ნაწარმოებები



ავტორი: ჰოლმვუდი
ჟანრი: პოეზია
8 აგვისტო, 2020


თეთრი, ზღვის ქაფისფერი ლექსი

სანამ ზღვაზე ტალღები დალასლასებენ
მხრებმოხრილი აჰასფერებივით,
ნაპირზე ვზივარ ჩასაქოლად მობნეულ კენჭებში
და ვითვლი ანგელოზებს ქინძისთავზე.
ისინი მეტალის წვერზე ცეკვავენ,
ზღვანამიანი ეშმაკი მათ პოლონეზის უერთდება
და ტერფები უმოწყალოდ ეჩხვლიტება.
ისევ უკან უნდა დაბრუნდეს კივილით,
ეშმაკები ზღვის სილურჯეზე როკავენ,
ტალღებს ადგანან დასვრეტილი ფეხებით
და ამიტომაც ჩაუქინდრავთ თავი ზვირთებს.
ანგელოზები ერთ ატომზეც მხიარულობენ,
ეშმაკებს ზღვის ბატონობა ახარებთ,
მე სამყარო არ მყოფნის ბედნიერებისთვის
და ახლა რამდენი ჩემნაირი მოიწევს ზღვისკენ,
კონიაკის ბოთლებსა და სიგარეტის კოლოფებს მოათრევენ,
ანთებენ კოცონს გასევდილი ფიქრებითა და ნაძვის ტოტებით,
ჩვენც ვიწყებთ ცეკვას თავდავიწყებით.
ტალღები იზრდებიან და იზრდებიან...
ქინძისთავით ელენას ვუხვრეტ ყურს
და ნაჩუქარ ბროლის საყურეს ვკიდებ.
ის ძალიან ჰგავს გოგონას მარგალიტის საყურით,
ყვავილიან მახათს პერანგში ვუმაგრებ და ვამბობ:
"მასზე ერთი ანგელოზი ცეკვავს".


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები