ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
21 ივნისი, 2020


მე შენ მიყვარხარ ! მე შენ მიყვარხარ!

მე შენ მიყვარხარ
მე შენ მიყვარხარ
სიჩუმე არ არსებობს. სამყაროში სხვადასხვაგვარი ინფრა და ულტრა ბგერებია, რომელსაც ადამიანი ვერ იგებს, არ ესმის, არ შეუძლია გაგება და ამის მიუხედავად ეს ბგერები არსებობს. ხან კი, შეიძლეა გარშემო უამრავი 16-20000 ჰერცამდე სიხშირის ბგერა ტრიალებდეს და მაინც არაფერი გვესმოდეს, მაინც ვერაფერს ვიგებდეთ და ვიყოთ ვაკუუმურ, უწონო მდგომარეობაში, როცა სხეულს მასის შეგრძნება აღარ გააჩნია.
გარეთ გაწვიმდა. თქეშის ხმა აღწევდა ოთახში და ბუხრიდან გამოსულ ხმებს უცნაურად ერწყმოდა. სულ სხვა რეალობაში გადასულ სამ ადამიანს, რომელთაგან ერთი წარსულში მოგზაურობდა, მეორე _აწმყოში და მესამე კი _მომავალში, არაფერი ესმოდათ გარდა საკუთარი ფიქრებისა და წარსული მოგონებებისა.
- ნეტა რას გრძნობს? გაახსენდა? იქნებ აღარც ახსოვს? რა სულელი ვარ რომ არ ვკითხე, მეხსიერების პრობლემები ხომ არ აქვს. ახლა რომ ვკითხო უხერხული იქნება ალბათ. არა, მეტყოდა მაშინ. არ ეტყობა გონებრივად რამე უჭირდეს. მგონი წერილის შუაშია. უკვე იცის ვინ სწერს. კი. ახსოვს. თვალთან ეს რა უბზინავს? ნუთუ! თუ დაღლილი თვალის ბრალია? ოხ, მიდი ირაკლი , მიდი, არ გამიცრუო იმედები! მაინც არ ვინანებ აქ ჩამოსვლას! მაგრამ ძალიან გამიხარდება! სად არის ახლა მისი გონება? მგონი შუაში შეჩერდა და ამუშავებს წაკითხულს. ახლა სადღაც შორს იყურება, უკიდეგანოდ შორს... - ფიქრობდა გოგო და მისი ტვინის ნეირონები გამალებით ცვლიდნენ ინფორმაციას ერთმანეთში.
- რა თბილი და წყლიანი თვალები აქვს! თითქოს , ღრმა ბავშვობაში რომ ჩემთან სიზმარში ქალი მოდიოდა მას ჰგავს. იქნებ ისაა?! დაუმორჩილებელი თმები რა ლამაზად ჩამოჰყრია თვალებთან და ყურებზე. არანაირი სამკაული-ახლაღა შევამჩნიე. ყველაფერი ბუნებრივი, არც მაკიაჟი, არც ბოტოქსი და ... პროფილშიც რა მომაჯადოვებლად ლამაზია! ნეტა ის ჭიქა ვიყო - გულში წამოსცდა ეს ფიქრები დიმიტრის და თავად გაეღიმა თავის ნატვრაზე. რა საოცარ სიმშვიდეს ჰგვრიდა ეს პატარა, მოცუცქნული გოგონა! სკამზე მოუსვენრად იჯდა ბიჭი და ხანდახან, მხოლოდ გოგონას მზერის გამყოლეს თუ გაახსენდებოდა პაპამისი და ის წერილი, რომლის იდუმალებასაც ჯადოსნობით მოეცვა მთელი ოთახი და თითქოს დარიჩინის სურნელი ტრიალებდა ჰაერში.
- რა საყვარელი გოგონაა და როგორ მაგონებს ის... სათვალით კარგად დავათვალიერე... ნაკვთები განსხვავებული აქვს. მას ცოტა უფრო ფართო სახე, სქელი თმა და განიერი მხრები ჰქონდა. ტუჩებიც უფრო პატარა და მოცუცქნული... მაგრამ მაინც მას მაგონებს! -ფიქრობდა მოხუცი.
- რატომ არ აწერია კონვერტს არაფერი. ფურცლებიც ახალს არ ჰგავს, თითქოს სხვადასხვა დროს ნაწერია. როგორ მომნატრებია ქართული ასოები, კალმით ნაწერი და არა კომპიუტერით აკრეფილი! მაინც სულ სხვა სილამაზე აქვს ქართულ ასოებს, სხვანაირად ლამაზად მოხუჭუჭებული ფორმები აქვს! ნეტა, მოვასწრო სიკვდილამდე საქართველოში ჩასვლა! მომენატრა! არ მეგონა ასე თუ მომენატრებოდა თბილისი -წერილს მისჩერებოდა და გონებაში სამშობლოში ბრუნდებოდა მოხუცი. ნაწერი ეცნო-ერთ დროს მისი ჯგუფელი გოგონა სწორედ ასეთ ხელნაწერ კონსპექტებს ატანდა სახლში სამეცადინოდ. მთელი ლექციები გოგონა იწერდა, ის კი მას მონუსხულივით უყურებდა და მხოლოდ ხელნაწერებიდან იხსენებდა ლექციის შინაარსს. ო, რა კარგი იყო ახალგაზრდობა. როცა ის პირველ დღეს, დაგვიანებით შევიდა მცირე აუდიტორიაში და ... რა ცქვიტი ბიჭი იყო რომ სწრაფად, ყველას დაასწრო , მიიჩოჩა და ადგილი გაუთავისუფლა. რა საამო სურნელი ჰქონდა მის გაშლილ თმას! შიშით ვერც კი ბედავდა მისკენ გახედვას. რისი ეშინოდა ნეტა? გული როგორ უფანცქალებდა!საგულიდან ამოვარდნას ლამობდა. პირველი შეხვედრა რაღაც არაამქვეყნიურ ადამიანთან, რომელსაც გვირილისა და შროშანის სურნელი ჰქონდა. მხოლოდ ხელებზე უყურებდა, ბავშვურ, ნაჩვრეტებიან ხელებზე, როგორც პატარა ბავშვებს ეჩუტებათ, ისე რომ ეჩუტებოდა თითების გაშლისას.
ძალების მოკრეფა დასჭირდა ირაკლის რომ წერილის წაკითხვა დაეწყო და ფურცელზე კალმით ნახატ ლამაზ ორნამენტებში სიტყვები და წინადადებები ამოეკითხა. დაიწყო კითხვა და სიტყვებს წინადადებებად ალაგებდა, შემდეგ ნელა, თავისებურად დინჯად აღიქვამდა შინაარსს.
„ ჩემო ძვირფასო ირაკლი
ბევრჯერ დავიწყე ეს წერილი და ბევრჯერვე გადავხიე ფურცლები, რადგან არ ვიცოდი როგორ დამეწყო. ახლა კი ვფიქრობ, რაც იქნება იქნება და იმაზე უარესი აღარაფერი მოხდება ჩემს ცხოვრებაში, ვიდრე მოხდა. მილიონჯერ მაქვს ნაფიქრი სცენაზე, როცა გხვდები და გეუბნები როგორ გამიხარდა შენი ნახვა, როგორ მჭიდროდ გხვევ ხელებს შენს მხრებზე და გულზე გადებ თავს, თუნდაც ცოტა ხნით. რამდენჯერ გადავათამაშე ეს სცენები გონებაში - მხოლოდ ჩემმა მესაიდუმლემ, უფალმა უწყის. ის რომ არა, ნეტა ვინ მოუსმენდა აბეზარ ქალს?! ჩემს წარმოსახვაში, შეხვედრის შემდეგ ვსხდებოდით სადმე, ლამაზ ადგილას და გიყვებოდი, გიყვებოდი ყველაფერს, დაუღალავად გიყვებოდი, რათა გცოდნოდა, ყველაფერი გცოდნოდა, რისი უფლებაც წაგართვი , ჩემდა სამწუხაროდ.
ახლაც მჯერა რომ უფალმა უკეთ იცის რა სჯობდა ჩვენთვის. შესაძლოა მე ვერ შემძლებოდა შენი გაბედნიერება და ეს თავად მე მაქცევდა უბედურ ადამიანად. იქნებ ის, რაც მე მეგონა ილუზია იყო და ჩემი გრძნობების აკუმულირება ცრუ, მოჩვენებითმა იმპულსებმა შეძლო?! ამას მხოლოდ ერთი რამ გაარკვევს და იქნებ, იქნებ მეც გავიგო ამის შესახებ.
ერთადერთი იმედით ვსაზრდოობდი, რომ შენ ყოფილიყავი კრგად! შენ ყოფილიყავი ბედნიერი! უფალს მუდამდღე შენს კარგად ყოფნას შევთხოვდი, ყოველ ლოცვაში გიხსენიებდი და მჯეროდა, ბედნიერი იქნებოდი-მხოლოდ ეს მაბედნიერებდა და მანუგეშებდა ძვირფასო.
მე ერთი სულელი გოგო ვიყავი ირაკლი, გამოუსვლელი, ერთის მხრივ ხელისგულზე ნაფოფინები და მეორეს მხრივ კონტროლისა და შეზღუდვების მარყუჟებში გაზრდილი, რომელიც იმასაც კი არ წყვეტდა, დილით რომელი კაბა ჩაეცვა. მე ერთი სუსტი გოგო ვიყავი, რომელმაც არ იბრძოლა ბოლომდე, დაყარა ფარ-ხმალი და დანებდა. არადა, ადამიანმა ყოველთვის უნდა იბრძოლოს, ყველაფერი სჯობს დინებას მიყოლას, სულ ყველაფერი!
ახლა თუ მიხვდი ვინ ვარ? ვერა? მე ის ვარ,  სიგიჟემდე რომ უყვარდი, უყვარხარ და მარადიულად ეყვარები და იმ მიღებული დოგმებისა დ სტიგმების გამო რომ ქალი სიყვარულში არ უნდა გამოუტყდეს მამაკაცს პირველი და რომ ოდესღაც შოთამ დაწერა“სიყვარულსა მალვა უნდაო“ ამას 4 წელი და აქამომდე, იმდენად კარგად მალავდა, რომ ალბათ ახლაც კი გაგიკვირდება და ვერ დაიჯერებ. ოღონდ, ძალიან გთხოვ, დამიჯერე, ახლა  დამიჯერე, რადგან არანაირი მიზეზი არ მაქვს შენი მოტყუების.
ახლა გიჭირავს ჩემი წერილი და იცოდე, ეს ბოლოა, რაც დარჩა ჩემგან. ეს ბოლოა და ყველაფერია. ჩემი გული ამოვიღე და გამოგიგზავნე. შენს ხელებს აუცილებლად ვიგრძნობ! მჯერა! მინდა რომ მჯეროდეს უფლის, სამოთხის, 40 დღის სასწაულის... ასე ახლოს არასდროს ვყოფილვარ შენთან! ასე გულწრფელი არასდროს ვყოფილვარ , არასდროს!
კვლავ ვერ მიხვდი ვინ ვარ? მე ნატალი ვარ ირაკლი, ნატალი! ახლობლებისთვის ნატო, პასპორტით ნატალია... - ასე გაგეცანი, გახსოვს? და შენ მითხარი რომ შენთვის ნატალი ვიქნებოდი. არავისთვის, აღარავისთვის მიმიცია უფლება ასე დავეძახებინე. მხოლოდ შენთვის ჩემო ირაკლი, ჩემო ტკბილო, თბილო, მეგობარო და მთელო სამყაროვ! .................“
ამ დროს რაღაც, დაგუბებული, გამოშვებას და გამოთავისუფლებას მონატრებული ამოვარდა მოხუცის გულმკერდიდან , ამოოხვრასაც ჰგავდა, ამოსლუკუნებასაც , თუმცა თითქოს მოშიებური, დაბმული და სადაავეებით მოჭიმული ცხოველი გათავისუფლდა და ამოქანდაო, ისეთი რაღაც ამოეშვა გულმკერდიდან და შეაკრთო ახალგაზრდები. დიმიტრის მოეჩვენა რომ ამოხველებას ცდილობდა. ნატალიას მოეჩვენა რომ  მაჭრად დარჩენილი ემოციის ძველ ბოთლს მოუხსნა მოხუცმა საცობი და ახლა ცოტაღა აკლდა ტირილამდე.
დიმიტრიმ წყლიანი ჭიქა მიურბენინა სასწრაფოდ და როცა მარცხენა ხელში ცივი ჭიქა ჩაუდო, მოხუცმა სასოგამოცლილმა შეჰხედა ბიჭს და წყალი ავტომატურად მოსვა.
- პაპა, ცუდად ხომ არ ხარ? რამე ხომ არ გინიდა რომ მოგიტანო?
- არა, მადლობა! აქ მაქვს ყველაფერი, რაც მინდა - ორაზროვნად თქვა მოხუცმა და ისევ წერილს ჩააჩერდა.
დიმიტრიმ გოგოს თვალით ანიშნა და სამზარეულოში გაიყოლა. გოგონამ სინზე უხმაუროდ გადაალაგა ცარიელი ჭურჭელი და ზედმეტი ხმის გარეშე გაიტანა სამზარეულოში.
- რა არის მაგ წერილში? - ცოტა შეწუხებული ხმით ჰკითხა ბიჭმა;
- არ მიწყინოთ, მაგრამ თუ საჭირო გახდება, თავად წაგაკითხებთ პაპათქვენი;
- ვინაა ავტორი?
- წერილი ბებიაჩემმა გამომატანა. ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. ნიშანი უნდა მივიღო პაპაშენისგან.
- ვინაა ბებიაშენი? საიდან იცნობდა პაპას? რა ნიშანი?
- ჯგუფელები იყვნენ. 4 წელი ერთად, განუყრელად მეგობრობდნენ.
- მერე? ყველა მათი ჯგუფელი ამერიკაში წამოვიდა, ძლიერი ჯგუფი გვყავდაო პაპა მიყვებოდა. ბებიაშენი რატომ არ წამოვიდა?
- ასე მითხრა რომ სამშობლოს ვერ მივატოვებდიო.
- უყვარდა პაპას?
- მე მეტს ვერაფერს გეტყვი. თუ რამე არ გინდა კიდე, დავბრუნდები ბუხართან.
ბიჭმა ხმაამოუღებლად გაუშვა გოგონა. ცოტა ხნით ფანჯარაში გაიხედა, გაუკვირდა წვიმა რომ დაინახა და სწრაფად დაბრუნდა მისაღებ ოთახში, სადაც გოგონა ისევ ძველებურად იჯდა და სულშეკავებული შესცქეროდა მოხუცს, მოხუცს კი გულში ჩაეხუტებინა წერილი და სათვალეებს შიგნიდან თვალების კუთხეებში ვარსკვლავები უთამაშებდნენ.

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს