ნაწარმოებები


გამარჯვებას ვუსურვებთ გმირ უკრაინელ ხალხს რუს აგრესორზე. დიდება უკრაინას !!!     * * *     Сла́ва Украї́ні !!!

ავტორი: ლელა მგელაძე
ჟანრი: იუმორისტული
10 ნოემბერი, 2020


დიასახლისური

შუახნის სპლინი შემიჩნდა,
მოყვა სურვილთა ლაშქარი:
წყნარი სიკვდილი რად მინდა?!
(ვთქათ, არჩევანი სხაც არის.)
მივატოვებდი ტახტს, გვირგვინს,
ჭეშმარიტების განმჭვრეტი,
მერე კი, სადმე, ხის ძირას
სულს სხივმოსილი დავლევდი.
ან - წიგნსაცავს და სასახლეს,
განვასრულებდი რა  საქმეს,
გავცვლიდი დაუფიქრებლად
ქვაბულში, ცხელი სავანის,
მერე კი, როცა იქნება,     
(თუ მიქელამაც ინება)
გრაციოზული ნახტომით
ყელს გამომჭრიდა მშვენება
ბუნების, ვეფხვი, ან ლომი.
ან, გამოვიხმობ ჩემში გმირს,
გამოსადეგარს ქვეყნისთვის.
თავი ცოცხალი რად მინდა
თუ მტერს ვერ გავყრი ზღვარს მიღმა.
გავრეკდი დარუბანდამდი,
ან ხმალ-ხმალ თავს შევაკლავდი.


მიმოვიხედე, დავზვერე
ჩემი სამეფოს საზღვარი.
არც ტახტი,  არც აზავერი
არცა ხვატი დგას სავანის.
გვირგვინად არც გამოდგება
ქვაბი, ქაფქირი, არც ტაფა.
გაზქურაზე კი კერძი დგას
სურნელოვანი, ქაფქაფა.
რა გმირობა და რა სიბრძნე!
ან, რა ვეფხვი და მტერია!
ხმალი კი არა და მწვანილის
დანა ძლივს დაგიჭერია.
არცა თვალებს გჭრის თავს ზემოთ
ნათება  შარავანდედის,
და ხმა მაღლიდან კი არა
აქვე ჟღერს - მაჭამე დედი.

მიდი, შენს საქმეს მიხედე,
თორემ ამ გზების შემრჩევი,
მალე დამშეულ მომხვდურებს -
ქმარ-შვილს ხახაში შერჩები.

კომენტარები ილუსტრაციები რეცენზიები