ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პროზა
12 აგვისტო, 2020


ლილიტი - 7

7
მზისგან სინათლეღა იყო დარჩენილი, როცა მანქანაში ჩავსხედით. ავთო თავაზიანი და მზრუნველი  ადამიანივით იქცეოდა: კარი გამიღო, ღვედი შემაკვრევინა, მკითხა კომფორტულად ვიჯექი თუ არა და მხოლოდ ამის შემდეგ მოკალათდა საჭესთან. სანამ გასაღებს გადაატრიალებდა, მანქანის ფანჯარაში ჩაფიქრებულმა გაიხედა და შემდეგ თავი ოდნავ გადააქნია, თითქოს აზრების განდევნას ცდილობსო. მე არ დამრჩენია ეს ჟესტი შეუმჩნეველი, ვკითხე, რამე მოხდათქო.
- არა ბაია, მომეჩვენა რომ ვიღაც პლაშიანი კაცი გვითვალთვალებდა. მგონი პარანოია მეწყება. არ გაივლო გონებაში მსგავსი აზრი.- მიპასუხა მშვიდად.
გზაში თეთრი, უწარწერებო კასეტა ამოიღო მანქანის თაროდან და ეშმაკური ღიმილით ჩადო მაგნიტოფონში. გულისფანცქალით ველოდი რა დაიწყებოდა. მუსიკა რომ ჩაირთო შესავალი და ზოგადად სტილი მეცნო, მიუხედავად ხალხური მუსიკის კვალისა. სიმღერა ვერ გავიხსენე. ვოკალზე კი მაშინვე ამოვიცანი ბრუს დიკენსონი.
- ეს ახალი ალბომია “Seventh son of a seventh son” , ამ სიმღერასაც ასე ქვია.
- მე Iron Maiden -ის ექვსივე  ალბომი მაქვს მოსმენილი და...
- ეს მეშვიდეა ბაია. მეც მყავს ჩემი წყაროები. 11 აპრილს გამოვიდა - და ისევ ლამაზად ჩაიღიმა თავის სასაცილო მოკლე ულვაშებში.  მე მგონი კარგა ხანს მქონდა პირი ღია, სანამ არ შეამჩნევდა და არ გამეხუმრებოდა.
- პირი მოკუმე ბაია, თორემ აპრილია და ბუზი არ შეგიფრინდეს!
მაგრამ, მე მის ნიშნისმოგებით საუბრის მიზეზზე სულაც არ ვიყავი გაოცებული. მე დამთხვევამ უფრო გამაგიჟა: სანამ ლილის დაიჭერდნენ, წინა ღამით ორსონ სკოტის რომანი „მეშვიდე ვაჟი“ მომცა წასაკითხად. იცოდა რომ ფანტასტიკა და მისტიკა მიზიდავდა და სულ ახალგამოცემული წიგნი უძვირფასესი საჩუქარი იყო ჩემთვის. ჩავეხუტე მადლიერების ნიშნად. ჩახუტების მერე დავაკვირდი სათაურს და გარეკანს. საკმაოდ საინტერესო გარეკანი ჰქონდა, ზღაპრული ფენტეზის სტილში. აღმოჩნდა რომ ლილის უკვე წაეკითხა და მითხრა რომ მეშვიდე ვაჟიშვილის მეშვიდე ვაჟიშვილის მისტიურ შესაძლებლობებზე იყო. ისე სერიოზულად მესაუბრა, ვკითხე სჯეროდა თუ არა. ამაზე მსუბუქად გაიღიმა და მითხრა რომ დაუჯერებელი სულაც არაფერი იყო. მეორე დღის ამბის შემდეგ წიგნი ვიღას ახსოვდა?! ჩემი საყვარელი ბენდის ახალი ალბომი წიგნის არსებობის შეხსენება  იყო, რამე უფრო მნიშვნელოვანი ნიშანი თუ უბრალოდ დამთხვევა-ამაზე ვფიქრობდი პირდაფჩენილი.ავთოს მოკლედ მოვუყევი ეს ამბავი და ისიც ჩააფიქრა დამთხვევამ-მე ასე მომეჩვენა. ამასობაში ჩემს კორპუსს მივუახლოვდით. მე კორპუსამდე გავაჩერებინე მანქანა ინსტინქტურად. დავემშვიდობეთ ერთმანეთს და ავთოს შემოთავაზებაზე, რომ კვირასაც შევხვედრილიყავით ერთმანეთს, უარი ვტკიცე, რადგან პაატას მოთმინებას ვიცოდი რომ ჰქონდა ძალიან მოკლე და არაელასტიური საზღვრები.
სახლში ქუჩის მხრიდან წავედი. გზად სულ სიმღერის ტექსტი მიტრიალებდა თავში, რომელიც ქვეცნობიერმა დაიზეპირა:
„Then they watch the progress he makes
The Good and the Evil which path will he take
Both of them trying to manipulate
The use of his powers before it's too late“
გადავწყვიტე ყველაფერი გვერდზე გადამედო და წიგნის კითხვა დამეწყო.
სადარბაზოში რომ შევედი უკმაყოფილო ნელი დეიდა ბუზღუნით შემხვდა.
- ორივე ლიფტის გაფუჭება გაგიგია?! ვინ ყავს ამ კორპუსს პატრონი? - გულზე შემომეყარა. ნელი დეიდას რა უჭირდა , მეხუთე სართულზე უნდა ასულიყო. აი მე კი მეცამეტე სართულზე სულს როგორ ავიტანდი, წინასწარ შემეშინდა.
- მომეცით თქვენი ჩანთები - ბევრი არ იფიქრია, ისე ჩამოვართვი ბადისმაგვარი საყიდლების ჩანთები და დავადექი კიბეებს. ნელი დეიდა სახლამდე მივაცილე, მე კი, სვენებ-სვენებით გავაგრძელე გზა. სატვირტო ლიფტი მეშვიდეზე იყო გაფუჭებული, არადა მეშვიდე სართულზე არავინ ცხოვრობს. სამგზავრო კი - მეთორმეტეზე.
- გადაირევა კაცი! - ხმამაღლა ჩავილაპარაკე გულამოგდებულმა და როგორც იქნა ავბობღდი მეცამეტე სართულამდე.
ჩემს ქოშინზე, პაატა ცოტა შეშფოთდა. სული რომ მოვითქვი მოვუყევი რომ ორივე ლიფტი იყო გაჩერებული და ხელოსნის გამოძახება ვთხოვე.
სანამ გამოვიცვალე და გონს მოვედი, პაატას უკვე დაერეკა ლიფტის ხელოსანთან. არ ვიცი, ულიფტობამ და ჩემმა ქოშინმა იმოქმედა თუ სხვა რამემ, მაგრამ ძალიან ხალისიანად შემხვდა, ვახშამი გაწყობილი ჰქონდა. საყვედური კი არა, ოდნავი მინიშნებაც არ გაუკეთებია ჩვენი ერთობლივი დროის ჩემი თუ ლილის მიზეზით შემცირებაზე.
მშიერი ვიყავი და გემრიელად ვივახშმე. პაატას შერჩეული ღვინოც დავაყოლე და ძალიან გაუხარდა, რომ ჭიქა ბოლომდე დავცალე. ძალიან ალერსიანი არის პაატა. მასთან თავი პატარა ბავშვიც მგონია და გამოცდილი და ვნებიანი ქალიც. იცის როგორ მიყვარს ყურში როცა მეჩურჩულება. ყველა ჩემი სუსტი წერტილი იცის. კმაყოფილებისგან ეღიმება ხოლმე, ყოველ ჯერზე, როცა ყურში ჩურჩულისგან კანზე ბუსუსები მაყრის და მცირე მუცელში სპაზმი მეწყება. ხელში აყვანილი წამიყვანა საძინებელში. იცის რომ მომწონს მისი მზრუნველობა. იცის რა მსიამოვნებს, რა-არა. წაკითხული წიგნივით ვარ მისთვის და მიხარია რომ არ ბეზრდება ჩემი თავი. ყველა ჩემი სისუსტე იარაღად აქცია.
კვირა დღე გვერდიდან არ მომცილებია.
ღამე ორის წუთებზე ჩაეძინა. როცა დავრწმუნდი რომ ღრმად სუნთქავდა, ფრთხილად ავდექი და შხაპის შემდეგ სამზარეულოში გავედი წიგნის წასაკითხად.
მზე რომ ამოიწველა , მივხვდი რომ ყავის დრო იყო. მოვიდუღე და პაატასთვისაც მოვამზადე, ოღონდ, როგორც მას უყვარს, უშაქრო, ორმაგი ყავით. საწოლთან მივუტანე და ტუმბოზე დავდგი ფრთხილად. წელში გასწორება ვერ მოვასწარი რომ მკლავში მწვდა და წამომაყვირა მოულოდნელობისგან, თავისკენ მიმიზიდა და ღამის გამეორება სცადა. მე ხელი გავაშვებინე, სკოლის მომიზეზებით, თუმცა სურვილიც არ მქონდა. პაატა ვითომ პროგრესულად მოაზროვნეობას იჩემებს, მაგრამ ცოლქმრულ ურთიერთობებში ძალიან ტრადიციულია. საშას გოგომ ქორწილში საჩუქრად კამასუტრა მაჩუქა ხუმრობით.თავად სარა კი არ გავს ინდოელს, მაგრამ აზიელივით შავტუხა და საბედისწეროდ ეშხიანი გოგოა. ეს წიგნი პაატას რომ ვაჩვენე, ისიც კი არ მაცალა მომეყოლა ვისგან იყო, ეგრევე ლილის დააბრალა და სულ გარყვნილი ქალი ეძახა, ოღონდ თავისებურად, თავშეკავებულად და დინჯად.
მე კი, მიუხედავად იმისა რომ ძალიან მსიამოვნებდა პაატას მოფერება და ალერსი, ცოლქმრულ ურთიერთობებში, მინიმალისტი გავხდი და ამ ალერსისგან მიღებული სიამოვნებითაც ვჯერდებოდი. პირველად მაშინ მივხვდი რომ ყველაფერი ისე არ იყო, როგორც უნდა ყოფილიყო, როცა ჩემი ჯგუფელი გათხოვდა და გათხოვებიდან ერთ თვეში თავისთან დამპატიჟა. ბედნიერი იყო და გულღიად მიყვებოდა ყველაფერს. მე კითხვებსაც ვერ ვუსვამდი, მრცხვენოდა, რას იფიქრებს, ამდენი რამე რომ არ ვიცითქო. პირველად მაშინ გადავშალე ნაჩუქარი კამასუტრა აბაზანაში შეპარულმა, თუმცა იქ ნანახის განხორციელების პირველივე მცდელობა კრახით დასრულდა და მას მერე არც წიგნი გამხსენებია და არც ჩემი ჯგუფელის ცხელი მონაყოლი.
იმ დილითაც რაღაც ნაცნობი იმედგაცრუება ვიგრძენი, ისევე როგორც ღამით-იმედგაცრუებების კასკადი, მაგრამ არ ჩავუღრმავდი და ყავით მიღებულ ნეტარებას მივეცი თავი.
სკოლაში ადრე მივედი, იქნებ პაატას ალერსს გამოქცეულმა ვერ გავთვალე დრო?! თუმცა, საქმეც ბევრი მქონდა დაგროვილი და პირველი მივედი სამასწავლებლოში. ამოვალაგე რვეულები და გასწორება დავიწყე. იმ დღეს ბოლო სამი გაკვეთილი მქონდა და დრო ვიხელთე, ყველას ნამუშევარი მენახა და დამეკომენტარებინა.
სანამ მარტოობით მიღებულ სიამოვნებას ბოლომდე გავუსინჯავდი გემოს, დანაღვლიანებული რუსულის მასწავლებელი შემოვიდა.
- დალი, დილამშვიდობისა! პირველი გაკვეთილი გაქვს?
- არა, მესამე მაქვს, მაგრამ... - ოდნავ დაიბნა.
- კაი, არ შეგაწყენ. მეც რვეულები მაქვს გასასწორებელი...- ეს ბოლო სიტყვები თითქოს ვერ გაიგო.
- ბაია, რაღაც მინდა გითხრა და აქ არ მინდა ამაზე საუბარი. აქ ხომ იცი, კედლებსაც ყურები აქვს. გამიმართლა აქ რომ დამხვდი. დიდი ხანია მინდა დაგელაპარაკო და ახლა მგონი შენც არ გაქვს პირველი გაკვეთილები?!
- კი, არ მაქვს და ამ რვეულებსაც გადავდებ.
- ზარი რომ დაირეკება, წამო, ეზოში გავიდეთ და იქ ვისაუბროთ - შევთანხმდით. ჩემი თხელი გადმოსაცმეი მოვიხურე და სკოლის სკვერში დავსხედით.
- ამ სკოლაში შენზე ადრე მოვედი, მაგრამ შენნაირი ადამიანი მაინც ვერ ვნახე. - დაიწყო დალიმ.
- კარგი თანამშრომ;ლებიც ბევრი ჰყავს ამ სკოლას საბედნიეროდ.
- კარგი ახლა, არ ვიცნობდე მაინც აქ ყველას!? შენ ერთადერთი ხარ, ვისგანაც ვინმეზე ზურგსუკან საუბარი არ გამიგონია და სწორედ ამიტომ გაფასებ და გენდობი.
- არ გინდა ამხელა შესავალი , თორემ ჩვენი გაკვეთილის დროც მოვა - გავეხუმრე მე.
- გივი მიყვარს. -მომახალა პირდაპირ და სახეზე დამიწყო დაკვირვება, ჩემს რეაქციას ელოდა. მე მშვიდად მივიღე ეს , რადგან ვეჭვობდი კი არადა, ყურმოკრული მქონდა სამასწავლებლოში, როგორ ჭორაობდნენ დალიზე. ნერვები მეშლებოდა, მაგრამ ვცდილობდი მომეჩვენებინა, თითქოს არაფერი მესმოდა.
- 35 წლის ვარ და კარგად იცი, ეს ასაკი ჩვენს ქვეყანაში უკვე შინაბერობის ვერდიქტია. ვიცი, არც გარეგნობით ვარ რაიმეთი გამორჩეული, არც ოჯახიშვილობით ან რაიმე სხვა ნიშნით. რაც ამ სკოლაში მოვედი და გივი გავიცანი, მას მერე ისე თბილად და ყურადღებით მექცეოდა! არცერთ შეხვედრას არ გამოტოვებდა ქათინაურის გარეშე. ისეთ თბილ და ტკბილ სიტყვებს მეუბნებოდა... მე, გამოუცდელმა და არცთუისე საკუთარ თავში დარწმუნებულმა სულელმა დავიჯერე. ცაში დავფრინავდი ბედნიერებისგან, სანამ იგივე სიტყვები, რომლითაც მე მომმართავდა, სხვისი მისამართით არ გავიგონე.
- ვისი მისამართით?
- დილით სპეციალურად მოვდივარ ადრე რომ იქნებ მარტო შევხვდე გივის. რამდენჯერმე ასე მარტო შევხვდით და მერე კვირეები მყოფნიდა ბედნიერებად. ყავა მომიდუღა, რა ლამაზი თვალები გაქვსო, რა ლამაზი თითებიო. როგორ მიკვირს ასე კენტად რომ ხარო. ამდენი ხანი ვინ დაგტოვა მარტოვო.. იმდენი ქათინაური და თბილი სიტყვა მთლიანად ჩემს ცხოვრებაში არ უთქვამს ყველა მამაკაცს ერთად. და დილით ადრე მისული ვხედავ მანანას არ ეუბნება იგივეს?!
- რომელ მანანას? ინჯგიას?
- კი - მითხრა და ასლუკუნდა პატარა ბავშვივით.
- კი, მაგრამ მანანას ოჯახი და ორი შვილი ჰყავს.
- არაფერი ცუდი არ იფიქრო მანანაზე, მას არაფერი ზედმეტი არ უთქვამს, ჩუმად, მოთმინებით უსმენდა საკმაოდ ცივად და უემოციოდ - ეტყობა ის უფრო გონიერი ქალია, არადა ჩემზე უმცროსია ასაკით.
- ასაკს სულაც არ აქვს ამხელა მნიშვნელობა დალი! ის გათხოვილია და მეტი გამოცდილება შესძინა ოჯახმა. გასათხოვარი რომ იყოს, დამიჯერე, ისიც დატკბებოდა თაფლაკვერასვით.
- იგივე სიტყვები უთხრა ბაია! გაიგე?! იგივე ლექსი წაუკითხა... - ისე სლუკუნებდა, სიყვას სიტყვაზე ძლივს აბამდა.
- მოდი ჩმეხუტე, მოდი! რაზე ნერვიულობ?! ხომ მიხვდი რომ ტიპიური მექალთანეა?!
ამ დროს დალიმ თავი ასწია, თვალები მოიმშრალა შარფით და დამშვიდებულმა მითხრა:
- მიყვარს! შემიყვარდა მე სულელს! ვიცოდი რომ ცოლს გაშორებული იყო, ჩემზე  5 წლით უფროსია, მუშაობს, სიმპატიურია, მოვწონვარ და თავს უფლება მივეცი იმაზე მეტი მეფიქრა მასზე, ვიდრე იმსახურებდა. ამ ფიქრში და ამდენ თამაშში მისი მხრიდან, ვერ შევამჩნიე ისე შემიყვარდა. ვერ წარმოიდგენ რამხელა ძალისხმევა მჭირდება რომ მისი საქციელი თუ უფრო სწორად, უსაქციელობა მოვითმინო.
- შენ? შენ აღარ გაქცევს ყურადღებას?
- როგორ არა?! ისევ ისე აგრძელებს და სულ ორჯერ ვცადე პირში მეთქვა რომ ვამჩნევ, სხვებს როგორ ეპყრობა და იცი რა მითხრა, ვითომ ხუმრობით?!- „შე პატარა ეგოისტოვო“. ხმა ჩამაგდებინა. მე შენ მიყვარხარო-მიმეორებს წამდაუწუმ, ოღონდ როცა მარტონი ვართ. ცოლის მოყვანას არ ვაპირებო გამომიცხადა, როცა მინიშნება მინდოდა, რომ ოჯახი მინდა და შვილები-სანამ შვილის გასაჩენად სულ არ გადავღრძუვდი.
- მე შემიძლია რაიმეთი დახმარება?
- შენ უკვე მეხმარები, რომ მისმენ! მშვიდად გიყვები, რადგან დარწმუნებული ვარ, უფრო ეს სკამი და ეს ბუჩქი უფრო მოუყვება ვინმეს ჩემს ამბავს, ვიდრე შენ.
- მადლობა ასეთი ნდობისთვის!
- მადლობა შენ ბაია! ახლა რაღაც უფრო მშვიდად ვარ და ...
- და?
- და ვიცი რაც უნდა გავაკეთო!
- რა უნდა გააკეთო?
- რა და ფიზ. კულტურის მასწავლებელ ვანოს გავყვები ცოლად.
- მან რა ხელი გთხოვა?
- მოსვლის დღიდან აღარ იცის რა ქნას ჩემთვის.  მე კი ამ მექალთანე გივის გადავყევი! რას წარმოვიდგენდი თუ ასე ითამაშებდა?! თუ ვაგრძნობინებ პატარა სითბოს, ისევ განუახლდება ჩემდამი გრძნობა.
- მერე? მერე არ თვლი რომ იგივენაირი მანიპულირება იქნება, როგორც გივი მანიპულირებს ქალებით?! თუ არ გიყვარს, ხომ ცოდოა?!
- გავყვები ცოლად და ერთგული ცოლი ვიქნები.
- შენ ერთგულება მხოლოდ სხეულით ერთგულება გგონია? გონებით თუ გივიზე იფიქრე, ეს ერთგულება აღარ გამოდის!-მკაცრი სახით ვუთხარი.
- მართალი ხარ ბაია, მაგრამ მე ბავშვი მინდა. თუ გივისთან არ გამოდის, მთლად უშვილოდ ხომ არ დავრჩები? თან გივისაც ვანახებ, რომ ჩამოწერილი საქონელი არ ვარ და ...
- და დასჯი ამით? ! თუ გგონია ინანებს ცოლად რომ არ მოგიყვანა და ვიღაცამ დაასწრო?!
- ანუ, შენც გგონია რომ მე არაფრად ვღირვარ? - ისევ ასლუკუნდა.
- დამშვიდდი დალი, მე ეს სულაც არ მიგულისხმია. შენი ერთადერთი პრობლემა შენი თვითშეფასებაა. გადმოსაცმელის ჯიბიდან პატარა დასაკეცი სარკე ამოვიღე და ჩავახედე.
- შეხედე შენს თავს. რას უწუნებ? ნახე, რა ლამაზი კანი, თბილი გამოხედვა და კოხტა ტუჩები გაქვს. რატომ არ გიყვარს შენი თავი ?! შენ თუ არ გეყვარება, სხვა ვის აიძულებ რომ უყვარდე?! მშვენიერი გოგო ხარ! გაქვს პროფესია, სამსახური, პატიოსანი და მშრომელი ოჯახი... მექალთანესთვის ყველა ქალი ერთია! განა ცოდონი არ არიან?! გივი ყველა ქალში ეძებს სიყვარულს და ვერსად პოულობს, ვერც იპოვის, რადგან არასწორად ეძებს - ყველგან არაა და იმმიტომ. შენ კი, აი, შენს თავს რომ შეიყვარებ, სიყვარულსაც სწორად მოძებნი, აუცილებლად იპოვნი. გამიგე?!
- კი-მორჩილად დამიქნია თავი. ჩემი სარკე ვაჩუქე. ცოტა ხანი ასე ვისხედით, სანამ პირველი გაკვეთილი არ გამოვიდა. მე ბოდიში მოვუხადე, სამასწავლებლოში რვეულების გასასწორებლად უნდა დავბრუნებულიყავი. დალი ეზოში დარჩა, ასე აცრემლებული და თვალებდასიებული ვერ ამოვალ ზემოთო.
ჩემს რვეულებს, ეტყობა იმ დღეს გასწორება არ ეწერა. დავჯექი თუ არა გივი შემოსუნსულდა. შეეტყო რომ ჩემს მაგივრად სულ სხვას ელოდა.
- ვა, ბაია! - სადღესასწაულო შეძახილით მომესალმა.
- გაგიმარჯოს - ცივად მივუგდე მისალმება.
- მოკლედ, შენ სულ როგორ უნდა შრომობდე ჰა?! ამ პატარა ლამაზი გოგოს ამდენი მუშაობა როგორ შეიძლება?! ყავას მოგიდუღებ და აგერ შოკოლადის ფილა მოგიტანე... ხომ გიყვარს შოკოლადი ცუგრუმელა?!
- მე შენი ცუგრუმელა არ ვარ, გივი - ჯერ ეს ერთი და მეორეც, ყავა არ მინდა, დავლიე და შენი შოკოლადიც, ვისთვისაც მოიტანე, იმას მიართვი. - აშკარად არ მოელოდა ასეთ ცივ ნაჯახს მის მოვარაყებულ ენაზე და ხმა ჩაუწყდა. ცოტა ხანში გონს მოეგო, გივი რისი გივი იყო, თავისთვის არ შემოეძახებინა და ასე ადვილად დანებებულიყო?!
- ოხ, რა მწარე ენა გქონია ამ პატარა და ლამაზ გოგოს?! ოხ, გიხდება კიდეც! მიყვარს შენნაირი მწარე ენიანები. ხომ იცი, წიწაკაში ყველაზე მეტი შაქარია, მთავარია სწორად გასინჯო და დააგემოვნო...
- მე გაგასინჯინებ შენი ენის ჯაშუშულს ქინძითა და რეჰანით, თუ დროზე არ მოხვალ გონს! - ცოტა ტონს ავუწიე და ტონთან ერთად მარჯვენა წარბსაც!
- ისე დათაფლული ენა მაქვს, კი იქნება გემრიელი, მაგრამ არა, გმადლობ, უმაგისოდაც იოლად გავალ! - ისევ ხუმრობით მომიგო.
- მე არ გეხუმრები გივი! ფიზიკა კი გისწავლია, მაგრამ ქალებში ვერაფერი გაგეგება თურმე! ის მაინც უნდა იცოდე, ვის როგრო მოექცე! ამ საწყალ გოგოს რას გადაეკიდე, შენ თუ კარგი კაცი ხარ?!
- რომელ გოგოს? რომელ საწყალს? ვინ გვყავს აქ საწყალი?
- დალიზე ვსაუბრობ! მგონი კარგად უნდა იცოდე!
- თვითონ გითხრა გადამეკიდაო?!
- მისი თქმა რად  მინდა, მთელოი სკოლა მაგაზე საუბრობს!
- რაზე? რომ დალის შევუყვარდ?! - თვითკმაყოფილმა მკითხა, კითხვის რიტორიკულობაში სრულიად დარწმუნებულმა.
- ვის რაში სჭირდები ერთი, ნეტა ვიცოდე?! დალის ფეხუს ქუსლადაც არ ღირხარ, შევუყვარდიო - როგორ გამაცინე გივი! მაგ გოგოს ასე ადვილად არ უყვარდება კაცები!
- აბა, რა საქმეებს მირჩევ მაშინ?! თუ არ ვუყვარვარ...
- შენ ძალიან კარგად იცი, რაზეც ვსაუბრობ! ასე თუ გააგრძელებ, არ გამოვრიცხავ რომ რაიმე გრძნობა გაუჩნდეს და..ა
- და შევუყვარდე არა?! ხოდა , შევუყვარდე მერე, ცუდია თუ?!
- და მერე? ცოლად მოიყვან და უერთგულებ?
- და რატომ უნდა მოვიყვანო ცოლად! თუ ამ სიბერეში სიყვარული ეწვევა, ეს უკვე ბედნიერება არაა?! განა ცუდია , ვინმე გიყვარდეს?! ეს სამყარო ისედაც უსიყვარულოდ კვდება და სულს ღაფავს! მე კი თუ სიყვარულით ვაბედნიერებ ქალებს, განა ეს ცუდია?!
- სიყვარულით ვაბედნიერებო? შენი იაფფასიანი სიტყვები და ლექსები სიყვარული გგონია?! სიყვარული ზრუნვა, ერთგულება და პატივისცემაა, თავგანწირვაა! შენ კი, რომელიმეს რაიმე რომ დასჭირდეს ცხოვრებაში, თავქუდმოგლეჯილი გაიქცევი, ოღონდ საპირისპირო მიმართულებით...
- რის საპირისპიროდ ლამაზო?
- იმის საპირისპიროდ, საითაც უნდა გარბოდე. ანუ ობიექტისკენ კი არა, ობიექტისგან.
- რატომ გგონია მასე?
- იმიტომ რომ ყველას სიყვარული შეუძლებელია! შენ კი აქ იმდენს აბამ შენი გადახლართული მოკვარახჭინებული ენით, რომ მგონი შენ თავაად გაები შენი ტყუილებისა და აფერისტობის მახეში.
- არანაირი მახე! ქალებს მოსწონთ რასაც ვეუბნევი, ზოგი უფრო მეტზეც არის თანახმა, მაგალითად თქვენი უკარება მანანა, ყველას მამა აბრამის ბატკანი რომ ჰგონია, როცა ქმართან ვერაა კარგად , ეგრევე ჩემთან გამორბის!
- მორჩი, შენ მართლა არაკაცი ყოფილხარ! როგორ ბედავ და მანანაზე ასე როგორ საუბრობ?!
- მართალია და ... და.. და შენ რატომ მიწოდებ არაკაცს?!
- იმიტომ რომ არაკაცი და გარეწარი ხარ! მართალიც რომ იყოს, შენ რომ ნამდვილი, ღირსეული კაცი იყო, არასდროს ხმამაღლა ასეთ ინტიმურ საკითხებს არ მოყვებოდი. საბოლოოდ გაფრთხილებ, კიდევ თუ გააგრძელებ მაიმინობას დალისგან, ისე გაგიხდი საქმეს რომ ამ სკოლიდან მხოლოდ კი არ გაგაგდონ, ვერცერთ სკოლაში რომ ვერფ მიგესვლებოდეს და კერძო მოსწავლეებიც რომ აღარ მოდიოდნენ შენთან.
- რა კერძო მოსწავლეები? - დასცხა ეგრევე, რადგან მალავდა რომ მისაღები გამოცდებისთვის ამზადებდა აბიტურიენტებს ფიზიკაში.
- მე გაგაფრთხილე! ახლა შეგიძლია დატოვო სამასწავლებლო, სამუშაო მაქვს და შენი ყურება არ მსიამოვნებს. - მკაცრად ვუთხარი. ამდენი ძალა, გესლი და გამბედაობა სად ვიპოვე, არც ახლა ვიცი.
ჩუმად, თავჩაქინდრული გავიდა ოთახიდან.
მთელი დღე მანანაზე, დალიზე და გივიზე მეფიქრებოდა. ლილიზე ფიქრიც კი გადქაფარა დილით მიღებულმა ემოციებმა.  ვერ ვხვდებოდი, რატომ მისცა დალიმ გივის ამდენის უფლება, ან მანანას რა გასაჭირი ჰქონდა, ასეთ ტუტუც კაცთან რომ არ გაება რომანი. გივი საკმაოდ სიმპატიური, მაღალი, მხარბეჭიანი და ცისფერ თვალება 40 წლის კაცია. განათლებულიცაა და საკმაოდ გონიერი, ფიზიკის კარგი მცოდნე და კარგი პედაგოგია, თუმცა არასტაბილური და მექალთანეა. ცოლმა დროზე უშველა თავს და გაეყარა. ისიც არ ვიცი, ჰყავს თუ არა შვილი. შვილზე არასდროს უსაუბრია. სმაგიეროდ მისი სასიყვარულო რომანებისა და ზოგადად ყოფილი ქალების ამბებს უხვად იმეტებს ჩვენი ყურებისთვის ნაადრევად მოსაჭკნობად. ხშირად წკიპზე შემიკავებია თავი, რომ არ გამელანძღა, საქმეში ჩაფლულს რომ მოსვენებას არ მაძლევდა თავისი უთავბოლო ლაქლაქით. იმდენად შეუსაბამო იყო მისი გარეგნობა, ცოდნა და ისი ცეტი ხასიათი, რომ გეგონებოდა ორი სხვადასხვა პიროვნება იყო. მისი ხმაც იმდენად არასასიამოვნო და არაელეგანტური იყო ჩემი მგრძნობიარე ყურისთვის... ერთი-ორჯერ ისიც ვკითხე საკუთარ თავს, პაატასავით დაბალი, მამაკაცური და ხავერდოვანი ხმა რომ ჰქონდეს, იგივე ნაირად იმოქმედებდა მისი საუბარი თუ არა ჩემზე. ამაზე პასუხი არ მაქვს. სამაგიეროდ, ის ნამდვილად ვიცოდი რომ ჩემი მტრების რიგებს, ერთი 100 კილო ხორცი შეემატა.
სახლში მისულს ახალი სიურპრიზი დამხვდა.
პაატამ მისაღებ ოთახში შემიყვანა, სადილის დრო არ არის, გამომძიებელია მოსულიო.

გაგრძელება იქნება

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები