ნაწარმოებები



ავტორი: კობა_ბ
ჟანრი: პროზა
9 ივლისი, 2020


13 ივნისი

  მღვრიე იყო შეშლილი ვერე, გონაშლილი, სასტიკად მღვრიე.
  სისხლის კელტებივით წებოვანი ტალახით, გოლიათის აძენძილი ჩონჩხებივით დაატარებდა ფესვებიანად მოგლეჯილ ხეებს, საძირკვლიანად მოწყვეტილ სახლებს და მიწებს, რომლებზეც ვეღარ იდგა მყარად ვერც ერთი სიცოცხლე. იქ არავინ ელოდა ვერეს და სიკვდილის მერეც ვერ დაიჯერეს, რომ მათ სიცოცხლეზეც მეტი გახდა და შეიშალა...
  ისე პატარა იყო ვერე. ღამე იყო და სიზმარივით უმწყობრო, ლომებით, აფთრებით, ფანჯარის მინაზე დრუნჩმიდებული დათვებით და ხიდზე თუ ხიდის ქვეშ ტალახიანი ჰიპოპოტამის მრგვალი თვალებით და როცა სიზმარი გათენდა, ისევ პატარა იყო ვერე, მაგრამ ადამიანების თვალები და გულები დარჩა ფართო და დიდი, იმიტომ რომ ისინი ახლა მათაც იტევდნენ, ვინც მღვრიე სიზმარში გაქრა და ისინი, ვინც არ გაქრა, ვერაფრით დაიჯერებენ, რომ ის ღამე ნამდვილი იყო.
  ისინი დაიჯერებენ, ვინც მღვრიე ღამით გაქრნენ, რომ პატარა ვერეს არ ესიზმრა, როგორ გახდა დიდი.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები