| ავტორი: ჰოლმვუდი ჟანრი: პროზა 15 ოქტომბერი, 2020 |
ნაწარმოები შეიცავს უცენზურო ფრაზებს
თუ თქვენ გინდათ ნახოთ მხოლოდ ეს ნაწარმოები, დააჭირეთ აქ
იაპონური ნათურებით განათებულ სასტუმროს ბარში ისეთი სითბო სუფევდა, ქურქები და პალტოები მხოლოდ სკამებს მოეხურათ ზურგზე. ფინჯნებიდან ჟოლოს ჩაის, ყავისა და სიდრის სურნელი ჭერამდე იფრქვეოდა. ვეებერთელა ვიტრაჟიდან მოჩანდა თუ როგორ ლოკავდა ზამთრის ნისლი მიძინებულ ქალაქს. დახლთან ახლოს, გამჭვირვალე მაგიდასთან განქორწინებული წყვილი იჯდა, უბრალოდ, ჯერ ერთამენთს არ იცნობდნენ. ეს მათი პირველყოფილი შეხვედრა და დიალოგი იყო. ფინლეი, შუახნის კრიზისს მიუღწეველი მამაკაცი, რძიან ყავას მიირთმევდა და ჟამდაჟამ რძის მწარმოებელ კომპანიებს ლანძღავდა უვარგისი პროდუქციის გამო. ტვინში ვინილივით უბზრიალებდა განცდა, რომ ახალგაცნობილმა ქალმა, აირისმა, შუშის მაგიდასთან გადმოსხდომა იმიტომ მოისურვა, რომ მამაკაცს მისი გლუვი ფეხები და ქვიშის საათივით სხეული უკეთ შეეთვალიერებინა. ფინლეის სწორკუთხოვანი ფიგურებით აჭრელებული პერანგი და კუბოკრული შარვალი ეცვა, რაც ქალის ფიქრით, მის მოლაყბე ხასიათს საერთოდ არ შეეფერებოდა. ფინლეის თვალები აირისის ზღვის ქაფივით ქათქათა გულ-მკერდს არ შორდებოდა. უცქერდა თხელ ლავიწებს ქვემოთ გამოსახულ ინი და იანის სიმბოლოს, რომელიც ორ ცალთვალა თავკომბალას მოაგონებდა. ფინლეი თავიდან ფიქრობდა, რომ ეს არც ისე სახეირო ადგილზე დახატული სვირინგი იყო, მაგრამ როდესაც მანდილოსანი შაქრის კუბიკების ასაღებად გადაიხარა, ინი და იანის გამოსახულება მკერდს მოწყდა და ჰაერში დაიწყო ფარფატი. ფინლეი მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ ეს ყელსაბამი იყო, რომლის თოკი თმის ღერზე წვრილი უნდა ყოფილიყო. - გინდათ გაიგოთ ინი და იანის ჭეშმარიტი მნიშვნელობა? - თავაზიანად ჰკითხა კაცმა აირისს. - უკაცრავად? ქალი ყავას ურევდა და მინიმალისტურმა მორევმა მოაჯადოვა. ფინლეიმ კითხვა გაუმეორა: - გინდათ იცოდეთ თუ რას ნიშნავს ნამდვილი ინი და იანი და გათავისუფლდეთ გაქვავებული შეხედულებისგან, რომ ეს არის სიკეთისა და ბოროტების სიმბოლო? აირისმა ჭერისკენ აიხედა, თითქოს გონებაში მათემატიკურ ამოცანას ხსნისო და ტუჩები კურდღელივით ააცმაცუნა. ფინლეიმ განუმარტა: - იანი, ეგრეთ წოდებული ნათელი, ეს არის ჭიქა სავსე რძით, რომელშიც ერთი კოვზი ყავაა განზავებული, ხოლო ინი, ეს არის ყავა და მასში მოტივტივე შაქრის ნატეხი. ყავა და რძე, აი, რა არის ცივილიზაციის მთავარი ღირსება და არა ვისკი, ან ბურბონი როგორც ამას ზოგიერთები გვაყვედრებენ. აირისს ხუმრობაზე ალალად გაეცინა და მამაკაცს უთხრა: - შეიძლება ეს არის კაცობრიობის ღირსება, - ქალმა სიტყვა "ეს"-ზე ყელსაბამს მოკიდა ხელი, - მაგრამ ვისკი ღვთიური სასმელია. - ვიცოდი, რომ ნამდვილი ჩრდილოელი ჩემს ბოლო სიტყვებს ქარს არ გაატანდა. ისევ დავუბრუნდები ინი და იანს. აი, ანტიკურ საბერძნეთში თქვენი ყელსაბამი წმინდად შავი და ალალად თეთრი იქნებოდა, არანაირი პატარა შავ-თეთრი სფეროებით შუგულებში. - ვითომ რატომ? - მოჩვენებითი ცნობისმოყვარეობით ჰკითხა ქალმა. - იმიტომ, რომ იმ ეპოქაში კეთილი სიგიჟემდე კეთილია, ბოროტო სიკვდილამდე ბოროტი. თეთრსა და შავს შუა სირიასა და ისრაელს შორის გავლებულ საზღვარზე უფრო შეუღწევადი გალავანია აღმართული. აი, ძველბერძენ მისტერ კეთილშობილება გმირს შემწვარი ქათამი, რომ მიართვათ არაფრის დიდებით არ აიღებს ბარკალს, მხოლოდ თეთრი ხორცით დანაყრდება. აირისი ისე აკისკისდა სიბრძნის კბილები გამოუჩნდა, ფინლეი კი არ თაკილობდა ლაყბობას: - ისინი ამბობდნენ " კალოს კაგატოს! ლამაზ სხეულში ლამაზი სული!" თუმცა მე უფრო ფროიდი მეთანხმება იმაში, რომ რაც უფრო ლამაზია ადამიანი, მით უფრო მეტი დემონია მასში. და თუ ეს მხოლოდ სუბიექტური აღქმა არაა, თქვენი სილამაზის შემყურე, ჯოჯოხეთი ცარიელ ქვესკნელად მელანდება. - ჰო? - ალბათ. ყოველ შემთხვევაში, მე რომ რქები მქონდეს იქ არ გავჩერდებოდი. აირისმა მორცხვად გაიღიმა და ლოყები საღამოს ღრუბელივით შეუვარდისფერდა. ფინლეი გაოცებულიყო თუ როგორი ბავშვურობა იგრძნობოდა ამ თამამად ჩაცმული ქალბატონისგან. - ნუთუ სულ ასეთი მხიარული ხართ? - ჰკითხა მამაკაცს. - მხიარული? მოწყენილობა ჩემი რუდიმენტული ნიშანია. ძალიან გთხოვთ, მომიყევით ამ ქალაქში რატომ ჩამოხვედით, რას საქმიანობთ, მომავალში რას გეგმავთ, გულწრფელად მაინტერესებს. აირისმა წარბები მშვილდივით მორკალა, ტუჩები მუხლუხოსავით მოეკუმა. - მოყვარული რეჟისორი ვარ, - დაიწყო მოყოლა, - გააფხულსა და ზაფხულზე შევუდექი ჩემი პირველი სერიოზული ფილმის გადაღებას, სახელად "მკვდარი პორტრეტები"( აქამდე მხოლოდ მოკლემენტეაჟიან ბანალურობებს ვიღებდი) და მხოლოდ კინოს ნახევარი დავასრულე. მეორე ნაწილის გადაღებას იანვარში ვგეგმავ, თუ გამიღიმა ბედმა. საქმე ისაა, რომ დარჩენილი ეპიზოდის მოქმედებები ზამთარში ვითარდება. მე საიმისო ბიუჯეტი ნამდვილად არ მქონდა, რომ ივლისში ხელოვნური თოვლი შემესყიდა, სულ მცირე ორასი გალონი მაინც იყო საჭირო, მე კი თანხა გრიმიორების დასაქირავებლად ძლივს მეყო. ასე, რომ გადავწყვიტე თოვლის მოსვლას დავლოდებოდი. - ოჰ, ძალიან გაგირისკავთ. ამ მხარეში ზამთრის ამინდებს მეტეოროლოგი ნათელმხილველიც ვერ იწინასწარმეტყველებს. ხან ერთი ფიფქიც არ ვარდება ციდან, ხან ღმერთები ფეტვივით გვაყრიან თავზე. - რა ვიცი, იმედს არ ვკარგავ. ქალმა თითები ფაიფურის ჭიქას შეამოაჭდო. კაცის გონება ფინჯანზე გამოსახულმა იეროგლიფებმა და საკურას ხის ჩრდილში წამოწოლილი, კიმონოიანი ქალის ნახატმა ურცხვად გაიტაცა. ეგონა, რომ ქარი წუთი წუთზე დაუბერავდა და საკურას ციცქნა ფოთლებს მეორე განზომილებიდან გამოდევნიდა. - ფილმს სტანდარტული კადრის ზომით იღებთ? ხომ არის რაღაც განსაზღვრული ფორმატი. - დიახ, ოცდათხუთმეტი ოცდაექვსზე შეფარდებით. - იმიტომ გკითხეთ, რომ დაკვირდებული ვარ აღმოსავლურ, კერძოდ ჩინურ ფილმებს ძალიან ვიწრო, გაწელილი კადრები ახასიათებთ, შეიძლება ორმოცდაოთხი ოცდათექსვსმეტზე, ან რამე მსგავსი. ეს ესთეტიკის საკითხია, თუ აზიელი მაყურებლის თვალის კომფორტს ემსახურება - ფინლეიმ თვალის კუთხეებში თითები მიიჭირა და კანი საფეთქლებისკენ გამოჭიმა. - ალბათ ესთეტიკის საკითხია, - სიცილით მიუგო აირისმა. - თუ საიდუმლო არაა, მიამბეთ რაზეა თქვენი ფილმი. - სიამოვნებით, მაგრამ პრემიერამდე არავის არაფერი უნდა უთხრათ. ფინლეიმ საჩვენებელი და ცერა თითი ერთმანეთს მიაბჯინა და ტუჩზე გადაასრიალა, სამარე ვარო ანიშნა: - ამის შესახებ მხოლოდ მე, თქვენ და ამ საშაქრეს ეცოდინება. აირისი სიუჟეტის თხრობას მოჰყვა: - ფილმი ერთ მხატვარზე, ლირიდონ კრიზნიკზეა. ის გამორჩეული ფერმწერია. უჩვეულოდ დინამიურ და ცოცხალ მონასმებს აკეთებს, მაგრამ მის მენატურეებსა და დასახატ სამიზნეებს ყოველთვის უბედურება ატყდებათ თავს. მაგალითად ვულფენის ციხესიმაგრის ხატვისას, სასახლე მიწისძვრის გამო ჩამოიშლება, დიდგვაროვანი ოჯახის პორტრეტის ფერწერისას მენატურეთა კრინოლინი აალდება და მათ კაბებს ცეცხლი მოედება, ეს იმით აიხსნება, რომ ძველად კრინოლინები ადვილადაალებადი ნივთიერებებისგან მზადებოდა და ასე შემდეგ. ხელოვანიც ნელ-ნელა ხვდება, რომ ეს წყევლასავით რაღაც მუდამ თან დასდევდა და ახლაც არ ეშვება. სანამ შედარებით ცნობილი და მოთხოვნადი გახდებოდა, ლირიდონი ნაძვნარიან სკვერში იჯდა და გამვლელებს სამი ფლორინის სანაცვლოდ აპორტრეტებდა. ასე რომ,იმასაც გაიაზრებს, რომ ვინც სკვერში თავის დროზე დატახა, ყველა მიწასაა მიბარებული. საბოლოოდ იგი თვითმკვლელობას გადაწყვეტს( ცოტათი პოეტურად) და ავტოპორტრეტის დახატვას განიზრახავს. ასეც მოიქცევა, დადგება სარკის წინ, ანარეკლს ტილოზე გადმოიტანს და სიკვდილს მშვიდად დაელოდება. თუმცა საუბედურო ამბავს შეიტყობს: ლირიდონის მაგივრად, მისი ტყუპის ცალი გამოესალმება სიცოცხლეს. აი, ზამთრის ეპიზოდი უკვე საიდუმლოა. - ჯანდაბა, - აღტაცების გამოსახატავად სახის ყველა კუნთი ჩართო ფინლეიმ, იმდენად, რომ შექსპირულ დრამამდე აღარაფერი აკლდა, - ასე ნუ მიმატოვებთ, ეს გუგულის უნამუსობაზე დიდი უსინდისობაა. მშვენიერი. მშვენიერი სცენარია. კრინოლინზე მომეწონა, დარწმუნებული ვარ კიდევ გექნებათ დამაჯერებელი მაგალითები თუ როგორ და რატომ ნადგურდებიან მენატურეები, მაგრამ ჩემთვის უფრო მომხიბვლელი იქნება ამ წყევლას მეცნიერული, ან რამე მსგავსი ახსნა ექნება. - აქვს, აქვს, იმდენად კარგი, რომ ფილმი ფენტეზის ჟანრშიც კი არ გადის. სამწუხაროდ მეტს ვეღარ გიამბობთ. ახლა თქვენი ჯერია საკუთარ თავზე ისაუბროთ. - რა გაეწყობა, რა გაეწყობა... რამე ალკოჰოლურ სასმელს შემოგთავაზებდით, რომ ჩემი პროფესია უფრო რეალურს მიმსგავსებოდა, მაგრამ ამ ბარის სასმელებით მხოლოდ ბავშვი თუ იხეირებს. ჩემი მოვალეობაა წყალსატევებიდან, ტბორებიდან და ტბებიდან რაც შეიძლება მეტი დაკარგული გოლფის ბურთი ამოვიღო, წყალქვეშა აღჭურვილობას სამსახური უზრუნველყოფს. ამის გაგონებისას აირისს პირიდან ყავა გადმოექცა. მამაკაცს გაკვირვებულმა მიმართა: - მსგავსი არასოდეს არაფერი გამიგონია, შემოსავლიანი თუ არის? - წელიწადში ათიათას ევროს ვშოულობ, იშვიათი პროფესიაა. ხომ მარტივი ჩანს, მაგრამ ფსკერზე ათასი ოხრობა იმალება, გველთევზები, გველები, წყალმცენარეები... ქალმა ბლითის ორცხობილა ჩაკბიჩა. ჩვეულებრივზე ოდნავ გაფართოებული თვალებით უცქერდა ფინლეის და სარძევე კბილებით ქიშმიშს ანაწევრებდა. მამაკაცს ეს გამომეტყველება არ გამოპარვია და თამაში შეწყვიტა: - ოღონდ ასეთი სახით ნუ მიყურებთ. რა თქმა უნდა, გატყუებთ. აირისმა თავისთვის ჩაიცინა, ცოტა უკმაყოფილოდ. - ვიცრუე, მაგრამ თავიც დავიმცირე. სინამდვილეში ათიათას ევროს მხოლოდ სამ თვეში გამოვიმუშავებ. თქვენი ფილმის პერსონაჟი ჩემი კოლეგაა, მაგრამ დამიჯერეთ, მე რაც ტილოებზე გადმომაქვს ის, რომ ნადგურდებოდეს ადამიანი კიდევ უფრო შემზარავ ცხოველს დაემსგავსებოდა. ეს უკვე ხუმრობა აღარ არის, ზემოთ, ოთახში აუქციონზე გასაყიდად ნახატს ვინახავ, შემიძლია გაჩვენოთ თუ მოისურვებთ. - ესე იგი, მხატვარი ხართ? თანაც საკმაოდ შემოსავლიანი. - დიახ, ჩემს მუხის სახლში იატაკს არასოდეს გააქვს ჭრიალი, - ფინლეი ისე გაიბადრა, სიმინდის მარცვლებივით ჩამწკრივებული კბილები აუელვარდა. - საინტერესოა რატომაა თქვენი ნამუშევრები ასეთი ღირებული, რა ხდის მათ ასე დიადს? - რა ხდის? თვითონ ადამიანი! მე აბსტრაქტულ ნამუშევრებს ვხატავ, მაქვს შექმნილი კოლექცია "უსაფეხურო კიბე", სადაც საკუთარ ნახატებს შესაბამის გრძნობასთან, განცდასთან ვაიგივებ და ამავე ემოციის სახელს ვარქმევ, ჩემი ყველაზე შემოსავლიანი კოლექციაა. ჭკუიდან გადავდივარ ამ ქაოსურად გადღაბნილ ზოლებსა და ფერების უაზრო თამაშსს როგორ აკრავენ დიადურობის იარლიყს, როდესაც სინამდვილეში მხოლოდ ნაგავია და მეტი არაფერი, ნაგავი, რომელსაც ადამიანის გონება ტიმ ნობლი და სიუ ვებსტერივით გარდაქმნის მშვენიერებად. ყველაფერს ადამიანი თხზავს, ბეწო დიდებულება არ დევს ჩემს ნამუშევრებში. როგორ შეიძლება ღირებული იყოს ნახატი, რომელსაც თავდაპირველად შეგიძლია მოუფიქრო სახელი"ამპარტავნება" და შემდგომ "თავმდაბლობად" გადააკეთო. აირის, მე შემეძლო თქვენს წინაშე თავი მხატვარ გენიოსად გამესაღებინა, რომელიც სამყაროს ფარული მინიშნებები ტილოზე გადმოაქვს, მაგრამ მინდა გულწრფელი ვიყო და გითხრათ, რომ ჩემი საქმიანობა ხალხის გამასხარავება და შარლატანობაა. იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ჩვენ ორს შორის დარჩება. აირისი ფინლეის ჩაფიქრებით მიშტერებოდა. გუგებში ათინათი ისე უკრთოდა, თითქოს შუშის თვალები ჰქონდა. ქალმა ტუჩებზე ენის წვერი გადაისრილადა და აღნიშნა: - ისეთი რაღაც მითხარით, ამის აღიარება საკუთარ თავთანაც გამიჭირდებოდა. - დიახ, ამის გათქმა არ იყო ადვილი საქმე. ამ დასკვნამდე აბაზანის მიღებისას მივედი. სააბაზანო ხომ ის ადგილია, სადაც ადამიანი იდალურად ამჟღავნებს საკუთარ თავს, არ მეთანხმებით? - ეს თქვენი საუკეთესო ფრაზაა, - ღიმილით უპასუხა აირისმა, - იქნებ მხოლოდ თქვენ გგონიათ, რომ არარაობას ქმნით და რეალურად გენიოსი ხართ? - ამოდით ჩემთან ნომერში, მე ნამუშევარს გაჩვენებთ და გეტყვით დაასახელოთ გრძნობა ან განცდა, რომელიც ნახატმა დაგაუფლათ. გარანტიას გაძლევთ ნახატის სახელს არ დაემთხვევა. - ასეთი მიდგომა არ შეიძლება, ხელოვნება ხომ სუბიექტურია. - სუბიექტური მხოლოდ თქვენი აზრია. - და თუ დაემთხვევა? - მაშინ მე ვიზრუნებ თოვლი აუცილებლად, აუცილებლად მოვიდეს. აირისი სკამის ზურგს მიეყრდნო და ყავა მოხრუპა. ფინჯანმა პატარა ცხვირი მთლიანად დაუფარა. ქალმა ჭიქასა და თმას შორის დარჩენილი ვიწრო ჭრილიდან ეშმაკურად ამოხედა მოსაუბრეს. ფინლეიმაც შეაგება მზერა და მშვენიერ ქალბატონს თამამად უთხრა: - თქვენ არ გავხართ იმ ქალს, რომელიც ქორწინებაში იმყოფება. - ასე რატომ ფიქრობთ? - ქორწინებაში არ ხართ, მაგრამ იყავით, მართალი ვარ? აირისმა ქვედა ტუჩი თაღივით მოამრგვალა და თავი გაკვირვებულმა დაუქნია. - როგორ მიხვდით? - წესით გალიიდან გამოფრენილი ჩიტები ერთმანეთს სტვენით უნდა ცნობდნენ, ასე არ არის? მეც განქორწინებული ვარ. მე და თქვენ ეს ორი უდიდესი სისულელე უკვე ჩავიდინეთ ცხოვრებაში, საინტერესოა ბედი რას გვიმზადებს. - განქორწინება იყო სისულელე? პირიქით. - როგორ არა, ეს იყო მცდელობა დაგეღწიათ თავი, რადგან შემდეგ იგივე დაგმართნოდათ. - ვერ გეტყვით, ჯერ არაფერი მაქვს გეგმაში. - ასეა თუ ისე, ჩემს მეორე ნახევარზე კი არა, მეასედზე არ ვიტყოდი უარს, ოღონდ რამე ეცხოს ჩემი. თავის დროზე უნდა მცოდნოდა, რომ ჩემი ყოფილი ცოლის მსგავსი ქალის სული მხოლოდ ძვირადღირებული სუნამოთი და ბრენდირებული ალკოჰოლით ირწყვებოდა. სოფელ შანტონში გავიცანი. იქ ძროხები უტკბეს რძეს იწველებოდნენ და არა ამ ქალაქურ ჩალას. საღამოობით ისეთი ნისლი იცოდა, საკუთარ ცხვირს ვეღარ ვხედავდი ხოლმე, ჩემი ყოფილი მეუღლე კი მაინც მაკიაჟით დაკუნტრუშობდა. აი თქვენი ფერ-უმარილი ფრთა ღრუბელივით თხელია, აირისს ლოყები აუღაჟღაჟდა. სადღაც იქვე მიმტანს ჭიქა გაუვარდა და იატაკზე ნამსხვრევებად მიმოიფანტა. მოსაუბრეებს შორის დუმილი ჩადგა. ცოტახნით მხოლოდ მაგიდებთან მსხდომი უცხოელების პოლილინგვისტური ლაქლაქი, ფეხსაცმლის ქუსლების ბაკუნი და ჭიქების რაკარუკი ისმოდა. - ანგელოზმა ჩაიფრინა, - ჩაილაპარაკა აირისმა, სანამ ფინლეი რძიან ყავას სვამდა. - ბატონო? - კაცი გამოერკვა და გათეთრებულ ტუჩებზე ხელსაწმენდი მიიდო. - ანგელოზმა ჩაიარა. როდესაც საუბრისას უეცარი სიჩუმე დგება ასე ამბობენ ხოლმე. - აჰ, დიახ, რა თქმა უნდა, მეც იმიტომ გავჩუმდი, რომ გავლა დამეცდია მისთვის. ალბათ ახლა რძეს მიირთმევს, ის ხომ იანის განსახიერებაა. სამწუხაროდ აქ თქვენი ღვთიური სასმელი არ აქვთ ღრუბლებში, რომ ქერუბიმებს აუტანოს. თუ მას ახლა ჩემი ესმის, მინდა ყურში ჩამჩურჩულოს ისეთი ფრაზა, რომელსაც გეტყვით და თქვენი დემონები დაფრთხებიან, შემდეგ შეუძლია თავის ღრუბელის ქულაზე წამოკოტრიალდეს. - ვირთხას ღამურა ანგელოზი ჰგონიაო, იქნებ ჩვენი საქმეც ასეა? ქალბატონმა უკანასკნელი ყლუპი მოსვა და ჭიქის ფსკერს დაჟინებით ჩააცქერდა, თითქოს შიგნით სარკეა და საკუთარ ანარეკლს უყურებსო. - მეჩენება თუ საკუთარ თავზე მკითხაობას ცდილობთ? მკითხავების ნდობა არაფრით არ შეიძლება, მით უმეტეს საკუთარი თავის, და გეტყვით რატომაც. ახალგაზრდობისას ერთი ახლო მეგობარი მყავდა, ჯედი, რომელსაც ჩვენი სოფლის მჩხიბავმა, ერთმა რუსმა ბარაბაშკამ უთხრა, რომ ოთხმოცდაექვსი წლის ასაკში გარდაიცვლებოდა. საბრალო ჯედი... ნებისმიერმა ჩვიდმეტი წლის ბიჭმა, რომ იცოდეს, რომ სადღაც იქით, გადახჩუებულ მოხუცებულობაში მოელის სიკვდილი, ყველა გოგოსთან დუცველი სექსი ექნება. ჰოდა ეს ჩემი სულელი მეგობარი იმ ბეხრეკი მკითხავის შარლატანობას შეეწირა. - რა საშინელებაა, - ჩაიბუტბუტა აირისმა ისე, რომ ჭიქისთვის თვალი არ მოუცილებია. - შეიძლება? მამაკაცი წინ გადმოიხარა და ფინჯნისკენ გააპარა თვალი. - რისთვის? თქვენ ხომ მითხარით, რომ მკითხავებს არ უნდა ვენდო, - აირისს ბავშვური სიანცე გამოერია ხმაში. - მე ხომ მხატვარი ვარ, - გაბადრული სახით შეაგება პასუხი ფინლეიმ, თითის ბალიშები ქალს ხელის ზურგზე დაუსვა და ჭიქა გამოსტაცა. ძვლისფერი ფინჯნის ფსკერზე მუხის ფესვებივით დაქსაქსული ყავის ნალექი თავის ერთ-ერთ აბსტრაქტულ ნამუშევარს ძალიან აგონებდა, - საუცხოოა, სასწაულია რაოდენ დიდ გამოსახულებასა და ხილვას იტევს ეს პაწაწინა ფინჯანი. თქვენც ის დაინახეთ, რაც მე? - თავისთავად, - თამამად მიუგო აირისმა, იდაყვები მაგიდას დააყრდნო, ნიკაპი ხელის გულზე ჩამოასვენა და წინ მჯდომს უჩურჩულა: - ოთახი, თქვენ და მე. კაცს ტუჩის კიდე განზე გაექცა, თითქოს მოჩვენებამ ცალი ლოყა გაუწელაო. - დიახ, საოცარია არა? ახლა დავფიქრდი, რომ შეიძლება გენიოსი ვიყო, - მიუგო ფინლეიმ და მიმტანს ანგარიშისთვის მოუხმო.
კომენტარები |
ილუსტრაციები |
რეცენზიები |
|
13. მადლობა ფლორ :) სერგეის სხვა აზრი აქვს რაც , რა თქმა უნდა, მისაღებია, თუ რამე შეურაცმჰყოფელი არ არის ამ სიტყვებში. იმის გამო, რომ არ მოსწონს, არავინ აპირებს ტყავიდან ამოძრომას, უბრალოდ სჯობს უფრო გარკვევით გამოხატოს სათქმელი. ესაა და ეს. მადლობა ფლორ :) სერგეის სხვა აზრი აქვს რაც , რა თქმა უნდა, მისაღებია, თუ რამე შეურაცმჰყოფელი არ არის ამ სიტყვებში. იმის გამო, რომ არ მოსწონს, არავინ აპირებს ტყავიდან ამოძრომას, უბრალოდ სჯობს უფრო გარკვევით გამოხატოს სათქმელი. ესაა და ეს.
12. სერგეის კომენტარში სასვენი ნიშანი არასწორადაა დასმული და შინაარსიც დაიკარგა, რისი თქმაც უნდოდა. ვერც სათქმელში დავეთანხმები - მოგვწონს ის, რაც მოგვწონს და რასაც ვთვლით რომ მოსაწონებელია-ესაა მხატვრული ნაწარმოების ერთ-ერთი კარგი ნიმუში, ყველაფრით და ბოლოს და ბოლოს, გვაქვს უფლება მოგვწონდეს ის, რასაც ჩვენ ჩავთვლით ღირებულად. არცაა საჭირო ყველას ერთი აზრი გვქონდეს. სერგეის კომენტარში სასვენი ნიშანი არასწორადაა დასმული და შინაარსიც დაიკარგა, რისი თქმაც უნდოდა. ვერც სათქმელში დავეთანხმები - მოგვწონს ის, რაც მოგვწონს და რასაც ვთვლით რომ მოსაწონებელია-ესაა მხატვრული ნაწარმოების ერთ-ერთი კარგი ნიმუში, ყველაფრით და ბოლოს და ბოლოს, გვაქვს უფლება მოგვწონდეს ის, რასაც ჩვენ ჩავთვლით ღირებულად. არცაა საჭირო ყველას ერთი აზრი გვქონდეს.
11. " ავტორის გახრწნის და დაბნევის ხერხი, მოუწონო ის, რაც არაა მოსაწონებელი" რა იგულისხმება ეს ჩემი ხერხია, რომ სხვები დავაბნიო და გავხრწნა, თუ საიტის წევრების ხრიკია მე დამაბნიონ? პირველ ფრაზას მაინც რას ერჩოდით. ყავა არ მოგწონთ, თუ ჩაი (: მე მაგალითად არც ერთი.
" ავტორის გახრწნის და დაბნევის ხერხი, მოუწონო ის, რაც არაა მოსაწონებელი" რა იგულისხმება ეს ჩემი ხერხია, რომ სხვები დავაბნიო და გავხრწნა, თუ საიტის წევრების ხრიკია მე დამაბნიონ? პირველ ფრაზას მაინც რას ერჩოდით. ყავა არ მოგწონთ, თუ ჩაი (: მე მაგალითად არც ერთი.
10. ავტორის გახრწნის და დაბნევის ხერხი, მოუწონო ის, რაც არაა მოსაწონებელი....აქ მე არ ვგულისხმობ კონკრეტულს, ავტორისეულს, უბრალოდ ავღნიშნე მოძრაობა, რომელიც ემსახურება ამას და ეს არაა კარგი. "ფინჯნებიდან ჟოლოს ჩიას, ყავისა და სიდრის სურნელი ჭერამდე იფრქვეოდა," ასევე ," ნებისმიერმა ჩვიდმეტი წლის ბიჭმა, რომ იცოდეს, რომ სადღაც იქით, გადახჩუებულ მოხუცებულობაში მოელის სიკვდილი, ყველა გოგოსთან დუცველი სექსი ექნება. ჰოდა ეს ჩემი სულელი მეგობარი იმ ბეხრეკი მკითხავის შარლატანობას შეეწირა..." ჩემთვის აქ დამთავრდა ყველაფერი.
ავტორის გახრწნის და დაბნევის ხერხი, მოუწონო ის, რაც არაა მოსაწონებელი....აქ მე არ ვგულისხმობ კონკრეტულს, ავტორისეულს, უბრალოდ ავღნიშნე მოძრაობა, რომელიც ემსახურება ამას და ეს არაა კარგი. "ფინჯნებიდან ჟოლოს ჩიას, ყავისა და სიდრის სურნელი ჭერამდე იფრქვეოდა," ასევე ," ნებისმიერმა ჩვიდმეტი წლის ბიჭმა, რომ იცოდეს, რომ სადღაც იქით, გადახჩუებულ მოხუცებულობაში მოელის სიკვდილი, ყველა გოგოსთან დუცველი სექსი ექნება. ჰოდა ეს ჩემი სულელი მეგობარი იმ ბეხრეკი მკითხავის შარლატანობას შეეწირა..." ჩემთვის აქ დამთავრდა ყველაფერი.
9. მადლობა მუხა წაკითხვისთვის და ამ ინფორმაციისთვის :) მწერლის ნაწერში ისიც აღმოჩნდება ხოლმე, რაც ავტორს არ უგულისხმია.
მადლობა მუხა წაკითხვისთვის და ამ ინფორმაციისთვის :) მწერლის ნაწერში ისიც აღმოჩნდება ხოლმე, რაც ავტორს არ უგულისხმია.
8. საუცხოოა, სასწაულია რაოდენ დიდ გამოსახულებასა და ხილვას იტევს ეს პაწაწინა ფინჯანი.
ეს უბრალო მკითხაობა არაა, აქ დიდი ფსიქოლოგიური აზროვნება დევს, არამარტო ფინჯნის ფსკერის ყავის ნალექი, მელნის ერთი წვეთის ნალექციც, ასაღქმელად საინტერესოა, ძირითადად, ეს"ნალექსი მკითხაობა" ამბობენ მას შემდეგ შემოვიდა მოდაში, რაც 1921 წელს შვაიცარიის ფსიქოანალიტიკოსმა ჰერმან რორშახმა შექმნა მეთოდი , დღესაც რორშახის მეთოდითაა ცნობილი, ეს არის წორედ ნალექის თავისებური დანახვა, ხილავი და უხილავი გამოსახულებებით. ეს მეთოდი არის ადამიანის შინაგანი პიროვნები შესწავლა, მისი ემოციური და ფსიქიკის გამომხტატველი, . ეს არ არის ინტელექტი საზომი, ეს არის ადამინის ხასიათის ემოციური კლინიკური დიაგნოზისთვის, ასე რომ ავტორო შენი ნაწარმოები მეცნიერულ ელემენტებსაც შეცავს. საუცხოოა, სასწაულია რაოდენ დიდ გამოსახულებასა და ხილვას იტევს ეს პაწაწინა ფინჯანი.
ეს უბრალო მკითხაობა არაა, აქ დიდი ფსიქოლოგიური აზროვნება დევს, არამარტო ფინჯნის ფსკერის ყავის ნალექი, მელნის ერთი წვეთის ნალექციც, ასაღქმელად საინტერესოა, ძირითადად, ეს"ნალექსი მკითხაობა" ამბობენ მას შემდეგ შემოვიდა მოდაში, რაც 1921 წელს შვაიცარიის ფსიქოანალიტიკოსმა ჰერმან რორშახმა შექმნა მეთოდი , დღესაც რორშახის მეთოდითაა ცნობილი, ეს არის წორედ ნალექის თავისებური დანახვა, ხილავი და უხილავი გამოსახულებებით. ეს მეთოდი არის ადამიანის შინაგანი პიროვნები შესწავლა, მისი ემოციური და ფსიქიკის გამომხტატველი, . ეს არ არის ინტელექტი საზომი, ეს არის ადამინის ხასიათის ემოციური კლინიკური დიაგნოზისთვის, ასე რომ ავტორო შენი ნაწარმოები მეცნიერულ ელემენტებსაც შეცავს.
7. დიდი მადლობა, ფლორ, ერთგულო მკითხველო და არამარტო მკითხველო :)
დიდი მადლობა, ფლორ, ერთგულო მკითხველო და არამარტო მკითხველო :)
6. დასაწყისში კი ამდენი და ასე ლამაზი მხატვრული ხერხები,ისე გაქვს გამოყენებული რომ არც დამღლელია და არც გაწელილი-ზომიერი,ნოყიერი და განწყობის შემქმნელი❤ დასაწყისში კი ამდენი და ასე ლამაზი მხატვრული ხერხები,ისე გაქვს გამოყენებული რომ არც დამღლელია და არც გაწელილი-ზომიერი,ნოყიერი და განწყობის შემქმნელი❤
5. ჩვენსა სიჩუმეზე ამბობენ ვაჟი დაიბადებაო "ვირთხას ღამურა ანგელოზი ჰგონიაო" ამდენი რამის დამტევი დიალოგი ერთ მოთხრობაში.... აშკარაა რომ ამ მოთხრობამ მოლოდინების თამასა გეომეტრიული პროგრესიით ასწია ;) 5 ვამაყობ დედიკო :))))) ჩვენსა სიჩუმეზე ამბობენ ვაჟი დაიბადებაო "ვირთხას ღამურა ანგელოზი ჰგონიაო" ამდენი რამის დამტევი დიალოგი ერთ მოთხრობაში.... აშკარაა რომ ამ მოთხრობამ მოლოდინების თამასა გეომეტრიული პროგრესიით ასწია ;) 5 ვამაყობ დედიკო :)))))
4. გაიხარეთ გაიხარეთ, ჰარირამა :) მადლობა, რომ კითხულობთ.
გაიხარეთ გაიხარეთ, ჰარირამა :) მადლობა, რომ კითხულობთ.
3. კარგია , კარგი. მსიამოვნებს თქვენი მოტხრობების კიტხვა :) წარმატებები კარგია , კარგი. მსიამოვნებს თქვენი მოტხრობების კიტხვა :) წარმატებები
2. მადლობა, ლივინგსტონ :) მადლობა, ლივინგსტონ :)
1. მეც სულ თავკომბალები მგონია ინი და იანი :)
როგორი ჩამთრევი დიალოგები გაქვს.
მეც სულ თავკომბალები მგონია ინი და იანი :)
როგორი ჩამთრევი დიალოგები გაქვს.
|
|
მონაცემები არ არის |
|
|