ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ტინნე
ჟანრი: პოეზია
20 სექტემბერი, 2020


უცხო მიწაზე


გათენდა... მივდივარ... არ ვიცი სად...
მინდა თუ არა ვიქცევი სხვად.
წინ გაურკვევლობით სავსე ცხოვრება
ხელს მიქნევს და მეც მივყვები ბრმად.

გონებამ ფიქრი რატომღაც შეწყვიტა,
გულმა კი ორმაგად დაიწყო ფეთქვა
მხოლოდ ტკივილად შემოინახა ის,
რაც იმ დილით მინდოდა მეთქვა.

ურჩ ცრემლებს უკან ჯიუტად ვაბრუნებ
ვცდილობ თვალებში სხივი ჩავიდგა
მხოლოდ ამ წამს, ამ წუთს ვიაზრებ წასვლა საშინლად... საშინლად არ მინდა!

გასვლის წინ სახლს რომ მზერა მოვავლე
დავიმახსოვრე ყველა დეტალი
უფალო, გკითხავ, თუ მიპასუხებ
ჩემი ბედისწერა ნამდვილად ეს არის?!

შვილების სითბოს და ჩახუტებას
როდის მიმზადებს ისევ ცხოვრება?!
შეგრძნება არ მტოვს რომ გული სხეულს
უმტკივნეულოდ ნელ-ნელა შორდება.

უცხო ქვეყანა, უცხო გარემო
აქ შენიანი არავინაა
უნდა იბრძოლო, უნდა გამაგრდე
რადგან ჯერ კიდევ რთული წინაა...

დილა თენდება და დღე ღამდება
დაბრუნების დღის წარმოსახვაში
ვლოცულობ ჩუმად, ღმერთს ვევედრები
დამიცვას მუდამ... წინ მომავალში...

მონატრებისგან რომ იკუმშება
ტკივილისაგან დაღლილი გული
ცრემლიან თვალებს ჩუმად მოიწმენდ და მოგერევა ნანატრი რული

აზრი არა აქვს არაფრის ახსნას
მაინც ვერავინ ვერ მიგიხვდება
მხოლოდ შენს გვერდით მყოფი გაგიგებს
ის ვინც შენსავით უცხოეთს ხვდება.

ნეტავი იმ დღეს და მზის ამოსვლას
ჩემს მიწა-წყალზე ფეხს რომ დავადგამ
იმედს ვიტოვებ იმ მწარე დღეებს
ერთი ჩასუნთქვით ქარს მთლად გავატან

დაბრუნებაზე ფიქრი, ოცნება
თითქოს სულ ოდნავ ტკივილს აყუჩებს
უფალო, შევთხოვ... მხოლოდ ერთ რამეს
მე საქართველო ისევ მაჩუქე...

                           

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები