ნაწარმოებები


რევაზ ინანიშვილის სახელობის „ერთი მოთხრობის„ კონკურსი - 2023     * * *     ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის კონკურსი: „ჭადრის ოქროსფერი ფოთოლი - 2023„     * * *     ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ფორუმზე, კონკურსების გაყოფილებაში     * * *     გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: პალატამერვე
ჟანრი: პოეზია
13 აგვისტო, 2020


ნაწყვეტი პოემიდან "წიგნი თინათინისა"

მირიანის წერილი

მე მომიტანეს ამბავი ჩვენი გადარჩენისა და ამბავი ჩვენი დაღუპისა - ერთი უნდა ვირწმუნო ახლა. დარაბებს ვაღებ და ჯერ კიდევ შარშანდელი შემოდგომით მოსული თვითკვლელობების ეპიდემია ეტყობა აქაურობას. არც რამ ნივთი, არც რამ საგანი სამახსოვრო დაგიტოვებია, ისე წასულხარ. მხოლოდ და მხოლოდ მარადიული მოგონება საქანელასი, რომელიც ახლა ქარშიღა ირწევა. დარაბებს ვაღებ - დაბრუნდება შავი მერცხალი. კიდევ იმღერებს ალუდა „მზეც არ ამოვა“ და გავუდგებით ლიანდაგებს , ზღვას და უდაბნოს ან ყვავილების დაჭკნობამდე ფანჯრის რაფაზე ვიჯდებოდით მარტო, პირისპირ. ძველ არქივებში იპოვიან ჩვენს მიმოწერას. თამბაქოს ჯიხურებზე აჭრელდებიან აფიშები, სანამ წვიმები არ ჩამოგვრეცხავენ , ვიარსებებთ ჩვენც, შორეულო თინათინ.
გურჯისტანი რომ მგლების მიწაა - შემოვიარე, მაგრამ არსაით ყოფილა ის ადგილი, სადაც მომავლის შთაგონებით დავკრძალეთ პირადი ნივთები. ხომ გახსოვს?! და გურჯისტანიც არსად ყოფილა, რადგან სამშობლო არის არა ხორცი მიწად გარდაცვლილი, არამედ მიწა დაბადებული სხეულად, სულდგმული მიწა - ადამიანი.

პეპელა თუ მოგიკლავს?
ვაშლი თუ მოგიკბეჩია სიკვდილის წინ -
მსუყე, თაფლივით ტკბილი ვაშლი ?!
ან ხე თუ გინახავს მომლოდინე,
ბებერი, ბერწი, უნაყოფო ხე?!

მე მომაკვდავმა გურმეჭვიამ
თავისი გულის საიდუმლო გამიმხილა და
ლამის სამყარო შევიცანი, თუმცა არ იქნა.
ალუდას გიმღერებდი, არიქა,
ისე ვარ ახლა.

წყაროს წყალით პირს ვიბანდე,
აცხუნებდეს ყიფლიბანდებს
ამოსული მზე!

სხვების სურვილზე არ დავდივარ ამ ქვეყანაზე
და დავღიღინებ სისა ტურას, მხნე და ხალასი,
მაგრამ N ქუჩის ბოლოში რომ სახლია, იმ სახლს
დავემსგავსები.

ღირდეს გავსებად, ღირდეს მაინც, ეს უსასრულო,
შეუწყვეტელი სმა და თავის მომაკვდინება.
მოაქვს დინებას ის დამხრჩვალი, ზღვაში გასული.
შენც, არაერთხელ მღვრიე სულში ურსადასმულო,
დამიბერდები.

დამიბნელდება.
ჰორიზონტს გაცდებიან გემები

მშვიდობით,
ჩემო მეგობარო...
გიგზავნი ლექსებს ძველი სკივრიდან.


კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები