ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე.     * * *     დიდება უკრაინას !!! Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ფინქ ფლოიდი
ჟანრი: პროზა
2 სექტემბერი, 2020


ბიბლიური ოდისეა - მოხვედი ერრა ბინაში?!

მისი კუბოს თავსახური მეჭირა ხელში, სხვა მეზობლის ბავშვთან ერთად და სასაფლასოსკენ მივუძღვებოდი ერრა ბაბუას. სულ წინ მისი შვილიშვილი მიდიოდა, მისივე სურათით ხელში, შემდეგ ყვავილებიანი ბავშვები, რომელნიც მისთვის მირთმეულ ყვავილებს გზაში შლიდნენ, შემდეგ მე და მეზობლის ბავშვი კუბოს თავსახურით, ჩვენს უკან კი ოთხი კაცი მოასვენებდა, კუბოში ცადებულ გალეულ სხეულს. ზუგით ვიყავი მისკენ მიტრიალებული, კუბოს უკან მომავალი ჭირისუფლების განწირული ბღავილი, მისი ცხოვრების, მისი დედამიწისეული ცხოვრების მელოდიად ჩამესმოდა. ტიროდნენ, მაგრამ ვერ გამეგო რატომ. რატომ? რატომ? რისთვის უნდა იტირო ეს გიჟი? დავიჯერო უყვარდა ვინმეს? უყვარდათ კია?  ჭირისუფლებიდან მხოლოდ მისი მეუღლე იყო ჩუმად, წელში გაამრთული მოუყვებოდა პროცესიას.

ვფიქრობდი სად დაიწყო ეს ყველაფერი, სად დაიწყო ერრა, რატომ დაიწყო, რატომ დაიბადა საერთოდ, ნუთუ ღმერთს მართლა უნდა მისნაირად იტანჯონ ადამიანები?! რატომ გინდა ღმერთო ეს, შევეკითხე გულში, იქნებ ჩემზეც მოგინდეს უცბად, არსაიდან, მერე მე რა ვქნა? ვერ გავუძლებდი. ერრამ როგორ გაუძლო ამდენხანს? შეიძლება უკვე დიდი ხანია მკვდარი იყო და უბრალოდ თავს გვაჩვენებდა, ვითომ ცოცხალი იყო, ვერ ვცემდი პასუხს ამ კითხვებს, გულში კი ნელნელა მეღვრებოდა ბლანტი სითხე, რომელსაც სევდას ეძახიან, ვგრძნობდი რომ მისი კი არა, ჩემი ბავშვობის კუბოს თავსახური მიმქონდა, ის უბრალოდ ბოლო ლურსმანი გამოდგა ამ თავსახურზე. კითხვებს პასუხს ვერ ვცემდი, თავი მისკდებოდა, ირგვლივ ყველაფერი გათხაპნილი იყო, როგორც სულ ცოტა ხნის წინანდელი მოგონებები მასზე. ვაძალებდი თავს გამეხსენებინა რა ვიცოდი მასზე, თუმცა ამაოდ, მხოლოდ ბურუსით მოცული კადრები. ახლა კი, როცა უკვე ოთხი წელია გასული მისი გარდაცვალებიდან, მივხვდი რომ ყველაფერი ნათელი იყო, მაშინაც და ახლაც, მე მასზე ყველაფერი ვიცოდი, უფრო სწორად, ყველაფერი შეიძლება მცოდნოდა.

ვფიქრობდი, რომ ყველაფერი მამამისით დაიწყო. ავტობუსის მძღოლი იყო მამამისი, მოსკოველი ტურიტები ჩამოჰყავდა ხოლმე საქართველოში და ძირითადად სახლიდან გასული იყო. ალბათ, ამის გამო, ერრას თვალში ის მიუწვდომელ და მუდამ გვერდზე მდგომ ობიექტად ყალიბდებოდა, თაყვანისცემისა და მიბაძვის, მისტიურობის ობიექტად. ერთ დღესაც, როდესაც ერრა შვიდი წლის იყო, მამამ რუსი ბიჭუნა ჩამოიყვანა და უთხრა ეს შენი უფროსი ძმა არისო, ვალიკოო. ვალიკო დაახლოებით 15 წლისა იქნებოდა. ერთი კვირა არც გაჩერებულა, დაუტოვა ბავშვი ერრას და დედამისს, როგორც ახალი ოჯახის წევრი და ისევ წავიდა.  ასე გავიდა, ხუთი ან ექვსი წელი, ერთ დღესაც დაბრუნდა სათაყვანებელი მამიკო, არც შეუხედავს ოჯახის წევრებისთვის, რავ სახლში ქონდა ყველაფერი აიღო და წასვლას აპირებდა, არც ცოლის გამუდმებულ კითხვას პასუხობდა, რას აპირებო, ბოლოს მისი მკლავში წავლებული ხელიც მოიშორა და რაღაც უთხრა, რაც ერრამ ვერ გაიგო, წავიდა მამა და დედა კი ცრემლებში იღრჩობოდა, პირველად ხდებოდა რომ არ მალავდა თვალზე მომდგარ ცრემლებს, არადა მუდამ ტიროდა, იცოდა ეს ერრამ,  ქმრის მონატრების ტკივილის გასაქარვებელად. იმ ღამით თვალი არ მოუხუჭავს სამაგიეროთ ვალიკოს ეძინა არხეინად, გამთენიისას მიწყდა დედის ტირილის ხმა და როგორც იქნა მასაც დაეძინა. მას წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ დედამისის გაჩუმება, მისი ცრემლებად დაღვრის და აორთქლების ნიშანი იყო. ასე დაკარგა ორივე მშობელი ერთ ღამეს ჩვენმა ერრამ.

მომავალი მეუღლე, ერრამ, პირვველად შვიდი თუ რვა წლის ასაკში შეამჩნია. მის მოპირდაპირე სახლში გადმოვიდა  ქეთო და ერრამაც პირველივე დღეს შენიშნა საძინებელი ოთახის ფანჯრიდან. როდესაც გაღიმებულმა გოგონამ საპასუხო მზერა შეაგება შერცხვა, თავი დახარა და ფანჯრის ძირში დაიმალა.გადიოდა დრო და ის ისევ ვერ ბედავდა მისთვის პირისპირ შეხედვას, სანამ ერთ დღესაც გამბედაობა არ მოიკრიბა და უკვე რუტინად ქცეული დამალვის მაგვრად ხელი არ დაუქნია. მას მერე, ყოველდღე თამაშობდნენ ხოლმე ეზოში, მათ გარდა ხომ არავინ იყო უბანში ბავშვი, სანამ ვალიკო არ ჩამოვიდა, ის უფროსი იყო, თუმცა მთლად წამოზრდამდე მაინც თამაშობდა ხოლმე მათთან, სიბერეში ცრემლები მოსდიოდა ერრას, როდესაც იხსენებდა ხოლმე, როგორ იცინოდნენ ის და ქეთო ვალიკოს დამტვრეულ ქართულზე.
გადიოდა დრო, ისინი უკვე ცამეტისები იყვნენ და უკვე ყველასთვის აშკარა იყო რომ ერთმანეთი უყვარდათ, თუმცა არასოდეს უთქვამთ ეს ერთმანეთისთვის, უბრალოდ უბედნიერესები იყვნენ ერთად ყოფნით, სხვას არც ქონდა მნიშვნელობა მათთვის. იყვნენ ასე სიამტკბილობაში, იმ დღემდე, სანამ ერრას მშობლები არ გაქრნენ. ძალიან შეიცვალა მას მერე ერრა, უფრო სწორად იმ მდგომარეობას დაუბრუნდა სანამ ხელის დაქნევას გაბედავდა ქეთოსთვის. იკეტებოდა ხოლმე სახლში და დღეები არ გამოდიოდა, მასთან მისულ ქეთოს არ ენახვებოდა ხოლმე და მხოლოდ კარის შიგნიდან ესაუბრებოდა. ვალიკო, მშობლების გაქრობიდან რამოდენიმე დღეში, ჯარში წაიყვანეს, ერრაზე მთელი უბანი ერთად ზრუნავდა და რიგრიგობით მიჰქონდათ ხოლმე საჭმელი მისთვის.

ერთხელ, დიდხნიანი ჩაკეტვის შემდეგ ოთახიდან თავქუდმოგლეჯილი გამოვარდა, ქეთოს სახლიჯენ გაიქცა ყვირილითა და ტირილით. შეშინებული ქეთო ეზოში გამოვიდა, რა მოუვიდაო, ის კი მას მუხლებში ჩაუვარდა, ბოდიშები უხადა, ხელში თავისივე ნაწერებით სავსე რვეული ჩაუდო და ცოლობა თხოვა, ქეთო მასზე მეტად აბღავლდა, მოეხვია და სულელოს ძახილით დასთანხმდა, თავის მხრივ ერრა პირდებოდა რომ ასე აღარასდროს მოიქცეოდა.

დიდხნიანი წვალების შემდეგ, ვინიადან ქეთოს მშობლები წინააღმდეგნი იყვნენ, მიაღწიეს საწადელს და ჯვარი დაიწერეს, მაგ დროს უკვე თვრამეტი წლისები იყვნენ ორივე და კოლექტივში თავიანთი საქმეებიც ქონდათ ნაპოვნი. ერრა ტრაქტორისტი იყო, ქეთო კი მაღაზიაში მუშაობდა გამყიდველად. ვალიკოს აღარ ელოდნენ, ვინაიდან, ბერლინში იყო ჯარში და ორ წლიანი სავალდებულო სამსახურის შემდეგ გადაწყვიტა გაეგრძელებინა სამხედრო კარიერა.

თხუთმეტი წელი იყო გასული მათი შეუღლებიდან, ოთხი შვილიც ეყოლათ, ოთხივე ბიჭი (ისინი მოათრევდნენ კუბოს). ერთ დღესაც, სამსახურისგან დაღლილმა ერრამ გადაწყვიტა გაეარა მეუღლისთვის და ერთად წასულიყვნენ სახლში. მაღაზიასთან ახლოს მისული გაშრა, ერთ ადგილზე გაიყინა, დახლთან მამამისი იდგა და ქეთოს ესაუბრებოდა. ორი საათის შემდეგ, როდესაც სამუშაო დღე დასრულდა, მაღაზიიდან გამოსულ ქალს ეს სანახაობა დახვდა. კაბის კალთის ჰაერში ტრიალისა და ყვირილის შემდეგ, როგორც იქნა მოაქუჩა ხალხი, ერრა რომ წაეღებინებინათ სახლამდე. სახლში მისვლის შემდეგ, საძინებელში დააწვინა და თვითონ კი სავარძელში ჩაჯდა დასასვენებლად.იქვე ჩაეძინა და დილით ადრე გამოღვიძებული მაშინვე საძინებლისკენ გავარდა, კარი დაკეტილი იყო, ერთიანად ამოიკვნესა, თითქოს სულიც ამოაყოლაო, შემდეგ კი მუხლებში ძალაგამოცლილი ჩაიკეცა.
მას მერე ვერავინ ცნობდა ერრას, დაიოდა ხალხში და ლექსებს უკითხავდა ყველას, ხმამაღლა, ბაშვებთან ერთად იჯდა ბირჟაზე მთელი დღე და ბანქოს თამაშობდა ხოლმე, ჩვენი დაცინვის ობიექტად იყო ქცეული, თუმცა ეს არ ანაღვლებდა, ზოგჯერ ჩადგებოდა რუში და დადიოდა წინ და უკან, სანამ მთლიანად არ გატალახიანდებოდა. გრძელდებოდა ასე, რამოდენიმე წელი. ქეთო ყოველდღე ფიქრობდა რომ გადასულიყო შვილებთან ერთად წასულიყო სადმე, მაგრამ, ასევე, ყოველ დღე წყევლიდა თავს ამ აზრების გამო. ამასობაში ვალიკოც დაბრუნდა ჯარიდან, მაიორის წოდებით, თუმცა უკან აღარ აპირებდა წასვლას. გატანჯულმა ქეთომ იქვე დააბინავა, გაიფიქრა, აი კიდე ერთი საზრუნავიო.

ერრა სულ გაუცხოვდა, ქეთოს ხმას აღარ სცემდა, შვილებიდან სამნი დაინიშნენ და გადავიდნენ, ყველაზე ნაბოლარა კი სასწავლებლად იყო წასული. საწყალ ქეთოს ხმის გამცემი აღარ ჰყავდა, მხოლოდ ვალიკო ესაუბრებოდა ხოლმე. ერთ დღესაც სახლიდან გასული ერრა კვირაზე მეტხანს არ დაბრუნებულა, დაბრუნების შემდეგ კი, მისაღებში, ერთმანეთზე გადაჭაჭვული, მისი ცოლი და ძმა დაინახა, არაფერი უქნია, ვაშლი მოგიტანეთო უთხრა და იქვე დაჯდა ფეხსაცმელის გასახდელად. ეს ბოლო წერტილი იყო ქეთოსთვის, უკვე აღარ შეეძლო მისი ტანჯვის ყურება და სახლიდანაც წავიდა შერცხვენილ ატირებული, შვილებმაც უარყვეს მამა, ვალიკო კი სოფლის გამგებელი გახდა.
ქეთო, მანამდე არ დაბრუნებულა, სანამ ერრა მისი ცხოვრების ბოლო ზაფხულს ლოგინად არ ჩავარდა, შვილებმა თხოვეს მოუარეო, მახსოვს, მთელი ზაფხული მოკვდის ეძახდა, დადამბლავენულ ნაქმარევს.

როდესაც სასაფლაოზე ჩავედით, ამდენხანს ჩუმად მყოფი ქეთინო ჩაიკეცა და ხმამაღლა, მხოლოდ ერთხელ ამოიგმინა, მოხვედი ერრა ბინაში?!, სხვა ააფერი უთქვამს, რაღაც რვეული დაადგო მიცვალებულს და ზურგი აქცია, ქელეხზეც არ დარჩენილა. როდესაც ყველანი წავიდნენ და კუბოს თავსახურს ვაფარებდით, ვიწვალეთ, არ ეფარებოდა, რაღაც უშლიდან ხელს, რვეული ყოფილა.  სიცხისგან და წვალებისგან გაბრაზებულმა მესაფლავემ ამოიღო და მოისროლა, რა ყველაფერს კუბოში უტენიან მკვრებსო, რა თქმა უნდა, ავიღე. სწორედ ის რვეული იყო, რომელიც გადასცა ცოლობის თხოვნის დროს.

სახლში დაქანცული დავბრუნდი, იქ არავინ დამხვდა, მას მერე მარტო ვცხოვრობთ, მე და ერრა.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები