლის ქვეშმიწერით მის საფასურს.
არავინ გამოიყვანს სამსჯავროზე ვარდებს და ორქიდეებს შორის.
ლამაზია, არა როგორც დედოფლის ვალსი,
არამედ, წყაროზე მოცეკვავე გლეხის გოგოს სიცილი.
ლამაზია თავისთავად,
ლამაზია შეუფასებლად.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები