ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
16 მაისი, 2020


თინათინის წერილები

"მე გავიცანი მეგობარი, ახალგაზრდა არწივის მსგავსი, რომელიც თანახმაა ჩემთან ერთად მოკვდეს"
ჰაინრიხ ფონ კლაისტი

პოემიდან "წიგნი თინათინისა"

1
სული მოწყურებას იოკებს.
გარეთ გავიხედე - ხრიოკი.
ველად მობინადრე სიო კი
მსუბუქი დაქრის,
ანუ ამინდია ტაროსი.
მე ვცხოვრობ წიგნების თაროზე,
ძვირფასო მარკიზ.

ვიდუღებ ჯოისის „ულისეს“
გარეშე შაქრის.
ვეჩვევი სცენას და კულისებს,
ძვირფასო მარკიზ.


სცენას და სცენარს.
მალე დაიწყება ფოთოლცვენაც.
საფოსტო მარკის
გარეშე გიგზავნით წერილებს,
ძვირფასო მარკიზ.

სული მოწყურებას იოკებს
და თქვენს ჩახლეჩილ იოგებს
გემო აქვს არყის.

ახლა ყველაფერი იოლია-
ქარიც და ვიოლინოც.
ოთახში სარკის
ჩამსხვრევის ხმაა არის, მარკიზ!

მოვწევ!
თქვენ აღარ მომწერთ!

2
სტუმრები ყვავილებით
(თეა ცინცაძეს)

ისინი საღამოთი მოდიოდნენ.
სიო მოჰქონდათ ბაღებიდან,
ფანჯრის დარაბებს ვაღებდით და
მერე, სულ რაღაც ორიოდე
საათით რჩებოდნენ-
არაყს გადაჰკრავდნენ საცხონებლად...
სხვაგან გადავდივარ საცხოვრებლად,
ვალაგებ ჩემოდნებს.

თაროზე წიგნები ალაგია,
წასვლა კი ჩემი ალაგია,
რაფაზე ყვავილები სხედან.
მე ვხედავ, როგორ იშლებიან,
ეს კი, პირველადი ნიშნებია
ციროზის. ვხედავ.

ვხედავ რიგებს არყის ხეთა,
დამარიგე, ტკბილო დედავ,
სად მიდიან, საით ნეტავ-
რად მტოვებენ მარტოს ?!

ხმელი პური დამისველე,
დამტოვე და დამასვენე,
ორ-სამ დღეში გამასვენე
იალაღზე მარტის.

საღამოთი მოდიოდნენ,
სულ რაღაცა ორიოდე
საათით და ახლა

ძველ ქოთნებში ამოდიან,
ჩემთან სახლში არ მოდიან,
წასულები გაღმა.

ყვავილებიც გახმა...
3

მშვიდობით, ჩემო მეგობარო!
ჩემო ტკბილო და სანუგბარო
სახეზე ფოთლები ავიფარე-
ფოთლები არყის.
თითქოს ღამეა ვალპურგისა,
მე კი, სრულიად უვარგისი,
ვმთავრდები, არ ღირს...

მშვიდობით, მარკიზ!
დავიღალე.
იქნებ, ავდგე და დავიხალო...
მოხვიდეთ იქნებ.
ხომ იცით, არ მიყვარს გაზაფხული-
ფანჯრის მინაზე ასახულა-
ყვავილებს მიკრებთ.

არასდროს მყოლია მესაჭენი,
მხოლოდ პატარა დედაჩემი-
სიმღერა მისი.
ცხოვრება ვეღარ ავითვისე,
18-ში მოვკვდი ამა თვისა
და ახლა ისევ.

ისევ „ყორნების საუბარი“,
მშვიდობით, ჩემო მეგობარო,
ჩემო ტკბილო და სანუგბარო
ძვირფასო მარკიზ!
თითქოს ღამეა ვალპურგისა,
მე კი, სრულიად უვარგისი,
ვმთავრდები, არ ღირს...




4

პირადი ბიბლიოთეკა
ნ.ს-ს

( წერილი მეოთხე )

ოთახი. კელია. სენაკი.
ჩაის სვამთ პიტნით და უშაქროდ,
კითხულობთ რომანებს რემარკის,
მთვარიან ღამეებს გუშაგობთ.
სიზმარში, სათიბზე, რემა კი,
იქროლებს, იქროლებს სათიბზე.
(ქინძისთავს გაგიცვლით სათითზე)
სიზმარში, სათიბზე, რემა კი,
იქროლებს, იქროლებს სათიბზე.

კითხულობთ ფსალმუნებს თაგორის,
მერიმეს, მოლიერს საამოდ.
არ ძალუძთ გადასვლა მთა-გორის-
სტუმრები არ მოვლენ საღამოდ.
ჩემთან კი, უწყვეტი წვიმები...
რაფაზე, ქოთნებში როდია.*
სველი მაქვს გამხდარი წვივები.
ჩემთან კი წვიმები მოდიან,
ჩემთან კი მოდიან წვიმები,
ჩემთან კი ტაროსი როდია?!

„დათქმული ფიცი და ინათი,
ზღაპარი, ეპოსი, მითი ხართ.
აენთე! ინათე, თინათინ! “-
ამბობთ და სიზმარში მიდიხართ.
კითხულობთ ჯოისის „ულისეს“,
კითხულობთ პიტნით და უშაქროდ.
გუშაგობთ ბნელეთის კულისებს,
უკუნი წკვარამის გუშაგო.

და ასე სრულდება ყოველი,
წარსულის პირველი რომანი.
როგორც ნაბოკოვის ნოველა,
როგორც ბულგაკოვის რომანი.
მე კი, ძველებურად ვზარმაცობ,
მთელი დღე დამდგარი ყირაზე
და ამ რომანების სანაცვლოდ
გაშლილი მიჭირავს ჭილაძე.
5

          ბოლოსწინა


მიდევს სასთუმალთან ფოტო-სცენა.
გიჟივით ვეწევი, მიყოლებით.
სულ მალე აღარ გეყოლები.
სულ მალე
შეწყდება ფოთოლცვენა.

მწყემსები ნახირსა გარეკავენ,
დილა_ადრიანად იალაღზე,
წიგნივით გამძვრება გარეკანი-
„ხელი არ წაგიცდეს იარაღზე,
დასალევს აღარ გაეკარო!“

ვამბობ სარკეში ანასახი.
როგორ ვოცნებობდი ამას წინათ-
სადმე ტაიგაში დამასახლა.
სახლი კი, იყოს პაწაწინა.

თუ ამ შემოდგომას ციროზიანს,
როგორმე გადავურჩი მელოგინე,
იმ ქუჩის ბოლოს, რომ იროსია
ყვავილებს მივუტან - გეორგინებს.

ამინდიც წვიმებით გამიწყრება.
სახლებს კი ფანჯრები დარაზოდეს,
რაღაც მთავარი მავიწყდება -
გამახსენდება არასოდეს.

მიდევს სასთუმალთან ფოტო-სცენა.
ვეწევი, ვეწევი, მიყოლებით.
სულ მალე აღარ გეყოლები.
სულ მალე
შეწყდება ფოთოლცვენაც.

6

            ბოლო ძილისპირული

წერილებს მიწერდა ხელაკვრით,
არავინ იცოდა - ვინ იყო.
„ვეწევი, ვეწევი, ხველა კი,
თითქოს ჩვევად მექცა, თინიკო...“

დაწვა ვამჯობინე დახევას,
ნაწნავს ქარიშხალი მივაბი.
„გინდა, მოგიტეხავ ნახევარს?
ოღონდ, ისტორია მიამბე!“

ცივი დავახვედრე სადილი,
გულგრილი სალამის ინათი.
ბებერ ორთუმელთან საძილე
„ღამე მშვიდობისა, თინათინ...“

-სათითს დაგიტოვებ ქონებად
და თუ მწთოლვარებას გადაწყვეტ,
თოვლად გადავიქცეთ, ქორებად,
ციხე-სიმაგრეებს გადავწვდეთ...

მორჩეს. დავივიწყოთ წყენები!
გულის უგულობა, წკვარამი.
ველად გავაჭენოთ ცხენები-
სადმე, საიდანაც, არავინ...


თ. ელიავა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები