ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ვანანო
ჟანრი: პროზა
2 ივლისი, 2020


ვაზის ალერგია (ლილე 2020)

    საბავშვო ბაღის კარი ლია მასწავლებელმა შეაღო. ფორმა ჩაიცვა და სადეზინფექციო ხსნარი მოაფრქვია ოთახს. მალე შამპუნისა და სუნამოს სურნელით გაიფხორა დასპირტული სივრცე, რადგან ფანჯრები ჩაერაზათ.
    საუზმობისას სანდროს ტირილი გაიგონა და წაქცეული ფინჯანი ენიშნა. ბიჭი წამოაყენა, ხელები დაუთვალიერა და გაუღიმა:
-ფინჯანი ძალიან ცხელი იყო და გასაგრილებლად გვერდი იცვალა! არაფერია სანდრო!
ლიამ აღსაზრდელებს ანიშნა, დასხედითო. ძიძა შემოვიდა.
-სანდრო, რამხელა აურზაური გამოიწვიე შენი მოუხერხერხებლობით, თითქოს პირველად სვამდე ჩაის!!
ლიას არაფერი უთქვამს. მიდიოდა ყველა მაგიდასთან, მზრუნველ ხელს ადებდა ბავშვებს მხარზე. ისინიც გულში ეკვროდნენ, უღიმოდნენ, მშვიდად სხდებოდნენ. გაახსენდა თავისი ბიჭი, რომელიც ხშირად აქცევდა ჩაის. არ უბრაზდებოდა, იცოდა უნებლიეთ მოსდიოდა.
  მასწავლებელმა გადაშალა რვეული, ჩანაწერს ჩაჰხედა: „შვილები სხვისებად უნდა დავინახო, რათა სულ ჩემები იყვნენ და ერთმანეთს ვგრძნობდეთ.“ სანდრო სხვისი შვილი იყო. საკუთარ ნაშობს არ უხშობდა გულის ხმას, არ აწვეთებდა შხამს, არ უღვივებდა უნდობლობას ადამიანებისა და ცხოვრებისადმი. საკუთარი გამოცდილების თვალით არ ახედვინებდა ბავშვებს.
    ხმაურიანი დღის ბოლო, სიგრილესა და სიცარიელეს მთქნარებით ათავსებდა კუთხე-კუნჭულში. ოთახი მოეკრიალებინათ.
-ზინა დეიდა, სანდრო მოუხერხებელია, ყურადღებას თუ არ გავუმახვილებთ, „არ გავუფორმებთ“ ამ ქცევას, კომპლექსი არ ჩამოუყალიბდება!
- ლია, შვილო, თავის საქციელზე ხომ უნდა აიღოს პასუხისმგებლობა?
-ჩხუბით მხოლოდ შიშსა და კომპლექსებს ვუნერგავთ. შიშის ფაქტორი გააზრების საშუალებას არასოდეს მისცემს.
- ვერ ხვდება, რა არის ცუდი და კარგი ქმედება, ხომ უნდა მივუთითოთ?!
-აი, ზუსტად, ვერ ხვდება, განგებ ხომ არ იქცევა ასე?! გაცნობიერების შემდეგ აიღებს პასუხისმგებლობას თავის საქციელზე. დატუქსვის მიზეზს ვერ იგებს, რადგან არ დაუმსახურებია. ამ შემთხვევაში ფუჭია ჩვენი სწავლება.
-აბა როდის, ან რა უნდა ვასწავლოთ ლია, ქცევის ნორმები.. წესები?!
-სათანადოდ უნდა მოვეპყროთ. მათდამი გამოვლენილი სიყვარული და ნდობა აიძულებს, დაგვიჯეროს. მანამდე კი ჩვენ უნდა ვენდოთ, ჩვენ უნდა გვიყვარდეს!!
  ზინას თვალწინ დაუდგა ლიას შვილები და ყველაფერს მიხვდა. ზომიერად ცელქი, ცოცხალი ბავშვები, გაცისკროვნებული თვალებით, პირზე ღიმილითა და გამოწვდილი ხელებით. გამზიარებელი პატარები ყველას თვალში ხვდებოდა. ვინც თავადვე იყო ამ თვისებების მატარებელი, კარგს ხედავდა მათში, ვისთვისაც მათი ქცევა შეუფერებელი იყო, იბოღმებოდა და თავხედობაში უთვლიდა ბავშვებს ამ სითამამამეს.
  ძერწვით დაღლილი ბავშვები ლიამ სავარჯიშოდ გაიწვია. ლიზამ შემთხვევით ხელი გაჰკრა ზაზას. ბიჭმა მუშტი უთავაზა.
ზაზა იმპულსურ ქცევაში შემჩნეული იყო, ამიტომაც ლიამ გოგონას თვალით რაღაც ანიშნა და დაელოდა.
-მპა! კარგი ბიჭი ხარ ზაზა, განგებ არ დამირტყამს. შემირიგდი, გთხოვ!!
ზაზას თვალები გაუფართოვდა. ხელი ნაკოცნ ლოყაზე მიიჭირა. მასწავლებელს თვალები მოსწყვიტა და გაიქცა.
ლიზამ მისკენ გაიწია.
-სჯობია, მარტო დარჩეს!
ლიამ თვალებში ჩაჰხედა, შეეცადა თავისი რწმენა გადაეცა.
ბავშვებმა თითქოს თვალები გადმოსხესო, ბარტყებივით პირდაფჩენილები მიაჩერდნენ აღმზრდელს: „მათ შივდებათ ყველა წვრილმან გაუგებრობაზე, სიმართლეს თვალებიდან მართმევენ და მერე ერთად გემრიელად ვნაყრდებით.“
  ორი დღე აცდენდა ზაზა ბაღს. მასწავლებელი ღელავდა. დღის ბოლოს ბავშვები აწესრიგებდნენ მერხებს, რამდენიმეს უკვე დაებანა ხელ-პირი, მოემარჯვებინა პირბადე და ელოდა მშობელს. ლიას მობილურმა დარეკა.
-გამარჯობა ლია მასწავლებელო!
-გამარჯობა ნათია! ზაზა როგორაა?
-ამბობს ბაღში არ წავალ, იქ ჩემზე კარგები არიანო. ვერ გავარკვიე, რა შეემთხვა...
ლიამ ყველაფერი უამბო, სთხოვა ბავშვი დამალაპარაკეო.
-გამარჯობა ზაზა, როგორ ხარ?! ბავშვებმა მოგიკითხეს.
-კარგად! მართლა მომიკითხეს?!
-კი, აბა! რატომ აცდენდი ბიჭო?!
-აი, მუცელი.. არა, ის..აი...
-ბუტიაობა არ შეიძლება ზაზა!...
- ხვალ აუცილებლად მოვალ!
  ლიამ ზაზას ტყუილი აპატია, რადგან ბიჭი გამოწვევას გაუმკლავდა: “მხოლოდ ასეთი ტყუილის პატიებაა გამართლებული. ყველა რესურსი უნდა გამოვიყენო სიკეთის სამსახურში“
  პატარებმა მოწყურებული თვალები შეაგებეს აღმზრდელს. ელოდნენ, როდის წაუკითხავდა- მოაყუდებდა აღმზრდელი სინათლის კოკას, რათა გაეგრილებინათ, ჩაეტკბოთ თავიანთი არსებობა. „თავიდან ამიხილეს უკვე ახელილი თვალი, უგვანო ფრთები დამიკეცეს, თავიანთი გაშალეს,- მომავლის გარანტად!“,- თითქოს შუბლზე აწერიაო, ისეთი სახით დაჯდა საწერად. ძიძა მის სახეს დააკვირდა. ლია დარწმუნდა, ზინა ყველაფერს ხვდებოდა მისი გამომეტყველებით, ამიტომ დაიწყო ქცევის კონტროლი: „არაკეთილმოსურნეს შენი სიკეთე არ უნდა გამოაყენებინო, ეს არანაკლებ ბოროტებაა.“
  თელავის მუნიციპალიტეტის, სოფელ იყალთოს ეს საბავშვო ბაღი წალმით თბებოდა ზამთარში, რადგან გაცილებით იაფი ჯდებოდა, ვიდრე გაზით გათბობა. ბაღი გაარემონტეს, ავტომატური გათბობის სისტემა დაამონტაჟეს, რომელიც საწვავად იყენებდა დაქუცმაცებულ წალამს. ლიას მოთხოვნით ბუხარი დააშენეს ამ ოთახს, რადგან ცეცხლთან კითხვა რიტუალი იყო: პატარა გულების გადმოხსნა, ნაკვერცხლის გაღვივება და ის კაშკაში, სულიერ ძალებს რომ აერთიანებს, აკაჟებს და  შეუმჩნევლად ყალიბში აქცევს. აკვირდებოდა, კითხვისას ჩაწვეთებული ქარაგმები, როგორ ფურჩქნიდა მათ სახეებს, ამღერდა თვალებს და ტვინს აამებდა.
  გაზაფხული ეშხში შესულიყო. გასხვლა დასრულებულიყო და საჭირო იყო, ჯგუფებში სივრცის გამოთავისუფლება მასალის შესანახად. ლიას სურდა, ბავშვებს საკუთარი ხელით შეეგროვებინათ წალამი. რამდენჯერმე შევიდა გამგესთან და დაარწმუნა, კოვიდ-19 - ის პანდემიის პირობებში, ყველა წესის დაცვით, აუცილებელი იყო ბავშვების ჩართვა ამ აქტივობაში, იმ პირობით, რომ ყველა მომუშავე, თუ ხელმძღვანელი პირი გაეყვანათ ვენახიდან. მხოლოდ ზედამხედველი დარჩებოდა თავის ქოხში.  ისედაც წალმის აღება-დაქუცმაცება მექანიზაციით სრულდებოდა და გადაადგილებასთან დაკავშირებული, სახელმწიფოსგან დადგენილი შეზღუდვები მოხსნილი იყო.
  დილითვე ჩამოდგა ავტობუსი. პირბადე ყველას თავისი ხელით მოარგო, რადგან მუნიციპალური ტრანსპორტით მგზავრობდნენ. გზა საუბარში გაილია: ჩვეულებრივი მცენარეაო ვაზი, თუმც უფრო ფაქიზი და სასარგებლო. ჩვენი ჯილაგივით მყარი ფესვები აქვსო მას, დღენიადაგ გლეხს ემსახურებაო. ვისაც სხვებისთვის მსახურება შეუძლია, უმდაბლესთაგან უდიდესი ხდებაო. პატარებმა ვერ გაიგეს რას გულისხმობდა მასწავლებელი. ლიამ არაერთხელ წაკითხული, იესოს მიერ მოწაფეებისთვის ფეხების დაბანის სცენა გაახსენა. უფალი ხალხის მსახურებისთვის მოვიდა, ჩვენთვის გაისარჯა და ეწამა, თავისი ცხოვრებით მაგალითი მოგვცაო. გაუგებარი რომ არ ყოფილიყო, იკითხა, ვის ყავსო მოხუცებული სახლში. ორმა დაუდასტურა, ბებია მყავსო.
-დედიკო თუ წუწუნებს, როცა ბებოს უვლის?!
-არა, მასწავლებელო, არაფერს ამბობს.
-აი, ხედავ, დედა ანგელოზია! ყველა მშობელი უდიდესია, რადგან მისი ეს ქმედება სასიკეთო ძვრებს იწვევს თქვენში, სწავლობთ სიყვარულსა და მზრუნველობას. ვიცი, სხვა ბებოებს პატივისცემით მოეპყრობით, დედიკოებს ხელის გულზე ატარებთ, როცა დაგიბერდებიან და შვილებსაც სიყვარულით აღზრდით! „რასაც ნორმად დაუწესებ, რასაც აჩვენებ და აგრძნობინებ ბავშვს, ისაა მისთვის მისაღები. უპატივცემულობას თუ გამოიჩენ, მუდმივად დათრგუნავ და უგულებელჰყოფ მის სურვილებს, ჩამოუყალიბდება, რომ მეტს არ იმსახურებს. დაბალი თვითშეფასების მქონე ადამიანები იტანჯებიან და მაპროვოცირებელი საქციელით ცდილობენ სხვისი სიყვარულის მოპოვებას“-ჩაიწერა რვეულში, ბავშვებს კი უთხრა:
-ვაზი იმიტომაა უდიდესი, შრომას აყვარებს ადამიანს. შრომა კი ლოცვაა!
  ბავშვები ყიჟინით შეესივნენ ვენახს. ლიამ თვალები მომართა, ღრმად ჩაისუნთქა. ვაზის სურნელმა შორიდან იცნო, დაბურძგლა. აგროვებდა მოჭრილ ღერებს, ბავშვებმაც მიბაძეს. შემდეგ შეკონვას შეუდგა, წინასწარ დაჭრილი ბაწრის ნაკუწებით.
  შეატყო ბავშვებს დაღლა. გამოაშლევინა პატარა დამტვერილი ხელის გულები. რა იგრძნესო თქვენმა ხელებმა. ზოგმა უთხრა დამეღალა ხელებიო, ზოგმა-დამესვარაო, ზოგმა- გამხიარულდნენო. ლიას ჩაეღიმა. მხიარულება კარგიაო ბავშვებო, შრომაც უნდა გვამხიარულებდესო. სახეზე წითელი ნაკვერცხლები უხტოდა, მაინც არ შეეპუა. აჩვენა ვაზის ფოთოლი, ყვავილი და ნაყოფი. ვაზს კლერტი (ზედმეტი ყლორტი) გააცალა და ნაყოფიც  გააყოლა. გიორგიმ შეამჩნია, ყურძენი მოგიწყვიტავთ მასწავლებელო, როგორღა დაისხამსო.
-ეგ ზედმეტია გიორგი. ვაზს უამრავი ნაყოფი გამოაქვს, ცრუ და ზედმეტი. მევენახემ უნდა გააკეთოს არჩევანი, რომელი დაუტოვოს, რათა ის რამდენიმე გაძლიერდეს. თქვენი მშობლები მევენახეს ჰგვანან, უნდა გაგწკიპონ, ცრუ ჩვევები მოგაშლევინონ-არტახებში მოგაქციონ. ძლიერმა და მოსიყვარულე ხელმა შეიძლება მისცეს სწორი მიმართულება ბავშვის აღზრდას და ვაზიც დაიმორჩილოს. მცენარე თვინიერი და ძლიერი ხდება, თუ სიყვარულითა და მოწიწებით ეპყრობიან.
    ლიას სიგრილემ გადაურბინა სახეზე. სეტყვა იყო მოსალოდნელი, მეტეროლოგების პროგნოზი მართლდებოდა. ბავშვებს საწვიმრები მოარგო. ზედამხედველი სეტყვისგან დასაცავ ბადეს შლიდა.
  ყინულის ბურთები დაიბერტყა ზეცამ. მიწამ ოხშივარი ამოუშვა, როგორც ყინულებჩაყრილმა თონემ. ლიამ მოსწავლეებს ავტობუსისკენ უბიძგა. თვითონ ვაზებს მთელი ტანით გადაეფარა, მუჭებში შერჩენილ სეტყვას ხელუკუღმა ჰყრიდა. სისველემ გამოაფხიზლა. გაახსენდა გულის ჯიბეში შენახული რვეული. სწრაფად მოტრიალდა, გადაფარებულ ბადეს ახედა და ავტობუსში შეფრინდა.
  ნესტისგან მოხრილი რვეული ჯიბიდან ამოიღო: „ ამინდი გარემოს ნაცხია ბავშვის ცხოვრებაში. სეტყვა- თავსდატეხილი გაუგებრობა, რისგანაც მშობელი იცავს ბავშვს, უფრთხილდება არ წალეკოს მისი პიროვნება. კლერტის მოცლა უფროსებისგან გაცნობიერებული ნაბიჯებია, რასაც ბავშვისთვის ძირეული ცვლილებები მოაქვს.“
  რეტდასხმული ლია გახუნებულ ფურცელს ჩააშტერდა: “მისმინე მამაჩემო, კარგია ვაზს რომ უვლი, ეფერები; ჩვენც შემოგვიბარე, მიწა გაგვიახლე, მამაპაპურ ქვა-ღორღში ნუ ჩაგვალპობ.“
    მამამისი, ოფლითა და საწამლით გადახვითქული, მრავალშვილიან ოჯახს ვენახში ამუშავებდა. ღონეგამოცლილ გოგოს ერთხელ ვაზის ძირში ჩაეძინა. გაღვიძებული მიხვდა, ვაზზე შემოხვეულიყო. მამამ ძლივს გამოჰგლიჯა ლია. ძილ-ბურანიდან გამოსულ ლიას გაახსენდა, როგორ შემოეხვია ვაზი, შეიტკბო და შეიჭმუხნა მისი სხეულით, სული კი გადაუხარშა, ფერი უცვალა. ვაზის ციებ-ცხელება შეყროდა გოგოს. ექიმებმა ვერ დაადგინეს, ეს დაავადება ფიზიკური იყო თუ სულიერი. ვაზთან სიახლოვე წითელ ნაფოთლს უჩენდა სხეულზე. ეს იყო შანსი ცხოვრებისგან, რისი მიზეზითაც ლია წიგნებს დაუბრუნა.
  ვაზის ალერგიამ სხვა ლია გამოკვება- უფრო მყარი და ცნობადი. წერა მაშინ დაიწყო. ფურცელზე ჩანდა და შვილებში იკითხებოდა. თვალწინ დაუდგა ძარღვად ქცეული, მიწისკენ დახრილი მამამისი, რომელსაც ამინდის ცვლილებაც კი არ ახედვინებდა ცაში. ლიას კლასგარეშე წიგნებს უკრძალვდა, მანდ ცის ამბები სწერია, რა გესაქმებაო.
    წარსული დღეები ეკალივით ჩხვლეტდა ლიას: „ გაგვზარდე და რატომ დაპატარავდი, იქნებ ჯერ კიდევ შეუცნობელი შვილები გჭამენ!“.
    ავტობუსი გაჩერდა. მზე კაშკაშებდა ლიასავით და ლია იყო ვაზში.
ცნობადი იყო ლია, როგორც არასდროს. ფიქრებით მამასთან იყო, თუმც უცხოდ გრძნობდა თავს:
„თუ იტანჯები, ალბათ გიღირს, მე ყველაფერი დავთმე,- ვალად არ მყოლოდა ცხოვრება. ჩემგან დავალებული, ლოდინით დაკოჟრილი, ახლა შორიდან მიმზერს!.“




კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები