ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
4 სექტემბერი, 2023


მე შენ მიყვარხარ! მე შენ მიყვარხარ! მე შენ მიყვარხარ!

მე შენ მიყვარხარ!
მე შენ მიყვარხარ!
მე შენ მიყვარხარ!

ახალგაზრდობა - რა მშვენიერი სიტყვაა: ახალ-გაზრდობა! მშვენიერია თავად სიტყვაც, ასაკიც და ის, რაც გარშემოა: ყველაფერი რომ იმედებითა და მოლოდინებითაა სავსე, როგორც დიკენსის რომანში „დიდი იმედები“.
ახალგაზრდობა - ამ დროს ადამიანი გამოდის ცხოვრებაში და იყურება წინ! სულ წინ და წინ და ჰორიზონტს მიღმა ყველაფერი წარმოუდგენია, უსასრულობა, უძირობა, სასწაულები და სასიამოვნო უეცარი ამბები. ცხოვრების გზაზე მიმავალს, იმდენად შორი, მიუწვდენელი და წარმოუდგენელი მოვლენებით აღსავსე გგონია გზა, რომ რწმუნდები, შენდაუნებურად რწმუნდები მის უსასრულობაში. თუმცა, შესაძლოა ჰორიზონტის კიდეს ვერასდროს მიაღწიო, მაგრამ დავიწყებული და ამოწურვადი დროის რესურსი, ოდესღაც მაინც შეგახსენებს თავს - ზოგს ადრე და ზოგსაც, შესაძლოა ძალიან გვიან.
ახლად გაზრდილ ადამიანს ჰგონია რომ მას შეუძლია შეცდომებიც დაუშვას - მაინც ექნება დრო მის გამოსასწორებლად. ახლად გაზრდილ ადამიანს ჰგონია რომ მთელი სამყარო მისია და შეუძლია როგორც უნდა, როცა უნდა, სადაც უნდა იქ გამოიყენოს თავისი შანსები.
ახლად გაზრდილ ადამიანს ჰგონია რომ უკვე მზადაა საცხოვრებლად და ამ დროს ყველაზე მეტად ცდება: არასდროს არაა ადამიანი ცხოვრებისთვის სრულად მზად, იმდენად სრულად მზად, რომ სწრაფი გადაწყვეტილებები მიიღოს, ასჯერ არ გაზომოს სანამ გაჭრის, ასი ფუთი მარილი არ ჭამოს სანამ ენდობა, შეცდომები გრამობით კი არა, ფუთობით წონოს, მიზნები არ დაისახოს და მხოლოდ იოცნებოს.
ასეთი ახლად გაზრდილი ადამიანები იწყებენ უმაღლეს სასწავლებელში სწავლას და ზოგს ისიც არ აქვს გაცნობიერებული, რისთვის და რატომ უნდა ისწავლოს - იცის რომ უნდა ისწავლოს და მეტი არაფერი.
ფიზიკის ფაკულტეტიც ბევრი ასეთი სტუდენტით აივსო 1 სექტემბერს, თუმცა “ა” ჯგუფი ამ მხრივ გამონაკლისს წარმოადგენდა: ამ ჯგუფში მოხვდა ყველა გამორჩეული ახალგაზრდა - ზოგი საქალაქო ოლიმპიადაში გამარჯვებული , ზოგი -რესპუბლიკურ ოლიმპიადაზე და ზოგიც-საერთაშორისოზე. ყველა ან კომაროვის და ან ვეკუას სკოლადამთავრებული იყო, გარდა ერთი გოგონასი, რომელიც სულ შემთხვევით მოხვდა ამ ჯგუფში, რადგან ის ქიმიის ოლიმპიადაზე ასპარეზობდა წარმატებით.
ირაკლის თვალწინ ნათლად წარმოუდგა ის ცხელი დღეც, მისი მშობლებიც, რომლებმაც მოაცილეს უნივერსიტეტის მეორე კორპუსამდე და ის მცირე აუდიტორიაც, სადაც ორი რიგიდან ფანჯრის მხარეს მდგომ რიგში კიდეში იჯდა და კურატორი მექანიკის პრაქტიკულს უტარებდათ.
ამ დროს აუდიტორიიდან გარეთ შეიღო კარი და შიგნით მზე შემოვიდა. მზეს კი მზესავით გოგონა შემოჰყვა - ათინათებად რომ მოჰყვებოდა მზის სხივები. მისმა სახემ ყველას ყურადღება მიიპყრო - მიუხედავად არც თუ დიდი და სქელი ტუჩებისა, ყველაზე დიდი , ღია და ლამაზი ღიმილი ჰქონდა და ძირითადად სულ იღიმოდა.
***
არავის დაუნიშნავს დრო, თუ რამდენი ხანი იჯდა ირაკლი ასე, ფურცლებ ჩახუტებული ბუხართან და მოგზაურობდა შორეულ, მშობლიურ მხარეებში - ახალგაზრდებს ის დრო მთელ საუკუნედ მოეჩვენათ, ირაკლისთვის კი წამის მეასედები იყო.
ახალგაზრდებს ხშირად არ ჰყოფნით ხოლმე ნებისყოფა მოთმენისა, თმენისა, ლოდინისა. ალბათ ეს ახალგაზრდებიც არ იქნებოდნენ გამონაკლისი რომ არა მათი მოტივაცია: მოლოდინები, მიზნები, იმედები, ინტერესები.
მოხუცმა მაგრად დახუჭა თვალები, კარგად მოუჭირა ქუთუთოები ერთმანეთს და გადმოაგდო რაც კი სისველე ჰქონდა ორივე თვალში. შემდეგ, კვლავ მოიმარჯვა ფურცლები და ბოლოს გაჩერებული აბზაცი მოძებნა.
„...............მინდა აზრები დავალაგო ამიტომ თავიდან დავიწყებ. პირველ დღეს, ზოგს მშობელი მოჰყვა, ზოგს მეგობარი, მე კი მარტო მოვედი უნივერსიტეტში და აუდიტორიას ვერ ვპოულობდი. შემდეგ ერთი ბიჭი გავიცანი და მან მომაცილა ოთახში. რომ შემოვედი, საქმიანი გარემო სუფევდა, ყველას თავისი ადგილი ჰქონდა დაკავებული და მხოლოდ შენ მომაქციე ყურადღება, საყვედურნარევი გამოხედვით, რატომ დააგვიანეო, მიიჩოჩე ფანჯრისკენ და ადგილი გამითავისუფლე. წამებში მოხდა ეს ყველაფერი და ისე გამიხარდა რომ დიდხანს არ მომიწია უხერხულად კართან დგომა. მე კურატორისკენ ვიყურებოდი, მაგრამ მეგონა ჩემს ხელებს აჩერდებოდი და ვგრძნობდი როგორ მაწვებოდა ლოყებზე სისხლი. იმ დღის მერე , მაშინაც კი როცა ჩემს გვერდით არ იყავი, წარმოვიდგენდი რომ გვერდით მიზიხარ და ასე მალულად მაკვირდები და მარტო აღარასდროს მიგრძვნია თავი.
მას მერე, მთელი სტუდენტობა სულ ჩემს გვერდით იჯექი, თუ დაგაგვიანდებოდა, ყოველთვის ახერხებდი საქმეების მოგვარებას რომ ჩემთან დაგეკავებინა ადგილი - ვერ წარმოიდგენ როგორ მაბედნიერებდი ამით! მაშინ კი, მთელი ჩემი ძალა და ნება იხარჯებოდა ამ სიხარულის დაფარვა-მიჩქმალვაში.
პირველ დღეს სახლში რომ მივედი დედამ ეგრევე შემატყო ცვლილება და დაწვრილებით გამომკითხა უნივერსიტეტის ამბები. შენი სახელის ხსენებაზე კი იმწამსვე მიხვდა ჩემში გამოწვეული ცვლილების მიზეზს და გამაფრთხილა, მკაცრად გამაფრთხილა: იცოდე, გახსოვდეს ნატო რასაც გასწავლიდი. ბიჭები ძალიან ოხრები არიან. არ შეგაყვაროს თავი! ნუ მისცემ უფლებას გული გატკინოს და გაგამასხარაოსო. მიუხედავად იმისა, რომ მორჩილი და დამჯერი შვილი ვიყავი, ერთ რამეში ვერ დავუჯერე-ვერ გავუძელი და შემიყვარდი. სამაგიეროდ,  ისე კარგად ვმალავდი ჩემს გრძნობებს, ხანდახან მეც ეჭვი მეპარებოდა-ეს სიყვარული იყო თუ უბრალო გატაცება.
უნივერსიტეტის პირველ დღეს თუ გაურკვევლობა, შიში და უსიამოვნო შეგრძნება მიმაცილებდა ლექციებზე, ეს პირველი და უკანასკნელი იყო. მეორე დღიდან დაიწყო სარკის წინ ტრიალი, საკუთარ თავზე დაკვირვება და იმაზე ფიქრი, შენ როგორი მოგეწონებოდი. არადა, მანამდე შეიძლება ჯემიანი პირითაც გავსულიყავი სახლიდან. შენ მაბედნიერებდი. ისეთი უცნაური, საამო, სასიამოვნო ფრიალი მეწყებოდა შენს დანახვაზე და შიგნით, მუცელში, სხეულში, კანქვეშ , ყველგან სასიამოვნო ღუტუნს ვგრძნობდი და ეს ძალიან მომწონდა. ეს უცხო, ჯერ კიდევ გაუცნობიერებელი გრძნობა იყო, ახალი ხილივით, რომელიც მოგწონს, მაგრამ ჯერ მისი გემო ვერ დაგიხარისხებია გონებაში. შენ რომ მიყურებდი, ასე მეგონა ვიღაც ღმერთისხელას ცხელი შოკოლადიანი ჭურჭელი ეჭირა და ჩემს შიგნით ასხავდა, მაგრამ ჩემს ავსებას მაინც ვერ ახერხებდა. ერთ სივრცეში თუ ვიყავით, რომც ვერ დამენახე, შენს მიერ ამოსუნთქული ჰაერის მემილიონედი ნაწილაკი მაინც თუ მოხვდებოდა ჩემს ფილტვებში - ესეც მაბედნიერებდა.
წარმოუდგენლად რთული იყო ჩემთვის, თავბრუდამსხმევი, დამარეტიანებელი ემოციების, გრძნობებისა და შეგრძნებების ისე თოკვა და მართვა, რომ არც სწავლას დაჰჰკლებოდა რამე და არც არავის შეეტყო ჩემს გულში რა ქარიშხალი ტრიალებდა.
დედაჩემმა როცა დაინახა ძალიან დიდი დროის გატარება დავიწყე სარკესთან, ჩემს მეგობრებს ეკითხებოდა, რა ხდება მის თავსო. მაგრამ ისინი რას ეტყოდნენ, როცა მე, დამჯერი შვილი, კაციშვილს მთელს დუნიაზე არაფერს ვუყვებოდი და მხოლოდ უფალთან ვბედავდი ღამღამობით ჩურჩულს. ისიც, არასდროს შემითხოვია ჩვენი ერთად ყოფნა, და იცი რატომ? იმიტომ რომ არ ვიყავი დარწმუნებული მე გაგაბედნიერებდი თუ არა. ამიტომაც უფალს ვიყავი მინდობილი!
როგორც იქნა დედამ გამომტეხა და ვუთხარი რომ საოცარი გრძნობა მქონდა შენს მიმართ, ენით აღუწერელი, რომ ამდაგვარი არასდროს გამომეცადა და დედამ დაარქვა ყველაფერს თავის სახელი: გიყვარსო მითხრა.
- ახლა უნდა ძალიან ფრთხილად იყო, არ უნდა შეგამჩნიოს ვინმემ და მითუმეტეს ირაკლიმ! იცი, თუ ბიჭმა გაიგო რომ გოგოს მოსწონს, მერე ცდილობს გამოიყენოს და გაამასხარაოს. არ მისცე მას ამის უფლება. ყველა ბიჭი ერთნაირია! ხომ გახსოვს შენი ძმა როგორ აშაყირებდა გოგოებს?! შენ არ მისცე ამის უფლება! გამიგე? _მარიგებდა დედა და როგორ არ დამეჯერებინა მისთვის?!
გამიხარდა, რომ სასიამოვნო შეგრძნებების ამ მთელ ბუკეტს, ასეთი ლამაზი და დამაიმედებელი სახელი „სიყვარული „ ერქვა.
მე შემიყვარდი.
რა ძალა მჭირდებოდა 16 წლის გოგოს რომ თავი ხელში ამეყვანა - ვერ წარმოიდგენ რად მიჯდებოდა ჩემი მოურჯულებელი, გაუხედნავი გრძნობების მუდმივად სადავეებით მართვა და მხოლოდ საჭირო,  დედაჩემის მიერ არჩეული მიმართულებით ტარება.
ლექციებზე მუდმივად გვერდიგვერდ ვიჯექით და ხშირად ხელი მოგიხვდებოდა ხოლმე ჩემს ხელზე. ვერ წარმოიდგენ, როგორ ვბრაზოვდი ამ დროს: მთელ ტანზე ჟრუანტელი მივლიდა და მზად ვიყავი ლექციიდან სადმე შორს გავქცეულიყავი, ოღონდაც თავი დამემშვიდებინა და ვერავინ მიმხვდრიყო, რა მემართებოდა.“
გაახსენდა ირაკლის, დიდი აუდიტორია და მისი ჭაბუკური სიცელქეები-ვითომ შემთხვევით რომ შეახებდა ხელზე ხელს და უხაროდა საკუთარი მოხერხებულობის გამო. ვერაფრით ხვდებოდა მოსწონდა თუ არა გოგონას ასეთი უეცარი შეხებები. რა თბილი და მხურვალე ხელები ჰქონდა! - წამით შეჩერდა მოხუცი და კვლავ განაგრძო კითხვა.
„სასწაულია, როგორ შეიძლება ერთი და იგივე ადამიანთან ერთდროულად მშვიდადაც გრძნობდე თავს და აფორიაქებულადაც. ეს შენ იყავი ირაკლი და მას მერე, დიდი ხანი ვეძებე მასეთივე ადამიანი და ვერ ვიპოვე.
ყოველდღე, როცა სახლში მივდიოდი, დედა დაწვრილებით მაყოლებდა ამბებს და უფროდაუფრო მოსწონდი. ვუყვებოდი როგორ მეხმარებოდი წიგნების შოვნაში, როგორ მიგვარებდი საქმეებს, როგორ მოტივაციას მიქმნიდი რომ ადრე ჩაგვებარებინა ზოგი საგანი და როგორ თბილ სიტყვებს მეუბნებოდი. მე სულელს კი არ მჯეროდა რომ შეიძლება გყვარებოდი.
რამდენჯერმე, ჩემზე გაბრაზებულმა დედამ, როცა შევეწინააღმდეგე, რამდენიმე აბსურდული რჩევის შესრულების მოთხოვნის შემდეგ (როგორიც იყო, მოსვლა და შენი დაიგნორება, ან შენს საეჭვიანებლად  სხვა ბიჭთან პაემანზე წასვლა, და სხვა) მწარედ მითხრა: ირაკლი სულელი უნდა იყოს შენნაირს ზედ რომ შემოხედოსო - ეს მწარე სიტყვები იყო და ბევრს ვტიროდი, ყოველი ასეთი სიტყვების შემდეგ. ვხვდებოდი რომ ასე გაგრძელება აღარ შემეძლო. ამ სიტყვების მერე ამეკვიატა აზრი, რომ მე მხოლოდ მეჩვენებოდა _ შენი თბილი გამოხედვა, შენი დავკირვებული თვალი, რომელსაც ხშირად ვაფიქსირებდი შენსკენ გამოხედვისას, შენი ზრუნვა, თბილი სიტყვები და ქათინაურები, რომლითაც ცდილობდი განსაკუთრებულად მეგრძნო თავი, შენი ბიჭებთან ბრძოლა, რომ არავის გაებედა ჩემს გვერდით დაჯდომა, შენი მცირე და ყველაზე სასიამოვნო საჩუქრები, მთელს ჩემს ცხოვრებაში, რომელთაც დღემდე ვინახავ: ჯგუფი „Queen”-ის ალბომი, სუნამო, მოგებული მაისური, წერილები და ის ხელსახოცი, რომლითაც ცრემლებს ვიწმინდავდი განშორების შემდეგ. ვარწმუნებდი თავს რომ შენი გადაკრული საუბარი სიყვარულზე, მხოლოდ ლაზღანდარობა იყო და მეტი არაფერი.
ვაგრძელებდი გრძნობების მოთოკვას, კვლავაც გაუხედნავი შეგრძნებების სადავეებით მართვას, ყოველ საღამოს შენს ბედნიერებაზე ლოცვას, სწავლას და ოცნებას, რომ თუ უფლის ნება იქნება, მე ოდესღაც შენი ცოლი, მეორე ნახევარი, ცხოვრების აზრი და შვილების დედა გავხდებოდი.
უფალს მივანდე ჩემი მომავალი და არ ვიცოდი, რომ უფალს, დინებას მინდობილი ხალხი სულაც არ უყვარს თურმე.
სიყვარული ხომ ლამაზი ფაიფურის ჭურჭელივითაა: მოვლა უნდა , გაფრთხილება, შენახვა, მაგრამ არა დახურულ კარადაში, არამედ ვიტრინიანში, რომ ყველა დატკბეს მისი ყურებით. გამოუყენებელი ჭურჭელი, როგორც ჩინელები ამბობენ, უფრო მალე ფუჭდება. მე შენ, ადამიანს , რომლითაც იწყებოდა ჩემი დილა და მთავრდებოდა, რომლისთვისაც ვიღვიძებდი და არ მეზარებოდა არაფერი, რომლისთვისაც სულს, გულს , სიცოცხლეს დავთმობდი, რომლისგანაც ჩემთან ყოფნის მეტი არაფერი მინდოდა, გიმალავდი ჩემს სიყვარულს, არ გიმხელდი და წაგართვი ამ სიყვრულით დატკბობის შანსი. მადლობაც კი არ მითქვამს იმ საოცარი შეგრძნებებისთვის, რომელიც შენი წყალობით გამოვცადე.
მას მერე ძალიან ბევრი წელი გავიდა და გულწრფელად გეტყვი: იგივე სიძლიერის სიყვარული, იგივე ფორმისა და სიდიადის, სისპეტაკისა და სიწმინდის - არსად აღარ მინახავს. არავინ შემხვედრია, ამის თუნდაც მიმსგავსებული სიყვარული ეტარებინოს. იქნებ, ვინმე ისევე კარგად მალავდა, როგორც მე, მაგრამ გამოცდილ თვალს აღარაფერი გამომეპარება.
ასეთ ბრძოლებში ვიყავი და ამ გაუთავებელი ჭიდილის ბრალი იყო რომ ხეპრულად და უხეშად მომდიოდა ხანდახან ამ გრძნობების მალვა!
ახლა, როგორ მტკივა და მრცხვენია, ვერ აღგიწერ! როგორ გიმალავდი იმას, რაც შენ გეკუთვნოდა, რასაც შენ ასაზრდოებდი?! მე ხომ არაფერს ვითხოვდი - მხოლოდ შენთან ყოფნის შანსს, მხოლოდ შენს კარგად ყოფნას! მხოლოდ შენს ბედნიერებას ვთხოვდი უფალს - ესეც საკმარისი იყო. იქნებ მეშინოდა რომ არ დამიჯერებდი? ვფიქრობდი: „იქნებ ვუთხრა და თუ დამცინა, თუ ჩემი გრძნობები გათელა და მისი სიყვარული მხოლოდ ჩემი მდიდარი წარმოსახვის ძალით დახატული სახებაა, კი მიღირს ერთხელ დ სამუდამოდ ამის გაგება და დარწმუნება რომ ის ჩემს სიყვარულს აღარ იმსახურებს“ , _მაგრამ არ მეყო საამისოდ ვაჟკაცობა და ძალა.
გვიან მივხვდი ირაკლი, გვიან მივხვდი რომ დამნაშავე ვიყავი შენს წინაშე. განა იმიტომ რომ მჯერა შენც ასევე გიყვარდი? არა, ვიცი რომ იგივე არჩევანის წინაშე მდგომი ისევ კარიერას აირჩევდი და ამერიკაში წასვლის შანსს აუცილებლად გამოიყენებდი, მე კი ვერ შევეგუებოდი უცხო მხარეში ცხოვრებას. ჩემი დანაშაული მაშინ ვაღიარე, როცა მეც შევუყვარდი. დიახ, შვილებისა და ქმრის პატრონი ქალი, კვლავ ვიღაცას შევუყვარდი ისე, რომ არცერთი მიზეზი არ მიმიცია მისთვის ამისა. და იცი, რა გამიკვირდა? როცა ამ სიყვარულმა კი არ შემაფერხა, კი არ შემბოჭა, კი არ შემაშინა, ან ვნებები კი არ გამოიწვია ჩემში, არამედ დამამშვიდა, თავდაჯერებულობა შემმატა და ძალები აღმიდგინა, ის ძალები, რომელთაც საღათას ძილით ეძინათ საკმაოდ დიდ ხანს. მაშინ ვიფიქრე, იქნებ შენთვისაც მოეცა ჩემს სიყვარულს უკეთსი იმპულსი, უკეთესი ბიძგი და უფრო გაეადვილებინა შენი ცხოვრება, მიზნების მიღწევა... და ძალიან გავბრაზდი საკუთარ თავზე. თავიდან თუ ვნანობდი, მერე კი მრცხვენოდა ჩემი საქციელის. ამ ამბის მერე ძალიან გავბრაზდი -დღემდე ვსაყვედურობ საკუთარ თავს, მაგრამ ალბათ ესეც უფლის ნება იყო.
ამ ყველაფრის შემდეგ , ნუგეშს მხოლოდ შენი ამბები მგვრიდა: ვიგებდი რა რომ კარგად ხარ და ბედნიერად ხარ, მეც ვმშვიდდებოდა და ნეტარება მებეჭდებოდა სახეზე.
ახლა 45 წლის ვარ და ვიცი, ზოგი ამ ასაკში იწყებს ახალ ცხოვრებას. მე კი ვფიქრობ რომ აქ შეიძლება შეწყდეს ჩემი_ მკერდის სიმსივნე დამიდგინეს და ოპერაციას არ ვიცი როგორ გადავიტან. თუ ეს წერილი შენს ხელშია, ესეიგი ახალგაზრდა წავედი ამ ქვეყნიდან და ჩემი საოცარი სიზმარი არ ახდა.
ყველაფრის მიუხედავად, ბედნიერი მივდივარ: მყავს შვილები და მყავხარ შენ-ვიცი, შენც კარგად ხარ.
ამაზე მეტის წერა ახლა აღარ შემიძლია. მაპატიე თუ ვერაა დალაგებული - ამის დრო აღარ მაქვს.
შეინახე ჩემი წერილი და თუ ეს სამყარო ისეა მოწყობილი, როგორც მე მეიმედებოდა, მაშ აუცილებლად ვიგრძნობ შენს ხელებს ჩემს გულზე.
მე შენ მიყვარხარ!
შენი ნატალი
............ წელი“
წერილი ამით აწ წყდებოდა და მოხუცმა გაკვირვებულმა ამოყო თვალები წერილიდან. თავისდაგასაკვირად, ეგრევე გოგონას შეხედა. გოგონას ვერ ამოეცნო მისი ემოცია და სასოწარკვეთილი შეჰყურებდა. ეს მცირე პაუზა, კვლავ სიჩუმის გაბმულმა ხმამ შეავსო.
ირაკლიმ წერილის კითხვა გაარძელა.



(გაგრძელება იქნება 3 დღეში)

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები