ნაწარმოებები



ავტორი: ლიჩელი
ჟანრი: პროზა
24 აგვისტო, 2020


ცენზურა

ცენზურა

არ ვიცი, რამდენად დააინტერესებს ეს სევდიანი ისტორია ჭკვიანი აპარატების ეკრანზე მზერამიპყრობილ, სელფებითა და მესიჯებით გადამეტხურებულ თინეიჯერებს, მაგრამ 60-იანი  წლების თაობის ადამიანებში, რომელთაც კარგად ახსოვთ ეკრანიდან გულში სიმინდის ტაროჩახუტებული მელოტი, ბრიყვულად მომღიმარი სახე, ან წარბდაფანჩული გაპიჟვინებული სიფათი ჯინჯილებდახუნძლული მკერდით,, უთუოდ გამოიწვევს შემწყნარებლურ ღიმილს. რას იზამ, თაობათა შორის არსებული პრობლემა ხომ მარადიულია.
პიონერთა ბანაკი- ჩემი თაობის ადამიანებს კარგად უნდა ახსოვდეთ ეს მრავლისშემცველი სიტყვათშეთანხმება. დიახ,
იყო ასეთი ბანაკებიც. სიტყვა „ბანაკი” ახლა სულ სხვა ასოციაციას იწვევს. მაშინ კი, ხუთწლედ-შვიდწლედებად დაყოფილ კომუნიზმის გაგანია მშენებლობის ეპოქაში ამ სიტყვას კომუნისტთა ლექსიკონში დიდი მაზანდა ჰქონდა.  ქვეყნისთვის საშიში დამნაშავეების იზოლირების ადგილსაც ბანაკს ეძახდნენ და საბჭოეთის იძულებითი მეგობრების ერთობასაც სოციალისტურ ბანაკს უწოდებდნენ. იყო უფრო სასტიკი გამოთქმა „მტრის ბანაკი” და ასე შემდეგ. პიონერთა ბანაკი შედარებით უსაფრთხო, ოღონდ სერიოზული და შორსმიმავალი მიზნების მქონე დროებითი წარმონაქმნი გახლდათ.
ერთერთ ამგვარ ბანაკში გატარებული დრო ჩემს ბავშვურ ხსოვნას „ცხოვლად” დააჩნდა, როგორც ხელისუფლების ძალადობის პირველი, თუმცა ირიბი გამოვლინების ფაქტი.
  მოკლედ, შეგიძლიათ წარმოიდგინოთ ცხრა წლის თბილისელი გაკნაჭული ბიჭი, რომელსაც დედა უსვამდა პურზე კარაქს, შარვლის ქვეშ საშინელ რეიტუზს აცმევდა და ქუჩაში განსაზღვრული დროით უშვებდნენ, ცუდი ბიჭების ზეგავლენის შიშით, ერთ მშვენიერ დღეს არცთუ მოულოდნელად (ასეთი ბანაკის საგზურებს მშობლებს სამსახურში ურიგებდნენ არ ვიცი, რა დამსახურების მიხედვით) ასეთ ბანაკში აღმოვჩნდი. დილა სისხამზე საყვირის ჰანგებით, ხაზზე სწორებით, წითელი დროშის აღმართვით, პატრიოტული სიმღერებით, რომლის ობიექტი ჭეშმარიტი სამშობლო კი არა, დიდი საბჭოეთი იყო, საღამოს კოცონის გარშემო დეკლამაციითა და სხვა ამგვარი იდეურ-აღმზრდელობითი ატრიბუტებით, მიუხედავად იმისა, რომ პიონერის ასაკი ჯერ არ შემსრულებოდა და ჩემი პატარა ჩემოდნის შიდა ჯიბეში სათუთად ინახებოდა ნიშანი ამურისთავიანი გამოსახულებით, რომელსაც რატომღაც ნორჩ ლენინს ვეძახდით. ეს უკანასკნელი გარემოება რაღაცნაირ არასრულფასოვნების კომპლექსს მიჩენდა. ბანაკში პირველად გავიგე სიტყვები: ხაზი, სწორება, რაზმეული და სხვა. ჩემს პიონერულ ყოფას აცისკროვნებდა დევიზი: „ერთი ყველასათვის, ყველა ერთისათვის!” ამ ფრაზას განსაკუთრებული რიხით წარმოვთქვამდი საფეთქელზე მხედრულად ხელმიდებული გარკვეულ დრომდე. ვიდრე უფრო მოზრდილი ა. დიუმას რომანში აღმოვაჩენდი, როგორც მუშკეტერების დევიზს. რაც უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ, ამ აღმოჩენამ ჩემი პიეტეტი კი არ გააღრმავა, პირიქით, იმედგაცრუება გამოიწვია. მოკლედ, ასე თუ ისე, პიონერთა ბანაკი იყო ჩემი დამოუკიდებლობის პირველი უსუსური გამოცდა. მაგრამ ამაზე ცოტა მოგვიანებით. ბანაკიდან გასვლა სასტიკად იკრძალებოდა, ასევე დაუშვებელი იყო უცხო პირთა შემოსვლაც. ისინი მარტო ფილმის ჩვენების დროს თუ შემოაღწევდნენ ჩვენს პიონერულ სამოთხეში.
ხელისუფლების აღმზრდელობით ღონისძიებებში კვირაში ორჯერ, საღამოობით ფილმის ჩვენებაც შედიოდა. მოიტანდნენ ხმაურიან, დანჯღრეულ კინოაპარატს , გაჭიმავდნენ გალავნის კედელზე თეთრ ზეწარს და ფერადდებოდა ჩვენი საბEჭოური ყმაწვილური ყოფა. რა ფილმები იყო ეს, აღარ მახსოვს. ერთიღა შემორჩა ჩემს მეხსიერებას. ალბათ იმიტომ, რომ რამდენჯერმე უჩვენეს. ეს იყო ვინმე ყაჩაღ ქოროღლის გაუგებარი მიხტომ-მოხტომები. არ ვაჭარბებ, ნამდვილად ამგვარ ფილმებს გვიჩვენებდნენ, თანაც ჩვენთვის გაუგებარ ენაზე. კინომომმსახურებლებიც (გამორიცხული არ იყო, რეპერტუარიც მათი გემოვნებით დგებოდა) ამ ენაზე მეტყველებდნენ და იმ სოფლის მთელი გარემოცვაც. ქართველი მხოლოდ დარაჯი- ძია გარო და მისი კაფანდარა მეუღლე- თებრო იყო, რომლებიც ბანაკის გალავანს შიგნით, პატარა ქოხში სახლობდნენ, რომელიც იქაურობას პასტორალურ ფერებს სძენდა.
იმ დღესაც, როცა ჩემი ამბავი იწყება, ფილმის გაშვების მზადებაში ვიყავით. შავ-შავ, გრძელხელება კინომექანიკოსს ვიღაც ჩემი თანატოლი ბიჭი დაჰყვებოდა, ეხმარებოდა, და მისი მფარველობითაც სარგებლობდა. როგორც ჩანდა, ძალიანაც მოჰქონდა ამით თავი.ამ ფაციფუცში რომ იყვნენ, ჩემდა ჭირად, ახლა აღარ მახსოვს, შემთხვევით თუ განზრახ, მიწაზე გაჭიმულ კაბელს დავაბიჯე. მეგონა, ამ უწყინარ ცუღლუტობას ვერავინ შეამჩნევდა. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, კინომექანიკოსის მოხალისე თანაშემწის თვალი ყველაფერს სწვდებოდა. მაშინვე ჩემთან მოიჭრა და ხელების ქნევით რაღაცას მიბრძანებდა. ადვილი მისახვედრი იყო, ფეხის აღებას მოითხოვდა. გავჯიუტდი, ჯერ ერთი ის ბიჭი ჩემზე პატარა ჩანდა, და მეორეც, სამართლიანად არ ჩავთვალე, თითქმისპიონერსა და იმ გარემოს კანონიერ მემკვიდრეს ვიღაც გაუგებარი მისიით მოსული უცხო პირისთვის დამეთმო. როცა მიხვდა, ულტიმატუმით ვერას გააწყობდა, ხელი მკრა. წავბორძიკდი, მაგრამ თავი შევიკავე და ხელი მოვუქნიე. განზე გახტა და ჩემი მუშტი მხოლოდ მის მხარს შეეხო მსუბუქად. ამ ხნის განმავლობაში ფეხი სადენიდან არ ამიღია. ბიჭი გაცოფდა, ეს იყო ერთგული ყმის თავგამოდება, რომლის ბატონის ინტერესებიც შელახეს. ჯიბეში ხელი ჩაიყო, ირგვლივ მიმოიხედა და ბებუთის ჭრელი ტარი დამანახა. მაშინ კი ვიკადრე და იქაურობას ფართხაფურთხით, ოღონდ, ჩემი აზრით, ღირსების ხაზგასმით სასწრაფოდ გავეცალე.
ამით კონფლიქტი კი ამოიწურა, მაგრამ იმ ჭრელტარიანი ბებუთის ხატება თვალიდან არ მცილდებოდა. სულ იმაზე ვფიქრობდი, როგორ უნდა მეამბა ეს ამბავი უბანში. მოკლედ, ჩანასახოვან მდგომარეობაში მყოფი ჩემი ბიჭური თავმოყვარეობა ზანდუკში გამოკეტილი კაიყმის ხმალივით ბორგავდა. სულ მალე ამ გრძნობის გადმოფრქვევის საშუალებაც მომეცა.
საქმე ის გახლავთ, რომ ამგვარი ბანაკების აუცილებელი კოლორიტი პიონერხელმძღვანელი იყო. ის იყო ჩვენი გუნდის ბელადი, ორგანიზატორიც და მზრუნველიც, მრისხანე სატრაპიცა და კეთილი ფერიაც. მახსოვს თხელი, სპორტულად გამოწყობილი გოგო. თხელი მკერდითა და მოკლედშეკრეჭილი თმებით ბიჭს უფრო ჰგავდა. მით უმეტეს, რომ პიონერხელმძღვანელისთვის პარფიუმერიის გამოყენება წარმოუდგენელი რამ იყო. არ ვიცი, მისი გარეგნობისა თუ უშუალო ხასიათის გამო (ალბათ ორივე მიზეზით) უფრო ჩვენიანად მიგვაჩნდა. ნელი-ხელმძღვანელს ვეძახდით. როცა ჩვენი რაზმეული ფეხბურთში ან სხვა სპორტულ სახეობაში სხვა რაზმის ბიჭებს ვეჯიბრებოდით, ნელი საოცარი აზარტით გვქომაგობდა და ერთთავად მათ ხელმძღვანელთან დავაში იყო. საღამოობით კი ამერიკელი ზანგების ტანჯულ ცხოვრებაზე წიგნებით გვიჩუყებდა გულს. ჰოდა, ერთხელაც ნელი-ხელმძღვანელმა გამოგვიცხადა, რომ საჭირო იყო, ბარათები გაგვეგზავნა შინაურებისთვის, როგორც ეს წესიერი და აღზრდილი ბავშვებისთვის იყო მიღებული. მართალი გითხრათ, ეს იძულებითი წესიერება, რაღაც სუფთა წერის გაკვეთილს რომ მაგონებდა, რაღაც ჭკუაში არ დამიჯდა, მაგრამ ამგვარი ღონისძიებები სავალდებულო იყო და მეც გამოვართვი კონვერტი, ფურცელი და კალამი (მაშინ პასტები ჯერ კიდევ არ იყო) და ფიქრი დავიწყე, რა დამეწერა. მშობლებისთვის ბარათის მიწერა და ანგარიშის ჩაბარება რატომღაც დედასბიჭის შეუფერებელ საქმედ მომეჩვენა. ბოლოს გადავწყვიტე უბანში დარჩენილი ჩემი ძმაკაცის- ნუგოსთვის მიმეწერა და ის ჩემი ისტორია მეამბნა. რატომღაც ჩავთვალე, რომ ამ გაგანია ზაფხულში ის თბილისში უნდა ყოფილიყო ჩემი წერილის მოლოდინში. ბარათის შინაარსი ნამდვილად არ მახსოვს, ის კი შემიძლია დაბეჯითებით  გითხრათ, რომ მექანიკოსის არამკითხე თანაშემწესთან ჩემი კონფლიქტი მეტად დრამატულ ფერებში აღვწერე, ისე, რომ ჩემი როლის გაბუქება არ დამვიწყებია. უმნიშვნელო შელამაზება, ჩემი აზრით, საქმის არსს ვერ შეცვლიდა, ამიტომაც სინდისის ქენჯნა ნამდვილად არ მიგვრძნია. ვწერდი, როგორ ვუთავაზე თავური (ეს სიტყვა უფროსი უბნელებისგან მქონდა გაგონილი), როგორ გადაქანდა და ძირსდაცემული როგორ აპირებდა დანის სროლას. როგორ დავადგი ფეხი მაჯაზე და განზრახვა აღვუკვეთე. (ეს სცენა სადღაც საბჭოთა კრიმინალურ ფილმში მქონდა ნანახი, მაშინ ვესტერნებზე არაფერი გვსმენოდა). თავს ვიმართლებდი, შეიარაღებულთან რა უნდა გამეწყო-მეთქი. ეს პირველი შემთხვევა იყო, როცა ნაწერის სისწორეზე არ მიზრუნია. უფრო პირიქით, რაღაც გაუგებარი ნეტარებით ვთხუპნიდი, ვჯიჯგნიდი და ვამახინჯებდი ასოებს. ბოლოს ნუგოს ვწერდი, დანარჩენ ამბებს როცა ჩამოვალ, მაშინ მოგიყვები-მეთქი. რა ვიცოდი, ეს უკანასკნელი ფრაზა ვიღაცებს სიმშვიდეს თუ დაუკარგავდა. მაგრამ ამაზე ქვემოთ. ჩემი პირველი წერილის კონვერტი ენით საგულდაგულოდ დავასველე, საიმედოდ დავაწებე და მითითებულ ადგილზე საგანგებოდ (როგორც ახლა მეჩვენება) პომპეზურად მოთავსებულ ფოსტის ყუთში ჩავუშვი სრული თვითკმაყოფილების განცდით.
მეორე დღეს, საღამოს კოცონის წინ, ჩემი თანარაზმელი ბადრი მოვარდა, ნელი-ხელმძღვანელი გეძებსო. ეს ბადრი იმითი იყო მთელ ბანაკში სახელგავარდნილი, რომ ლექსს „დედისერთა ლენინთან” დიდი ოსტატობით კითხულობდა. განსაკუთრებით ის ადგილი გამოსდიოდა ემოციურად, სადაც ნათქვამია „მისი კვნესა- ოჰ დედი! ზარბაზნებმა დაჰფარა”. ჩვენ ყველას ცოტცოტა გვშურდა მისი. პიონერხელმძღვანელისკენ გავეშურე. აქოშინებული შემხვდა ნახერხით მოფენილ სპორტულ მოედანთან, სადაც შეჯიბრებები ტარდებოდა. მითხრა- სადა ხარ, დირექტორთან გიბარებენო. რაღაც შეშფოთებული ჩანდა, თითქოს თვალს მარიდებსო. ბანაკის დირექტორისთვის შორიდან მქონდა თვალი მოკრული. შავი „მოსკვიჩი” ჰყავდა. ეს გარემოება ჩემ თვალში დიდ ღირსებას არ მატებდა, მაშინ პრესტიჟული პერსონები „გაზ 21”-ით დაბრძანდებოდნენ. თანაც მისი ფუნჩულა,  დაბალი ფიზიონომია, ჩემი აზრით, სულაც არ შეესაბამებოდა დირექტორზე, როგორც რიხიანსა და მკაცრ ტიპზე ჩემს წარმოდგენას. მაინც შევფიქრიანდი, როგორც წესი, დირექტორთან დაბარება დანაშაულის ასოციაციას აღძრავდა. ნეიმ კარამდე მიმაცილა და თანაგრძნობით გამიღიმა. მცირეოდენი ყოყმანის შემდეგ, რასაც შიში უფრო კვებავდა, ვიდრე ცნობისმოყვარეობა, კარი შევაღე. გრძელ მაგიდას დირექტორი, მისი მოადგილე და კიდევ ვიღაც ჩემთვის უცნობი უსხდნენ. უკან ლენინის  პატარა, თეთრი ბიუსტი მოჩანდა. რაღაცაზე საუბრობდნენ. ჩემი მისვლა არც შეუმჩნევიათ. უფრო სწორად, ასე მაშინ მომეჩვენა. ახლა კი ვხვდები, ეს შემუშავებული ტაქტიკა იყო, შემოსულის ნერვებზე ზემოქმედებისთვის. ბოლოს, როგორც იქნა, შემამჩნიეს.
-ჯალიაშვილი გურამი შენა ხარ?- იკითხა დირექტორმა.
-დიახ.- მივუგე სხარტად, პიონერული სიბეჯითით.
-პიონერი, არა?
-ოქტომბრელი.- მომეჩვენა, რომ ჩემმა პასუხმა იმედი გაუცრუა.
როგორ მოგწონს ჩვენი ბანაკი?- დანარჩენი იქ მსხდომი დირექტორს მისჩერებოდნენ და საუბარში არ ერეოდნენ. რისთვის ისხდნენ, ვერ ვხვდებოდი. ძალიან მომწონს-მეთქი ვუპასუხე.
-ნამდვილად?- მოულოდნელად დირექტორმა მაგიდის უჯრა გამოაღო და შიგ რაღაცას დაუწყო ძებნა. ცოტაც და მაგიდაზე რვეულის ფურცელი დადო. თვალებს არ ვუჯერებდი, ეს ჩემი დაწერილი ცალხაზიანი რვეულის ფურცელი იყო, დიდი ასოებითა და ალაგ-ალაგ გადასწორებული ადგილებით, რომლის ადრესატი ნუგოს ნაცვლად რატომღაც ბანაკის დირექცია აღმოჩნდა.
-მართალია, რასაც აქ წერ?- თვალებში მომაჩერდა. თავი დავუქნიე.
-მართლა გალახე ის ბიჭი?
ხომ არ ვეტყოდი, ეს ნუგოსთვის მოვიგონე-მეთქი. ვდუმდი. ის კი განაგრძობდა:  -მერედა, რატომ ჩვენ არ გვითხარი? შენ ხომ ამით ორგანიზაციას უტეხ სახელს. „ორგანიზაცია„ რას ნიშნავდა, არ ვიცოდი, ალბათ დირექციააა-მეთქი გავიფიქრე. -ან ეს დანარჩენი, რას ნიშნავს?- განაგრძობდა დირექტორი, -რის მოყოლას აპირებ მეგობრებისთვის?
არ ვიცოდი, რა მეპასუხა და თავი ჩავქინდრე.
-შეეფერება განა შენი საქციელი პიონერის სახეს, რომლის რიგებშიც უნდა მიგიღონ?- ჩაერია დირექტორის მოადგილე. -თუ ამას შენი სკოლის ორგანიზაციაში გაიგებენ (ისევ ორგანიზაცია), მე მგონი თავს შეიკავებენ შენს მიღებაზე, არა, გენადი გერონტიჩ!
რასაკვირველია.- დაუდასტურა გენადი გერონტიჩმა.
პიონერთა რიგებში მიღების საეჭვო პერსპექტივამ ძალზე შემაშფოთა. ეტყობა, ძალიან შესაბრალისად გამოვიყურებოდი, რადგან დირექტორმა დამიყვავა და შემდგომში ამგვარი ამბების შეტყობინების პირობით გამომიშვა.
კაბინეტიდან გამოსული ნელი-ხელმძღვანელის დაბნეულ თვალებს შევეფეთე. არაფერი უკითხავს. უცებ ვიგრძენი ჩემი მიმნდობი ბუნება როგორ ეხვეოდა ეჭვის ობობის საცეცებში. იქნებ ნელისთვის ეს ყველაფერი წინასწარ იყო ცნობილი, იქნებ ეს წერილების დაგზავნის კამპანია სულაც დირექციის მიერ გადმოგდებული ანკესი იყო, რათა ბანაკზე ჩვენი შეხედულებანი შეეტყოთ. თავიდან ვერ ვიშორებდი აბეზარ ფიქრებს, რომლებზე პასუხები არ მქონდა. მაშინ, რა თქმა უნდა, არ ვიცოდი, რომ ჩემი პირველი წერილის ვერაგული ცენზურა ერთერთი ტოტალური ზესახელმწიფოს პატარა მოდელის უბადრუკი გამოხატულება იყო.
  პ. ს.
თუ ვინმესთვის მოქმედების ადგილის დაზუსტებაა საჭირო, ვიტყვი, რომ ეს ისტორიული სომხით-საბარათიანო იყო, რომლის დემოგრაფიულ სიჭრელეზე ჯერ შაჰ-აბასმა იზრუნა, შემდეგ კი- რუსეთის იმპერატორმა.

    2020, VIII

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები