ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ოთარ რურუა
ჟანრი: სხვა
ამ ჟანრის ნაწარმოებები არ ფასდება
23 ივლისი, 2020


ბევრი რამ მაქვს საამაყო

ერთხელ, ერთმა ადამიანმა ასეთი შეკითხვა დამისვა: ,,თეატრი უფრო გიყვარს თუ პოეზია?“ (13 წლის განმავლობაში საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტთან არსებულ თეატრ - სტუდია ,,მოდი ნახეს“ მსახიობი ვიყავი). ორივე ძალიან მიყვარს: თეატრიც და პოეზიაც, მაგრამ უპირატესობას მაინც თეატრს ვანიჭებ. სცენაზე დგომა, ცოცხლად თამაში და მაყურებლების ცოცხალი შეფასება მაინც სულ სხვაა!

რაც შეეხება პოეზიას, პოეზია ჩემი ცხოვრების თანამგზავრია, ასე მგონია, პოეზიაზე ვარ დაქორწინებული. უპოეზიოდ ცხოვრება უკვე ვეღარ წარმომიდგენია! ლექსების წერა მე ცოტა გვიან - 18 წლის ასაკში დავიწყე. ჩემზე გავლენა ლადო ასათიანის პოეზიამ იქონია. რომ არა ლადოს პოეზია, ალბათ არ გავაფრენდი, კარგი გაგებით, რა თქმა უნდა! :) :) :)

სულგანათლებული დედაჩემი მეუბნებოდა: ,,ჩემი გარდაცვალების შემდეგაც არ შეწყვიტოო ლექსების წერა“. დედაჩემის სიტყვების ერთგული ვარ, ვერც მის სულს ვუღალატებ და ვერც ლადოს სულს.

ლადო ასათიანის „სალაღობო“ ყოველდღე უნდა იკითხო ქართველმა ადამიანმა, რომ უფრო მეტად შეიგრძნო ქართველობა, ქართველობის სიამაყე! ეს მხოლოდ ლექსი არ არის, სიმღერაცაა, რომელსაც ყოველდღე უნდა უსმინო, თუ გინდა, რომ არასოდეს დაკარგო რწმენა! ასეთ ლექსებს გენიოსები წერენ, სხვა რომ არაფერი დაეწერა, ჯერ მარტო „სალაღობოთი“ დარჩებოდა ქართულ პოეზიაში!

ლადოს „სალაღობო“ თამამად შეგვიძლია დავაყენოთ აკაკის „განთიადის“, ტატოს „მერანის“, გალაკტიონის „ლურჯა ცხენების“ გვერდით!

გაუმარჯოს ლადო ასათიანის საქართველოს! გაუმარჯოს იმ ქართველ ქალს, რომელიც ლადო ასათიანის ლექსს მღეროდა ფანდურზე - 1989 წლის 9 აპრილს!

დაბოლოს, ჩემივე ლექსით მინდა დავასრულო:

ბევრი რამ მაქვს საამაყო

ბევრი რამ მაქვს საამაყო,
ჰოდა, კიდეც ვამაყობ...
დიდგორით და ბასიანით
როგორ არ ვიამაყო?!

გული სამას არაგველით,
იმ ცხრა ძმითაც ამაყობს...
რომ მოხვდება ცაში ღმერთთან,
იქაც სურს იამაყოს!

კოლხთა შთამომავალი ვარ,
მახსოვს, არ მავიწყდება,
მე თუ მკითხავთ, საქართველო
კოლხეთიდან იწყება.

ეს მედეას ქვეყანაა, -
პირველ ქართველ ქალისა,
მხარე ოქროს საწმისისა,
ცოტნე დადიანისა.

რუსთაველის სამშობლოა,
ვაჟას საფიცარია,
ქალ-ვაჟები აქ ჩოხებით
შემოსილნი არიან.

ვკოცნი მიწას ჭყონდიდელის,
ქრისტეს რჯულით ვამაყობ...
ალავერდით, სვეტიცხოვლით,
როგორ არ ვიამაყო?!

გული გრემით, ნიკორწმინდით,
გელათითაც ამაყობს...
რომ მოხვდება ცაში ღმერთთან,
იქაც მსურს იამაყოს!

მეტი რა ვთქვა... კოლხურ კოშკთან
მესმის სისხლის ყივილი,
ჩემად მიჩანს თანამოძმე
აფხაზების ტკივილი.

მათ ყოველთვის ვაფასებდი,
თქმა ლექსებით მჩვევია,
ჩვენი არის აფხაზეთი,
სამაჩაბლოც ჩვენია.

რასაც ვწერ და რასაც ვწერდი,
არის მხოლოდ ქართული...
აი, სწორედ ამიტომ ვარ
მუდამ წელგამართული!

ოთარ რურუა

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები