ნაწარმოებები


ლიტერატურული კონკურსი “ლილე 2021“     * * *     დაწვრილებით ფორუმზე https://urakparaki.com/?m=13&Theme=1546

ავტორი: ფლორენცია
ჟანრი: პოეზია
11 სექტემბერი, 2020


ჩემო პატარავ, ნუ მიბრაზდები!

ჩემო პატარა ფოტონო,
თუ ცრემლი, რომელიც სულზე მკიდია,
რაიმე ძალით, უხრწნელი თხელი არხებით ამოაღწევს
თვალამდე და გააპობს ნიღაბს,
ნუ გამიშუქებ, ნუ დაანათებ შენს ლამაზ ძალას,
დაე ყველას ვეგონო ლაღი, უდარდელა და ბედნიერი!
დაე, ადამიანებმა საკუთარი იმედები დაინახონ ჩემში!
დაე, დაიჯერონ რომ ბედნიერება სადღაც ახლოს, ჩუმად არსებობს!

ჩემო ფოტონო,
ნუ დააწვიმებ კვანტებს ჩემს ბნელ კუნჭულებს,
ნუ გარდატყდები ჩემი ცრემლის გუბურებში და ორმაგობას
ორგულობად ნუ გადაიქცევ!
ეს ხომ ჩემი კუნჭულებია, ძალიან ჩემი..
მზად ვარ ეგონოთ ჩემი სული გლუვი და ბრტყელი!
თუნდაც, იფიქრონ რომ არაფრად ვარგია იგი!
დაე, მიმაგდონ, როგორც უსარგებლო, ურიგო ნივთი,
ოღონდ შემდეგ, თავის ხელები არ მიფათურონ!

ჩემო ულუფავ მზის ენერგიის!
ნუ გარდატყდები ჩემს ზედაპირზე!
შემომიარე, ამაცილე ღვთიური ძალა!
თორემ ვიღაცას შეიძლება ოქრო ვეგონო
და როდესაც ის აღმოაჩენს რომ უტყვი ქვა ვარ,
ადგეს და სადღაც, უკიდეგანო სიმარტოვეში გადამისროლოს!

ჩემო ფოტონო,
გთხოვ მიმატოვო,
როგორც ქალი მიატოვებს საყვარელ მამაკაცს,
თუ კი მიხვდება რომ უმისობით მას ბედს არგუნებს!
თუ კი შენც იცი, რაოდენ ტკივილს მაყენებ შენი
თითოეული გამობრწყინებით,
თუ კი გიყვარვარ, გთხოვ მიმატოვო!
გთხოვ მიატოვო ჩემი სიბნელე,
სიბნელეც ხომ პირობითად დავარქვით ხალხმა,
თორემ ის ხომ ბუნებრივი მდგომარეობა
არც ისე ურჩი, არც ისე პრეტენზიული,
უფრო მშვიდი და მარტივი არის.
სიბნელე წიგნს ჰგავს, სადაც პერსონაჟებს
ჩვენ თვითონ ვმოსავთ და ვხატავთ ოცნების თვალით !
მეც გთხოვ შემარგე ჩემი სიბნელე, ჩემი ცრემლები და ბნელი კუნჭულები!
ჩემია, გესმის!?
და მაოცნებე მომავალ გზებზე, ნუ გამინათებ!
დე დავხატო ისინი ისე, როგორაც მინდა!
და თუ დამიცდა ფეხი ჩემი სადმე დიდ, კლდოვან ქვაზე,
ჩემს ნაკუწებად ქცეულ სულს შეაკოწიწებენ მოზაიკასავით
და იქნებ ამაწყონ გლუვი და იდეალურად ბრტყელი,
რომ ვეღარასდროს, ვერანაირმა ფოტონმა
ვერ შეძლოს გაუკვალავი, წვრილი არხებით,
მეტასტაზებად გასული სპაზმებით ჩემში შეღწევა!
ჩემო ფოტონო, ნუ მიბრაზდები
თუ კი სიბნელე შენზე მეტად მიყვარს!

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები

საიტის წევრს ნიკით:  ფრესკაული ვულოცავთ დაბადების დღეს